– რა როლი აქვს შემაჯამებელ დავალებას? სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე
საჯარო სკოლის გამოცდილება
განსამზღვრელ და განმავითარებელ შეფასებაზე უკვე ძალიან ბევრი
ქართულენოვანი ლიტერატურა, კვლევა თუ სტატია დაგროვდა, თუმცა პროცესის
ხასიათიდან გამომდინარე თემა ამოუწურავია, შესაბამისად საკითხი კვლავ
აქტუალურია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მესამე თაობის ეროვნული
სასწავლო გეგმით შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, განმსაზღვრელ შეფასებასთან
მიმართებით, საბოლოო შეფასებაში შემაჯამებელი დავალების წილის გაზრდის
შესაძლებლობამ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა სკოლები, განსაკუთრებით
დაწყებით საფეხურზე.
სწორედ აღნიშნული პრობლემები გახდა 2024-2025 სასწავლო წელს სსიპ ქ.ქუთაისის,
30-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების – ბელა
გიორხელიძისა და თამარ ასათიანის კვლევის საგანი. აღნიშნულ სასწავლო წელს, 9 თვის
მაძილზე განხორციელებულმა პრაქტიკის კვლევამ ძალიან საინტერესო შედეგები აჩვენა,
რომლის განზოგადება მსგავსი ტიპის სკოლებისათვის სავსებით შესაძლებელია.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს
ცვლილებებამდე გააჩნდათ გარკვეული პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით
განმავითარებელი შეფასებიდან განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვლის ეტაპზე. ამ
პრობლემების შესწავლის მიზნით ჯერ კიდევ 2010-2011 წელს დაიწყო სკოლებში
პრაქტიკის კვლევების განხორციელება (იხ.სტატია: https://mastsavlebeli.ge/?p=2559).
კვლევები მიუთითებდნენ, რომ მეოთხე კლასიდან მეხუთეში გადასვლისას შეფასებაში
ვარდნა არ უკავშირდებოდა განმავითარებელი შეფასების შემოღებას. ეს პრობლემა
არსებობდა განმავითარებელი შეფასების შემოღებამდე. პრობლემის გადაჭრელად
გაცემულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ მეოთხე და მეხუთე კლასების
მასწავლებლების ერთობლივად მუშაობისა და მეხუთე კლასში გადასვლის პირველ
პერიოდში მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გამოყენებას მკვლევრები აქტიურ
რეკომენდაციას უწევდნენ.
ერთის მხრივ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულმა ცვლილებებმა
საშუალება მისცა მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის გარემოს
შეგუების ფაქტორები შეერბილებინათ მეხუთე კლასის პირველ სემესტრში, თუმცა
გამოწვევა კვლავ დარჩა და განსაკუთრებით მძაფრად იმ სკოლებისათვის წარმოჩინდა,
რომლებმაც შეფასების მეორე მოდელი აირჩიეს და შემაჯამებელ დავალებას სხვა
შეფასებებთან შედარებით მაღალი წონა მიანიჭეს.
მასწავლებლებმა კვლევის ობიექტად მეხუთე კლასი აირჩიეს და პროცესის მიდინარეობა
პრაქტიკის კვლევის პრინციპებით დაგეგმეს.
პრობლემის შესწავლის ეტაპზე მათ გააკეთეს უკვე განხორციელებული შემაჯამებელი
დავალების ანალიზი, გამოკითხვის საშუალებით შეისწავლეს მშობელთა მოლოდინები
თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, ასევე მასწავლებლის მიერ
შემაჯამებელი დავალების დაგეგმვის პროცესის შესახებ. მათ ასევე გაანალიზეს უკვე
ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოს დროს გამოყენებული პირობები – რამდენად
შეესაბამებოდა სტანდარტებს და წარმოადგენდა შედეგის გაზმომვის სანდო და
ობიექტურ ინსტრუმენტს.
