სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის მიერ მომზადებული ,,სენდვიჩები“, ანუ შეფუთული სიმართლის ძალა

არსებობს კი იმაზე რთული რამ, როგორიცაა ურთიერთობები?!  ყველა ადამიანი  სხვადასხვანაირად აღიქვამს და იღებს რეალობას. შესაბამისად, ისმის კითხვა: – როგორი ფორმით მივაწოდოთ ამა თუ იმ პიროვნებას ინფორმაცია, რომ მისგან მივიღოთ თანაგრძნობა და არა – თავდაცვა. 

სიმართლის მიმართ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს. რაციონალურად მოაზროვნე ოპტიმისტიმისტები პრობლემის დანახვისთანავე გამოსავლის ძებნას იწყებენ, პესიმისტები თუ მელანქოლიკები  – დეპრესიის უფსკრულში ვარდებიან, მაგრამ ხშირად ორივე მათგანისთვის  მტკივნეულია შეუფუთავი სიმართლის ,,მონელება”. შედეგად  ვიღებთ უნდობლობას, უკიდურეს შემთხვევაში კი – ზიზღს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანების მიმართ.  ყველაზე ხშირად მსგავს პრობლემას სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში ვხვდებით. 

***

ამას წინათ, ერთი შეუხორცებელი იარით მეც ,,დამასაჩუქრეს”. ერთ-ერთ საავადმყოფოში, გამოკვლევის ჩასატარებლად ოჯახის ახლობელი მივიყვანე. მხოლოდ მუხლი სტკიოდა და უკიდურეს შემთხვევაში წაქცევის გამო გაბზარული ძვლის დიაგნოზს ველოდით.  ანალიზის პასუხების გასაცნობად რომ შევედი, ოფიციალური სახით, ყოველგვარი თანაგრძნობის, ანუ შემოვლითი გზების გარეშე მომახალეს, რომ ეს ჩემი ახლობელი უახლოეს დაბადების დღემდე ვერ მიაღწევდა. სამი საათი გაუჩერებლად  ვტიროდი მოსაცდელში, პირდაპირ იატაკზე ვიჯექი, შეუფუთავი სიმართლის სპაზმებისგან ოთხად მოკეცილი და ვერავინ მოახერხა ჩემი დამშვიდება… ის ადამიანი გარდაცვალებამდე  შვიდი თვით ადრე გამოვიტირე. 

თუმცა დამალული სიმართლეც არანაკლებ მტკივნეულია. რვა წლის ვიყავი, როცა გამზრდელი ბაბუა გარდამეცვალა. არავინ ამიხსნა, დილით სამსახურში თავისი ფეხით წასული კაცი რატომ მოიყვანეს უკან საკაცით და რამდენიმე კვირაში რატომ ,,დავავიწყდით”. სამი თვის უშედეგო მკურნალობის შემდეგ, ბაბუა გარდაიცვალა. ახლაც  ცხადად მახსოვს, როგორ გამაღვიძა შუაღამისას  ბიძაჩემმა,  ჩამაცვა და პირველ სართულზე ჩამიყვანა. მერე ბებიამ შეიცხადა და გაჩერებული საათის გარდა, ყველაფერი დატრიალდა. პირველი ისტერიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაშინ დამემართა. უხმოდ მივვარდი უახლოეს კარს და სანამ ჩემამდე ვინმე მოაღწევდა, რამდენჯერმე მოვასწარი კარზე თავის დარტყმა. რა თქმა უნდა, ბაბუა მიყვარდა, მაგრამ  ახლა ვფიქრობ, რომ ასეთი მძაფრი რეაქცია იმ სამთვიანი დუმილის, იმ გაუსაძლისი იდუმალების შედეგი იყო, პატარა გონებამ ხილულ შედეგად გარდაქმნილი რომ ვერაფრით  გადახარშა.

