ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს:
- სტატიკური ანუ დეკლარაციული ცოდნით;
- დინამიკური ანუ პროცედურული ცოდნით;
- ფუნქციური ანუ ტრანსფერული ცოდნით.
რა არის ცოდნის ტრანსფერი? ცოდნის ტრანსფერი გულისხმობს იმ ინფორმაციის, უნარებისა და გამოცდილების გამოყენებას, რაც მოსწავლემ ერთ გარემოში შეიძინა და ახლა ხდება მისი გადატანა სხვა, განსხვავებულ სიტუაციაში. ეს შეიძლება იყოს:
- ინტრასაგნობრივი ტრანსფერი – ერთი და იმავე საგნის შიგნით (მაგ. ისტორიული ფაქტის გამოყენება კულტურული ანალიზისთვის);
- ინტერსაგნობრივი ტრანსფერი – ერთი საგნიდან მეორეში (მაგ. გეოგრაფიული რუკის გამოყენება ისტორიული პროცესების უკეთ აღსაქმელად);
- ცხოვრებისეული (პრაქტიკული ცოდნის) ტრანსფერი – საკლასო ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში (მაგ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება ყოველდღიურ ქმედებებში).
ტრანსფერული ცოდნა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში. ხაზგასასმელია, რომ ტრანსფერი თავისთავად არ ხდება. საჭიროა სწავლების სპეციალური დაგეგმვა, ინტერაქციის, თანამშრომლობის და მრავალფეროვან დავალებათა არჩევანის შეთავაზება. არჩევანის თავისუფლება ეხმარება მოსწავლეს ძლიერი მხარეების უკეთ გამოყენებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეები, როდესაც იმას აკეთებენ, რაც მოსწონთ, უფრო მეტად არიან ფოკუსირებულნი სამუშაოზე და შედეგიც შესაბამისია.
საგანი „ჩვენი საქართველო“, თავისი კომპლექსური შინაარსით – ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნიკური, სამოქალაქო და კულტურული კომპონენტებით – იდეალურ პირობებს ქმნის ცოდნის ტრანსფერის პრაქტიკული გამოყენებისთვის.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცოდნის ტრანსფერის როლი ინტეგრირებულ გაკვეთილებში, რადგან ინტეგრირებული გაკვეთილი სწავლების ის ფორმაა, როცა სხვადასხვა საგნის შინაარსი და უნარები გაერთიანებულია ერთიან თემატურ კონტექსტში. ამ დროს ხდება ცოდნის ტრანსფერი ბუნებრივად გააქტიურდება.
მაგალითად, „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას ერთ-ერთი გაკვეთილია „საქართველოს ისტორიული რეგიონები და კულტურული მრავალფეროვნება“. ამ დროს მოსწავლე:
- გეოგრაფიულად განსაზღვრავს რეგიონს (გეოგრაფია);
- ისტორიულად აღწერს მის წარმოშობას და მოვლენებს (ისტორია);
- აანალიზებს ეთნოკულტურულ თავისებურებებს (ეთნოგრაფია);
- აფასებს რეგიონში მცხოვრები ჯგუფების თანაცხოვრების გამოცდილებას (სამოქალაქო განათლება);
- ამ ყველაფერს აკავშირებს თანამედროვე ყოფასთან, რაც უკვე ცოდნის ტრანსფერის მკაფიო ნიშანია.
როგორ შეგვიძლია შევუწყოთ ხელი ტრანსფერს „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე?
- ეს შეიძლება მოხდეს შინაარსის მრავალშრიანად წარდგენით – ისტორიული ფაქტი უნდა წარმოვადგინოთ როგორც კულტურული გამოცდილება, რომელსაც აქვს სოციალური და სამოქალაქო დატვირთვა;
- კონტექსტის შექმნით – რასაც მივაღწევთ გაკვეთილზე კითხვების დასმით:
- „როგორ გვჭირდება ეს ცოდნა დღეს?“
- „როგორ გამოჩნდა ეს ღირებულება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?“
- „რა საერთო აქვთ ძველ და ახალ დღესასწაულებს საქართველოში?“
- პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებით – როდესაც მოსწავლეს მივცემთ ისეთ დავალებებს, რომელიც უბიძგებს გამოიყენოს მრავალმხრივი ცოდნა, მაგალითად,
- „შექმენი პრეზენტაცია თემაზე: „როგორ ავუხსნათ უცხოელს, ვინ ვართ ჩვენ?“
- „შედგინე რეგიონის ტურისტული გიდი“ (სადაც აქ გამოიყენებს გეოგრაფიას, ისტორიას, ენობრივ და ვიზუალურ უნარებს).
