შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

ერთ დროს სიცოცხლე იყო დიოსკურიაშიც

კაცობრიობის ისტორია შეიძლება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ისტორიადაც ჩავთვალოთ. ესაა რელიგიის, ფილოსოფიის, ხელოვნების პრობლემა. მაგალითად, ქრისტიანობა მიიჩნევს, რომ მარჯვენა ლოყაზე გარტყმას, მარცხენის მიშვერით უნდა უპასუხო. ფილოსოფიაში ზნეობრიობად მიიჩნევა ისეთი ქმედება, როცა მეორე ადამიანი შენთვის მიზანია და არა საშუალება, ანუ მას იმავეს უსურვებ, რასაც საკუთარ თავს. პრაქტიკულად ეს ასე გამოიყურება: მე თუ მოვუწოდებ ახალგაზრდას, რომ მან გაიღოს სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე; ის მაშინ დამიჯერებს, ზნეობრივად მაშინ ჩათვლის ჩემს ამაღლებულ რჩევასა თუ სულიერ გამოცდილებას, როცა შესაბამის სიტუაციაში მე ამავეს ვეტყოდი საკუთარ შვილსაც.

საინტერესოა, ყოველ ჩვენგანში არის ზნეობრივი ქცევის საფუძველი?

  • რატომ ვიქცევით ამგვარად და არა იმგვარად?
  • რატომ ხდება ოქსიმორონი, რომ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, გარემოში, სოციუმში, შეიძლება ჩამოყალიბდეს და თანაარსებობდეს როგორც კეთილი, ისე ბოროტი ადამიანიც?

ეს კანტსაც უკვირდა. თუმცა „ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩემში“ ის სულიერი ქვაკუთხედია, ბალავარი, ძალა, საყრდენი, რომელსაც ეფუძნება ადამიანი, საკუთარი ორიენტაციით სამყაროს ხედვისა თუ ადამიანური ურთიერთობებისა, ასევე საკუთარ თავთან მიმართებითაც… მოდი, შემდეგისთვის გადავდოთ, გარკვევა იმისა თუ:

  • როგორ ყალიბდება ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება?
  • თანდაყოლილია ზემოთქმული თუ გარემოს ზემოქმედებით შეძენილი?
  • რა განსხვავებაა ცოდნასა და „ცოდნას“ შორის?

მოკლედ, საფიქრალი გვაქვს და გავშალოთ ლიტერატურულ-მხატვრულად, რეალურ თუ გამოგონილ/შეთხზულ სინამდვილეზე ორიენტირებით, ჯემალ თოფურიძის მოთხრობის „დიოსკურია ჩაძირული ქალაქია“ მაგალითზე… ნაწარმოების მთავარი გმირის ტრაგიზმს, უიღბლო ბედისწერას, სწორედაც რომ საზოგადოების მორალის ავადმყოფური მდგომარეობა განსაზღვრავს. პიროვნებისთვის, რომელიც ზნეობრივად მგრძნობიარეა, ფატალური ხდება უზნეობა გარშემო, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება. თუმცა, ბედის, გარემოს, დარტყმების მიუხედავად, ის კანტისეული, მისი სულიერი არსი – სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიჭი – შეულახავი რჩება, მიუხედავად მისი ფიზიკური განადგურებისა…

თხრობა ნაწარმოებში ხან პირველ პირშია, ხანაც – მესამეში. თითქოს მთხრობელი „გარედანაც უყურებს“ საკუთარ თავს. მოგონებები, წარსული და აწმყო ერთმანეთს ცვლის და ქმნის დამაბნეველ მოზაიკურობას, რომლისგანაც ნელ-ნელა იკვრება სიუჟეტი. „ახლა მთლიანად ლოგინი და მისი ის ნაწილიც, რომელიც ჩემი სხეულითაა დაკავებული, შუაზე გაჭრილი ადამიანი მგონია. თავიდან ფეხებამდე შუაზე გაჭრილი“ (613); – კარგადაა ნაჩვენები, როგორ ებრძვის ადამიანი ჩახავსებულ სააზროვნო სტერეოტიპებს, ზედ ობივით რომ მოსდებია ყალბი საზოგადოებრივი მორალი, როგორ იმსხვრევა ეს მორალი თუ სტერეოტიპები პიროვნების წარმოსახვაში… ყველაფერი კი დაიწყოო „იმ კაციდან, მეფისტოფელს რომ მიუგავდა სახე და ბაბუაჩემს რომ ეძახდნენ. რატოა ამ ხალხში ისეთი აზრი, თითქოს ბაბუები და ბებიები გადასარევები იყვნენ“ (613). ასე ზიანდება ჩვენი ნათელი წარმოდგენები რეალობით, ხოლო ტვინი, დაღლილი და მოქანცული მძიმე სინამდვილით, პარალელურ, ჰალუცინაციურ სინამდვილეს გთავაზობს, თუმცა კაცს უხარია მაინც: „რადგან ვიცი, მეჩვენება, ესე იგი, გიჟი არა ვარ“. სულიერი კრიზისი დგება ხოლმე, მაგრამ როცა გამოსავლად სიკვდილს მიიჩნევ, უკვე ფინალისკენაა გეზი: „სულ მგონია, გადავხტები. თავის მოკვლა არ მინდა და ღია ფანჯრებს ვერ ვეკარები. რაღაც ძალა გადამაგდებს. შეიძლება სულაც იმ ბებერმა გადამაგდოს, მეფისტოფელის სახე რომ ჰქონდა. მკვდარია, მაგრამ მაინც… მკვდრები სულ თან მდევენ“ (64).

