სახლისკენ გადავუხვიე. ავტობანთან, ხიდის ქვეშ იდგა და მიყურებდა. შევხედე და როგორც გამომიცდია, მერჩივნა – არ შემეხედა. ,,ახლა ამეკვიატება ამაზე ფიქრი” – გამიელვა მე, ადამიანს, რომელიც ფიქრმა შემქნა სხვა დანარჩენ არსებაზე ძლიერ არსებად. და აი, ხომ ხედავთ, როცა მაწუხებს, ფიქრიც მეზარება.
,,კარგი, რა, რა ფიქრი! – მოვდიოდი ნელა, საგანგებოდ ძალიან ნელა, საკუთარ თავთან ჭიდილში და მეორე მეს ვუსმენდი – სახლში ბავშვია. ორი სხვა შეფარებული ძაღლია სახლში და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი საქმე – საშინაო და საგარეო. ასეთი ლეკვი ათიათასობითაა გარეთ. შენ ამ მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებ. სჯობს დაივიწყო!”
ხუთი წუთის გზა თხუთმეტისად ვაქციე.
,,ფარისეველი ხარ! – უთხრა ღიმილით პირველმა გიორგიმ მეორეს – რიგითი ფარისეველი. სახლში მიხვალ და წერას გააგრძელებ ძაღლზე, რომელიც ბათუმში, ქუჩაში ცხოვრობდა. ეს ლეკვი კი, რომელიც საოცრად ჰგავს შენს პერსონაჟს, ხიდის ქვეშ ვერ მოძებნის საჭმელს, ვერც წყალს, მერე ვინმე ბოროტი ადამიანი დაუყვირებს და უფროსი ძაღლი უკბენს. მერე იფიქრებს, რომ გზის გადაღმა სამოთხეა. რომ აქ მოხვდა შემთხვევით ჯოჯოხეთში და იქ უკეთესია. და გადასვლას დააპირებს და ვეღარ გადავა, რადგან იმ დიდ გზაზე ბევრი ბრმა მანქანა დადის. ვეღარ გადავა სამუდამოდ”
სახლთან მოსულმა, საჭე უცებ მოვატრიალე და დავბრუნდი. უცებ რომ არ მომეტრიალებინა, შეიძლება აღარც გადამედგა ნაბიჯი. მე ასეთი გამოცდილება მაქვს – დიდ ამბებს უცაბედი გადაწყვეტილებით ვუმკლავდები, სადაც შევნელდი – იქ ყველაფერი მორჩა.
მორჩილად მელოდა. ჩავსვი. ეზოში ისე დავსვი, რომ დამხვდური ცუგები ჯერ სახლში გამოვკეტეთ. მერე მოვიდა დიდებული ადამიანი და ძაღლების ექიმი, დარია ჯანიაშვილი. მერე ცუგი და კუსა გავაცანით. მერე მივხედეთ პირველადად. და მივხედავთ აწი სულ, მის ახალ პატრონთან, რომელიც ბევრთაგან შევარჩიეთ და ირიჟრაჟა თუ არა, წამოვიყვანე. სანამ მანქანაში ჩავსვამდი, შეეშინდა – იფიქრა, იგივე მეორდებოდა, რაც დამართეს.
მაგრამ სამყარო ხან უცნაურად კეთილიცაა – ეს ლეკვი ამ ზაფხულს საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში და მერე რუსთავში იცხოვრებს შესანიშნავ ლელა ბუხრაშვილთან.
ახლა თბილისში ვბრუნდები და ვფიქრობ:
ადამიანი არის პასუხისმგებლობა – მეტი არაფერი. პასუხისმგებლობა კიდევ იქ იწყება, სადაც სიმშვიდე მთავრდება. ამიტომაც, პასუხისმგებლობა კარგად ყოფნა ვერ იქნება. პასუხისმგებლობა არის შეწუხება. აუცილებელი შეწუხება.
და კიდევ – ადამიანი არის მცდელობა, იყოს კუნძული – კუნძული უსამართლობის ოკეანში. ტალღები ისეთია ამ ოკეანის, ეგ კუნძული ჩაიძირება ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ არის, მასზე ასეთ ცუგებსაც შეუძლიათ იცხოვრონ.
კი, ადამიანი ამ მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებს. მაგრამ გაასწორებს საკუთარ თავს ამ წუთისოფელში და ესეც კმარა.
და ადამიანი არის საჭის უცებ მოტრიალება.
ყოველ დილით თითო თავს ვწერ ,,კუპატას თავგდასავლის”. კარგი წიგნი გამოდის მგონი.დღეს ვერ დავწერე, მაგრამ ეს ფურცელი იმ ფურცლებს აჯობებს. და საერთოდ ყველა ფურცელს აჯობებს რაც დაწერილა. რადგან ფურცლები იმეორებენ ამბებს, რომლებიც უნდა მოხდეს. ასეთ ამბებს. ან ამდაგვარს.