- ინტერპროფესიული უნარების ინტეგრაციით – მოსწავლე თანდათან ემზადება არა მარტო საგნობრივ დონეზე, არამედ ეუფლება შეფასების, მკვლევარის, პრეზენტატორის უანრებს და რაც მთავარია – ის ყალიბდება „თანამოქალაქედ“.
განვიხილოთ, კონკრეტული ნიმუში, როგორ მიიღწევა თითოეული ეტაპი „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას:
კლასი – VI ; სახელმძღვანელო – „ჩვენი საქართველო“. გამომცემლობა „კლიო“
თემა – კახეთი; პარაფრაფები: &1. „კახეთის გეოგრაფიული მდებაროება და ბუნებრივი პირობები“; &2. „დასახლების ტიპები და საცხოვრებელი ნაგებობები კახეთში“ (იხ. მასალის სქრინიც სახელმძღვანელოდან -სურ.1.).
სურ.1.
დეკლარაციული ცოდნა მოცემულ მასალაში წარმოდგენილია როგორც ტექსტში, ისე სლაიდებზე, კითხვებსა და სავარჯიშოებში. კონკრეტულად, როდესაც
· მოსწავლე იღებს ცოდნას კახეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ;
· დასახელებულია ისტორიული ძეგლები: ალავერდი, გრემის კომპლექსი, ნეკრესის მონასტერი;
· გამოყოფილია კახეთის ბუნების, რესურსების, სოფლების განსახლების ტიპების თავისებურებები;
· ყურადღება გამახვილებულია აღკვეთილ ზონებზე – ვაშლოვნის ნაკრძალზე;
· მოცემულია ინფორმაცია კახეთის კულტურული მემკვიდრეობის (ფოლკლორი, ტაძრები, ტრადიციები) შესახებ.
პროცედურული ცოდნა არის იმ აქტივობების განხორციელება, რომლებიც ავითარებს კვლევით, ანალიტიკურ, ვიზუალურ და საპრეზენტაციო უნარებს. ესაა უნარებზე, ქმედებაზე ორიენტირებული ცოდნა, რომელიც პასუხობს კითხვაზე „როგორ ვაკეთებთ“? (ანუ იგივეა რაც „ვიცი როგორ“ ტიპის ცოდნა). მოცემულ მასალაში, პროცედურული ცოდნა გამოჩნდება, როდესაც სახელმძღვანელოს სავარჯიშოებისა და დავალებების თანახმად, მოსწავლეები:
- ასახავენ კახეთის რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობებს რუკაზე (ანუ გამოავლენენ სივრცითი აზროვნების უნარებს);
- იმუშავებენ ჯგუფებში, ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას, მოამზადებენ პრეზენტაციას და გამოიყენებენ ინტერნეტრესურსებს, რუკებს, ფოტომასალას (ანუ გამოიყენებენ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარებს);
- იმუშავებენ თემის სიღრმისეული გააზრებაზე (საკითხს შეისწავლიან სხვადასხვა კუთხით);
- შექმნიან მოკლე ვიდეოს ან ფოტოამბავს თემაზე “ვაშლოვანის ნაკრძალი დღეს” და ამისთვის გამოიყენებენ ფოტოებს, ტექსტს, ილუსტრაციებს (ანუ გამოავლენენ ვიზუალური კომუნიკაციის უნარებს);
- შეადარებენ ბუნებრივ ლანდშაფტებს და ადამიანების გავლენას გარემოზე (გამოავლენენ ანალიზისა და შეფასების უნარებს);
- გააკეთებენ რუკას ან გრაფიკულ სქემას (ანუ შეძლებენ პროცესზე ორიენტირებულ მოქმედებას).
სქემატურად ის შეიძლება ასე გამოისახოს:
გაკვეთილის ნარატიული /ფოტო მასალა | დეკლარაციული ცოდნა | პროცედურული ცოდნა |
გეოგრაფიული, კულტურული, ისტორიული ფაქტების დასახელება | ✅ | ✖ |
რუკაზე ადგილების მონიშვნა | ✖ | ✅ |
პრეზენტაციის შექმნა | ✖ | ✅ |
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით | ✖ | ✅ |
ძეგლების ჩამოთვლა და აღწერა | ✅ | ✖ |
ვიდეოს ან ფოტომასალის შექმნა | ✖ | ✅ |
რაც შეეხება ტრანსფერულ ცოდნას, ის ვლინდება გაკვეთილის იმ ეტაპზე, როცა მოსწავლეს გადააქვს მიღებული ცოდნა ახალ კონტექსტში, ახლებურად იყენებს მას, აკავშირებს სხვა საგნებთან ან რეალურ ცხოვრებასთან. ამისთვის მოსაწავლისთვის მიცემული დავალება იყოს ღია და მრავალკომპონენტიანი. მოსწავლეს დავალებამ უნდა უბიძგოს, გამოიყენოს არა მხოლოდ ზეპირად ნასწავლი მასალა, არამედ თავად გააკეთოს ანალიზი, დააკავშიროს სხვადასხვა ცოდნა ერთმანეთთან და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა. მოცემულ კონკრეტულ გაკვეთილთან მიმართებაში ტრანსფერული ცოდნის გამოყენება იქნება ასეთი სახის დავალება:
- „შექმენი კახეთის ტურისტული ბუკლეტი უცხოელი სტუმრებისთვის. გამოიყენე როგორც კულტურული, ასევე ბუნებრივი-გეოგრაფიული, სამეურნეო-ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები“ ;
- მოსწავლე დავალების შესრულებისთვის გამოიყენებს ისტორიის, გეოგრაფიის, ვიზუალური კომუნიკაციის და ენისთვის დამახასიათებელ სხვა კომპონენტებს.
