,,სამოთხე არ არის სამყოფელი’’ ამბავია ადამიანად ყოფნის გარდაუვლობაზე. სწორედ იმაზე, რომ ჩვენ მისჯილი გვაქვს დედამიწა, მაგრამ ამ სასჯელში ტრაგიკული არაფერია და თუ არის – მაინც უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთფეროვანი დღეებით სავსე მარადიული კალენდარი
წიგნი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც საკუთარი ცხოვრების რადიკალურ გადახედვას იწყებს. ის ცდილობს გაექცეს რეალურ სამყაროს და ეძებს „სამოთხეს“—მდგომარეობას, სადაც შეძლებს სრულყოფილებას, თავისუფლებას ან სიმშვიდეს, თუმცა საბოლოოდ ხვდება, რომ ასეთი ადგილი არ არსებობს.
ველერსჰოფი ამ რომანშიც, როგორც სხვა ნაწარმოებებში, იყენებს ექსპერიმენტულ თხრობას ფსიქოანალიტიკური ცოდნის დემონსტრაციით.
ტექსტი რთული, მრავალშრიანი ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს, იდენტობის კრიზისს, რეალობის აღქმას და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს განიხილავს. წიგნი შეეხება არა მხოლოდ პერსონაჟის პირად ძიებას, არამედ ზოგად ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ თემებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს უკავშირდება.
მთავარი გმირი ეგზისტენციალური კრიზისითაა მოცული —ის ცდილობს გაერკვეს, ვინ არის სინამდვილეში და როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება. მას არ აკმაყოფილებს არსებული რეალობა და ცდილობს ალტერნატიული „სამოთხის“ პოვნას, თუმცა აღმოაჩენს, რომ ეს იდეა ილუზორულია. ველერსჰოფი ხშირად იყენებს პერსონაჟის სუბიექტურ განცდებსა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკას. წიგნში მკითხველი ხედავს, როგორ იშლება რეალობისა და წარმოსახვის ზღვარი, როგორ იცვლება გმირის აღქმა გარემოს მიმართ და როგორ მოქმედებს ეს მის ფსიქიკაზე.
ავტორი ჭვრეტს, თუ როგორ ართმევს თანამედროვე საზოგადოება ადამიანს იდენტობას, როგორ ძალადობს მასზე კონფორმიზმითა და სტანდარტიზებული ღირებულებებით. გმირი ცდილობს ამ ჩარჩოებს გასცდეს, თუმცა ამაოდ.
წიგნი სვამს მარადიულ კითხვას— რა არის სიცოცხლის მიზანი და როგორ შეგვიძლია მისი გააზრება იმ სამყაროში, სადაც „სამოთხე არ არის სამყოფელი“? გმირის ფიქრები ხშირად სიკვდილს და არსებობის აზრს მიმემართება, რაც კიდევ უფრო ღრმად ძირავს შინაგან ქაოსში.
მიწიერი ცხოვრება ვერასდროს იქნება სამოთხის მაგვარი, ყოფა რთული და წინააღმდეგობებით სავსეა, ხოლო გაქცევა მასთან შეჯახებას ვერ აგარიდებს – ის ყველგანაა, სადაც ჩვენ ვართ, სადაც ვმყოფობთ, სადაც ადამიანი გვქვია.
თუმცა ტექსტის ფინალი ისეთია, რომ მაინც სხვა ფიქრს გიჩენს და ეს ფიქრი გკარნახობს, რომ მიუხედავად მთელი სიმკაცრისა, რასაც რეალობა გვთავაზობს, შეიძლება ბუნების ერთ რიგით აღწერაში – დედამიწაც დაინახო და სამოთხე. ან ასე – სამოთხე დედამიწაზე: ,, მშვენიერი შემოდგომის დღე იდგა. ფოთლები უკვე შეფერილიყვნენ, ზოგიერთი ტოტებს წყდებოდა და ნავივით მიტივტივებდა მიწისკენ. გზის მარცხნივ და მარჯვნივ საძოვრები ცარიელი იყო, ბალახი კი უკვე გახუნებული. რამდენიმე წამით შეჩერდნენ, რათა ირგვლივ მიმოეხედათ, მერე კი უსიტყვოდ განაგრძეს გზა. ცა ლურჯად კამკამებდა.’’
აქ გახუნებული ბალახი დედამიწაა, ლურჯი ცა კი – სამოთხე. მთავარია ხან მაღლა ახედვა ვისწავლოთ და მოვახერხოთ. სხვა – არაფერი.