ვაგრძელებთ სერია „სწავლის ძირის“ მე-6 და მე-7 წერილებში წარმოდგენილ სურათის აღწერებს. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ქართული ანბანის მომდევნო ხუთ ბგერაზე: თ, ი, კ, ლ, მ.
ეს არის ილუსტრაცია „ბავშვები მაღაზიაში“, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
თავდაპირველად მოკლედ შევაფასოთ ილუსტრაცია წინა წერილში შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით:
| კრიტერიუმი | დასაბუთება |
| შეესაბამება პირველკლასელთა ინტერესებს და ცოდნას. | ილუსტრაციაზე „ბავშვები მაღაზიაში“ ასახული სიტუაცია ნაცნობია ბავშვებისთვის, შეესაბამება მათ ინტერესებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. მათ შეუძლიათ, უკვე დამოუკიდებლადაც შეიძინონ მაღაზიაში სასურველი რამ. |
| ადვილად „იკითხება“, მკაფიოა მასზე ასახული სიტუაცია. | ილუსტრაციაზე ასახული სიტუაცია ნაცნობია, გასაგები, მკაფიო, მარტივი. არ არის დატვირთული ჩახლართული კომბინაციებითა და წვრილი დეტალებით. |
| იძლევა ინტერაქციის საშუალებას. | ილუსტრაციის გამოყენებით შესაძლებელია კარგი კითხვების დასმა და კითხვა-პასუხში მოსწავლეების ჩართვა. |
| ასახულია ისეთი საგნები, რომელთა სახელებიც გამოგვადგება ფონოლოგიური და ფონეტიკური უნარების განსავითარებლად. | ილუსტრაციაზე საგანგებოდ არის დატანილი საგნები, რომელთა სახელებიც ერთ-, ორ- და სამმარცვლიანი სიტყვებია. რამდენიმესი – ოთხმარცვლიანიც კი. აგრეთვე გათვალისწინებულია სიტყვებში ბგერათა რაოდენობა: გვაქვს ორ-, სამ-, ოთხ-, ხუთ-, ექვს-, შვიდბგერიანი სიტყვები. სიტყვების პირველი ბგერები შეესაბამება სასწავლო მონაკვეთის სამიზნე ხუთ ბგერას (თ, ი, კ, ლ, მ). |
სანამ ამ სასწავლო მონაკვეთის (დაახლოებით ერთკვირიანი პერიოდი, თუ ის გამდიდრდება სხვა ჩართული აქტივობებითაც, მაგალითად, ლექსით, ამბით, სიმღერით, ინსცენირებით… ანუ სწავლის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე კვირა) აღწერას შევუდგებით ქვემოთ შემოთავაზებული სურათების მიხედვით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა არის მისი სამიზნე აქცენტები:
- ზეპირმეტყველების განვითარება;
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
- ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა და ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის ამოცნობა, ბგერების გამთლიანება) გამომუშავება;
- ფონეტიკური კომპეტენციის განმტკიცება „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ბგერებზე კონცენტრირებით;
- კითხვისა (მთლიანი სიტყვების ცნობა) და წერის (წვრილი, ნატიფი მოტორიკის გამომუშავება) საწყისი უნარების ჩამოყალიბება.
სურათებისა და აქტივობების ნიმუშები
ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოსლაიდები, რომლებიც სათანადო აქტივობებს ასახავს. სურათები დამზადებულია ე. წ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. აქტივობების აღწერა ერთვის შესაბამის ფოტოს. აქტივობათა ლოგიკური თანმიმდევრობა მიჰყვება წინა წერილებში გააქტიურებული ბგერების (ა, ბ, გ და დ, ე, ვ, ზ) მიხედვით შექმნილ სასწავლო მონაკვეთებს.
I ფოტო
როგორც უკვე ვთქვით, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ ილუსტრაციაზე „ბავშვები მაღაზიაში“. ილუსტრაციის წარდგენისას ინტერაქცია შეიძლება წარიმართოს ისე, როგორც წინა წერილებში აღვწერეთ. მთავარია, ეს პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდეს და მოიცავდეს თამაშისა და შეჯიბრებითობის ელემენტებსაც.
