ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები, კლასიკური დრამატურგიული სქემის მიხედვით, ხშირად დგებიან განსაცდელის წინაშე. როგორ გამოსავალსაც იპოვიან ამ სიტუაციიდან, ერთი მხრივ, განაპირობებს და განსაზღვრავს მათს მომავალს, მეორე მხრივ კი მკითხველს ამოაცნობინებს გმირის ხასიათის ახალ შტრიხებს და ავტორის მთავარი სათქმელისთვისაც გვაძლევს გასაღებს, გვეხმარება, მივუხვდეთ მიზანსა და ჩანაფიქრს. როდესაც მოსწავლეებს ასეთ ეპიზოდებს ვამუშავებინებთ ლიტერატურის გაკვეთილზე, მათ, გარკვეულწილად, ვასწავლით კიდეც, თავად როგორ გაუმკლავდნენ მსგავს სირთულეებს, ვამზადებთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამიტომ (და არა მხოლოდ ამიტომ) ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება თითოეულ ასეთ პასაჟზე. მით უმეტეს, როცა საქმე „ვეფხისტყაოსანს“ ეხება – ტექსტს, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა კითხვაზე გვაძლევს თავისებურ პასუხს…
„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა“. „ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა“, „კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად“…
როცა სიცრუესა და მის შედეგებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, ეს ფრაზები არ გაგვახსენდეს, ავთანდილს რომ ათქმევინებს პოეტი. ავთანდილი ერთგვარი გზამკვლევია მკითხველისთვის და აჩვენებს, თუ რა არის მართებული ან პირიქით, ეწინააღმდეგება ზნეობრივ პრინციპებს. მსგავსი პერსონაჟები თავიანთი ხედვით, ზნეობრივი სწავლებითა თუ ღირებულებებით ხდებიან მორალური ორიენტირი ჩვენი მოსწავლეებისთვის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს პერსონაჟები, ერთი შეხედვით, თავიანთი პრინციპების საპირისპიროდ იქცევიან? ამ დასამახსოვრებელი ფრაზების შემდეგ, ერთგვარად მოულოდნელიც კია ბავშვებისთვის იმის აღმოჩენა, რომ თავად ავთანდილიც ცრუობს(!!!), თან არაერთხელ: ატყუებს როსტევანს, როცა მიდის უცხო მოყმის მოსაძებნად („მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფება მტერთა ჩვენთა გულსა ვგმირო“), ატყუებს ფატმანს, როცა თავს ვაჭრად გაასაღებს… სიმართლეს მალავს ტარიელიც, როცა ფარსადანს ეუბნება, „შენი შვილი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდეო“. თინათინიც ფარულად ინახავდა სამი წლის განმავლობაში ავთანდილის გადახვეწის რეალურ მიზეზს…
პატიოსანი, ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანებისთვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა. ასეთი დილემის პირისპირ აღმოჩენილ პერსონაჟებს თითქოს ერთგვარად საკუთარი სინდისის წინაშე თავის მართლებაც კი უწევთ, რატომ მოიქცნენ ასე, რატომ მიიჩნიეს საუკეთესოდ ესა თუ ის გამოსავალი, რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი… „ვეფხისტყაოსანი“, რა თქმა უნდა, ერთადერთი ტექსტი არაა, სადაც ასეთი გზის პოვნა უწევთ პერსონაჟებს, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მარტივად გაახსენდებათ თავად ბავშვებსაც პარალელები (თუნდაც ბათუ გავიხსენოთ „გამზრდელიდან“, რომელიც ერთგვარად ამართლებს კიდეც საფარბეგს, როცა ის ცხენის მოპარვას გადაწყვეტს).
ასეთ ეპიზოდებში ის აფორიზმები, რომლებიც ზეპირად ვიცით, გვიყვარს და სულიერი ორიენტირებია ჩვენთვის, თითქოს სხვა შინაარსს იძენს და ღრმა ანალიზსა და დაკვირვებას მოითხოვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
ასეთი ეპიზოდები ძალიან კარგ რესურსად შეიძლება იქცეს იმისთვის, რომ მოსწავლეები დავაკვირვოთ სიტუაციებს სხვადასხვა პერსპექტივიდან, დავანახვოთ ის ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებიც სწორხაზოვნად ვერ გადაიჭრება და დიდ დაფიქრებას საჭიროებს.
რა აქტივობები შეიძლება გამოვიყენოთ ამ დროს? ნებისმიერი, რომელიც გამოგვადგება საკითხის მრავალი მხრიდან შესაფასებლად და შესაბამისი გამოსავლის (გადაჭრის სხვადასხვა გზის) საპოვნელად. მაგალითად:
„დილემის (პრობლემის) ხე“
მთავარი კითხვა/კითხვები: რა მოხდებოდა, თუ?.. შეიძლება თუ არა არასწორი საქციელის გამართლება? („მეგობრის დაცვის მიზნით ტყუილი შეიძლება გამართლდეს?“ )
მოსწავლეები დაინახავენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს პრობლემასა და გადაჭრის გზას შორის.
დაფაზე/ფლიპჩარტზე იხატება დილემის ხე, სადაც ღერო მთავარ პრობლემას გამოხატავს, ტოტები – გადაჭრის გზებს, ფოთლები – თითოეული გადაწყვეტილების შედეგებს.
მოსწავლეები ერთად მსჯელობენ და ირჩევენ საუკეთესო ვარიანტს.
აფორიზმების მოხმობა დისკუსიისას:
აფორიზმები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მსჯელობის დასაწყისი ან დასკვნა.
მაგალითად: ბავშვები ამოარჩევენ შესაბამის ციტატას და ხსნიან, რატომ ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან.
მნიშვნელოვანია, გაიაზრონ, რომ აფორიზმები სულიერი ორიენტირებია, თუმცა რეალური გადაწყვეტილება მოითხოვს ანალიზსა და მსჯელობას.
„ციტატა“
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ციტატას ტექსტიდან (მაგალითად, „ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა“). შემდეგ აძლევს სამსჯელოდ დილემას, რომლის მიხედვითაც სიმართლემ შეიძლება მეგობარს პრობლემები შეუქმნას. მოსწავლეები მსჯელობენ: დაეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას მოცემულ სიტუაციაში და რატომ.
ამით ბავშვები სწავლობენ, რომ მსგავსი შეხედულებები მნიშვნელოვანია, მაგრამ კონტექსტის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ.
„მოსაზრებების ანალიზი“
ბავშვები მსჯელობენ იმ პრინციპების შესახებ, რომლებსაც პერსონაჟებმა თითქოს გადაუხვიეს. გაკვეთილზე განიხილავენ, რა იყო პერსონაჟის თავდაპირველი პრინციპი, რატომ უღალატეს და რა შედეგი მოიტანა ამან.
„პეპლის ეფექტი“
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაბრუნდნენ წარსულში, შეცვალონ პერსონაჟის ქცევა. რა შეიძლებოდა სხვანაირად გაეკეთებინა და რა შედეგამდე შეიძლება მისულიყო ამ შემთხვევაში.
რასაკვირველია, აქტივობების ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მასწავლებელი კლასისა და მოსწავლეთა საჭიროებისამებრ შეცვლის მათ.
ერთი რამ კი უცვლელია: დილემებით სწავლება, პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავება სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსწავლეებისთვის და ამისთვის საუკეთესო რესურსი ისევ ჩვენი უკვდავი ტექსტებია, ჩვენი „ვეფხისტყაოსანია“.