ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
18 აგვისტო, ორშაბათი, 2025

რაზე ფიქრობენ ზვიგენებთან მოცურავე მოზარდები…

და სიყმაწვილე, თუ სხვა არ მტრობს, თავის თავს ებრძვის“…

„ჰამლეტი“, ივანე მაჩაბლის თარგმანი

 „რატომ სჩადიან მოზარდები ამდენ სულელურ, სიცოცხლისთვის სახიფათო და გონიერი არსებისთვის აშკარად შეუსაბამო საქციელს? უყურებენ სალ კლდეს და ხედავენ შესანიშნავ კადრებს ვიდეოს გადასაღებად. ჩვენც ვუყურებთ იმავე კლდეს, ოღონდ შფოთვა და სიფრთხილის განცდა გვეუფლება.

და ეს ყველაფერი არაა… ისინი ხშირად არიან საძაგელ ხასიათზე, არიან აუტანლები და სრულიად შეურაცხადები. ფეთქდებიან სულ ციცქნა საყვედურებზე და იმისთანა ემოციურ ქარაშოტს ატრიალებენ, მოგვრილი ბიძგები რიხტერის სკალით შეგვიძლია შევაფასოთ. განუზომელი რაოდენობით ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს ეტანებიან, ისეთ მუსიკას უსმენენ და ისე იმოსებიან, მშობლებს საღი აზროვნების უნარს აკარგვინებენ…“.

ამ კითხვებსა და დასკვნებს გვიზიარებს ნაიჯელ ლატა წიგნში „სანამ თქვენი მოზარდები ჭკუიდან გადაგიყვანენ“.

მოზარდობა განსაკუთრებული ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. გარდატეხის ასაკის თანმდევი ფიზიოლოგიური, ანატომიური, ბიოლოგიური ცვლილებები, ძვრები განსაზღვრავს ქცევას, სოციალურ ურთიერთობებს, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და… უფროსების დამოკიდებულებებსაც მათ მიმართ (ან წინააღმდეგ).

მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია იმის ცოდნა, რა ემართებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რა განაპირობებს მათ ქცევას, განწყობებს, მიმართებებს.

რით განსხვავდება მოზარდების ტვინი ამავე „მოწყობილობის ზრდასრული ვერსიისგან“ – ანუ რა თავისებურებებით ხასიათდება მოზარდის „მართვის სისტემა“.

რამდენიმე ფაქტი:

ადამიანის თავის ტვინის განვითარება 20 წლის ასაკამდე გრძელდება. თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი 19-20 წლის ასაკშია მხოლოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებული. პრეფრონტალური ქერქი „პასუხისმგებელია“ შეგნებული გადაწყვეტილების მიღებაზე, გააზრებული, რაციონალური მოტივების შემუშავებასა და ქცევაში ასახვაზე, დაგეგმვასა და დაგეგმილი ქმედებების შედეგების გააზრებაზე, პრობლემების გადაჭრასა და იმპულსების გაკონტროლებაზე. „მოდი, შევყოვნდეთ და დავუფიქრდეთ, გვინდა თუ არა ამის გაკეთება. სანამ აქედან ისკუპებ, აბა, დაუკვირდი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას!“ – ჩვენს გონებაში მაფრთხილებელი ხმა რომ ისმოდეს და ყოველი სარისკო ქმედების ჩადენის წინ იმაღლებდეს ტონალობას, ეს ხმა სწორედ პრეფრონტალურ ქერქში იქნებოდა ჩასახლებული, სწორედ ისაა გონიერი გადაწყვეტილებების სამყოფელი. მისი წყალობით დავისწავლით სწორ ქცევას, წესებს, შეგვიძლია ვარიანტების გათვლა, მომავლის პროგნოზირება.