მამა, რომელსაც მთხრობელივით თემური ერქვა და რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ორი კვირა ხმას არ იღებს (ოტია პაჭკორიას ერთი პერსონაჟივით, ცხოვრების პროტესტად უმეტყველობას რომ ირჩევს) და ექიმს მოუყვანენ, მდუმარე რომ დადის მათთან, პანაშვიდზე მისულივით. ისინი სოხუმელები არიან, ოჯახი… ბიჭმა უკვე იცის, რომ სიკეთეს ყველაზე მეტ ხანს სჭირდება გამოცდა და ზოგჯერ ის ამ გამოცდას ვერ უძლებს… მამა თავს ჩამოიხრჩობს თეთრ პერანგში გამოწყობილი („ვის გიფრენიათ მამასთან ერთად ასეთ ლამაზ საქანელაზე?!“), ბავშვი დაიგვიანებს და ვეღარ უშველის.

რატომაა, რომ ვიღაცა წუთისოფლის მასპინძელია, ვიღაც კი მარადი სტუმარი, მარადი ტვირთმძიმე, მარადი საპყარი, მარად მოწყალებაზე?! როგორც გახუნებულპალტოიანი ქალი, რომელსაც შეიძლება მდიდარი ნათესავები ჰყავს („ო, რა კეთილი ხართ ეს ნათესავები“), რომლებიც სტუმრების წასვლის შემდეგ სუფრის ალაგებასა და ჭურჭლის დარეცხვაში ჩანთას ნარჩენი საჭმელებით აუვსებენ ხოლმე. გაწვალებული, დაღლილი, ჩანთიანი ქალი, ნაწყალობევი სანოვაგით („დედაჩემივით მეცოდებიან ისინი“)… ვინღაა ამ სოფლის მასპინძელი? ნუ, თუ არ გავიხსენებთ ცნობილ იდიომს სატანაზე, მივყვეთ მწერლის ირონიას, რომელიც არავის დაგრჩებათ შეუმჩნეველი: „არიან ადამიანები, რომელთაც სხვებზე მეტად აქვთ შეგნებული, რომ ერთხელ მოსულან ამ ქვეყანაზე. ისინი არავითარ სიამოვნებას არ იკლებენ. შოულობენ ბევრ ფულს, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და რაც მთავარია, არ ეზარებათ. ცხოვრობენ ლამაზ გოგოებთან, ქეიფობენ და მოგზაურობენ. იცავენ იმას, რაც ყველაზე ძვირი ღირს. ისინი ცდილობენ, არაფერზე იდარდონ და აღწევენ კიდეც ამას. სხვა ძალიან ბევრი რამე აკლიათ, მაგრამ მაინც ალბათ დიდი ბედნიერებაა იმის მიღწევა, რომ აღარაფერზე არ იდარდო“ (624).

ამ სოფლის კიდევ ერთი „მწარე“ ჭეშმარიტება – „ძალიან კარგად არის ადამიანის ტვინი მოწყობილი. ბოლომდე არ სჯერა, რომ კვდება“ (626). იქნებ ეს ჩვენი ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმია?

– „ცოცხლებს არ ტირიან…

  • ცოცხლებს ტირიან სწორედ, მკვდარი რაღა სატირალია“.

ჩვენი ცხოვრება დაუსრულებელი ქორწილებისა და პანაშვიდებისაგანაც შედგება. „როგორ შეიძლება გიყვარდეს ქორწილები და პანაშვიდები?“ არადა, არის ხალხი, იქ სიარული რომ მიაჩნიათ საკუთარ უმაღლეს დანიშნულებად. დადიან კიდეც, როგორც ცხოვრების მასკარადზე, სპეციალურად თმა-სახედაყენებულნიც და ფრანც კაფკასავით არ გრძნობენ, რომ ზედმეტნი არიან, კონტექსტიდან ამოვარდნილნი ამ „სპექტაკლში“. თუმცა არც ამ „ზედმეტთა“ ნაკლებობაა. ასეთია მოთხრობის მთავარი პერსონაჟიც, მთელი ცხოვრება რომ გაჰყვება თვითმკვლელი მამის ტრაგიზმი და გლოვა („ყველაზე მეტად მამა მაშინ მეცოდებოდა, როდესაც წვიმდა“).

