(ჩანაწერებიდან)
რომ ვუფიქრდები, ჩემგან ადამიანს იმ პატარ-პატარა (თუ – არც ისე პატარა) სიკეთეების არდავიწყება და ამ სიკეთეების გამო მადლიერება ქმნის, რაც ჩემთვის ოდესმე გაუკეთებიათ, შეიძლება, სიკეთის გამკეთებელს გაკეთებული სიკეთე ყოველთვის არ გაახსენო, მაგრამ გულში სულ უნდა გახსოვდეს. უმადურობა ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რომელიც ადამიანს ცხოველთან ათანაბრებს, უფრო სწორედ, ზოგიერთ ცხოველსაც კი აქვს მადლიერების მძაფრი განცდა…
იქნებოდა, ასე, ორიათას ცხრა წელი. ერთი ახლო ძმაკაცი მყავდა მაშინ, ლექსებსაც წერდა (არცთუ ურიგოს, სხვათა შორის) და, თან, ფრანსუა ვიიონივით, ათას მაიმუნობაში იყო გახლართული. ამ მაიმუნობების ერთ კომპონენტში – ვიღაცებთან არცთუ იშვიათ ჩხუბებს ვგულისხმობ – მეც ვეხვეოდი ხოლმე ძალაუნებურად, ძმაკაცური ვალიდან გამომდინარე.
ამ ჩემს ძმაკაცს ერთი ეფექტური ხერხი ჰქონდა დამუღამებული, ქეიფის მოწადინე, თუმცა უფულო კაცთათვის გამოსაყენებელი: როცა დალევა გვინდოდა, მაგრამ არ გვქონდა ფული, შევიდოდით სადმე, სახინკლეში, იმაზე ერთით მეტ ადამიანზე გავაშლევინებდით სუფრას, ვიდრე ვიყავით (თითქოს კიდევ ველოდით ვიღაცას), მოვილხენდით და ბოლოს ვეტყოდით მასპინძლებს: ჩვენ კაპიკი არ გვაქვს, ძმაკაცს ველოდით და ვერ მოვიდა, იმას უნდა გადაეხადა ფული, ამიტომ, აგერ, ჩემს პირადობას დაგიტოვებთ და ამ დღეებში მოგაწვდით გასამრჯელოსო. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ, თანხმდებოდნენ. რამდენიმე დღეში მიგვქონდა ხოლმე ფული იძულებითი ნისიის დასაფარად და პირადობის გამოსახსნელად.
ხოდა, ერთი მშვენიერი საღამოა შაბათისა, მე და ეს ჩემი ძმაკაცი უხმოდ მივუყვებით პეკინის გამზირს, გაგარინზე მაშინ მდებარე კაზინო “ოლიმპიაში” დავტოვეთ უკანასკნელი ფული და ვერა ვართ გუნებაზე, სასმლით დარდის განქარვება გვაქვს ორივეს გუმანში იმ ჩვენი ნაჩვევი ხერხით, ხოდა, უახლოეს სახინკლე-რესტორანს ვეძებთ… ქუჩის მეორე მხარეს გამოკრთა ნანატრი აბრა, ჯიქურ გადავჭერით გზა და შევედით სახინკლე-რესტორანში. წესის მიხედვით, სამ კაცზე გავაშლევინეთ სუფრა. ორი ჭიქა არყის და კათხა ლუდის მერე გუნებაც გამოგვიკეთდა და ახლაღა შევამჩნიეთ გვერდზე მაგიდასთან მჯდომი სამი, შუახნის, კულტურული კაცი. შევამჩნიეთ და ისევ ჩვენს სუფრას დავუბრუნდით, ლექსის თქმა მოგვინდა და თითო ლექსიც კი ვუთხარით ერთურთს. ეტყობა, ამ ლექსებმა გვერდითა სუფრის წევრების ყურადღება მიიპყრო და ჩვენი მწირი პურ-მარილიდან თავიანთ უხვ სუფრაზე გადაგვიპატიჟეს. ლექსის პატივისმცემელი ხალხი აღმოჩნდა ჩვენი ახალი მეინახენი და გაუხარდათ, რომ ვუთხარით, ახალგაზრდა პოეტები ვართო… მოკლედ, კარგა გემოზე დავლიეთ, ისინი ჩვენზე ბევრად ადრე იყვნენ მისულები და, ცხადია, ჩვენზე ადრე წავიდნენ გულითადი დამშვიდობების შემდეგ… ჩვენ ისევ ჩვენს სუფრას დავუბრუნდით და უკვე ვემზადებით, რომ ჩვენი სპექტაკლი გავითამაშოთ (ჩემი მორიდებულობის გადამკიდე, მთვრალიც კი ერთ სიკვდილს ვათავებდი, როცა ამას ვაკეთებდით, მაგრამ დალევის სურვილი უფრო მძაფრი იყო ხოლმე, როგორც ჩანს), მივედით დახლთან და ის-ისაა, ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, რომ დახლიდარი გვეუბნება: თქვენი გადახდილია, იმ ბატონებმა გადაიხადესო. ეგენი ჩვენი მუდმივი კლიენტები არიანო, ერთ-ერთი მათგანი ამა და ამ მინისტრის მოადგილეაო, ხოდა, მაგან გადაიხადაო… კიდევ თქვა იმ ქალმა რაღაცები და ბოლოს იმით დაამთავრა, რომ: სამჯერ მომსახურების ფულიც გადაიხადა თქვენთვის წინასწარ, როცა გინდათ, სამჯერ, შეგიძლიათ, სამი-ოთხი ადამიანი მოხვიდეთ და უფასოდ მოგემსახურებითო…
იმ მოადგილისთვის მანამდეც მომეკრა თვალი ტელევიზორში (პირველი შეხედვისთანავე მეცნო საიდანღაც), თუმცა სახელ-გვარი არ ვიცოდი, რადგან არცთუ ხეირიანად ვერკვეოდი აღმასრულებელი ხელისუფლების ჩინოსნებში და, მით უმეტეს – მეორეხარისხოვან ჩინოსნებში (რა დასამალია და, ვერც ახლა ვერკვევი)… კი გვითხრა დახლის ქალმა მისი გვარი, მაგრამ დამავიწყდა, სამაგიეროდ, მთელი ამ წლების მანძილზე, სახე არ დამვიწყებია მისი. ამას წინათ რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი ძმებ კარბელაშვილებზე და ერთ-ერთ რესპონდენტში ის კაცი შევიცანი, იმ კარბელაშვილების მოგვარე-შთამომავალი ყოფილა. მივგუგლ-მოვგუგლე და, დიახ, სწორედ მაშინ უმსახურია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.
შეიძლება, ვინმემ, ამის წამკითხავმა, “ნაცობაც” დამაბრალოს, ოღონდ მწარედ შეცდება, იმათი, წინების, მეხოტბე და მოყვარული საერთოდ არ გახლავართ, მაგრამ კაი კაცი შეიძლება, ყველგან იყოს. თექვსმეტი წელი გავიდა მას მერე და ეს ამბავი არ მავიწყდება და არც არასოდეს დამავიწყდება, რადგან, ვიიონ-წერედიანისა არ იყოს (ზემოთ ტყუილად კი არ მიხსენებია ფრასნუა):
“ვინც იცის, იცის, არ მიყვარს ლიქნა,
მაგრამ, კაცს ღმერთი თუ არ გიწყრება
და ვინმემ მართლა სიკეთე გიქნა,
ხამს სიკეთისა არ დავიწყება.”