პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
10 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

ქელეხის ძაღლი

„გულის სიღრმეში ყველა მასწავლებელს ეშინია, მოსწავლეები ისე არ მოექცნენ, როგორც ის თავის მასწავლებელს ექცეოდა“.

პატარა ბიჭი მზისგან გადაყვითლებულ მინდორში, მიტოვებული სახლის წინ იდგა. ამბობდნენ, რომ ეს მღვდლის სახლი იყო. იმ დროში, როცა ხალხს ღმერთი ჯერ კიდევ სჭირდებოდა.

თუ ახლა ამ სახლს გადაწვავდა, ნახშირი დარჩებოდა და ამ ნახშირს მეზობელ დიდ ქალაქში გაყიდიდა. ყველა დროში არიან ადამიანები, თავის გადასარჩენად ცუდის გაკეთება რომ უწევთ. ის სუსტი იყო, თანასოფლელებივით ტყიდან მძიმე მორების თრევა არ შეეძლო.

ამიტომაც აირჩია სოფლისგან მოშორებით მდგარი ძველი სახლი, რომელსაც გორაკიდან თეთრი სალოცავი დასცქეროდა.

ბიჭმა ხმელი ბალახის ბღუჯას ცეცხლი მოუკიდა და სახურავზე შეაგდო. არ გაქცეულა – სახლი შორს იდგა და უპატრონო სალოცავის გარდა ხანძარს მოწმე არ ჰყავდა.

ფიჭვისგან გამოთლილი კოჭები და ფიცრები სწრაფად აბრიალდა. ამოვარდნილმა ალმა სახეში ამოჰკრა ბიჭს. ის შეხტა, ბალახზე ფეხი აუცურდა და ცეცხლში ჩავარდა.

უნაკვერჩხლოდ დაიფერფლა სახლი, ნაკვერჩხალს მხოლოდ ეკლიანი ხეები ტოვებენ.

……………………………………………………………………………………………………………………………………

სკოლა რელიგიური იყო, მოსწავლეები გაკვეთილს ლოცვით იწყებდნენ და მწერლებთან ერთად წმინდანებიც დასცქეროდნენ თავზე. ხალხს ახლა ეპოვა თავისი წილი ღმერთი: უშნო, მანკიერი და სასტიკი.

 

სამასწავლებლოს კედელზე სოფლის მოძღვრის ფოტო ეკიდა, რომლის ნათქვამისა უპირობოდ სჯეროდა ხალხს. მოძღვარი ამბობდა, რომ მეორედ მოსვლისას სწორედ ამ სოფლის კლდოვანი გზით მოვიდოდა მაცხოვარი და სამსჯავროს სწორედ იმ ენაზე ჩაატარებდა, რომელზეც ამ სოფელში ლაპარაკობდნენ.

მოძღვარი ამბობდა, რომ მათი სოფელი ღვთისმშობლის წილხვედრი იყო და მისი მფარველობით გადარჩებოდნენ. ხალხსაც სჯეროდა. მასწავლებლებიც და მშობლებიც ფიქრობდნენ, რომ წმინდა მარიამი, მათ შვილებს კალთას გადააფარებდა. მღვდელი მიხრწნილი იყო, მნათე და დიაკვანი ამბიონზე დიდებული ტახტრევნით გამოაჩოჩებდნენ ხოლმე, როგორც აფრიკელი ტომები მკვდარ, გაფიჩხულ წინაპარს ქოხის წინ თაყვანის საცემად. სად იყო სამართალი, თორემ მოძღვარს კოცონში ჩაწვა ეკუთვნოდა მრევლის დაბრმავებისთვის. იქნებ თვითონაც არ უნდოდა, რომ გაეღმერთებინათ, მაგრამ დაჰყვა, შეიტკბო და შეიფერა.

ცოცხალ წმინდანად მოიხსენიებდნენ, თუმცა ის არც ცირკის არენაზე შეუგდია ვინმეს ლომების პირისპირ, არც სვეტზე მდგარა მშიერ-მწყურვალი. არა, მას ფუფუნება უყვარდა, უნახავის სიყვარულით. მისი შარავანდედით დაბრმავებული მრევლი ვერ ხედავდა მის მანკიერებას, ვერც იმას, რომ მღვდელი დიდი ხანია მკვდარი იყო. უბრალოდ, მნათე და დიაკვანი მალავდნენ ამას, რადგან მღვდელი ამბობდა, რომ მეორედ მოსვლა მის სიცოცხლეში მოხდებოდა.

