„მთელი ისტორია არის ისტორია მამაკაცებისა, მათი ომებისა და რევოლუციისა, მათი შუღლისა და ამბოხებისა, სადაც მდედრობითი სქესი პოლიტიკურ და მოქალაქურ ცხოვრებაში უკანასკნელ ხანამდე არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა”, – ამბობდა თითქმის ერთი საუკუნის წინ კატო მიქელაძე, ქალთა უფლებების დამცველი და ემანსიპაციის გულმხურვალე მხარდამჭერი და მქადაგებელი, ფემინისტი, პუბლიცისტი, აქტივისტი და უბრალოდ ქალი, რომელმაც სწორედ ამ დამსახურებათა გამო პატრიარქალური ისტორიოგრაფიის გალერეაში სათანადო ადგილი ვერ დაიკავა. მაგრამ დრო არ კარგავს ისტორიისგან გარიყულ ადამიანებს – მათ ღვაწლს, თუმცაღა დაგვიანებით, მაინც წარმოაჩენს. ესენი არიან ქალები, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისთვის, მომავლისთვის, იბრძვიან საზოგადოების სრულფასოვან წევრად ქცევისთვის, ხმის აქტიური და პასიური უფლებისთვის, განათლებისთვის, თანასწორობისთვის. იბრძვიან უმეტესად მარტო. ეს მათი ბრძოლაა, ქალი-გმირების, ქალი-აქტივისტების, ქალი-პუბლიცისტების, ქალი-დედების, სამაგალითო და ჭკვიანი ქალების, რომლებიც სწორედ მათი სქესის გამო გარიყეს. საზოგადოებამ და ოჯახმა კარი დაუხშო მათ განვითარებას და აქტიურ სოციალიზაციას. დაუჯერებელია, მაგრამ თითქმის ერთი საუკუნის წინათ არსებობდნენ ქალები, რომლებიც იმდროინდელი მძიმე ისტორიული კონტექსტის პირობებშიც კი მთელი სიმწვავით სვამდნენ ქალთა თანასწორობის პრობლემას და გაერთიანებისკენ, სოლიდარობისა და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდნენ სხვა ქალებს, რომლებიც ელოდნენ, როდის მოაგვარებდა ვინმე მათ მაგივრად მათსავე პრობლემას.
„ასეთი ქალები, ვამბობ მე, წააგვანან იმ გულუბრყვილო ბავშვებს, რომლებსაც რამე შეწუხების დროს უფროსები ეუბნებიან: შენ ოღონდ არ იტირო და მე ბზრიალას მოგიტანო, – და ისინიც უჯერებენ და ელოდებიან დაპირებულ საჩუქარს”, – მკვახე შეფასებებს არ იშურებდა მათთვის კატო.
მწვავე და პირდაპირი იყო მისი საჯარო გამოსვლები. იგი არ ერიდებოდა იმ ქალების კრიტიკას, რომლებსაც არ სურდათ ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის, არ მოითხოვდნენ, პარტიებს ქალებიც შეეყვანათ კანდიდატთა სიებში: „თქვენ გეუბნებიან, თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო; სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მხოლოდ მამაკაცები!” – მიმართავდა მათ და შეახსენებდა, რომ ამქვეყნად კუჭზე ზრუნვა არ კმარა; საჭიროა სხვა ცხოვრება, სადაც ქალის საქმედ მხოლოდ მზარეულობას არ განიხილავენ; რომ ქალი არ არის მხოლოდ ტკბობის საგანი, ვნებათა ღელვის დამამშვიდებელი ობიექტი, სადღეგრძელოების მუზა, ჩიტი, ჩამწყვდეული ჰარამხანაში; ის არ არის მხოლოდ ისტორიული ტიკინა – იგი გაგრძელებაა იმ დიდებულ ქალთა მოდგმისა, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც გარეგნული სიტურფით, ასევე შინაგანი სიმდიდრითაც. კატო მაგალითებს არ იშურებდა, რომ გაეღვიძებინა ქალებში თავიანთი პიროვნულობის განცდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილი. „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადიაო” – ამ აფორიზმსაც შეახსენებდა და თვითგამორკვევისკენ მოუწოდებდა.
