საგან „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში დაწყებითი საფეხურის შედეგების მიღწევის/კომპეტენციების განვითარების საფუძველს, სხვა ცნებებთან ერთად, ქმნის ცნება „დრო“-ს გააზრება, რომლის საფუძველზეც მიიღება ის შედეგი, როდესაც მოსწავლე აცნობიერებს, რომ ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რომ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფა თანამედროვეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა [ჩვენი საქართველოს განახლებული სტანდარტი, შედეგი (1)].
მიზნის მისაღწევად მასწავლებელს მრავალფეროვანი რესურსი აქვს, მაგრამ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას სამუზეუმო ექსპონატების როლზე „დროის“ ცნების გაცნობიერებაში და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფის განსხვავებულობის წარმოჩენაში.
რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას მასწავლებელმა, როდესაც „დროსთან“ მიმართებით რესურსად იყენებს სამუზეუმო ექსპონატებს? გთავაზობთ ნიმუშს „ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსიდან თემა „აჭარის“ მაგალითზე:
- კლასი: V
- თემა: „აჭარა“ (პროექტი-გაკვეთილი)
- რესურსები: სახელმძღვანელო „ჩვენი საქართველო“; ინტერნეტგვერდ https://ajaramuseums.ge/-ზე განთავსებული ვირტუალური ტურები აჭარის მუზეუმებიდან (ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; აჭარის ხელოვნების მუზეუმი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი; ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი; მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი; რელიგიის მუზეუმი) და იქ განთავსებული ვიდეომასალისა და სამუზეუმო კოლექციების დათვალიერება-გაცნობა მიზნის შესაბამისად.
https://ajaramuseums.ge/museums/brothers/brothers-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/khariton/khariton-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/chavchavadze/chavchavadze-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/arch/arch-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/religion/religion-virtual-tour
https://ajaramuseums.ge/museums/art/art-virtual-tour
ასევე – აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“
I ეტაპი:
- „გონებრივი იერიში“: „რა ვიცი საქართველოს რეგიონების შესახებ“
- ახალი მასალის ახსნა/მიმოხილვა: მასწავლებელი იყენებს სახელმძღვანელოს ტექსტსა და ფოტომასალას და ინტერნეტრესურსებზე (აჭარაში არსებულ სამუზეუმო ექსპონატებზე) დაფუძნებულ პრეზენტაციას ან მუზეუმების ვირტუალურ ექსპოზიციას და მიმოიხილავს აჭარის ტრადიციულ ყოფასა და კულტურას, რისი მეშვეობითაც ხსნის, რომ:
- აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხეა და ის საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა სახეს;
- მისი გეოგრაფიული მდებარეობა (შავიზღვისპირეთი, მთაგორიანი და მდიდარი ბუნება) ყოველთვის განსაზღვრავდა აქ მცხოვრები ხალხის ცხოვრების სტილს;
- დღეს აჭარა ტურიზმისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრია.
- მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტზე და ფოტომასალაზე და მიღებულ ინფორმაციას აკავშირებენ ერთმანეთთან.
II ეტაპი: აჭარის მუზეუმებში (https://ajaramuseums.ge/) ვირტუალური ტური მოსწავლეებისთვის და მუშაობის გაგარძელება ჯგუფებში ცნება „დრო“-ს გაცნობიერებისთვის.
- ამ მიზნით მოსწავლეები გამოკვეთენ:
- რომელმა ექსპონატებმა მიიქცია მათი ყურადღება თემასთან მიმართებით;
- რა გავიგეთ აჭარის ჭარსულის შესახებ;
- რა ენაზე საუბრობდნენ და წერდნენ აჭარაში; რა იყო მათი მშობლიური ენა;
- აჭარის მკვიდრთა რომელ სამეურნეო ჩვევებსა და კულტურაზე მიგვითითებს მუზეუმის ექსპონატები;
- როგორი ადათ-წესები და რიტუალები ჰქონდათ აჭარლებს წარსულში (გამოიყენე ცნებები: ეკლესია, ისლამური წეს-ჩვეულებები, სასულიერო ხასიათის დღესასწაულები);
- დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარის გამტკიცებისთვის – მუშაობა ცხრილზე „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“: „მუზეუმის ექსპონატებს დაარქვი სახელი და განათავსე ცხრილში ისტორიული ეპოქების შესაბამისად“.