***

,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ამ დილემის წინაშე მასწავლებელი ყოველდღე დგას. პედაგოგიკის ისტორიას შეუძლია გაგაცნოს პედაგოგთა მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, გასწავლოს ინოვაციური მეთოდების გამოყენება, მოგიწოდოს იყო შემოქმედებითი, საინტერესო მასწავლებელი, მოსიყვარულე მეგობარი… ბავშვებს ასწავლო თანატოლებთან ასეთივე ფორმით ურთიერთობა, თანადგომა, ცხრა ძმისათვის ერთი თხილის გულის გაყოფა… ოღონდ ეს ყველაფერი როგორმე უნდა შეუთავსო  ყველაზე ავტორიტეტული ფიგურის – მშობლის მიერ ჩანერგილ, თუნდაც საპირისპირო რჩევებს, რომლებსაც გვერდი ისე ფრთხილად უნდა აუარო, როგორც ტალახში ჩაფლულ  უხილავ ქვას. თუ წამოედე, წაგაქცევს ან წონასწორობას მაინც დაგაკარგვინებს. მოკლედ, ახლადაშენებული ტაძრის ცარიელი კედლები ისე უნდა მოხატო, რომ ოჯახის ხატი არ დაჩრდილო, თორემ ერთი უწყინარი შეხედულების გამო, ბავშვის უნდობლობასთან გამკლავება, უკიდურეს შემთხვევაში კი,  განრისხებული მშობლის განეიტრალება მოსალოდნელ უმუშევრობაზე  მძიმე გადასატანია.

ჩემი აზრით, მასწავლებელი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების კი არა, სკოლის პროდუქტია – ერთგვარი თემიდას სასწორი, რომელიც საკუთარი თავიდან გამოსული, მუდამ მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა იყოს. თუმცა ხელს, რომელსაც ეს სასწორი უჭირავს, ხანდახან ძალიან უჭირს სოციალური თუ ადამიანური თანადგომის გარეშე ამხელა პასუხისმგებლობის ზიდვა. 

საქართველოში, მასწავლებლის მოვალეობებში  ყოველდღიურ სტრესთან ეფექტურად გამკლავებაც  შედის, მისგან ყველა სიტუაციის შესაბამის, სწრაფ რეაგირებას ელის. სტრესის ძირითად გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს  გამუდმებული მოთხოვნები და მინიმალური თანაგრძნობა ადმინისტრაციის, მოსწავლის, მშობლის, კოლეგის მხრიდან. ალბათ დამეთანხმებით, შეუძლებელია წინასწარ  ყველაფრის გათვლა. ზოგჯერ უსამართლო ,,სილას გაგაწნავენ”, ხან  ,,შესაფუთი ქაღალდი”  გითავდება და შესაძლოა, თავად გახდე მშობლის ან მოსწავლის განწყობის გაფუჭების მიზეზი… იდეალური არავინაა.

სხვა მხრივ, მასწავლებლის პროფესია ცოცხალი ორგანიზმივითაა, მუდმივად ვითარდები და იზრდები, ერგები სხვადასხვა გარემოს, დროს, ბავშვებს… აქ არ არსებობს მზა ფორმულა – კლიშე, რომელშიც  ყველა გაკვეთილი ან ურთიერთობა შეგიძლია ჩამოასხა.  მასწავლებლის პროფესია ნარკოტიკივითაა, ერთხელ თუ გემო გაუსინჯე, პრაქტიკის შეწყვეტის შემდეგაც ვერ ივიწყებ. სადაც არ უნდა წახვიდე, ცხოვრების ბოლომდე მასწავლებლად რჩები.

განეწყვე და განაწყვე! 

როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, ყოველდღიური ურთიერთობებისა და რუტინისგან დაღლილს, პირველ რიგში, საკუთარი განწყობის გადაწყობა მომიხდა, რაც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. სათქმელის ხარისხიანად ,,შეფუთვისთვის”  საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობით ამზადებს მასწავლებელი სათქმელს. რაც შეეხება მშობლებს, მათ დღის ბოლოსაც  ისეთივე მხნე და ღიმილიანი უნდა დახვდე, როგორიც დილით იყავი. არადა, ხანდახან ღიმილი კი არა, სკამიდან ადგომაც  კი გიჭირს. 

მასწავლებლობა ნიშნავს მთელი დღით მარსზე გაფრენას, ოჯახის, მეგობრების, კარგი თუ ცუდი ამბებისგან შორს ყოფნას და თუ გარესამყარომ შენს ნაჭუჭში მაინც შემოაღწია – დაყრუებას, სამუშაო დღის დასრულებამდე.

ასეა თუ ისე, აშლილი განწყობის აწყობა ყოველდღე გვიწევს, სანამ მოსწავლის განწყობაზე ვიზრუნებთ, ჯერ საკუთარი ინსტრუმენტის ჟღერადობას უნდა მივხედოთ.

დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია 1910 წელს ჩამოყალიბდა. ის ცდილობდა ზედმიწევნით შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი და ამტკიცებდა, რომ ყველა ცოცხალი არსება გარემოში თავისი მიზნის შესაბამის აქტივობას ახორციელებს. ქართველი მეცნიერი დიდხანს ეძებდა ფსიქიკურ მექანიზმს, რომელიც მსგავს პროცესს  უზრუნველყოფდა. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, დიმიტრი უზნაძემ  ამ ,,მექანიზმს” განწყობა უწოდა.

განწყობა არაცნობიერია. იგი წარმოიქმნება სუბიექტური ან ობიექტური ფაქტორების აღმოცენების შედეგად. სუბიექტურ ფაქტორს მოთხოვნილება წარმოქმნის, ობიექტურს კი – სიტუაცია, ანუ გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩნდება მოთხოვნილება, ცოცხალი არსება ეძებს ობიექტს, რომლის მეშვეობითაც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებს. მაგალითად:  თუ ადამიანს სწყურია,  ექმნება განწყობა, რომ აიღოს ჭიქა, წყალი დაისხას და დალიოს. 

გამოდის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შეუქმნას განწყობა (სწავლის) და ობიექტის (ცოდნის წყაროს) ძებნა და მოთხოვნილების დაკმაყოფილება თავად მოსწავლის პრეროგატივაა.

ხშირად, მშობლების მიერ შექმნილი ,,განწყობა” ნაძალადევია, რადგან სიტყვები – ,,აღზრდა” და  ,,წარმატება” მათთვის შვილის სოციუმში უპრობლემოდ დასამკვიდრებელი  ,,მწვანე ბარათია” და მის მოსაპოვებლად მხოლოდ ინტელექტუალური უნარების განვითარება კმარა.  უზნაძის თეორიის მიხედვით კი, საჭიროა ბავშვის ,,მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა”.  ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების მისაღებად საჭიროა, რომ აღმზრდელმა მოსწავლის მთლიანი სამყარო შეისწავლოს  და სრული თანაგრძნობა გამოუცხადოს მას.

 აღმზრდელის როლის მორგება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. პედაგოგთა უმეტესობას  ურჩევნია ასწავლოს საგანი, ვიდრე –  ცხოვრება. არადა, ამ საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებლად მიმაჩნია.  შეიძლება რომელიმე მოსწავლე გულამოსკვნით ატირდეს შუა გაკვეთილზე, ერთი შეხედვით – ცამოწმენდილზე, მეორემ კი რომელიმე ახლობლის მისამართით ვერგასროლილი სიძულვილის გუნდები ისე მოულოდნელად დაგახალოს, რომ ,,სენდვიჩის მომზადების” კი არა, ფიქრის უნარიც დაკარგო. საღამოს კი მოდის მშობელი და გთხოვს, მისი შვილის განწყობა ისე გამოძერწო, მისთვის მისაღები  ქანდაკება გამოგივიდეს. 

სამწუხაროდ, მშობელთა უმეტესობა ცუდად იცნობს საკუთარ შვილებს, ვერ აფასებს მათ რეალურ შესაძლებლობებს. ყველას სურს, რომ მისი შვილი საუკეთესო მოსწავლე იყოს და თუ საწადელს ვერ მიაღწია, შვილის წარუმატებლობას, როგორც წესი, სკოლას და მასწავლებელს აბრალებს.

საინტერესოა, მაინც რა დოზით უნდა იყოს მშობელი ჩართული სასწავლო პროცესში. ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივაც უმეტესწილად – ინერტული ან ჰიპერაქტიული მშობლების სახით – ორ უკიდურესობასთან გვაქვს საქმე. არადა მარტო მშობლებთან კი არა, მოსწავლეებთან ურთიერთობისასაც აუცილებელია საზღვრის  გავლება. გარდა იმისა, რომ ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა ასაკითა და სოციალური სტატუსით მასზე მაღლა მდგომ ადამიანთან ურთიერთთანამშრომლობას, ზომიერ ურთიერთობას, სწავლობს ნებაყოფილობით მორჩილებას, საზოგადოებაში არსებული წესების დაცვის საჭიროებას.

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი შეიძლება ავტორის სოციალური სტატუსითაც დაინტერესდეს. მათ საძიებო სისტემა ჩემი სახელის განსაზღვრებად  ,,აღმზრდელ-პედაგოგს”  შესთავაზებს. მე კი ჩემს თავს ,,სენდვიჩების დამმზადებელს” დავარქმევდი.  სენდვიჩების, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვა, წარუმატებელი დღის, თვის  ბოლოს, შვილის ,,წარმატებით” დასანაყრებლად მოსული მშობლების  მიღმა თანაგრძნობის გარეშე დარჩენილი, დამშეული ბავშვის თვალები მთხოვენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი