(მე-8 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)
პირველ კლასამდე ბავშვმა ძალიან ბევრი რამე იცის. დაკვირვებული მშობლები გაოცებულები არიან, როგორ ითვისებს ბავშვი ახალ-ახალ ცოდნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ დღევანდელი ბავშვებისთვის ცოდნის უზარმაზარი არხია გახსნილი ციფრული ტექნოლოგიების სახით. სამწუხაროდ, დღეს არსებული სასწავლო კონტექსტი და რესურსები ფეხს ვერ უწყობს თაობის ციფრულ სრბოლას, მეტიც, საგრძნობლად ჩამორჩება მას და ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია.
არადა, ციფრული ტექნოლოგიები საოცარ შესაძლებლობებს იძლევა საგანმანათლებლო მიმართულებით. სათანადო აპლიკაციების შექმნის შემთხვევაში, ბავშვებს ისეთივე აზარტითა და მოწადინებით შეეძლებათ სწავლა, როგორც საყვარელ თამაშში არიან ჩართულები.
ამისთვის პროგრამისტების მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ამ წერილში შემოთავაზებული მცდელობები, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება ჩავნერგოთ ციფრული ინსტრუმენტები სწავლების პირველ ეტაპზე პირველ კლასში.
რასაკვირველია, ქართველ მასწავლებელთაგან არაერთია დაწინაურებული ციფრულ ფორმატში სწავლებაში და ისინი საინტერესო დავალებებსა და რესურსებს სთავაზობენ ხოლმე ბავშვებს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე დანართს, რომელთა ჩანერგვა სასურველია სერიის ,,სწავლის ძირი” წინა წერილებში წარმოდგენილ სასწავლო მონაკვეთებში. შემოთავაზებული ციფრული რესურსები ძირითადად მიჰყვება წინა წერილებში აღწერილი სასწავლო მონაკვეთების შინაარსს.
- სიტყვების დამარცვლა
პირველ ჯერზე ვნახოთ ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს ფონოლოგიურ უნარებს, კერძოდ, სიტყვების დამარცვლის უნარს. აქ ბავშვები შედიან აპლიკაციაში და შეთავაზებულ სურათებს გადაალაგებენ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით: პირველ სვეტში მოათავსებენ ერთმარცვლიან სიტყვებს (ხე, ბუ, ცა, მზე), მეორეში — ორმარცვლიანს (ბურთი, გემი, ბუდე, გოგრა), მესამეში — სამმარცვლიანს (არწივი, აქლემი, ბანანი, გვირილა), მეოთხეში ოთხმარცვლიანს (ბატიბუტი, დინოზავრი, შოკოლადი, ალუბალი). იხ. აპლიკაციის ბმული: სიტყვების დამარცვლა
დასაწყისში დავალებას ასეთი სახე ექნება:
ხოლო შესრულების შემდეგ დაახლოებით (ყოველ მცდელობაზე სურათები სხვადასხვა თანმიმდევრობით ლაგდება, ამიტომ განსხვავებული იქნება სვეტებში სურათების მიმდევრობა, თუმცა ერთი სვეტის სიტყვა სხვა სვეტში არ უნდა იყოს, თორემ არ გაამწვანებს გადამოწმებისას, გააწითლებს.) ასეთ სახე მიიღებს:
თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ შეძლებისდაგვარად გააქტიურებულია პირველი ბგერები — ა, ბ, გ. ხოლო ქვემოთ მოცემულ დავალებაში მომდევნო ბგერებია შემოთავაზებული — დ, ე, ვ, ზ, რომელიც ონლაინ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: სიტყვების დამარცვლა 2
ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს ნათურა, რომელზე დაჭერის შემთხვევაში გაიხსნება დამხმარე ფანჯარა, სადაც ჩამოწერილია მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული სიტყვები: ერთმარცვლიანი — ზღვა, მზე, ხე, კუ; ორმარცვლიანი — ზარი, ვაშლი, ენა, ელვა; სამმარცვლიანი — ანტენა, დივანი, ზაზუნა, ზვიგენი; ოთხმარცვლიანი — დინოზავრი, ალუბალი, ზარბაზანი, ელმავალი.
ამ აპლიკაციაში უკვე შესრულებულ დავალებას შემდეგი სახე ექნება:
აღსანიშნავია, რომ ასეთი სავარჯიშოების დამზადება რთული არაა, პორტალზე მოცემული ქართულენოვანი ინსტრუქციები და გამზადებული შაბლონები დიდი ძალისხმევის გაწევის გარეშე მოახერხებინებს ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს მსგავსი რესურსების შექმნას. ხოლო თუკი თავად მოსწავლეებიც ჩაერთვებიან ანალოგიური დავალებების შექმნაში, მთლად უკეთესი! ცხადია, საჭირო იქნება ილუსტრაციების მოძიება, რაც ე. წ. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის გამოყენებით სულაც აღარაა ძნელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონოლოგიური კომპეტენცია სხვა საინტერესო და სახალისო ციფრული დანართებითაც განვავითაროთ, მაგალითად, ბავშვებმა ამოიცნონ რითმული სიტყვა-ნახატები, ამოიცნონ შეცდომები ლექსში და სხვა. ვნახოთ კიდევ რამდენიმე ნიმუში ქვემოთ.
