როგორც წესი, ბავშვების ყველა პრობლემა, რომლებიც სწავლას უკავშირდება, მშობლების და არა მხოლოდ მათი მხრიდან, ბანალურ სიზარმაცეს მიეწერება. „ის უბრალოდ ზარმაცია“; „არ ცდილობს“; „მასწავლებელმა რაც არ უნდა გააკეთოს, მას არ სურს სწავლა“; „მე კი ვცდილობ, ვებრძვი, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი“. – ასეთი ფრაზების მოსმენა და საყვედურები, როგორც მშობლების, ისე პედაგოგების მხრიდან დღეს უჩვეულო და იშვიათი აღარ არის. ალბათ, ძალიან ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ პრობლემა შეიძლება სულაც არ იყოს სიზარმაცე. ხშირად ხდება, რომ ბავშვს ობიექტურად უჭირს ინფორმაციის აღქმა და ათვისება. ის ამაში აბსოლუტურად არ არის დამნაშავე, მაგრამ ისჯება. თუმცა, უფროსების ასეთ ქმედებას არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყვება.
თუ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში, ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი უნდა ვიპოვოთ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დღეს ბავშვებში სასწავლო პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, დისლექსიაა. დისლექსია, ასევე დისგრაფია და დისკალკულია ინფორმაციის აღქმის თავისებურებებია, რის გამოც ბავშვს უჭირს კითხვის, წერისა და მათემატიკის სწავლა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დისლექსია დაავადება არ არის, ის ნეირობიოლოგიური თავისებურებაა. დისლექსიის მქონე ბავშვის ინტელექტი არ არის დარღვეული, დაქვეითებული და მისი პრობლემა საერთოდ არ არის სწავლის სურვილის არქონა ან სიზარმაცე.
ძირითადი ნიშნები, სიმპტომები, რომლებიც დისლექსიის ამოცნობაში დაგვეხმარება:
მართალია, წერის, კითხვის, მათემატიკური ოპერაციების განხორციელების უნარი სკოლაში იწყებს გამოვლენას, მაგრამ ზოგიერთი ნიშნის შემჩნევა უფრო ადრე, სკოლამდელ პერიოდშიც შეიძლება.
- ასეთ ბავშვებში მეტყველება ვითარდება უფრო ნელა, ვიდრე მის თანატოლებში;
- სიტყვების წარმოთქმასთან დაკავშირებული სირთულეები შენარჩუნებულია 5-6 წლის შემდეგაც;
- უჭირს ლექსების დამახსოვრება და სწავლა;
- ერთმანეთში ერევა წელიწადის დროები, ასევე კვირის დღეები და დღის მონაკვეთები;
- ბევრ შეცდომას უშვებს კითხვისა და წერის დროს, ნელა კითხულობს და უჭირს წაკითხულის გააზრება;
- ახასიათებს კითხვისას – ბგერების, ხოლო წერისას – ასოების ჩანაცვლება, ერთი ასოს ნაცვლად თითქმის ყოველთვის გვხვდება მეორე;
- ვერ ხვდება წაკითხულის მნიშვნელობას, არ შეუძლია წარმოთქვას, დაასახელოს ახლახან წაკითხული სიტყვა, ვერ იმახსოვრებს მას;
- ცვლის სიტყვების დაბოლოებებს, ბოლომდე ვერ კითხულობს სიტყვას, ცდილობს უბრალოდ „გამოიცნოს“ ის პირველი ასოთი;
- წერისას ტოვებს ასოებს, მარცვლებს და მთლიან სიტყვებსაც კი;
- კითხულობს ასო-ასო, უჭირს წინადადების აგება;
- აღინიშნება ბგერებისა და მარცვლებისათვის ადგილის შეცვლა ერთ სიტყვაში;
- არასწორად წარმოთქვამს, არასწორად კითხულობს სიტყვების დაბოლოებებს; ამახინჯებს, ურევს ბრუნვებს;
- კითხვისა და წერის დროს ფიქსირდება ასოების, მარცვლების, რიცხვების თანმიმდევრობის ცვლილებები;
- ასეთ ბავშვებთან ასევე შეიმჩნევა მნიშვნელობითა და ბგერებით მსგავსი სიტყვების ჩანაცვლება;
- ხშირად ბავშვი უარს ამბობს ხმამაღლა კითხვაზე, ასევე დავალებად მიცემული თხზულების დაწერაზე;
- აქვს მართლწერისა და კითხვის პრინციპების დაუფლების სირთულეები;
- უჭირს სივრცეში ორიენტაცია და ისეთ ცნებებში გარკვევა, როგორიცაა „მარჯვენა-მარცხენა“, „ზევით-ქვევით“;
- შეიძლება იგნორირება გაუკეთოს მარცხნივ განთავსებულ ნიშნებს, ასოებს და მთელ გვერდსაც კი;
- ხატავს ან გვიჩვენებს რაიმეს მარჯვნიდან მარცხნივ; ასევე ცდილობს, წაიკითხოს მარჯვნიდან მარცხნივ;
- ხშირად სარკისებურად წერს ასოებსა და ციფრებს, ერთმანეთში ურევს მსგავს ასოებს;