ნაიჯელ ლატა წერს:

„სქესობრივი მომწიფების ხანაში თავის ტვინი აყვავებულ ბაღნარს ემსგავსება. უეცრად ყველაფერი იწყებს გაფურჩქნას, აყვავებას, ზრდას. როგორც ყველა ბაღში, სხვლისა და ზედმეტის ჩამოჭრა-ამოძირკვის დროც დგება. იგივე ხდება მოზარდის ტვინშიც – არასაჭირო ნეირონული კავშირები უქმდება, საჭირო და მნიშვნელოვანი კავშირები იკვრება და მტკიცდება. ახლა, როცა ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად იცით (თავის ტვინზე ოპერაციის ჩატარებას ამ ცოდნით ვერ შეძლებთ, მაგრამ მთავარი აზრი ხომ ჩაიჭირეთ…), ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ საყოველთაო „ქსელში“ ყველაზე ბოლოს პრეფრონტალური ქერქი ერთვება და მეტიც, სქესობრივი მომწიფების საწყის ხანაში ის საერთოდაც, ზომაში იკლებს. ეს ნიშნავს, რომ „გონიერი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიმღები პუნქტი“ სქესობრივი მომწიფებისას ნახევარი სიმძლავრით მუშაობს და მიერთებულიც კი არაა „სხვა მნიშვნელოვან უბნებთან“. ჯანდაბა! შესძახებთ თქვენ და მართლაც! მაგრამ აქ მთავარია, გახსოვდეთ, რომ მოზარდებს ხშირად უბრალოდ არ აქვთ სათანადო მოწყობილობა ამუშავებული სრული დატვირთვით. კერძოდ, ის მოწყობილობა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებადაა აუცილებელი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მოზარდებთან სხვა რამეებიც ვერაა რიგზე…“.

მოზარდებს არ აქვთ მუხრუჭები

ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი – მოზარდებსა და უფროსებს კომპიუტერულ სიმულატორზე მანქანის მართვა დაავალეს. ისინი იღებდნენ ქულებს, თუ ყვითელ შუქნიშანზე ასწრებდნენ გზის გადაკვეთას და კედელთან დროულად დამუხრუჭებას. რასაკვირველია, მოზარდები რისკავდნენ უფრო ხშირად, ვიდრე უფროსები, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ მოზარდები რისკავდნენ აუცილებლად, თუ ექსპერიმენტს ესწრებოდნენ მათი თანატოლები.

ერთი-ერთზე, მშვიდ სიტუაციაში, ნებისმიერი მოზარდი კეთილგონივრულად გიპასუხებთ – რა თქმა უნდა, არ ჩავუჯდები მანქანაში მეგობარს, თუ ის ნასვამი იქნება. რეალურ სიტუაციაში ნასვამი მეგობრებისთვის უარის თქმას გაბედავენ ერთეულები.

ნახსენებ წიგნში აღწერილია ასეთი ექსპერიმენტებიც: უფროსებსა და მოზარდებს აჩვენებდნენ ადამიანების გამოსახულებებს. ფოტოებზე შეშინებული სახეები იყო გამოსახული. მოზარდების ტვინის უბნების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ პრეფრონტალურ ქერქში აქტივობა ნაკლები იყო, სამაგიეროდ აქტიურდებოდა ამიგდალა, იგივე ნუშისებრი სხეული, ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც თავის ტვინში ღრმადაა მოთავსებული. ამიგდალა პასუხისმგებელია ემოციების ფორმირებაზე, ემოციური მეხსიერების კონტროლზე, ემოციების ამოცნობაზე. ამასთან, მოზარდები ხშირად სცდებოდნენ და შიშის ნაცვლად ბრაზთან, დაბნეულობასთან, მოწყენილობასთან აიგივებდნენ გამოსახულებებს. ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა გარკვეულ ასაკამდე მოზარდებისთვის რთულია, ამოცნობისას ისინი ემოციური ცენტრით ხელმძღვანელობენ და არა რაციონალურით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმპულსური, „დაუფიქრებელი“, ხისტი ქმედებები მათგან გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

