ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

ბავშვის ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასება

განვითარების შეფერხების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდის საბაზისო ენობრივი და ფუნქციური უნარების გასაზომად, გამოყენებით ქცევის ანალიზთან (ABA) ერთად, ხშირად მიმართავენ იმგვარ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, როგორიცაა „ენისა და სწავლის საბაზისო უნარების შეფასება“ (The assessment of basic language and learning skills, შემოკლებით  — ABLLS)[1]. ეს არის შეფასების ინსტრუმენტი,  ბავშვის უნარებზე დაკვირვების სისტემა, ერთგვარი სახელმძღვანელო, გზამკვლევი სასწავლო გეგმის შედგენისას, რომელიც გამოიყენება აუტიზმის ან სხვა განვითარების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ენისა და კრიტიკული აზროვნების უნარების სწავლების წარმართვის მიზნით.

მიჩნეულია, რომ ეს ინსტრუმენტი    საფუძვლიანად მიმოიხილავს სფეროებსა და უნარებს, როგორებიცაა: ენა, სოციალური ურთიერთქმედება, თვითდახმარება, აკადემიური და მოტორული უნარები, რომლებსაც ტიპური განვითარების ბავშვები იძენენ საბავშვო ბაღში შესვლამდე.

ექსპრესიული ენობრივი უნარები ფასდება ენობრივი ქცევის ანალიზის საფუძველზე,  რომელიც, თავის დროზე, შემუშავებულია ბორეს ფრედერიკ სკინერის მიერ  წიგნში —  „ვერბალური ქცევა“ (1957). ამა თუ იმ უნარის სფეროს დავალებები დალაგებულია  მარტივიდან უფრო რთულ დავალებამდე. ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი ხელს უწყობს   ბავშვისთვის საჭირო, ყოველდღიური უნარების გამოვლენას ეფექტური კომუნიკაციისა და სწავლისთვის.

შეფასებისაგან მიღებული ინფორმაცია მშობლებსა და პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ ბავშვისთვის ხელისშემშლელი დაბრკოლებები, რომლებითაც ფერხდება ახალი უნარების შეძენა, და შეიმუშაონ მრავლისმომცველი სასწავლო გეგმა.

შეფასების ჩარჩო ორი დოკუმენტისგან შედგება,  ესენია: პროტოკოლი და სახელმძღვანელო.

  • ABLLS-R პროტოკოლი გამოიყენება ბავშვის მიერ დავალების შესრულების შესაფასებლად და შეიცავს 15 დანართს. მათ საფუძველზე, შესაძლებელია შეფასების პროცესში სხვადასხვა სპეციფიკური უნარის თვალყურის დევნება.
  • ABLLS-R სახელმძღვანელო იძლევა ინფორმაციას ABLLS-R-ის მახასიათებლების, საკითხების სწორად შეფასებისა და ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის (IEP) იმ მიზნებისა და ამოცანების შემუშავების შესახებ, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს და მიზნად ისახავს მოსწავლის საჭიროებებს.

ორიგინალური ვერსია პირველად 1998 წელს გამოიცა „Behavior Analysts, Inc.-ის“ მიერ და შემუშავდა დოქტორების — ჯეიმს ვ. პარტინგტონის და მარკ ლ. სანდბერგის მიერ. იგი  2006 წელს კვლავ გადაამუშავა პარტინგტონმა.  გადამუშავებული ვერსია მოიცავს მრავალი ახალ დავალების პუნქტს და უზრუნველყოფს უფრო კონკრეტულ თანმიმდევრობას სოციალური, მოტორული, ყურადღების თუ სხვა უნარების სფეროში, უნარებთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებისა და დადგენილი უნარების თავისუფლად გამოყენების უზრუნველსაყოფად. დოქტორ მარკ სანდბერგმა მოგვიანებით, 2008 წელს, შექმნა ვერბალური ქცევის საკუთარი შეფასება, სახელწოდებით — „VB-MAPP“[2].

სწავლის კიდევ ერთი შეფასების ინსტრუმენტია „საერთაშორისო განვითარებისა და ადრეული სწავლის შეფასება“ (IDELA)[3]. ეს ინსტრუმენტი გამოიყენება სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვთა ქცევითი განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობების გასაზომად და შესადარებლად სხვა ქვეყნების მონაცემებთან.[4] IDELA ეფუძნება ბავშვის წიგნიერებას, არითმეტიკას, სოციალურ-ემოციურ უნარებსა და მოტორულ უნარებს.

