საზაფხულო არდადეგებზე, სოფლად, არცთუ ცოტა გასართობი მქონდა. მყავდა ჯან-ღონით სავსე ბებია და მქონდა წიგნებით გამოტენილი თაროები, რომლებიც მამაჩემმა ჯინსებზე დაზოგილი ფულით შეიძინა (მე კი არ მგავდა), ასევე – ჯანსაღი საკვები და სუფთა ჰაერი, ნაშუადღევს კი, მწველ სიცხეში – კიბეზე ჩამომჯდარი ბებიის კეთილი ზღაპრები, რომლებიც არ მინდოდა დამთავრებულიყო. ბებიას ყოველთვის ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ ამბების მოყოლაც უყვარდა. ჰოდა, ჰყვებოდა თავის „კლასელ” სტალინზე და ალა პუგაჩოვაზე, ამბობდა, ეგენი ჩემზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ – სხვაგან წავიდნენო; ჰყვებოდა „გაკერილ თეფშზე” – იმ ერთადერთ ნივთზე, რომელიც მას და ბაბუას შეუღლებისას გააჩნდათ. მერე და მერე ო’ჰენრის მოთხრობა „მოგვების ძღვენს” მახსენებდა ეს ამბავი.
შემოვუსხდებოდით ნაშუადღევს კიბეზე ჩამომჯდარ ბებიას ოთხი შვილიშვილი გარშემო და ვთხოვდით. რამე მოეყოლა ჩვენთვის. ისიც გვიყვებოდა იმ მთის ამბებს, სადაც გათხოვებამდე ცხოვრობდა თავის ცხრა და-ძმასთან ერთად. ეს იყო ამბები სიყვარულზე, გაჭირვებაზე, ზრუნვაზე, ერთმანეთის გაფრთხილებაზე, ლუკმაპურის შოვნაზე.
ბებია გვიყვებოდა ათას ამბავს, ზოგს – ნამდვილს, ზოგსაც – გამოგონილს. საოცარი ფანტაზია ჰქონდა. ხანდახან კი, თავისი საწოლი ოთახის წინ გრძელ სკამზე ჩამომჯდარი, ამ ამბებს ფანდურზე დაამღერებდა.
გვიყვებოდა, როგორ დადიოდა თავისი სოფლის – გადიდის სკოლაში და როგორ ეშინოდა ბიჭების. ჩვენც სულ გვარიგებდა, მაგათგან თავი შორს დაიჭირეთო და თან ერთი გოგოს ამბავსაც მოაყოლებდა, რომელიც სასტიკმა ბიჭებმა გრძელი ნაწნავით მიაბეს ხეზე. ეს კიდევ ერთი საბაბი იყო ჩვენი ბიჭურად გაკრეჭისთვის. ბებიას უყვარდა, ასე გაკრეჭილებს რომ გვხედავდა – ლოყები გამოგიჩნდათო. მგონი, ყველა ბებიას აწუხებს შვილიშვილების ლოყების ფერნაკლულობა.
გვიყვებოდა, როგორ არ ჰქონდათ და-ძმებს ფეხსაცმელი და სწორედ სირცხვილის თავიდან ასაცილებლად დაანება ერთ დღეს თავი სკოლაში სიარულს, რადგან მის ოჯახს ის 50 კაპიკიც არ აღმოაჩნდა, რომელსაც მასწავლებელი ყოველდღე აბარებდა. „ორშაბათს მომთხოვეს – ვერ მივიტანე, სამშაბათს მომთხოვეს – ვერ მივიტანე და ოთხშაბათს შემრცხვა და აღარ წავედიო”, – გულნატკენი ხმით გვიყვებოდა. ძალიან სწყდებოდა გული, საშუალო განათლების მიღება რომ ვერ მოახერხა.
ჩვენთვის კი, 90-იანებში ბავშვობაგამოვლილი და გამობრძმედილი თაობისთვის, რა ნაცნობი და მშობლიური იყო ეს ამბავი; მაშინ ხომ ჩვენც ბევრი არაფერი გაგვაჩნდა, ირგვლივ სიბნელე, შიმშილი და უსამართლობა სუფევდა. ამიტომაც გვეჩვენებოდა ბებიის მოყოლილი ამბები ძალიან ახლობელი. არაფერი გვიკვირდა, რადგან ყველაფერი ნანახი გვქონდა: გაჭირვება, პურის რიგები, სურსათის ნაკლებობა, უშუქობა და უწყლობა და თანაკლასელების უტაქტო მშობლები, სკამზე რომ აქვავებდნენ ბავშვებს, რომლებსაც სარვამარტო საჩუქრებისთვის თანხა არ მიჰქონდათ და, შესაბამისად, ვერც იმ სიაში აღმოჩნდებოდნენ, რომელსაც დღესასწაულებზე საჩუქრებთან ერთად გადასცემდნენ მასწავლებლებს.
სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც უამრავი ბავშვი რჩება საშუალო განათლების გარეშე. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი სიღარიბეა. ისინი ვერ ახერხებენ იცხოვრონ ისე, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები არ დაირღვეს, ჰქონდეთ საკვები, მედიკამენტები, ტანისამოსი და სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები, მიიღონ განათლება.
2012 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა „იუნისეფმა” გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ხოლო იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლის გარეშე არიან დარჩენილი, 20 000-ს აღწევს.
მე კი ვფიქრობდი: ჩემი შვილი ცოტა რომ წამოიზრდება, მოვუყვები ჩემს ამბებს, როგორც ბებია მიყვებოდა მე; მოვუყვები, რომ ის ჯემიანი შავი პურის ნაჭრები, რომლებსაც ყოველდღე გვირიგებდნენ მეოთხეკლასელებს, ძალიან უგემური იყო; მერე მარტო პურს არიგებდნენ, უჯემოდ, მერე მეხუთე კლასში გადავედით და პურის დარიგებაც შეწყდა. მოვუყვები, როგორ ვქვავდებოდით მერხებთან, თუ „საჩუქრების სიის” ამოკითხვას დაიწყებდნენ. ყველაფერს მოვუყვები, რაც კი გამახსენდება: კარგსაც და ცუდსაც, სევდიანსაც და მხიარულსაც. ყველაფერი უნდა იცოდეს.