ცხრილი „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“
- მუშაობა დავალებაზე: „ტრადიციული ყოფა და ცხოვრება აჭარაში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მუზეუმის ექსპონატების მიხედვით. მსგავსება და განსხვავება“. მოსწავლეები ცხრილში ასახავენ სახელმძღვანელოს ტექსტის დამუშავებით და დავალების შესრულებით მიღებულ შედეგებს.
III ეტაპი – ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალოს“ (https://georgianmuseums.ge/museum-category/historical-local-museums-ka/) ექსპონატების ჩვენება მოსწავლეებისთვის. ეს ექსპოზიცია ფართოდ გამოიყენება საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, რადგან გამორჩეულია იმით, რომ აქ განთავსებულია მხარისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების მაკეტები, ხალხური რეწვისა და ხეზე კვეთის ნიმუშები, აგრარული მეურნეობისა და ყოფისთვის შესაბამისი ნივთები, ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა საქმიანობისას. შრომით პროცესებს ასახავს დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენები, სამუშაო გარემო და იარაღ-ინვენტარი. ექსპოზიცია ერთგვარად აცოცხლებს ძველი აჭარის ხიბლს. მუზეუმი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, თვალსაჩინოდ გაიაზროს ცნება „წარსული დრო“.
https://www.infobatumi.ge/places/etnografiuli-muzeumi-borjgalo/
- მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები მუშაობენ მუზეუმის ფოტომასალაზე (იხ. ნიმუში აქვე), აღწერენ და ახასიათებენ ექსპონატებს (იხ. მითითებული ბმული) და პასუხობენ კითხვებზე:
- წარსული ყოფის რომელ დეტალებს გამოყოფდი? გამოიყენე სიტყვები: მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, ხელოსნობა, მრეწველობა, ნადირობა, მეთევზეობა, თუთუნის კულტივირება;
- აჭარელი გლეხის რომელ საქმიანობას აცოცხლებს მოცემული სცენა?
- რას ეფუძნებოდა აჭარელთა ყოფა სხვადასხვა ისტორიულპერიოდში?
- როგორ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული სოფლის საცხოვრებელი სივრცე?
- ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელ კიდევ რომელ კომპონენტებს გამოყოფდი?
- წარსულის შესახებ რა წარმოდგენას გიქმნით სოფლის ყოფის სცენები: ხის სახლები, სამეურნეო ინვენტარი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ფიგურები?
- რას გვიყვება ეს სურათი აჭარის ისტორიულ წარსულზე?
- რით განსხვავდებოდა აჭარელთა წარსული ცხოვრება დღევანდელობისგან? რაზე იყო ის დაფუძნებული წინათ, რა შეიცვალა დღეს? (მაგალითად, წინათ აჭარაში ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად მიწათმოქმედებას, ხელსაქმესა და საზოგადოებრივ ერთობას ეფუძნებოდა)
და ა.შ.
- ინფორმაციის შედარება უკვე ნასწავლ მასალასთან და ცხრილის „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“ შევსება ახალი ინფორმაციით.
ფოტომასალა მუზეუმ „ბორჯღალოდან“:
IV ეტაპი – რეფლექსია / „თავისუფალი არჩევანის“ პრინციპით:
- „ერთწუთიანი პასუხები“:
- მუზეუმის ექსპონატებისა და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე თანამედროვე აჭარის ეკონომიკისა და კულტურის რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფდით?
- რით განსხვავდება თანამედროვე ყოფა-ცხოვრება წარსულისგან? (მაგალითად, ბათუმი დღეს საერთაშორისო ტურიზმისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ცენტრია)
- რატომ არის ისტორიული მეხსიერება, წარსული და ტრადიციები საქართველოს მხარეების იდენტობის მნიშვნელოვანი საფუძველი?
მუზეუმი არის ერთგვარი „დროში ცვლილებების მასწავლებელი“, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს წარსულსა და დღევანდელობას, წარმოაჩენს ქვეყნისა თუ მისი ცალკეული რეგიონების იდენტობას, ქმნის ამ იდენტობის გააზრების საფუძველს და, რაც მთავარია, ეხმარება მოსწავლეს წარსულის მიმართ ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.




