ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რელიგია და სახელმწიფო ფორმალურად ერთმანეთისგან გამიჯნულია. მოსწავლეთა მულტიეთნიკური და მრავალრელიგიური საზოგადოებაც დაცულია რომელიმე ერთი კონფესიის პროზელიტიზმისგან, რაც დიდ მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მსოფლიო რელიგიათა ძირითადი ცნებებისა და მთავარი მახასიათებლების შესახებ ბავშვებმა ცოდნა სკოლის მიღმა უნდა შეიძინონ. ბევრი ამგვარი განათლების მიღებას ვერ ახერხებს და დამამთავრებელ კლასებში ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მრავალ გაუგებრობას აწყდება. მასწავლებლის ძალისხმევაც აღარ არის საკმარისი მრავალი წლის წინ გაჩენილი და გაღრმავებული ნაპრალის ამოსავსებად.
ასეთ დროს მოუცლელ მშობლებს შეიძლება კლასიკური ინგლისური პროზისა და თანამედროვე კინემატოგრაფის ტანდემი დაეხმაროს.
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო და ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსმა, გენიალურმა ჩარლზ დიკენსმა ერთი უჩვეულო და გამორჩეული წიგნი დაწერა, რომელიც ამ სიტყვებით იწყება:
„ჩემო საყვარელო შვილებო, ძალიან მინდა, რომ ბევრი იცოდეთ იესო ქრისტეს თავგადასავლის შესახებ. მისი ამბავი ყველამ უნდა მოისმინოს, რადგან დედამიწაზე არსად არასდროს არავის უცხოვრია მასზე კეთილს, გულთბილს, ნაზსა და თანაგრძნობით სავსეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არასწორად ცხოვრობდნენ, ავადმყოფობდნენ ან უბედურნი იყვნენ.“
დიკენსს მარტივი განზრახვა ჰქონდა. მას სურდა შეექმნა ნაწარმოები, რომელსაც მისი შვილები წინასაშობაოდ სიამოვნებით გადაშლიდნენ და მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე წაიკითხავდნენ ახალი აღთქმის ისტორიებს. დიდი ინგლისელის ამოცანა იყო, რომ კითხვის დროს ბავშვებში სილაღე, ცნობისმოყვარეობა, გაოცების უნარი წაეხალისებინა და ეხსნა ისინი რიგორისტული მიდგომისგან, რომელიც რელიგიურ საკითხებზე მსჯელობის დროს სიმკაცრესა და მეწვრილმანეობას აძლევს ბიძგს. „დევიდ კოპერფილდის“ ავტორი სადღესასწაულოდ დაწერილი წიგნით თავის შვილებს უხსნიდა, რომ ყველაზე ძლევამოსილი მეფე მხოლოდ სიკეთით ცდილობდა გზის გაკაფვას და არაფერში სჭირდებოდა მახვილი.
დიკენსს იესოზე დაწერილი საბავშვო წიგნი სიცოცხლეში არ გამოუქვეყნებია. მისი შთამომავლებიც კიდევ დიდ ხანს ინახავდნენ საყვარელ ხელნაწერს სასტუმრო ოთახის თაროზე. თუმცა, მრავალი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ ერთი ოჯახისთვის დაწერილმა მცირე რომანმა მაინც იხილა დღის სინათლე და მალევე მოიპოვა დამსახურებული ადგილი მრავალკონფესიური ინგლისის თითქმის ყველა ბინაში.
თუმცა, გამოხდა ხანი და ჩარლზ დიკენსის „ჩვენი უფლის ცხოვრება“ კვლავ დავიწყებას მიეცა, ველური კაპიტალიზმის ეპოქაში უხილავ სამყაროზე მსჯელობის დრო არავის რჩება.
წიგნს მტვერი გადაწმინდა კორეელმა რეჟისორმა – ჩან სონ-ჰომ. აზიელმა ქრისტიანმა იფიქრა, რომ XXI საუკუნეს არ აწყენდა იესო ქრისტეს ცხოვრების თაობაზე შექმნილი მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ანიმაციური ფილმი.
მან ახალი აღთქმის სამყაროში ჩალზ დიკენსის, მისი ვაჟის – უოლტერისა და დიკენსების კატის – „უილას“ მოგზაურობა ფურცლიდან ტელეეკრანზე გადმოიტანა და ნამუშევარს „მეფეთ მეფე“ უწოდა. კორეელი ხელოვანის დამსახურებით იესო ქრისტე ოსკარ ისააკის ხმით ამეტყველდა, ღვთისმშობელი უმა ტურმანმა გაახმოვანა, პილატე პონტოელის მესიტყვედ კი პირს ბროსნანი იქცა. ჩან სონ-ჰომ გუნდში ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა.
კორეელი პატიოსნად მიჰყვება დიკენსის ტექსტს, ნიუანსების დონეზე გადმოგვცემს ინგლისელის იუმორის დეტალებს, შესანიშნავად აღწერს პატარა ბავშვის ემოციებს. რაც მთავარია, ფილმში დახვეწილად, თვალშისაცემი სიზუსტით არის გაცოცხლებული იესო ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი, სასწაულები, დიალოგები ახალი აღთქმის პერსონაჟებს შორის.
ერთი სიტყვით, „მეფეთ მეფე“ შესანიშნავ კლასგარეშე სასწავლო მასალად შეიძლება იქცეს ნებისმიერი კონფესიის მოსწავლისთვის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიის საფუძვლების, მისი ელემენტარული პრინციპების შესწავლა სურს.