ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

ზღაპარი ჩვეულებრივ და სხვანაირ კარტოფილებზე

(საზაფხულო საკითხავი ბავშვებისთვის ომიანობის ხანაში)

ეს პაწაწინა კარტოფილის საყვარელი დრო იყო. როცა მიწა ოდნავ გათბებოდა, კარგად გაფხვიერებულ ნიადაგში ორმოს ამოთხრიდნენ და კარტოფილის პაწია ბოლქვს სულ ციმციმ ჩააბრძანებდნენ.

მერე იძინებდა, ისვენებდა, სულს მოითქვამდა, რაღაცისთვის ემზადებოდა. ნელა-ნელა ყველაზე დიდი საოცრება ხდებოდა – მიწითა და წყლით ნაკვები, ლოყებშეპუტკუნებული კარტოფილი სასიცოცხლო წვენით ივსებოდა. ჯერ ფესვს გამოუშვებდა ფრთხილად, მერე – ლერწს, ჯერ – გამჭვირვალეს, უღონოს. თანდათან უფრო და უფრო მოღონიერდებოდა, სუსტ ღერს მიწაში გააძვრენდა, ნელ-ნელა გაარღვევდა ბნელს და ბოლოს მზის ულამაზეს შუქსაც იხილავდა. მერე იწყებოდა და იწყებოდა: ზრდა, გალამაზება, უნაზესი, გამჭვირვალე ყვავილებით ყვავილობა – და ერთი ბუთქუჩა კარტოფილი ბევრად იქცეოდა.

ჰოდა, სწორედ ეს დრო იყო. ბუთქუჩა კარტოფილი მიწაში გაიზმორა, გაიზმორა და ფესვი გამოუშვა. დაისვენა, მერე კიდევ ერთხელ სცადა, კიდევ დაისვენა, მერე კიდევ…

უცებ ფესვი რაღაც ცივს შეეხო. დამფრთხალმა, სასწრაფოდ უკან გამოსწია, მაგრამ შიში დიდხანს არ გაგრძელებულა – ეს მისი მიწა იყო, მისი სახლი. ალბათ გვერდით კიდევ ერთი კარტოფილიაო, გაიფიქრა.

ფრთხილად გაიწვდინა ფესვი და კარგად მოსინჯა საგანი, რომელმაც შეაშინა. ეს რანაირი კარტოფილი იყო! ფორმა კარტოფილისა ჰქონდა, კანი კი – ცივი, მაგარი, ლითონივით. ეს რა უცნაური რამეაო, იფიქრა კარტოფილმა, მაგრამ ამ დაუპატიჟებელი მეზობლის გამო თავის მთავარ საქმეს ხომ არ შეწყვეტდა? ფესვები და ღერო უნდა გაზრდოდა, მიწას მოსდებოდა, გაძლიერებულიყო, გამრავლებულიყო, ეყვავილა… ამიტომ ერთი-ორჯერ სცადა მეზობელთან გამოლაპარაკება, მაგრამ მან რაღაც ჩაიბურდღუნა გაურკვევლად. უკმეხი იყო და უზრდელი.

კარტოფილი კი ცნობისმოყვარე იყო. ფესვი კიდევ გაუშვა და კიდევ ერთხელ სცადა მეზობელთან დალაპარაკება, მაგრამ იმ უკმეხს ერთი სიტყვა არ უთქვამს.

მაინც ვინ არის? კარტოფილი? რომელიმე სხვა ბოსტნეული? არც ჭარხალს ჰგავს, არც თალგამს, სტაფილოს ხომ მით უმეტეს.

გვიან ღამით, როცა უკმეხ მეზობელს ღრმა ძილით ეძინა, კარტოფილმა თავისი ლერწი კიდევ ერთხელ გაუშვა მისკენ, შეუღუტუნა, შეუხიცინა, მაგრამ შენც არ მომიკვდე – მეზობელი თითქოს უსულო საგანი იყო, ცხვირიც არ შეუბეტყავს. კიდევ შეუხიცინა, იქნებ თვალები გაეხილა, რამე ეთქვა, მაგრამ რკინის ბოსტნეულმა ერთი ჩაიბუზღუნა, გადატრიალდა და ძილი გააგრძელა.

ცნობისმოყვარე კარტოფილმა ვერაფრით მოისვენა. ხან მახრა მიუგზავნა მეზობელს, ხან ჭიაყელა, ხანაც ცუანა ჭია, იქნებ სუნმა მაინც შეაწუხოსო… რკინის ბოსტნეული არც კი იმჩნევდა ცნობისმოყვარე მეზობელს, იწვა გადრუნჩული და ეძინა.

კარტოფილი  კი იზრდებოდა. ახლა ერთი ფესვი კი არა, ფესვების მთელი ბადე ჰქონდა, ერთი ღერო კი არა, ღონიერი ღეროების მთელი კონა. ბოლოს ყვავილობის დროც მოვიდა და ისეთი ლამაზი ყვავილებით აყვავდა, უბრალო კარტოფილი რომ იყო, ვერაფრით მიხვდებოდი.

მეზობელს ისევ აკითხავდა, ოღონდ ის ისევ ისე, უძრავად იწვა და ზედაც არ უყურებდა.

როცა ბავშვები კარტოფილის ამოსაღებად მივიდნენ, მისი ფესვების ბადეში გახვეული უცნაური რკინის ბოსტნეული იპოვეს. რამდენიმე ლერწს ბოსტნეულის შიგნითაც შეეღწია. მის რკინის ზურგზე მოთავსებული მავთული მახრას დაეხრა, მუცელი კი მთლად დაჟანგებოდა.

ბავშვებმა უცნაური ბოსტნეული კარტოფილით სავსე კალათაში ჩადეს და შინ წაიღეს.

ბოსტნეული მხოლოდ ბაბუამ იცნო, ხელებაკანკალებულმა ამოიღო კალათიდან და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ნახა, რომ ხელყუმბარა გაფუჭებული იყო, დაჟანგებული, მიწიანი, ერთიანად გაშავებული და კარტოფილის ფესვებშემოხვეული.

ვერავინ მიხვდა, რომ კარტოფილმა, რომელიც ახლა ბანზე იყო გაფენილი და, დასათესად გადარჩეული, მზეზე  შრებოდა,  ბავშვები გადაარჩინა. იმდენი უჩხიკინა საშიშ ბოსტნეულს, რომ მთლიანად მოშალა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“