არსებობს „WebABLLS“ შეფასების ელექტრონული ვერსიაც. ის საშუალებას აძლევს მშობლებს, მასწავლებლებს, მეტყველების სპეციალისტებს, ქცევის ანალიტიკოსებს და სხვა პირებს, დააჩქარონ ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების (IEP) და პროგრესის ანგარიშების შემუშავება და მარტივად გააზიარონ ინფორმაცია ბავშვის შესახებ. WebABLLS გთავაზობთ ვიდეოებს არაერთი უნარის შესახებ, რომლებიც იზომება ABLLS-R-ით და შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ კონკრეტული უნარების დემონსტრირებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ტიპიური განვითარების  ბავშვების მშობლები, ნათესავები და მეგობრები მონაწილეობდნენ მიმდინარე კვლევით პროექტში. მათ WebABLLS-ში შეჰყავდათ მონაცემები, რომლებსაც აგროვებენ მშობლები ან პროფესიონალები. ისინი იცნობენ ბავშვებს და გავლილი აქვთ ტრენინგი ABLLS-R-ის ადმინისტრირებაში. მონაცემები ახლდება სამთვიანი ინტერვალებით (ანუ 6, 9, 12 თვე), რათა თვალყური ადევნონ უნარების კონკრეტულ ცვლილებებს ბავშვების განვითარების პროცესში. ეს წინასწარი მონაცემები შეგროვდა სისტემატური წესით, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის იძენენ ტიპიური განვითარების  ბავშვები ABLLS-R-ით გაზომილ თითოეულ უნარს.

ამ კვლევითი პროექტის წინასწარი მონაცემები მოიცავს 81 ბავშვს (42 გოგონას და 39 ვაჟს), რომელთა ასაკი 6 თვიდან 60 თვემდე მერყეობს. ბავშვები სხვადასხვა  ადგილიდან (როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო) და განსხვავებული ეთნიკური, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო წარმომავლობის არიან. წარმოდგენილია შესაძლო ქულების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი, ასევე დიაპაზონი ნიმუშისთვის ყველაზე მაღალიდან ყველაზე დაბალ ქულამდე თითოეული, 3-თვიანი ასაკობრივი ინტერვალისთვის. მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ ტიპიური განვითარების მქონე ბავშვები 4-დან 5 წლამდე ასაკისთვის ავლენენ ABLLS-R-ით გაზომილი ძირითადი ენობრივი და სასწავლო უნარების უმეტესობას.

მიუხედავად იმისა, რომ ABLLS-R ყველაზე ხშირად გამოიყენება განვითარების შეფერხებებისა და შეფერხებების მქონე ბავშვებთან (მათ შორის აუტიზმის), მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება აკლდეს საბაზისო კომუნიკაციის ან ცხოვრებისეული უნარები. ის აფასებს ინდივიდის ძლიერ და სუსტ მხარეებს 25 უნარ-ჩვევიდან თითოეულში, ისინი, თავის მხრივ, დაყოფილია რამდენიმე უნარ-ჩვევად, რომლებიც დალაგებულია ტიპური განვითარების ან სირთულის მიხედვით. ამრიგად, F1 უნარი (მინიშნებით მოთხოვნა) უფრო მარტივი უნარია, ვიდრე F12 (დახმარების მოთხოვნა). როგორც წესი, უფრო მაღალი უნარების სწავლებამდე საჭიროა უფრო დაბალი დონის უნარები.

ABLLS-R ტარდება ბავშვის ქცევის დაკვირვებით თითოეულ უნარ-ჩვევის სფეროში. ინსტრუქტორი ბავშვს მისცემს სტიმულს (ვერბალური, ხელის გადასმით, არავერბალური და ა.შ.) და, იმისდა მიხედვით, თუ რას აკეთებს ბავშვი (ქცევა), განსაზღვრავს მისი უნარების დონეს. ზოგიერთი უნარის ტესტირება რთულია ან დიდ დროს მოითხოვს.

ABLLS-R დაყოფილია 25 ფუნქციურ ზონად, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ანბანის ასოს. ABLLS-სა და ABLLS-R-ს შორის სექციები მსგავსია; ძირითადად უნარები განსხვავდება რაოდენობითა და მასშტაბით.

