სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

ტექსტი, როგორც თვითმიზანი

სკოლაში მხატვრული ლიტერატურის შესწავლასა და დამუშავებას დიდი დრო ეთმობა. კითხვასა და წიგნიერების ხელშეწყობას – ნაკლები.

რა განსხვავებაა?

არსებითი.

სავალდებულო საპროგრამო თხზულებების შესწავლა თვითმიზნადაა ქცეული და ამის გამო სწავლა-სწავლება უფრო მეტად ემსგავსება ფილოლოგიის ფაკულტეტის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოს და ნაკლებად – წიგნიერების ხელშეწყობას.

ვამბობ წიგნიერებას და ვგულისხმობ:

  • აზროვნებისა და მისი განვითარების კვალდაკვალ სამყაროსთან დიალოგის უნარს;
  • ფიქრის სტიმულირებას, ნაფიქრის მოწესრიგების უნარს ზეპირად და წერილობით;
  • ცოცხალ ურთიერთობას ტექსტთან და საკუთარ თავთან;
  • ანალიზის, მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • წიგნებიდან მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენების უნარს;
  • პრობლემების გადაჭრის, დასახული მიზნების შესაბამისად ქმედების უნარს;
  • უნარს, განსჯითი შეფასებების მიღმა, კატეგორიზაციის მიღმა მსჯელობისა, პროაქტიურად ფიქრის, დაგეგმვისა და ქცევის;
  • საკუთარ სხეულთან, გონთან, საკუთარ თავთან მოლაპარაკების უნარსა და თვითდისციპლინას.
  • ემპათიის უნარის გაღვივებას. ხედვის სხვადასხვა კუთხის შემჩნევის უნარს. როცა შეგიძლია „აღიარებულ ჭეშმარიტებას“ შეხედო განხვავებულად, განახლებული მზერით, „დამწყების თვალით“, „განულებული“ (სტერეოტიპებისგან დაცლილი) მეხსიერებით.

 

 

წიგნიერების თანმდევი ყველა ჩამოთვლილი სიკეთე მუშავდება წიგნების კითხვით და საუკეთესო ასპარეზად ამისთვის საოცნებო საკლასო ოთახები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მოსწავლეები ამ კლასებში ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით აღვსილნი სხედან, რადგან მათ „დასასწავლი“ და „დასამუშავებელი“ კი არ აქვთ „პროგრამა“, არამედ კითხვის, ფიქრისა და მსჯელობის შესანიშნავი წუთები ელით.

მათ იციან – მხატვრული ტექსტი მოაზროვნე ადამიანისთვის (ჩვენი სახეობის მთავარი მახასიათებელი კი სწორედ ესაა) სხვა სამყაროებში ტელეპორტაციის საშუალებაა. იქ ისეთ კითხვებზე შეიძლება პასუხების მოძიება, რომლებიც ჩვენც გვაქვს, გვაწუხებს ან გვაინტერესებს. სხვების თავგადასავლებში მონაწილეობის, სხვათა განცდების გათავისების შესაძლებლობა გვაქვს, საკუთარი „მეს“ საზღვრებს შეგვიძლია გავცდეთ და თან ისე, რომ არ გავითქვიფოთ, უკან დავბრუნდეთ „იმაზე უკეთესები, ვიდრე წაკითხვამდე ვიყავით“.

 

 

 

 

ვამბობ „დასწავლა-დამუშავებას“ და ვგულისხმობ იმას, რომ სასკოლო პროგრამა, სახელმძღვანელოების „საბაზისო პაკეტი,“ მხატვრულ ტექსტთან ურთიერთობის მთავარ მიზნად ამ ტექსტის შესწავლას ისახავს. ეს მიზანი ამ სიტყვათშეთანხმებით შეგვიძლია გადმოვცეთ: „ტექსტი-თვითმიზანი“.

რას ნიშნავს ეს?

წაკითხვის შემდეგ მოსწავლე გაგება-გააზრების დონის კითხვებს უპასუხებს (კითხვები შინაარსის გაგებასა და გააზრებაზეა ორიენტირებული).

ჩვენი პროგრამული ტექსტების უმრავლესობა ენობრივად საკმაოდ რთულია, ლექსიკურად გადატვირთული, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდ დროსაც საჭიროებს. ამის შემდეგ სამუშაო წარიმართება ამ მიმართულებებით:

  • რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი
  • რისი თქმა სურდა ავტორს

 

ამ ეტაპზე ხშირად მნიშვნელოვანია ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, სხვადასხვა დარგის თეორიული მასალის/ცნობების მიწოდება, რათა „მთავარი სათქმელი“ სწორ კონტექსტში იქნეს გააზრებული. ეს ყველაფერი ისწავლება და მუშავდება ტექსტის გაგება-გააზრებისთვის, ტექსტისვე კონტექსტში, ტექსტის შესასწავლად.