თვალი გადავავლოთ კითხვების ვარიანტებს:
- ვინ არიან ილუსტრაციაზე?
- სად არიან ბავშვები? როგორ ხასიათზე არიან?
- რას აკეთებენ ბავშვები?
- რა იყიდება მაღაზიაში?
- რა ჩანს მაღაზიის გარეთ?
- როგორია მაღაზია? რა სურათებია კედლებზე?
- სად აწყვია კარტოფილი? ლიმონათი? მარწყვი?
- რას იყიდიან ბავშვები? შენ რას იყიდიდი?
მნიშვნელოვანია, ილუსტრაციის პირველივე წარდგენისას გამოვკვეთოთ მასზე გამოსახული საგნები, მათი დასახელებისას ხაზგასმით დავმარცვლოთ ფოტოზე ცალკე გამოყოფილი თითოეული საგნის სახელი და დამარცვლითვე გავამეორებინოთ მოსწავლეებსაც (ამ და სხვა აქტივობების დაწვრილებითი აღწერა აქ არ არის წარმოდგენილი, მხოლოდ იდეებია მოწოდებული. ცხადია, ეს იდეები სხვადასხვაგვარად შეიძლება გაიშალოს საკლასო ოთახში. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ მეტი ყურადღება და დრო დასჭირდებათ იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სამიზნე ბგერათაგან თ-ს, კ-ს ზუსტად აღქმა და წარმოთქმა უჭირთ ხოლმე ენის შემსწავლელებს და მსგავსი ჟღერადობის სხვა ბგერებში ერევათ).
II ფოტო
მეორე ფოტოზე შედარებით ნაკლები საგანია გამოყოფილი, რითაც იმის მინიშნება გვინდა, რომ უნდა გავითვალისწინოთ სწავლების დიფერენცირებული მიდგომები და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი ცოდნის ზედმეტი ნაკადით არ გადავტვირთოთ.
III და IV ფოტოები
მესამე ფოტოზე უკვე მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული საგნებია.
როგორც წინა მონაკვეთების განხილვისას, ამ დროსაც უკვე მიზანმიმართულად ვანაწილებთ ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვების გამომხატველ სურათებს წინასწარ მომზადებულ სქემაში – დავყოფთ სიტყვებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.
ვინაიდან ასეთ აქტივობაში ბავშვები უკვე ნავარჯიშები არიან, მათი როლი შედარებით აქტიური იქნება. შეიძლება, ჯგუფებადაც გავაერთიანოთ, დავურიგოთ სქემები და სურათები და ვთხოვოთ დავალების შესრულება, მერე კი ნამუშევრების პრეზენტაცია.
III და IV ფოტოები
როგორც ვიცით, ბევრ ბავშვს საგრძნობლად ეხმარება მე-4 სურათზე ასახული რესურსი – მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი სურათები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სასწავლო მონაკვეთში ჩვენი მიზანი უკვე ბგერებზე კონცენტრაციაა (საზოგადოდაც, ფონოლოგიურ კომპეტენციაზე მუშაობისას ბგერებია მთავარი სამიზნე), მარცვლებზე ყურადღების შეჩერება, ერთი მხრივ, გამეორება-განმტკიცებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი ბგერებზე სავარჯოდაც ვემზადებით – განა მარცვლები ბგერებისგან არ შედგება?! თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ცალკე არ გამოვყოფთ მარცვლების ბგერებად დაშლასა და ბგერების მარცვლებად გამთლიანებაში ვარჯიშს, რასაც სრულიად ვაკომპენსირებთ ერთმარცვლიან სიტყვებზე აღნიშნული მანიპულაციების ჩატარებით.