- კითხვისას ვერ მიჰყვება ერთ ხაზს, „ხტება“ ერთიდან მეორეზე, კითხულობს ერთ სიტყვას ერთ ხაზზე და მეორე სიტყვას უკვე მეორე ხაზზე. ბავშვი ჩივის, რომ ასოები და ციფრები „ხტუნაობენ“, „ცეკვავენ“, „გარბიან“, „იმალებიან“;
- არასწორად ასახელებს ნაცნობ ასოებს, ციფრებს, ფორმებს. ერევა ისრების მიმართულება, უჭირს ოპერირება სივრცითი მიმართულების აღმნიშვნელი სიტყვებით;
- არ მოსწონს თამაშები, რომლებიც საჭიროებს სივრცით აზროვნებას;
- მოძრავ თამაშებში ავლენს მოუქნელობას და კოორდინაციის დაბალ დონეს;
- აქვს პრობლემები წვრილი მოტორიკის განვითარებაში – ვერ ახერხებს ფეხსაცმლის თასმების შეკვრას, მაკრატლის გამოყენებას, მოზაიკის აწყობას;
- არასწორად უჭირავს კოვზი, ფანქარი, ავტოკალამი;
- ვერ ახერხებს კონცენტრირებას, არის მოუსვენარი, უყურადღებო, ბოლომდე ვერ მიჰყავს დაწყებული საქმე;
- ყველაფერს ან ძალიან ნელა აკეთებს, ან პირიქით – იმპულსური და ჰიპერაქტიურია;
- ახასიათებს ადვილად დაღლა. წერის ან კითხვის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში ბავშვს აშკარად ეტყობა, რომ დაიღალა – იფშვნეტს თვალებს, უჩივის თავის ტკივილს.
დისლექსიის გამომწვევი მიზეზები:
- ნეირობიოლოგიური – ამ შემთხვევაში ტვინის გარკვეული უბნები, რომლებიც მნიშვნელოვან ფუნქციებზე არიან პასუხისმგებელნი, ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ადამიანების უმეტესობაში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ასფიქსია, ანემია, გულის მანკი, სხვადასხვა ინფექცია, დედის გახანგრძლივებული მშობიარობა ან საკეისრო კვეთა, წამლისმიერი ინტოქსიკაცია, ცვლილებები ნაყოფის განვითარებაში. გარდა ამისა, შეიძლება დაირღვეს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროების ბალანსი. ამ შემთხვევაში უმჯობესია კორექცია სპეციალისტებთან ჩატარდეს;
- გენეტიკური – ითვლება, რომ ბავშვში დისლექსიის გაჩენაზე მოქმედი მთავარი ფაქტორი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მშობელს დისლექსიის ოდნავ შესამჩნევი ფორმა ჰქონდა, მის შვილში კი ეს აშლილობა უფრო სერიოზული ფორმით გამოვლინდა;
- სოციალური ფაქტორები:
- უზომო სასწავლო დატვირთვა, რომელსაც ბავშვი, ასაკიდან გამომდინარე, ვერ უმკლავდება. მაგ. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი ცდილობს 3-4 წლის ბავშვი ვუნდერკინდად „აქციოს“, ასწავლის მას კითხვას, წერას და ვერ აცნობიერებს, რომ ტვინის მთავარი ფუნქცია ამ ასაკში ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური განვითარებაა. მოგვიანებით კი – სკოლა, ახალ გარემოსთან ადაპტაცია, მიღებული ინფორმაციის მოცულობა, საშინაო დავალებები, წრეები, სპორტული სექციები, სხვადასხვა საკლუბო სამუშაოები. ასეთი დატვირთვით მუშაობა, ასეთი რიტმით ცხოვრება უფროსსაც კი გაუჭირდება;
- სოციალური დეზადაპტაცია – როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვის გარემოსთან ურთიერთქმედების დარღვევა, პირველ რიგში, გავლენას ახდენს ფსიქიკაზე, რომელიც სუსტდება და ვერ ახერხებს გარედან მომდინარე სირთულეების დაძლევას. ეს ფაქტორი ასევე მოქმედებს სკოლის მოსწავლეში სხვადასხვა დარღვევების, მათ შორის დისლექსიის აღმოცენებაზე;
- არახელსაყრელი ფსიქოლოგიური ატმოსფერო ოჯახში, რომელიც ბავშვის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მის ტვინში ილექება და შესაბამისად გავლენას ახდენს პატარას შემდგომ განვითარებაზე; სიტუაციები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, ბავშვის მიმართ მშობლების გულგრილობიდან ჰიპერმზრუნველობამდე. დასკვნა მხოლოდ ერთია – მშობლის ყველა არასწორი ქმედება სერიოზულ შედეგებს იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნება, ყოველთვის მოვუსმინოთ და გავუგოთ ბავშვს. დისლექსია ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ცერებრალური დამბლის სხვადასხვა ფორმით, ქალა-ტვინის ტრავმებით და მხედველობის პრობლემებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბავშვის ტვინი გადატვირთულია და იწვევს ტვინის ზოგიერთი უბნის დეაქტივაციას.
რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ დისლექსიის დიაგნოზის მქონე ბავშვს:
- ბავშვის სასწავლო პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ბავშვს ცუდი მოსწრების გამო საყვედურების, ჩხუბის ნაცვლად დახმარება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის გადახრა;
- აუცილებელია სპეციალისტებთან – ნეიროფსიქოლოგი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი – დაკავშირება, მათი ჩართვა და მათგან დახმარების მიღება. თუ სპეციალისტები ბავშვს დისლექსიის დიაგნოზს დაუსვამენ, მშობლები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ მათ დამატებით მოუწევთ შვილთან მუშაობა, მისთვის მეტი დროის დათმობა და ყურადღების მიქცევა. ასეთი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ მიდგომას სწავლებაში და ამისთვისაც აუცილებელია, ვიყოთ მზად. საჭირო იქნება სასწავლო პროგრამის ადაპტირება და ლოგოპედის, ასევე ფსიქოლოგის ჩართვა ბავშვთან მუშაობაში;
- კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დისლექსიის მქონე ბავშვები სხვებზე უკეთ აღიქვამენ და უფრო სწრაფად იმახსოვრებენ აუდიოწიგნებით მიწოდებულ ინფორმაციას. ტრადიციული, დაბეჭდილი და ელექტრონული ტექსტები კი მათ დიდ სირთულეებს უქმნის;
- დისლექსიის მქონე ბავშვები თვალსაჩინო ხატებით აზროვნებენ, მათი აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია. ამიტომ, არ უნდა გავკიცხოთ ბავშვი, თუ საშინაო დავალების მომზადებისას ის ხატავს. დიდი ალბათობით ის ამ გზით უკეთესად იგებს და იმახსოვრებს მასალას. გამოვიყენოთ სწავლებაში მეტი თვალსაჩინო მასალა, ისტორიის შესწავლისას გამოვიყენოთ დოკუმენტური ფილმები, მივცეთ საშუალება, წერისას გამოიყენოს სხვადასხვა ფერის ავტოკალმები და ფანქრები;
- საჭიროა გვახსოვდეს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვები რაიმე სახის ნიჭიერებით გამოირჩევიან. ისინი შეიძლება იყვნენ შემოქმედებითი პიროვნებები, იაზროვნონ არასტანდარტულად. ამიტომ, საჭიროა, კარგად შევიცნოთ ასეთი ბავშვები და საკმარისი ყურადღება დავუთმოთ მათ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ძლიერი მხარეების განვითარებაში;
- დისლექსიის პრევენცია ადრეულ ასაკში უნდა განხორციელდეს. მშობლებმა თავად, ან სპეციალისტების დახმარებით უნდა განუვითარონ ბავშვს მეხსიერება, ყურადღება, წვრილი მოტორიკა, ჩამოუყალიბონ ასოებისა და სიტყვების სწორად გამოთქმის უნარი;
- ვეცადოთ, ვიყოთ ლოიალური პატარას მიმართ. პრობლემას მშვიდად და მოთმინებით მივუდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოვიწვიოთ დანაშაულის გრძნობა ბავშვში. გვახსოვდეს, რომ ის არ არის დამნაშავე აღმოცენებულ პათოლოგიაში. მთავარია, მას დრო მივცეთ. ნუ გადავტვირთავთ მეცადინეობებით, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს პრობლემის მოგვარებაზე;
- გავითვალისწინოთ, რომ დისლექსიისგან განთავისუფლება აამაღლებს ბავშვის თვითშეფასებას და თავიდან ააცილებს სირთულეებს კომუნიკაციაში;
- გვახსოვდეს, რომ დისლექსია, დისგრაფია და დისკალკულია იშვიათად იღებს ტოტალურ ფორმას, როდესაც ადამიანს საერთოდ არაფრის წაკითხვა, არაფრის დაწერა და დათვლა საერთოდ არ შეუძლია. სიტუაციის კორექტირება ყოველთვის შეიძლება იმ დონეზე, რომ ბავშვმა თავი გაართვას არც ისე დიდ და არც ისე რთულ ამოცანებს.
დაბოლოს, დისლექსია განაჩენი ნამდვილად არ არის. სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში შეიძლება მისი დაძლევა. თუ დროულად გავაცნობიერებთ, რომ დისლექსიასთან გვაქვს საქმე და შევიმუშავებთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ბავშვს ექნება შანსი დაეუფლოს წერასა და კითხვას, გახდეს განათლებული ადამიანი და შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება.