სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

“ადამიანური ლაქა”. რუხი მგელი, თეთრი ყვავი

ქმნა ადამიანური ყოფის მუდმივი, თანმდევი და სრულიად გააზრებული ქმედებაა. ჩვენ ფიზიკური არსებობის გასახანგრძლივებლად უნდა მოვამზადოთ წვნიანი და ამავდროულად ოსტატურად უნდა შევკაზმოთ ის საკუთარი და სხვისი რეცეპტორების საამებლად. ერთი უბრალო სუპის მომზადება ინერციასთან ერთად საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენაა, რადგან გადაწყვეტილება, “ვიოლას” მდნარი ყველის დახმარებით განსაკუთრებული არომატი მიგვენიჭებინა ჩვენი მარტივი სოკოს წვნიანისთვის, შესაძლოა, მეზობელ მანანას თავშიც არ მოსვლოდა. დელფინა რუსთვის რომ გეკითხათ, ეს ყველაზე არაინტელექტუალური საქმიანობა იქნებოდა დედამიწის ზურგზე, ისევე, როგორც ფაუნია ფარლის შეგნებული გადაწყვეტილება, ფიზიკური შრომით მოეპოვებინა სიცოცხლისთვის საჭირო მატერიალური რესურსი. ფაუნიამ შეგნებულად იუარა, საკუთარი თავი ისეთივე მონდომებით მოემზადებინა, როგორი მონდომებითაც საუბრის დასაწყისში შევქმენით გემრიელი სუპი. ფილიპ როთის “ადამიანური ლაქა”, გაჯერებული ათასი სისასტიკით, რომელსაც რასიზმი, ომი და ადამიანებისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი დაუნდობლობა ჰქვია, საბოლოოდ მაინც ქმნის ხანგრძლივი პროცესია, რომლისთვისაც ზოგს ნედლი ხახვი დააკლდა და მაღაზიაში ჩასვლა დაეზარა, ზოგმაც უკვე მომზადებული წვნიანი გადაღვარა და ბიფშტექსის ბეწვის ხიდზე – საკმარისად შემწვარისა და საკმარისად სისხლიანი ხორცის ნაჭრის ზომიერ, პროპორციულ ესთეტიკაზე – გაიარა.
მეოცე საუკუნის ბოლო ამერიკისთვის ხმაურიანი გამოდგა: ბილ ქლინთონისა და მონიკა ლევინსკის რომანმა მორალისტები აღაშფოთა. და არა მხოლოდ მორალისტები. ამერიკის პრეზიდენტობისათვის მნიშვნელოვანი უნარი – იყო ნაკლებად ადამიანური და მეტად შეუბღალავი – ქლინთონისთვის ზედმეტი აღმოჩნდა: თავი უმწიკვლოებით მაინცდამაინც არ გამოუდია. ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნის დასასრული ამერიკაში მაღალზნეობრივი ქადაგებების, მორალისტური, მოსაწყენი ფარისევლობის და პოზიციათა ქაოსის ეტაპია. ამ ფონზე იშლება უფრო ლოკალური მოვლენა: პროფესორ ქოულმენისა და კოლეჯის დამლაგებლის, ფაუნია ფარლის, სასიყვარულო ურთიერთობა. ერთი შეხედვით საქმე ორ სხვადასხვა პოლუსთან გვაქვს: მენტალური მახასიათებლებისა და ასაკობრივი სხვაობის 40–წლიანი ბარიერი მსგავსი დასკვნების გამოსატანად სრულიად საკმარისია. მაშინ, როცა მასშტაბური ტრაგედია უკვე მომხდარია, ლოკალური “სიბინძურისთვისაც” ნიადაგი მექანიკურად შემზადებულია და რიტუალური მითქმა–მოთქმა იმ შეშინებული ცხვრის ფარის ყურისწამღებ ხმაურს ემსგავსება, რომელსაც მგელი მოუახლოვდა. “ათინას” იდილიას რუხი მგელი, ეს ამორალური ვაჟბატონი, ემუქრება.
…როგორი შეიძლება სამყარო, რომელიც ვიზუალურადაც და თვისებრივადაც ძალიან ჰგავს თოკზე გაფენილ ქათქათა თეთრეულს, იყოს მოსაწყენი. ფილიპ როთის, ლიტერატურული  ჯილდოების ამ კოლექციონერის პერსონაჟებიდან ზოგმა ვიეტნამის ომის კოშმარი გადაიტანა და თავს მოსიარულე გვამად გრძნობს; ზოგმა ხორციელი ვნებანი მხოლოდ გადატანილი ოპერაციის გამო კი არ დათრგუნა, ფიზიკური სტერილიზაცია გონებრივი ფორმირების, საღი აზროვნების წინაპირობად მიიჩნია; ზოგი სწავლას, როგორც ხელოვნურ პირობას, განუდგა და პირველყოფილ ცოდნას დაეუფლა; ზოგი პრანჭია ინტელექტუალური პოზით აღიჭურვა და ყალბი ღირებულებები ინტელექტუალურივე მოდის ტენდენციების სრული დაცვით მოირგო; ზოგმა საკუთარი რასა უარყო და მომავალში უცნაურ შურისძიებას შეეჯახა: რასიზმში ბრალდებულმა კოლეჯში საკუთარი პოსტი მიატოვა.