ქართველი ფემინისტის კატო მიქელაძის შესახებ ცნობები მწერალმა და გენდერის მკვლევარმა თამთა მელაშვილმა შეკრიბა, წიგნი „კატო მიქელაძე. ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები” კი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. წიგნში შესულია კატო მიქელაძის საჯარო გამოსვლები, ლექციები, პუბლიკაციები, ასევე – მისი პოეტური შემოქმედება. თამთა მელაშვილი აღნიშნავს, რომ წიგნი მისთვის ერთგვარი ცდაა, გაუმკლავდეს დომინანტურ დისკურსს და ფემინისტური პერსპექტივიდან აჩვენოს საქართველოს უახლესი წარსული, როდესაც ქალები იბრძოდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩასართველად, ამ უფლებების მოსაპოვებლად.
კატო მიქელაძის საფლავი დღეს დაკარგულია, სახელი – მივიწყებული, საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც ფემინიზმს დასავლეთიდან იმპორტირებულ ბურჟუაზიულ სენად ნათლავდა, არ გასჭირვებია კატო მიქელაძის ფემინისტური აქტივიზმის უგულებელყოფა – მას პოეტი ქალის სახელი აკმარა.
კატომ თავდაპირველი განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით იგი არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაშიც იყო ჩართული და ძირითადად აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. სწავლობდა რუსეთში, შემდეგ – შვეიცარიაში, ბრიუსელში. ფემინიზმის ევროპული გამოცდილება პირველად პარიზში მიიღო. შემდეგ მშობლიურ ქუთაისს დაუბრუნდა, თანამოაზრეები შემოიკრიბა და სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას ეწეოდა. კითხულობდა საჯარო ლექციებს ქალთა მდგომარეობაზე. მისი რედაქტორობით გამოიცემოდა პირველი ფემინისტური გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა”.
არ ვიცი, იყვნენ თუ არა მზად კატო მიქელაძის თანამედროვე ქალები, ეგრძნოთ თავიანთი გამორჩეულობა, მოქალაქეობრივი ვალის სიმძიმე და პასუხისმგებლობა. კატო ამბობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ამის მოთხოვნილება გაჩნდებოდა, ქალები კი მოუმზადებლები შეხვდებოდნენ მას. წინასწარმეტყველება ახდა – ქალებს დღესაც სჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ისინიც სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, რომ მათაც შეუძლიათ საქმის კეთება, რომ მათაც სჭირდებათ საზოგადოების ნდობა და იმედს არ გაუცრუებენ. ეს პრობლემები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ იყო; დღესაც უთანაბროა და-ძმის უფლებრივი მდგომარეობა მემკვიდრეობის მიღებისას; ქალზე ფიზიკურ ძალადობას მოსახლეობის 34 პროცენტი ამა თუ იმ მიზეზით ამართლებს… სწორედ ასეთი უსამართლობის მსხვერპლთ მოუწოდებდა გაერთიანებისკენ მათი უერთგულესი და ყველაზე აქტიური მხარდამჭერი: „ვისაც დაჰკოდვია გული თავისსავე ოჯახში ქმრისგან, მამისგან, ძმისგან, ვისაც საკუთარ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული, გადმოეღვარა ცრემლი თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით სავსე ხვედრის ჭირ-ვარამზე, მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიან დროშას!”
კატომ იცოდა, რომ ქალის ფიზიკური თუ სულიერი გადარჩენა მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად უმნიშვნელოვანესზე – განათლებაზეც იყო დამოკიდებული. იმდროინდელი განათლების სისტემა კი ვერ იქნებოდა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის იდეის მომხრე, სისტემას არ სჭირდებოდა მოაზროვნე ქალები. განათლების სისტემა თავად იყო ამ მახინჯი სტერეოტიპების გამგრძელებელი და სწორედ მასწავლებლები გადასცემდნენ მომავალ თაობებს გენდერულ სტერეოტიპებს. კატოს გამოსავლად განათლების სისტემის რეფორმა და მასწავლებელთა გადამზადება მიაჩნდა. „მომავალი ქართველი ქალის ადამიანური პიროვნების ამაღლებას რომ დღევანდელი ჩვენი პედაგოგთა უმრავლესობა ხელს შეუწყობდეს, ამას ჩვენ ვეჭვობთ, სანამ მათი პსიხოლოგია არ შეიცვლება. როგორც მშობლების, ისე მასწავლებელთაგან აღზრდის მხრივ ყურადღება უნდა ექცეოდეს ოჯახში და სკოლაში მოსწავლეთა შორის ქალ-ვაჟთა სწორუფლიანობის შეგნებას. ამ მოვალეობის შესრულებას მომავალი თაობის წინაშე დღეს ყველაზე მეტად დედები და მასწავლებელი ქალები უნდა შეუდგნენ”, – ამბობდა ის და დასძენდა, რომ ამ მხრივ სანუგეშოს ჯერჯერობით ვერაფერს ხედავდა.
ქალთა თანასწორობის მტრებს მაშინაც, როგორც დღეს, რამდენიმე არგუმენტი ეკერათ პირზე: მათი აზრით, ქალის საზოგადოებრივი როლი შეუთავსებელი იქნებოდა მათ დედობრივ მოვალეობასთან, კაცთან შრომითი გათანასწორება კი ჩაკლავდა მასში ქალურ სინაზეს და დედობრივ გრძნობებს. კატო ამ შეხედულებებსაც ეხმიანებოდა: „ქალთა უფლების მტერნი გაიძახიან : ქალებს რომ თავისუფლება მივცეთ შრომაში, განათლებაში და საზოგადო ცხოვრებაში, ოჯახსა და შვილებს დაივიწყებენო. რომ გაუშინჯოთ მახვილი თვალით კბილი მათს წუწუნს, ნათლად დავინახავთ, რომ მათ მართლა აწუხებთ არა ოჯახის და შვილების დარდი, არამედ ის მოფიქრება, რომ მოქალაქური უფლებით შემოსილ ქალებს ისინი ტიკინებათ ვერ გახდიან, ვერ შეაცდენენ, ვერ იყიდიან და ვერ გაყიდიან, როგორც დღევანდელ მონა ქალებს ყიდულობენ”. საზოგადოებრივი როლი კი არათუ არ დააზიანებდა ქალის ოჯახურ მდგომარეობას, არამედ გონიერ და მებრძოლ დედას შვილიც ასეთივე ეყოლებოდა. მოქალაქე დედა უწინარესად სწორედ შვილებს სჭირდებოდათ, რადგან მხოლოდ ასეთ ქალს შეეძლო სრულფასოვანი მოქალაქის აღზრდა – ასეთი იყო გზავნილები, რომლებსაც კატო თავის თანამედროვე ქალებს უგზავნიდა.
ქალის როლი კი არასდროს ყოფილა იოლი. მამაკაცების საზოგადოებრივი ცხოვრების ფონზე ის ბურჯივით იდგა და უსიტყვოდ ეზიდებოდა ცხოვრებისეულ ტკივილებს, მსხვერპლად წირავდა საკუთარ სურვილებს. მის მხრებს იყო მინდობილი მძიმე საოჯახო საქმე, შვილების გაჩენა და მათზე ზრუნვა, აღზრდა და განვითარება, მაგრამ მაინც იჩაგრებოდა, მაინც სხვაზე ნაკლები უფლება და ავტორიტეტი ჰქონდა, მატერიალურად ქმარსა და შვილებზე იყო დამოკიდებული.
კატოს მოწოდებეათა სამიზნე მხოლოდ ქალი არ ყოფილა – იგი მამაკაცებსაც მიმართავდა, სთხოვდა მათ, მეტი გულისხმიერება გამოეჩინათ ქალების მიმართ, მიეცათ მათთვის ასპარეზი შრომისა და თავის გამოჩენისა და ისინი ნამდვილად არ შეირცხვენდნენ თავს. „უფლებიანი დედაკაცები მარსზე და იუპიტერზე ცხოვრებას არ აპირებენ, რომ იქ წაიღონ და გაფლანგონ დედამიწაზე აღებული ხელფასი და მით შეავიწროვონ ცხოვრება მამაკაცებისა”, – წერდა კატო.
დღეს, როცა ეს საკითხები კვლავაც მტკივნეულია, კატო მიქელაძის ინტელექტუალური მემკვიდრეობის გაცნობა მოზარდთათვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ეს კი, როგორც ყოველთვის, მასწავლებელთა ვალია. მათ უნდა გააცნონ მომავალ თაობას ისტორიის ლაბირინთებში დაკარგული, სტერეოტიპებთან მებრძოლი გმირი. სტერეოტიპებთან, რომლებიც რატომღაც მემკვიდრეობით გადადის უკურნებელი სენივით.