სექციები
ასო სახელწოდება განმარტება/შენიშვნა
A თანამშრომლობა და გამაძლიერებელი ეფექტები რამდენად კარგად რეაგირებს ბავშვი მოტივაციასა და სხვებზე
B ვიზუალური გამოხატვა საგნების, სურათებისა და თავსატეხების (ფაზლების) ვიზუალური ინტერპრეტაციის უნარი
C მიმართული (რეცეპტული) ენა ენის გაგების უნარი
D მოტორული მიბაძვა სხვათა ფიზიკური აქტივობების მიბაძვის უნარი
E ბგერითი მიბაძვა სხვათა ბგერების და სიტყვების მიბაძვის უნარი
F       თხოვნა გამოყენებითი ქცევის ანალიზის ტერაპიაში ე.წ. “მანდინგი“[5], თხოვნის სწავლება
G მარკირება საგანთა და მათ თვისებათა, ფუნქციათა ან კლასების დასახელება
H მინიშნებები      (INTRAVERBALS)[6] მხოლოდ სიტყვიერ სტიმულზე რეაგირება, ობიექტების/მოტივატორების არარსებობა.
I თვითნებური გაჟღერებანი ენის გამოყენება მოთხოვნის გარეშე
J სინტაქსი და გრამატიკა რამდენად სწორად აგებს სიტყვებით წინადადებებს
K თამაში და დასვენება  მარტო და ჯგუფში თამაშის უნარები.
L სოციალური ურთიერთობები ურთიერთობის ჩვევები თანატოლებთან და უფროსებთან
M ჯგუფური მითითებანი უნარი, ისწავლოს ჯგუფურ და არა მხოლოდ ინდივიდუალურ გარემოში
N საკლასო რუტინა ჩვევა, მისდიოს წესებს და სასკოლო რუტინას.
O      ვერ შეფასდა/არ უპასუხა
P განზოგადებული პასუხები შესწავლილი მასალის განზოგადების და რეალურ ცხოვრებაში ან ახალ სიტუაციებში გამოყენების უნარი.
Q კითხვა ანბანი, კითხვის მზაობის და კითხვის უნარები
R     მათემატიკა ციფრები, რიცხვები, თვლა, ნაკლებია-მეტია-ტოლია, შეკრება და გამოკლება.
S წერა გაფერადების, ხატვის, მიმსგავსების და წერითი უნარები
T დამარცვლა
U ჩაცმა დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდის  უნარი
V კვება კვებასა და საკვებთან დაკავშირებული თვითდახმარების საბაზისო უნარები
W მოვლა მოვლისა და ჰიგიენის საბაზისო უნარები
X ტუალეტი ტუალეტის გამოყენების საბაზისო უნარები
Y მსხვილი მოტორული უნარები        მოტორული აქტივობები, როგორიცაა: ბურთის თამაში, ქანაობა, ხოხვა, სირბილი, ხტუნვა და ა.შ.
Z ნატიფი მოტორული უნარები წვრილი მოტორიკის აქტივობები, როგორიცაა: წერა, დაფაზე წერა, წიგნში გვერდების გადაფურცვლა, ამოჭრა, ჩასმა და ა.შ.

იმის მიუხედავად, რომ უნარების სია ამომწურავი არ არის, უნარები, ძირითადად, ბავშვის განვითარების მიხედვითაა დალაგებული, თუმცა ყველა ბავშვი განსხვავებულად სწავლობს და, ამავდროულად, შეფასება არ არის სრულად სტანდარტიზებული, — მიუთითებენ, რომ ABLLS-R შეფასების უპირატესობად ითვლება შემდები ფაქტორები: შეფასების წარმართვა შესაძლებელია გამოყენებითი ქცევითი ანალიზის არასრულყოფილი ცოდნის  მქონე ადამიანების მიერ, რომ ეს შეფასება მოიცავს საბაზისო ენობრივ, აკადემიურ, თვითდახმარების, საკლასო, უხეში და წვრილი მოტორიკის უნარებს და უზრუნველყოფს მშობლებისა და პედაგოგებისთვის სწრაფ მიმოხილვას მოსწავლის უნარების დონის დასადგენად. ამავდროულად,  მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მარტივია მოსწავლის უნარების საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირება და იძლევა მონაცემებს ნორმალური განვითარების უნარების დონის მითითებისათვის.

გამოყენებული რესურსები:

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Assessment_of_basic_language_and_learning_skills
  2. https://cultivatebhe.com/what-is-a-mand/
  3. https://leafwingcenter.org/intraverbal/
  4. https://www.jstor.org/stable/40319125
  5. Schwartz, I. S., Boulware, G., McBride, B. J. & Sandall, S. R. (2001). Functional Assessment Strategies for Young Children with Autism. Focus on Autism and Other Developmental Disabilities, 16 (4), 222–227.
  6. Thompson, Travis. (2011). Individualized Autism Interventions for Young Children. Baltimore, MD: Paul H. Brookes Publishing Co.

 

[1] https://en.wikipedia.org/wiki/Assessment_of_basic_language_and_learning_skills

 

[2] https://marksundberg.com/vb-mapp/

[3] https://idela-network.org/

[4] IDELA-ს გამოყენებით ქვეყნებს შორის იყვნენ ავღანეთი, ბოლივია, ეთიოპია, უგანდა და ვიეტნამი.

[5] გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (ABA) თერაპიაში, “mand” ვერბალური ქცევის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური სახეობაა და ხშირად პირველადი კომუნიკაციის უნარი, რომელსაც ასწავლიან.  mand — არსებითად იმგვარი თხოვნაა, რომ ადამიანი იყენებს სიტყვებს, ჟესტებს, ჟესტებს ან კომუნიკაციის სხვა ფორმებს, რათა ითხოვოს ის, რაც სურს ან სჭირდება, მაგალითად, ამბობს: „ნამცხვარი“, როდესაც მშიერია ან „დახმარება“, როდესაც რაიმე დავალების შესრულება უჭირს.

[6] „მიაუ-ს“ ამბობს …. (კატა); შენ გძინავს… (საწოლში)…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“