რაც შეეხება ინტერდისციპლინური მიდგომას, ის გამოჩნდება, როდესაც მასწავლებელი მისცემს ასეთ დავალებას:
- დააკავშირე კახეთის ბუნება ლიტერატურასთან: როგორ არის ასახული კახეთი ილია ჭავჭავაძის პოეზიაში?
- გააანალიზე, რა გავლენას ახდენს კახეთის გარემოპირობებზე კლიმატური ცვლილებები?
- ან – „დაგეგმე კამპანია კახეთის ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციისთვის. რომელ არხებს გამოიყენებ? როგორ მოიზიდავ ახალგაზრდებს?“
ამ მიზნით მოსწავლე დავალების შესრულებისთვის ერთობლივად გამოიყენებს მოქალაქეობის, მარკეტინგს, და ტექნოლოგიების ცოდნას. მაგრამ როცა მოსწავლე თვითონ ირჩევს საკითხის წარმოსახვის გზას (ვიდეო, ინტერვიუ, მოდელი, კვლევა), ტრანსფერის გამოყენების დონე გაცილებით იზრდება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის ტრანსფერული ცოდნის ხარისხი ცალსახად გამოჩნდება, თუ ის:
- არ გაიმეორებს მასალას მექანიკურად – არამედ შექმნის ახალს;
- მოიყვანს არგუმენტებს საკუთარი პოზიციიდან;
- დააკავშირებს სხვადასხვა საგანსა და გამოცდილებას;
- გამოიყენებს მასალას რეალურ სიტუაციაში ან „როგორც რომ იყოს“ სიტუაციაში.
როგორ გამოვიყენოთ ცოდნის ტრანსფერი „ჩვენი საქართველოს“ ინტეგრირებულ გაკვეთილზე? ნიმუში:
ა) გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეისწავლოს კახეთის გეოგრაფია, ისტორია, კულტურა და ამ ცოდნის საფუძველზე განავითაროს ანალიზისა და დაგეგვის უნარები; წარმოადგინოს კახეთის როგორც ტურისტული, ისტორიულ-ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე რეგიონის მნიშვნელობა.
ბ) ტრანსფერული დავალება: მოსწავლეთა ჯგუფებმა შექმნან პოსტერი ან პრეზენტაციის ესკიზი სახელწოდებით: „კახეთი – გუშინ, დღეს და ხვალ“, სადაც გამოჩნდება ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა და მოქალაქეობრივი ხედვა. გამოყენებულია ტრანსფერი – წარსულის ცოდნა; დღევანდელობის ანალიზი და მომავლის დაგეგმვა.
მოცემულ გაკვეთილზე, ტრანსფერული ცოდნის გამოვლენისას:
- მოსწავლე იყენებს ისტორიულ ფაქტებს რეალური პრობლემის წარმოჩენისთვის;
- აკავშირებს გეოგრაფიულ ცოდნას კულტურის დაცვის იდეებთან;
- ქმნის საინფორმაციო პროდუქტს სამოქალაქო მიზნისთვის;
- მუშაობს გუნდურად და ავითარებს კრეატიულობას.
ცოდნის ტრანსფერი მოსწავლეს აძლევს საშუალებას:
- იფიქროს ფართოდ, მოძებნოს კავშირები და არ იფიქროს იზოლირებულად; შეიძინოს ღრმად გაგებული და გამოყენებადი ცოდნა; შეიგრძნოს საგნის პრაქტიკული და საზოგადოებრივი მნიშვნელობა; ჩამოაყალიბოს საკუთარი იდენტობა ღირებულებებსა და კულტურულ თვითშეგნებაზე დაყრდნობით.
„ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას რეალურად შესაძლებელია მოსწავლეს ცოდნის ინტეგრირება და ტრანსფერი: აქ სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდნით. ის ქცევაში, პასუხისმგებლობასა და მოქალაქეობრივ პოზიციაში გადადის და საგანი საინტერესო და დასამახსოვრებელი ხდება მოსწავლისათვის.