შესაძლებელი და სასურველია რამდენიმე ისეთი სიტყვის გამომხატველი სურათის დამატებაც, რომლებიც ან წინა გაკვეთილებზეა გააქტიურებული, ან სულაც დაუმუშავებელია (ანუ მათ დამარცვლაზე არ გვივარჯიშია და ამ მხრივ უცნობია ჩვენი პირველკლასელებისთვის). აქაც გავიმეოროთ: ჩვენ ამ წერილებში მასწავლებლებს არ მივუთითებთ, რამდენი გაკვეთილი უნდა დაეთმოს ამ სასწავლო მონაკვეთს, თუმცა ერთკვირიან პერიოდს ვვარაუდობთ.
V ფოტო
მე-5 ფოტოზე წარმოდგენილ საგნებზე ვარჯიშით ჩვენ სიტყვების ბგერებად დაშლას ვსწავლობთ. ეს სიტყვებია: თითი, თათი, თუთა, თმა, თხა, თხილი, იხვი, ისარი, ია, ირემი, კუ, კაბა, კატა, ლომი, ლეღვი, ლეკვი, მზე, მთა. შევაფასოთ ეს სიტყვები სირთულის მიხედვით.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები არ არის რთული; ადვილია მათი ბგერებად დაშლაც და ბგერა-ბგერა წარმოთქმული ამ სიტყვების ამოცნობაც, გამთლიანებაც მოსწავლეების მიერ.
ვნახოთ რამდენიმე აქტივობის თანმიმდევრობა:
* მოდელირება – მასწავლებელი ასახელებს სიტყვას, უთითებს ჯერ ილუსტრაციაზე, შემდეგ ცალკე სურათს ადებს ხელს და წარმოთქვამს ცალკეულ ბგერებს: თითი – თ–ი–თ–ი…
* მასწავლებელი ბგერებად, დანაწევრებულად წარმოთქვამს სიტყვებს, ხოლო მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ ეს სიტყვა და დაასახელონ: თ-უ-თ-ა – თუთა, კ-უ – კუ…
* მასწავლებელი ბგერა-ბგერა წარმოთქვამს მარცვალს. მოსწავლეები გამოიცნობენ ამ მარცვალს და ასახელებენ: თ-უ – თუ, კ-ა – კა (შესაძლოა, ზოგიერთმა პედაგოგმა ჯერ ბგერა-ბგერა დასახელებული მარცვლები გაამთლიანებინოს ბავშვებს და მერე შესთავაზოს სიტყვების გამთლიანება. ნუ შევეკამათებით).
* მასწავლებელი ასახელებს პირველ ორ ბგერას, მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ და დაასახელონ სიტყვა: თ-მ – თმა, თ-ხ – თხა, კ-ა – კატა და კაბა, ი-ს – ისარი და სხვ.
* მასწავლებელი თითს ადებს სურათს და წარმოთქვამს საგნის სახელის პირველ ბგერას. შემდეგ მოსწავლეები ასახელებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ საგანს.
* მასწავლებელი უთითებს სურათზე, კიდევ ერთხელ მარცვლავს შესაბამის სიტყვას, მერე ბგერა-ბგერა შლის და წარმოთქვამს მეორე ბგერას. ამის შემდეგ მითითებული სურათის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ მეორე ბგერა.
* მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ორ სურათს და ასახელებს მეორე ბგერას, რომლის მიხედვითაც უნდა გამოიცნონ სიტყვა. მაგალითად, ირმისა და ისრის სურათების ჩვენებისას ის წარმოთქვამს ბგერა „ს“-ს. მოსწავლეები უნდა მიხვდნენ რომ ეს სიტყვაა „ისარი“ და არა „ირემი“.
VI, VII და VIII ფოტოები
მეექვსე ფოტოზე ისევ ბგერებად დაშლაში ვარჯიშია წარმოდგენილი, ერთგვარად უფრო გათვალსაჩინოებული, და ნახატები დაჭრილია ბგერათა რაოდენობის მიხედვით. ზედა ზოლებში ნაჩვენებია ბგერათა და მარცვალთა რაოდენობა. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ ერთმარცვლიან სიტყვაში შეიძლება იყოს ორი ბგერაც და სამიც (ცხადია, მეტიცაა ხოლმე, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, არ გადავტვირთავთ).