მწერალი მოთხრობის მძიმე განწყობებს იუმორით, ამ შემთხვევაში, „შავით“, ანეიტრალებს. აი, როგორ ახასიათებს იგი ამ „კოსტიუმირებული კარნავალის“ მონაწილეებს, ასე რომ აქცენტირდებიან მატერიალურზე, – ეკლესიასტეს ყველასა და ყოველივეს განმაიარაღებელი ფილოსოფიურობით: „ძალიან ჰგავს ეს ხალხი მიცვალებულებს თავიანთი ახალი ფეხსაცმელებით, ახალი კოსტიუმებით, ქათქათა, თეთრი პერანგებითა და შავი ჰალსტუხებით, პიჯაკის გულის ჯიბეში სათვალეებით“ (630). მართლაც, ვერ უარყოფ, საპირისპიროსაც: როგორ ცდილობენ ადამიანები, მიცვალებულები ცოცხლებს დაამსგავსონ, არადა, „მანამდე კი არავინ გამოჩნდება, სანამ არ მოკვდება… სანამ არ მოკვდება“ (630). თუმცა უკვე გარდაცვლილებს ისე მაგრად აუკრავენ ხოლმე პირს, „…თითქოს ეშინიათ, სიკვდილის შემდეგ ის არ თქვან, რაც სიცოცხლეში დაუმალავთ, არავისთვის გაუმხელიათ, გულში დაუმარხავთ, რითაც დაღუპულან და რაც იმქვეყნად გაჰყოლიათ დარდად; სიკვდილის შემდეგ არა თქვანო, – ეშინიათ, შევრცხვებითო, თავი მოგვეჭრება…“ (630-631).

მამის სიკვდილის შემდეგ ბიჭს ერთადერთ საყრდენად მისი ბიჭობისა, ბიძა მოევლინება, გურამი, ქრისტესავით ცისფერთვალება („ახლა ქრისტე იყო ის მისთვის“). თუმცა ეს ჰარმონია დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან „ტყუილად არც არაფრის ეშინიათ, მით უმეტეს ბედნიერების“, რომელიც შემოდგომის მზიან დღესავითააო, მწერალმა, როცა გეშინია, რადგან ყოველ წუთს შეიძლება მოიღრუბლოს და განაცრისფერდეს ყველაფერი გარშემო, ჩამობნელდეს, რადგან შემოდგომაზე „მზე მალე კვდება“. პატარა თემურისთვისაც ერთხელ კიდევ მოკვდება მზე, გურამი რომ გარდაიცვლება… აქ ტანჯვის არსზეცაა საუბარი, ადამიანთათვის ბოლომდე მაინც აუხსნელ-შეუცნობელზე: „ბედნიერი დღეები უფრო ადვილად ავიწყდება კაცს, უბედურება სულ ახსოვს, ტვინსა და გულს უღრღნის, სულ თანა სდევს, იმიტომ, რომ უფრო ნაღდია, ყველაფერზე ნაღდია, რაც კი რამ გაჩენილა ამ ქვეყანაზე“ (640-641).

კვდება კოტიკა, მთხრობლის მეგობარი და ის ისე უნდა მოკვდეს, რომ არ ეტკინოს. ამაზე ზრუნავს თემური. თხოვდება მისი ყოფილი ცოლიც, მარინა, მისი ბოლო იმედი. ეკარგება შვილიც, ანუ ყველაფერი გათავებულია, რადგან მისი ცხოვრების ეს ერთადერთი მიზანიც ისპობა. ისიც გაუყვება გზას, კარგა ხნის დაწყებულს, სულეთისკენ: „გზაზე მოკვდა ვიღაც უცნობის მხარზე თავმიდებული. – როგორ მცივა, – თქვა სიკვდილის წინ“ (644). მოთხრობა მთავრდება ისე, რომ არაა მინიშნება, მოთხრობას „რეფრენივით“ გაყოლილი ძახილი-ჰალუცინაცია „თემურ!“ ვისგანაა:

  • ბედისწერისგან?
  • მფარველი ანგელოზისგან?
  • თუ საკუთარი იდეალური „მესგან“?

ასეთი რაღაცები ხომ ყოველთვის გაუგებარია დედამიწაზე, რომელსაც „ათადან და ბაბადან“ „…თეთრი და სისხლიანი პერანგი ეცვა“…

 

ციტატები წიგნიდან – „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“