“არ მომწონს თანამედროვე საბავშვო წიგნები. მე ჯერ პატარა ვარ და არ მინდა ვიცოდე, როგორ კოცნიან გოგოები ბიჭებს, არ მინდა ვიცოდე რას ნიშნავს სექსი, ეს ინფორმაცია ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა. სამაგიეროდ, შემიძლია გაუჩერებლად ვიკითხო ძველი საბავშვო წიგნები, მაგალითად ასტრიდ ლინდგრენის – პეპი გრძელიწინდა, კარსლონი, მადიკენი… ისეთი წიგნები, რომლებიც ძველი ცხოვრების ამბებს გვიყვებიან. იქ გმირები პატარა სოფლებში და დაბებში ცხოვრობენ, არ აქვთ თანამედროვე ნივთები, დღესასწაულებს მხიარულად ზეიმობენ”. – გამიზიარა შთაბეჭდილება ერთმა პატარა მკითხველმა.
თუ ეს შესავალი უკვე წაიკითხე, ალბათ ჩემსავით იფიქრე, რომ პატარა მკითხველი საკმაოდ კრიტიკულია, თავად აკეთებს არჩევანს წიგნებს შორის, ტექსტს დამოუკიდებლად და თამამად აფასებს, თავად გვკარნახობს როგორი წიგნები არის მის სამყაროსთან უფრო ახლოს, რა იზიდავს, რისი ნახვა სურს ტექსტში… ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია.
როგორ ყალიბდება მკითხველი?
მკითხველად ჩამოყალიბება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების პროცესში. წიგნიერ გარემოში, სადაც წახალისებულია ბავშვების ურთიერთობა ტექსტებთან, ჯერ ჩნდება წიგნის მიმართ ბავშვის გამოხატული ინტერესი, შემდეგ ინტერესი კითხვის ჩვევაში გადაიზრდება, ბოლოს კი მკითხველი ტექსტის კრიტიკული და დამოუკიდებელი შემფასებელი ხდება.
ბავშვი წიგნების სამყაროში გზას ბუნებრივად მიიკვლევს, ის კითხულობს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, რასაც უფროსები მიაწოდებენ, რასაც მეგობრები ურჩევენ. მას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად ჩამოყალიბებული ლიტერატურული გემოვნება, არ აქვს გამოკვეთილი საყვარელი ლიტერატურული ჟანრი. მისთვის ყველაზე მთავარი – კითხვის პროცესით ტკბობა და ახალი ამბების აღმოჩენის სიხარულია. სწორედ, ასე ეყრება საფუძველი მკითხველის გზას ლიტერატურის სამყაროსკენ.
კითხვის პროცესს, კითხვის ჩვევის განმტკიცებას, პირველ რიგში მშობლები და გარემო უწყობენ ხელს, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, დაინტერესებულ პატარა მკითხველს მივაწოდოთ ისეთი საბავშვო ლიტერატურა, რომელიც შეესაბამება მის ასაკს, ინტერესებსა და გონებრივ შესაძლებლობებს. სწორად შერჩეული წიგნები, არა მარტო კითხვის სურვილს აღვივებს, ასევე ავითარებს ფანტაზიას და ბავშვის ემოციურ გამოცდილებასაც ამდიდრებს.
რა არის კითხვის მიზანი?
როდესაც ბავშვი წიგნს კითხულობს, მისი მთავარი მიზანია, იმოგზაუროს ამ
სამყაროში, წარმოისახოს წაკითხული, იფანტაზიოროს და ისიამოვნოს ამ პროცესით. პატარა მკითხველი ამ დროს ნამდვილად არ ფიქრობს იმაზე, როგორ გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, კრიტიკული თვალით წაიკითხოს ტექსტები, წაკითხულიდან შინაარსი გამოიტანოს, დეტალები საგანგებოდ დაიმახსოვროს, შემოქმედებითად განვითარდეს და ა.შ. მისი მთავარი საფიქრალი კითხვის პროცესით ტკბობაა, დანარჩენი კი, რაც ასე ძალიან გვსურს მივიღოთ წიგნებისგან, ძალდაუტანებლად მოდის პატარა მკითხველთან, ილექება მის გონებაში და თანდათან იწყებს გაცოცხლებას ახალი ცოდნის სახით ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შემდეგ ეტაპზე, როდესაც პატარა მკითხველი კითხვის გარკვეულ გამოცდილებას იძენს, ის ასევე იწყებს ტექსტის კრიტიკულ კითხვასაც.
ეს გულისხმობს:
- კითხვა-პასუხის გზით სიუჟეტის გააზრებას;
- პერსონაჟების ქცევის და მოტივაციის შეფასებას;
- ტექსტში არსებული ღირებულებების გადამოწმებას პირად გამოცდილებასთან და ღირებულებებთან;
- ავტორის პოზიციის ამოცნობას;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთებას.
ერთ–ერთი საკვანძო კომპეტენცია
კრიტიკული აზროვნების განვითარება ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციაა თანამედროვე სამყაროში, რომელიც ბავშვს/მოზარდს აძლევს იმის საშუალებას, აღარ იყოს მხოლოდ ტექსტის მიმღები, არამედ შეაფასოს, შეადაროს, ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრები და შეხედულებები გაბედულად.
ამიტომ მკითხველად ჩამოყალიბება გულისხმობს იმასაც, რომ მომავალში მოზარდმა შეძლოს სწორად და კონსტრუქციულად ჩამოაყალიბოს საკუთარი სათქმელი და არ დაავიწყდეს სამყაროს კრიტიკული აღქმაც.
სკოლა და მასწავლებელი
კარგი მკითხველის ჩამოყალიბების პროცესში მასწავლებლის როლი გადამწყვეტია. კარგ პედაგოგს შეუძლია ცოცხალ, შემოქმედებით დიალოგად გადააქციოს წიგნის კითხვის პროცესი, მოსწავლეებთან ერთად კარგად შეისწავლოს ტექსტი, დასვას განმავითარებელი კითხვები, მოაწყოს დისკუსია კლასში, სადაც მოსწავლეები – იმსჯელებენ, გაცვლიან აზრებს და მიეჩვევიან განსხვავებული შეხედულებების პატივისცემასაც. ბავშვებთან ერთად ერთობლივი ხმამაღლა კითხვა, პერსონაჟების გახმოვანება როლური თამაშებით, წაკითხულის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, ყოველდღიურ მოვლენებთან – მკითხველად ჩამოყალიბების პროცესის შემადგენელი ელემენტებია.
სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც ბავშვები მეტ დროს ციფრულ მოწყობილობებთან ატარებენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობა ბავშვის ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის. სწორედ ოჯახში იქმნება პირველი მყუდრო და მშვიდი განწყობა კითხვისთვის, რაც შემდეგ სკოლაში უნდა გაგრძელდეს ცოცხალი დიალოგის სახით – სადაც მოსწავლეს და მასწავლებელსაც ექნებათ საშუალება – ისაუბრონ წიგნებზე, იკამათონ ტექსტებზე და ერთად იკითხონ, რაც გაგრძელება იქნება მომავალი მკითხველის მოგზაურობის წიგნების სამყაროში.