მეშვიდე ფოტოს მიხედვით ისევ ბგერების იდენტიფიცირებაზე ვმუშაობთ. აქაც შეგვიძლია, ზემოთ აღწერილი აქტივობების მიხედვით ვივარჯიშოთ. დავამატოთ ერთიც: კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ექნებათ ბგერების რაოდენობის მიხედვით დამზადებული ბურთულებიანი ბარათები და როდესაც მასწავლებელი დაასახელებს რომელიმე სიტყვას, ბავშვები ასწევენ შესაბამის ბარათს: ორბგერიანზე – ორბურთულიანს, სამიანზე – სამიანს, ოთხიანზე – ოთხიანს. ცხადია, პირველ ეტაპზე კლასში თვალსაჩინოდ უნდა იყოს გამოკრული მეშვიდე ფოტოს მიხედვით დამზადებული პოსტერი, ხოლო თანდათან, გაწაფვისდაკვალად, ბავშვები უპოსტეროდაც მოახერხებენ დავალების შესრულებას.
მერვე ფოტოს მიხედვით კიდევ ერთხელ ვვარჯიშობთ ბგერებზე და ვაკვირდებით სხვადასხვა სიტყვაში ბგერებისა და მარცვლების ურთიერთმიმართებას.
IX და X ფოტოები
მეცხრე ფოტოზე სიტყვები განაწილებულია პირველი ბგერის მიხედვით. პირველი ბგერის გამოყოფასა და აღქმაზე ჩვენ წინა წერილებშიც გავამახვილეთ ყურადღება. შესაბამისად, ეს ნაწილი ადვილად დასაძლევი იქნება ბავშვებისთვის, თუმცა ამჯერად ცოტა მეტი გვინდა, რაც კარგად ჩანს მომდევნო ფოტოზე.
მეათე ფოტოზე თითო ბურთულა თითო ბგერას გულისხმობს, ოღონდ ამჯერად პირველი ბგერა განსხვავებული ფერით გამოვარჩიოთ და დავაკვირდეთ, რომ ზოგიერთ სიტყვაში რომელიღაც ბგერასაც განსხვავებული ფერი დასჭირდება.
XI, XII და XIII ფოტოები
მეთერთმეტე ფოტოზე ჩვენ უკვე ფრიად მნიშვნელოვან კომპეტენციას ვეჭიდებით: ხმოვნისა და თანხმოვნის გამიჯვნას. უფრო სწორად, ხმოვნის გამორჩევას სხვა ბგერათა რიგში. ამ დროს ბავშვებს შეიძლება ვუთხრათ, რომ არსებობს რამდენიმე ბგერა, რომელთა წარმოთქმაც თავისუფლად, გაგრძელებით შეგვიძლია. ვნახოთ, რომელია ასეთი ბგერა წარმოდგენილ სიტყვებში, – და მასწავლებელი თითოეული სიტყვის ბგერა-ბგერა წარმოთქმისას გაგრძელებით ამბობს შემხვედრ ხმოვნებს. აქვე განმარტავს, რომ ხმოვნები პოსტერზე განსხვავებული (მწვანე) ფერისაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ხმოვნის ფენომენის გასააზრებლად უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო და სწორედ ამას ემსახურება შემდეგი ფოტორესურსი.
მეთორმეტე ფოტოზე წარმოდგენილი პოსტერი საშუალებას გვაძლევს, სიღრმისეულად განვიხილოთ ქართული ენის ხმოვნები.
მასწავლებელი კიდევ ერთხელ წარმოთქვამს შეთავაზებულ სიტყვებს და ბგერა-ბგერა შლის. ამასთან ერთად, გაგრძელებით წარმოთქვამს თითოეულ ხმოვანს, რომლებსაც პოსტერზე მსხვილი მწვანე ბურთულა შეესაბამება:
- მთა – მ-თ-ა – მ-თ-აააა…
- ხე – ხ-ე – ხ-ეეეე…
- ია – ი-ა – იიიი-აააა…
- ლომი – ლ-ო-მ-ი – ლ-ოოოო-მ-იიიი…
- კუ – კ-უ – კ-უუუუ…
რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ ამ მომენტში მასწავლებელი ღია შეკითხვით მიმართავს მოსწავლეებს თითოეული სიტყვის ბგერა-ბგერა წარმოთქმის შემდეგ ხმოვნის იდენტიფიცირებამდე:
– როგორ ფიქრობთ, რომელი ბგერა იქნება ამ სიტყვაში ხმოვანი?
ეს კითხვა ბავშვებს დაკვირვებისა და აღმოჩენისკენ უბიძგებს. ბოლოს, ხუთივე ხმოვნის იდენტიფიცირების შემდეგ, კიდევ ერთი კითხვის დასმა შეგვიძლია:
– ხომ არ გახსენდებათ ქართულ ენაში კიდევ რომელიმე ხმოვანი? აბა, დაუკვირდით ხოლმე სიტყვებს…
აქვე შეიძლება შევთანხმდეთ თითოეული ხმოვნის სიმბოლოთი, ღია რგოლებით გამოსახვაზეც, საიდანაც თითქოს ჰაერის ნაკადი გამოდის და ვაჩვენოთ:
- ა იქნება მარცხნივ და ოდნავ ზემოთ მიმართული ღია რგოლი;
- ე იქნება მარცხნივ მიმართული ღია რგოლი;
- ი იქნება დაბლა მიმართული ღია რგოლი;
- ო იქნება დაბლა მიმართული ორთავიანი ღია რგოლი;
- უ იქნება მარცნივ მიმართული ორთავიანი ღია რგოლი.
ეს სიმბოლოები, რომლებიც, ფაქტობრივად, შესაბამისი ქართული ასოების გამოსახულებებია, შეგვიძლია გამოვასახვინოთ მარჯვენა ხელის ცერითა და საჩვენებლით. ა-ს, ე-სა და ი-ს მარტივად გამოსახავენ. ო-სთვის მარცხენა ხელის მიხმარებაც დასჭირდებათ, უ-ს ჩვენება კი ნამდვილად გაუჭირდებათ, ისევე როგორც მისი დაწერის დროსაც იწვალებენ თავის დროზე.
მეცამეტე ფოტო კიდევ ერთ საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს: მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანი ბგერაცაა. ვფიქრობთ, წარმოდგენილი სიტყვები და სიმბოლოები და მათზე ყურადღების გამახვილება ამის საშუალებას იძლევა.
XIV და XV ფოტოები
მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე ფოტოებიც უკვე კარგად ნაცნობია ბავშვებისთვის. ბარათების განაწილებით ბგერების შესატყვისი ასოების საჭირო ადგილსაც დაიმახსოვრებენ არაცნობიერად ქართული ანბანის ოთხხაზიან ბადეში. ამასთან, ამ შემთხვევაში სიტყვის საწყისი ასოს შესაბამისი ბარათი ბადეში ,,თავის ადგილზეა” მოთავსებული.
XVI, XVII და XVIII ფოტოები
ქვემოთ შემოთავაზებული სამი ფოტო, ერთი მხრივ, კვლავ წერის საწყის უნარებს ავითარებს, მეორე მხრივ კი კიდევ ერთხელ განამტკიცებს სიტყვებში ბგერების ამოთვლის ახალშეძენილ უნარს. ადვილად ვხვდებით, რომ ამ შემთხვევაში უკვე განსხვავებული, რკალის გამოსახულება უნდა მოხაზონ ბავშვებმა.