დიახ, ეს არ არის ნაწარმოები სტერილურ ადამიანებზე. რადგან ასეთები ისედაც არ არსებობენ. პედანტურ, არაამერიკულ თხრობას მძიმე ამბები პოპკორნის პრინციპით, მსუბუქად კი არ ამოაქვს ზედაპირზე, თავად გაყოფინებს ცხვირს მოსახალ აპარატში. პოპკორნის შექმნის პროცესი, რომელიც წერტილოვანი მასიდან იწყება და სპეციალური გარემო პირობების დამსახურებით წამებში გრანდიოზულ ცვლილებას განიცდის, ძალიან ჰგავს ქოულმენ სილქის ისტორიას. შავკანიანმა ქოულმენმა (საკუთარი რასისათვის უჩვეულოდ თეთრი ფერით) ინტელექტუალურ ზრდასთან ერთად კარიერულ წინსვლასაც მიაღწია. საბოლოოდ, შექმნა ოჯახიც, რომელიც გახლდათ ერთგვარი კოლბა, ჩაკეტილი სივრცე, სადაც ადგილი არ იყო შავკანიანებისთვის. პროფესორი დაემშვიდობა წარსულს და შავკანიან დედას და შავკანიან დას და შავკანიან ძმას. მას უნდოდა ბუნებრივი მახასიათებლების უარყოფა, რადგან თავიდან ბოლომდე სჯეროდა ადამიანთა მიერ საკუთარი პიროვნებების ქმნადობის უნივერსალურობისა. 
“ადამიანური ლაქა” “თეთრი ყვავების” შესახებ დაწერილი წიგნიცაა. გალიაში გამოკეტილი, ადამიანებთან შეზრდილი ყვავი, პრინცი, გადაჩვეული ყვავობას რომანის ერთ– ერთი საინტერესო პერსონაჟია. პრინცი, ისევე, როგორც სხვა, მისი მოდგმის ნებისმიერი არსება, ბრჭყვიალა საგნების გულმხურვალე მოყვარულია. თუმცა ყვავური თვისებების მიუხედავად ვეღარანაირ საერთოს ვერ პოულობს სხვა თანამოძმეებში და ისინიც ალმაცერად უყურებენ მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილ მეგობარს. როთის პერსონაჟები, რომლებიც საკუთარ კვალს, ადამიანურ ლაქას ტოვებენ არა მხოლოდ თავისი ცხოვრების ჯურღმულებში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი, რადგან ბუნებაში არასდროს არაფერი იკარგება და პროცესების ჯაჭვური თვისების შესახებაც ბევრი რამ გვსმენია. 
ზოგჯერ ბინძურია ეს ლაქები, ხანდახან კი ისინი ყველაზე სუფთა ადგილებია მსოფლიოში, ჰეროს კაბისა არ იყოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“