 

ამ მიდგომაში არაფერია მიუღებელი.

ეს კლასიკური ტექსტოლოგიური და ანალიტიკური მეთოდია, ფილოლოგიური  პრაქტიკა სწორედ ამ სამუშაოებს მოიცავს და წაკითხულის „სწორად“ გაგებისა და გააზრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. პრობლემად ის მაშინ იქცევა, როდესაც ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსის წარმმართველ  პრინციპად რჩება. რატომ? იმიტომ რომ მკითხველის როლი ამ სამუშაოში „რეპროდუქციულია“, ინტერპრეტაცია იზღუდება ავტორის სათქმელის ამოცნობით, მისაღებია მხოლოდ „სწორი“ წაკითხვა.

ახლა დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა:

არის თუ არა სკოლის ამოცანა (ოდენ) ფილოლოგიური დისციპლინისთვის მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბება?

პასუხია, რასაკვირველია, არა.

გადახედეთ სასკოლო სახელმძღვანელოებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საშუალო (დამამთავრებელ) საფეხურზე.

დასასწავლი მასალის მიწოდების ერთადერთი და უალტერნატივო მეთოდი ეფუძნება  ისტორიზმის პრინციპს. ეს გულისხმობს იმას, რომ, ლიტერატურის ისტორიის (ფილოლოგიის ფაკულტეტზე ცალკე კურსი იკითხება ამ საგანში) კვალობაზე, ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული ტექსტები.

 

წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ინტერპრეტაციების უნარების ჯეროვნად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი რაოდენობის სავარჯიშოები და აქტივობები სახელმძღვანელოებში არ არის.

პროგრამული მასალა მოცულობითია და გამოყოფილი საათების რაოდენობა არ არის საკმარისი ამ რაოდენობის ტექსტებისთვის.

 

ჩვენს ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებულ ამ წერილში დეტალურადაა ყურადღება გამახვილებული იმ ძირითად პრობლემებზე,  რომლებიც აქტუალურია  ლიტერატურის სასკოლო კურსის კონტექსტში. აქ ამაზე ვრცლად აღარ შევჩერდებით.

 

როლან ბარტი ნაშრომში „ტექსტისგან მოგვრილი სიამოვნება“ აღნიშნავს, რომ ტექსტის „სტანდარტიზირება“ და „ნორმატიული ინტერპრეტირება“ დაუშვებელია. კითხვა ინტიმური, სუბიექტური აქტია და  „სწორი წაკითხვა“ არარსებულია. მკითხველებს ის ორ დიდ ჯგუფად ჰყოფს – ტექსტის მეგობრები და ტექსტის მტრები. „ტექსტის მეგობართა საზოგადოებას არაფერი ექნება საერთო მტრების გარდა. ესენი არიან აბეზარი მუდოები, რომლებიც ტექსტებს ხელშეუხებლობის ბეჭედს ასვამენ და მისგან სიამოვნების მიღებას კრძალავენ. ამას ტექსტის მტრები სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ – კულტურული კონფორმიზმი, შეზღუდული თვალსაწიერის რაციონალიზმი, პოლიტიკური მორალისტობა, ბლაგვი პრაგმატიზმი, სხვადასხვა  ჯურის „კეთილგონივრულობა“.

ხისტი და უხეში მახვილგონივრულობაა, არა?

მაგრამ შემაფხიზლებელი, საინტერესო და საჭიროც – უდავოდ.

გვაიძულებს გავიმეოროთ „მარტივი ჭეშმარიტებები და დავფიქრდეთ, რომ:

 

მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობის „დავიწროება“ ტექსტის დასწავლა-დამუშავების თვითმიზნამდე საცოდაობაა.

ფილოლოგიური სამეცნიერო მეთოდოლოგია ენისა და ლიტერატურის  სასკოლო კურსს არ უნდა განსაზღვრავდეს.

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას იმაზე მეტი დრო სჭირდება თანამედროვე სამყაროში, ვიდრე ჩვენ ვუთმობთ.

დიად მიზნებსა და ესგ-ში გაწერილ შესანიშნავ, ბრწყინვალე ამოცანებს რამდენად ვასრულებთ იმ პროგრამით, იმ საათობრივი ბადითა და მეთოდოლოგიით, რაც დღეს გვაქვს – საკითხავია.

როდის ვიკვლიეთ ბოლოს თანამედროვე მოზარდების ინტერესები, საჭიროებები, ასაკობრივი განვითარების თანმდევი ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც საჭიროა სტანდარტის რევიზია?

 

ამ საკითხებზე დაფიქრებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესაბამისად დაგეგმვის გარეშე კი ლიტერატურის სასკოლო კურსი სწორედ ტექსტების დასწავლა-დამუშავების ასპარეზად გვაქვს ქცეული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“