მეთვრამეტე ფოტოზე ბგერების გაფერადება მოეთხოვებათ, ოღონდ უკვე ხმოვანიც უნდა გამოყონ სხვა ბგერებისგან და მწვანედ გააფერადონ. კარგი იქნება ამ რესურსის დამზადება-გადატანა ბუკშიც, სადაც ბავშვები უკვე ფერებს ჩაასხამენ.
XIX და XX ფოტოები
მეცხრამეტე და მეოცე ფოტოებზე ასახულ აქტივობებსაც შეჩვეული უნდა იყვნენ ჩვენი პირველკლასელები, როდესაც ნახატ-წარწერიან ბარათებს შესაბამის წარწერებთან აკავშირებენ. გარდა ასეთი დავალებებისა, რომლებიც წინა ბგერების ათვისებაზე ორიენტირებულ წერილებში აღვწერეთ, მასწავლებლები მთლიანი სიტყვების ამოკითხვის უნარის გამოსამუშავებელ სხვა სავარჯიშოებსაც ვთავაზობთ ხოლმე მოსწავლეებს. კვლავ გავიმეოროთ: ამ დავალების შესრულება იმას არ ნიშნავს, რომ პირველკლასელები უკვე იცნობენ აქ წარმოდგენილ ყველა სიტყვას; წაიკითხავენ მომდევნო დღეებშიც.
როგორც ვხედავთ, ამოცანის გასაადვილებლად აქაც ე. წ. ნახატ-წარწერიანი ბარათებია გამოყენებული – ამ დროისთვის ესეც დიდი მიღწევა იქნება. მერე კი, განსაკუთრებით – საანბანო პერიოდში, ბავშვები მხოლოდ ნახატის შესაბამის წარწერასთან დაკავშირებასაც მოახერხებენ.
XXI, XXII და XXIII ფოტოები
ოცდამეერთე ფოტოს მიხედვით წარმოდგენილი დავალება ასევე ნაცნობია ჩვენი პირველკლასელებისთვის – საწყისი ბგერების მიხედვით სურათების გადაჯგუფება სვეტებში. როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ, შეგვიძლია, ისეთი ნახატებიც შევთავაზოთ ბავშვებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ გააქტიურებულა. მაგალითად, თასმა, იასამანი, კვერცხი, ლამბაქი, მაიმუნი…
ოცდამეორე ფოტოზე მოცემული დავალების მსგავსი წინა წერილებში არ გვქონია წარმოდგენილი, თუმცა მარცვლების რაოდენობის მიხედვით ნახატების ასე დალაგებაც არ იქნებოდა ცუდი:
ოცდამესამე ფოტოზე ნაჩვენებია დავალება, რომლის შესასრულებლადაც მოსწავლეებმა სურათებს წარწერები უნდა შეუსაბამონ. ამის გამოცდილება უკვე აქვთ ჩვენს პირველკლასელებს, რაც წინა წერილებშიცაა აღწერილი.
დაბოლოს, ამ სასწავლო მონაკვეთის გამამთლიანებელი ტრადიციული დავალება: ბავშვები მცირე ჯგუფებად მუშაობენ, რათა დაამზადონ საწყისი ილუსტრაციის მსგავსი აპლიკაცია „ბავშვები მაღაზიაში“ შეთავაზებული რესურსების (ფერადი ფურცლები, გამოჭრილი ფიგურები, წარწერებიანი ბარათები, რეალური საგნები, ფერადი ფანქრები…) გამოყენებით. ცხადია, ამ დავალების შესრულებას სათანადო მომზადება დასჭირდება, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო რაოდენობის რესურსი. ნამუშევრების ჯგუფურ წარდგენასაც სათანადო დრო უნდა გამოუძებნოს მასწავლებელმა და უკუკავშირიც გასცეს. მთლად უკეთესი, თუ მსგავს დავალებას პირველკლასელები თავიანთ ბუკებშიც შეასრულებენ – ის შესაძლოა კლასში მუშაობისა და წარდგენის შემდეგ შინ შესასრულებლადაც მიეცეთ.


