- პირველი ბგერა (ა, ბ, გ)
ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” წინა წერილებში აღწერილი სასწავლო მონაკვეთები გულისხმობდა სიტყვებში პირველი ბგერის გამოყოფას და ამის მიხედვით სიტყვების დაჯგუფებას. სწორედ ამ უნარის გასავარჯიშებლადაა დამზადებული ქვემო მოცემული დავალებებიც.
აქ წარმოდგენილია ა, ბ, და გ-ზე დაწყებული სიტყვების ამოცნობა და მათი გადანაწილება. იხ. ბმული: პირველი ბგერა (ა, ბ, გ) დავალების გახსნისას მოსწავლეებს ასეთი დაფა დახვდებათ:
ხოლო სწორად შესრულებული დავალება ასეთ სახეს მიიღებს:
- პირველი ბგერა (დ, ე, ვ, ზ)
ისევ პირველი ბგერის ამოცნობასა და ამის მიხედვით სიტყვების დაჯგუფებაზეა შემდეგი დავლებაც, ოღონდ მომდევნო ბგერებზე: დ, ე, ვ, ზ. იხ. ბმული: პირველი ბგერა (დ, ე, ვ, ზ) აღსანიშნავია, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ბგერების დამუშავება განსაკუთრებით საჭიროა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც ქართული არაა მშობლიური ენა — ქართულის წლების განმავლობაში შესწავლის შემდეგაც მათ მიერ დაშვებული ფონეტიკური შეცდომები სწორედ ამ საფეხურის უგულებელყოფის ბრალია. თუმცა, ეს ასევე სასარგებლოა ქართულენოვანი მოსწავლეებისთვისაც, მით უფრო, თუკი ეს ფონეტიკურ-ფონოლოგიური მიზნები გადაჯაჭვული იქნება ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან, მეტყველების განვითარებასთან…
აქ შემოთავაზებულია უკვე დაჯგუფებული სიტყვები:
- სურათი და წარწერა
ქვემოთ მოცემული დავალება გულისხმობს სურათისა და წარწერის ერთმანეთთან დაკავშირებას, მიწებებას. ეს დავალება მოსწავლეებს ეხმარება მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარის განმტკიცებაში მანამ, სანამ ასოების მიზანმიმართულ შესწავლაზე გადავლენ.
დასაწყისში აპლიკაციას ასეთი სახე ექნება:
საბოლოოდ კი შესრულებული დავალება ასეთ სახეს მიიღებს.
როგორც ვხვდებით, პირველი დავლების (იხ. ბმული: სურათი და წარწერა ) შესაბამისი სურათი ქართული ანბანის პირველ სამ ბგერაზეა, ქვედა სურათი კი ასახავს მომდევნო ოთხ ბგერაზე (დ, ე, ვ, ზ) მომზადებულ დავალებას (იხ. ბმული: სურათი და წარწერა – 2 ):
შეიძლება გაკეთდეს ამ დავალების ადაპტირებული ვერსია, რომელშიც ფოტოებზეც იქნება დატანილი წარწერები და მოსწავლეებს მოუწევთ წარწერების ერთმანეთთან შედარების გზით მსგავსების აღმოჩენა.
- სურათისა და წარწერის დაწყვილება
ეს დავალება (იხ. ბმული: სურათისა და წარწერის დაწყვილება ) ჰგავს წინა დავალებებს, თუმცა სხვაგვარ უნარ-ჩვევებს მოითხოვს ბავშვებისგან: მათ უნდა გახსნან თითოეული უჯრა და მოძებნონ სურათისა და წარწერის წყვილი (ერთად მხოლოდ ორი უჯრის გახსნაა შესაძლებელი და ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს კიდეც, თუ რომელ ადგილზეა ესა თუ ის წარწერა ან სურათი. სათანადო წყვილის მოძებნის შემთხვევაში იგი (სურათისა და წარწერის წყვილი) ან გაქრება, ან დარჩება და სხვა წყვილის მოძებნას ხელს აღარ შეუშლის.
ქვემოთ წარმოდგენილია ამ დავალების უკვე დასრულებული ვერსია. როგორც ხედავთ, სურათები და წარწერები უკვე გაფერმკრთალებულია ანუ ყველა წყვილი სწორადაა ამოცნობილი თანმიმდევრობით.
როგორც აღვნიშნეთ, აქ უკვე ამოცნობილი წყვილები შედარებით გაფერმკრთალებულია. ასევე შესაძლებელია დავალების შექმნისას ისეთი ბრძანება მივცეთ აპლიკაციას, რომ უკვე სწორად დაწყვილებული სურათი და წარწერა გაქრეს სამუშაო დაფიდან.
ადვილი შესამჩნევია, რომ ამ დავალებაში გააქტიურებულია ა, ბ, და გ-ზე დაწყებული სიტყვები. რასაკვირველია, საჭიროა დამზადდეს სხვა ბგერების მიხედვით დაკომპლექტებული დავალებებიც, რომლებსაც თანმიმდევრულად შეასრულებენ მოსწავლეები.
ცხადია, კიდევ უამრავი დავალების შექმნაა შესაძლებელი და საჭირო, როგორც ამ პლატფორმაზე, ისე სხვებზე, როგორც ამ სასწავლო საკითხებზე, ასევე სხვებზეც.