მიღებული შედეგების ანალიზმა გამოავლინა, რომ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი არ
შეესაბამებოდა მათ ასაკობრივ განვითარებასა და ცოდნას, რაც მიუთითებდა მშობლების
გადაჭარბებულ ჩარევაზე დავალების შესრულების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ
გამოკითხვის ეტაპზე მშობლები ამას უარყოფდნენ, მოსწავლეებთან ინტერვიუმ
დაადასტურა, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები დიდი დოზით ერეოდნენ დავალების
შესრულებაში, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო გარკვეულ შიშებით, რომელიც მათი
შვილების არასასურველ აკადემიურ მოსწრებას და ამის შედეგად გამოწვეულ
სხვადასხვა გარემოებებს უკავშირდებოდა. მშობლები, იაზრებდნენ რა საკლასო-საშინაო
კომპონენტის კავშირს შემაჯამებელ დავალებასთან და ასევე საერთო შეფასებაში მის
როლს, მაქიმალურდ ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ საკუთარი შვილების
აკადემიურ მიღწევებზე.
ინტერვენციების ეტაპზე მასწავლებლებმა დაგეგმეს შეხვედრები მშობლებთან, სადაც
დეტალურად იქნა განხილული სტანდარტი და სკოლაში მოქმედი შეფასების სისტემა.
შეხვედრებს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათიც, რადგან მათ მშობლებს გაუზიარეს
კვლევის შედეგები, რომლებიც კონკრეტულად შვილების სასკოლო ცხოვრებაში არასწორ
ჩარევას და მისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე მიუთითებდნენ. მეორე ეტაპზე
მასწავლებლებმა ასევე შეცვალეს დავალების ტიპი და შეადგინეს კომბინირებული
ტესტი, რომელიც დამოუკიდებელი მუშაობის მეტ შესაძლებლობას იძლეოდა. ასევე
აქცენტირებულად იმუშავეს მოსწავლეებთან იმ საჭიროებების აღმოფხვრის მიზნით, რაც
პირველ შემაჯამებელ დავალებაში გამოვლინდა (მაგ.მწირი ლექსიკური მარაგი).
ინტერვენციების შეფასებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე გამოავლინეს ცოდნა. კარგად ჩანდა, რომ მოთხრობის ჟანრი უკეთ
ჰქონდათ გააზრებული. ლექსიკა იყო უფრო ბუნებრივი და ასაკისთვის შესაფერისი.
მოთხრობის რუკაზე მუსაობისას კარგად გამოკვეთეს პრობლემა, მოქმედების ადგილი,
დრო, ვითარება, პერსონაჟები. ობიექტურად შეფასდა ტექსტის ცოდნის დონე, ხოლო
ბოლო დავალებაში გამოვლინდა, რომ მოსწავლეს შეუძლია, პერსონაჟი სხვა ხედვის
კუთხიდან დაინახოს და თავადაც მოირგოს განსხვავებული როლი.
მოსწავლეებისგან უკუკავსირი შეგროვდა ბარათების მეშვეობით, ხოლო მიღებული
შედეგები გაზიარდა მშობლებთან. საერთო რეკომენდაციები კი შემდეგნაირად
გამოიყურება:
მოსწავლეთა დროული და სრულყოფილი მომზადება: შემაჯამებელი
შეფასების წინ მოსწავლეებს დეტალურად უნდა ავუხსნათ შეფასების მიზანი,
კრიტერიუმები, ფორმატები და მისი წონა საბოლოო შეფასებაში;
შეფასების ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია და სტანდარტთან
შესაბამისობა;
მკაფიო რუბრიკების გამოყენება;
კონსტრუქციული უკუკავშირი;
შემაჯამებლამდე აქტივობების სწორად შერჩევა;
აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან.
აღნიშნული გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ იმ სკოლებს, ვინც მსგავსი გამოწვევის
წინაშეა. სკოლა აგრძელებს კვლევას და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე
მუშაობას.