კიდევ ექსპერიმენტი: მოზარდებსა და უფროსებს აწვდიდნენ სხვადასხვა შინაარსის შემცველ წინადადებებს. „ზვიგენებთან ერთად ცურვა“ – ერთ-ერთი ასეთი წინადადებათაგანი იყო. საცდელ პირებს უნდა გადაეწყვიტათ, წინადადება „კარგი იდეაა“ თუ „ცუდი“ და შესაბამის ღილაკზე უნდა დაეჭირათ. „კარგ წინადადებებზე“ უფროსები და მოზარდები ერთნაირად რეაგირებდნენ, „ცუდი იდეების“ ამოსაცნობად და რეაგირებისთვის კი მოზადებს მეტი დრო სჭირდებოდათ. რასაკვირველია, ზვიგენებთან ერთად ცურვა არც მოზარდებს მოსჩვენებიათ მომხიბვლელ იდეად, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მათ მეტი დრო დასჭირდათ! ამასთან, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მეშვეობით მკვლევრები აკვირდებოდნენ პროცესებს, რომლებიც ტვინში მიმდინარეობდა გადაწყვეტილებების მიღებისას. უფროსებში აქტიურდებოდა უბნები, რომლებიც ქმედების თანმდევ შედეგებზეა პასუხისმგებელი და ისინი მიზეზშედეგობრივ კავშირებს სწრაფად ამყარებდნენ, მოზარდები კი იყენებდნენ იმ უბნებს, რომლებიც მსჯელობისა და აწონ-დაწონისას გვიაქტიურდება. გამოდის, უფროსები მყისიერად „ხედავენ“, რა შეიძლება მოჰყვეს ზვიგენებთან ერთად ჭყუმპალაობას, მოზარდებს კი სჭირდებოდათ ამ „ღონისძიების“ მარტივ მამრავლებად დაშლა, აწონ-დაწონა, მსჯელობა და გადაწყვეტილების ამის შედეგად მიღება. ანუ, უფროსები მომენტალურად ხედავდნენ დაახლოებით ისეთივე კადრებს, რომლებიც ყბადაღებულ ფილმ „ყბებშია“, მოზარდების ტვინი კი აუჩქარებლად მიუყვებოდა საფიქრალს“ ჰმ, ზვიგენებთან ერთად ცურვა. დაიცა, მოვიფიქრო…იქნებ…“.

ლაბორატორიულ პირობებშიც კი მოზარდები ასე იქცევიან. ახლა დააყენეთ ნებისმიერი მოზარდი მისივე თანატოლების გარემოცვაში და წარმოიდგინეთ მისი ქცევა, ქმედება, ფიქრები ამ ვითარებაში.

რა უნდა ვუყოთ ამ ცნობებს, ამ გარდაუვალ მოცემულობას, ამ ფაქტებს?

რა ავკრძალოთ, რა გავამკაცროთ, სად მოვუჭიროთ თავისუფლების სადავეებს?

როგორ მივუდგეთ ამ ცოდნას?

ერთადერთი სწორი და უტყუარი დასკვნა, რომელიც უნდა გავაკეთოთ, ესაა – მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები სტიქიასავითაა – ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ გადავასხვაფერებთ იმას, რაც მოცემულია. აკრძალვას, მარწუხებს, მოკლე საბელსა ან კალთაზე გამობმას ვერ შევძლებთ. ჩვენი ერთადერთი სამარჯვი შეიძლება იყოს მოთმინება და მხარდაჭერა. უპირობო მხარდაჭერა როგორც სისულელეების ჩადენამდე, ისე (და განსაკუთრებით!) მათი ჩადენის შემდეგ.

სამყაროს შესწავლის, შეცნობის, კვლევის ეს ეტაპი ყველაზე წარმტაცი და მრავლისმომცემი ეტაპი შეიძლება გახდეს. უფროსის მეგზურობა ამ გზაზე ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოზარდს აქვს ჩვენი ნდობა, რომ მას ჩვენთან მოესვლება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც არ უნდა ჩავარდეს.

დანარჩენს – მოევლება.

ყველაფერს მოევლება, მთავარია, ვიქცეთ ისეთ უფროსებად, რომლებსაც ენდობიან, ვისთანაც მიდიან, ვისგანაც განსჯას, სასჯელს, განჩინებას, ვერდიქტს კი არა, უპირობო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“