ყველა მასწავლებელი მარხვის სათნოებაზე საუბრობდა. გახსნილებისას გემრიელად მიირთმევდნენ. ამ დროს ბავშვები მშივრები დალაწლაწებდნენ დერეფანში. იქ, იმ სოფელში, ფურებზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე ბავშვებზე. კოჭლი მასწავლებელი ჯიბით უზიდავდა ბავშვებს მასწავლებლების მონარჩენ საჭმელს.

მასწავლებლებს ქვეყნის შორეული სალოცავების მოლოცვა უყვარდათ და ყველა განსხვავებულის ცეცხლში დაწვაზე ოცნებობდნენ. ერთადერთი, ვინც მათ არ დასდევდა, ხაზვის მასწავლებელი იყო. საერთოდაც, ის ერთადერთი იყო, ვინც ბავშვებს გაკვეთილს ლოცვით არ აწყებინებდა. ის სხვა მასწავლებლებივით არ დადიოდა ღმერთის დასაცავ ხმაურიან დემონსტრაციებზე. „რელიგიისგან გაუბედურებული ბევრი მინახავს, გაბედნიერებული კი ცოტა. თავიანთი წმინდა წიგნებით ისე იწამლებიან, რომ მზად არიან, სხვებს თვალები გამოსთხარონ“, – ამბობდა ის, როცა მოსწავლეებთან ერთად სვამდა ხოლმე. არადა, ყველა მასწავლებელზე მეტად მას სწამდა ღმერთის, უბრალოდ ღმერთის მსახურები სძულდა, რომლებიც ერთი პირით წყევლიდნენ ეშმაკს და მეორე პირით ემადლიერებოდნენ, რადგან ის აჭმევდათ.

მასწავლებელი კოჭლი იყო, ნამლევა, წრიპინახმიანი.

არ უყვარდა, რასაც ასწავლიდა, მაგრამ რა ექნა, კოჭლები იმ სოფელში შიმშილით იხოცებოდნენ.

ის ერთ, ამოჩემებულ წინადადებას იმეორებდა: „ცხოვრებაში სწორი ხაზების გავლება აუცილებელი არ არის“, – და ერთთავად ნახშირით ხატავდა ღუმელზე. როცა გაკვეთილი მშვიდად მიდიოდა, ხატავდა კლდეს და კლდის პირას, ფიჭვების ჩრდილში – ქოხს. როცა ბავშვები ტირილამდე ამწარებდნენ – ალში გახვეულ სახლს. მე მათზე ვფიქრობ, ისინი კი გულს მგლეჯენ, – ამბობდა ის. ჯერ კიდევ ვერ ესწავლა, რომ თუ გინდა, გული არ გაგისკდეს, ყურები უნდა დაიყრუო და თვალები დაიბრმავო.

ბავშვები მის გაკვეთილზე მხოლოდ გასართობად დადიოდნენ. ან რატომ უნდა მოეკლათ თავი იმ საგნის სწავლისთვის, რომლის მასწავლებელიც ამბობდა, რომ არასოდეს ეკეთებინათ საქმე, რომელიც არ მოსწონდათ? არადა მასწავლებლები სწორედ თავისუფლებას ვერ პატიობენ ბავშვებს, რადგან ის არასოდეს ჰქონიათ. თანაც ამ მასწავლებლის არ ეშინოდათ, მას, სხვებისგან განსხვავებით, ცემა არ შეეძლო. განსაკუთრებით ერთი ბიჭი უყვარდა. ეხვეწებოდა, ეხატა, რადგან ნიჭი ჰქონდა. თითქოს ვერ ამჩნევდა, რომ ბიჭი დასცინოდა და საერთოდ არ ფიქრობდა ხატვაზე. ბავშვები დიდებზე სასტიკები არიან, მაგრამ ეს არ იციან.

ბავშვები ამ მასწავლებელს იმის გამოც დასცინოდნენ, რომ მას მათი მშობლებიც იგდებდნენ აბუჩად. ცოლს ვერ იჭერს, ბავშვები როგორ უნდა დაიჭიროსო. მის გასაგონადაც ხშირად ამბობდნენ ამას. იმ სოფელში დიდი გული მხოლოდ უბედურებთან ჰქონდათ, ძლიერებს უჩუმდებოდნენ.

მასწავლებელს უპატრონო ძაღლივით უყვარდა ქელეხები, ამიტომ ხალხს მისი ნამდვილი სახელი დავიწყებოდა – ყველა „ქელეხის ძაღლს“ ეძახდა. შვილმკვდარ მამასავით ანგარიშმიუცემლად ჭამდა, თითქოს ეს მისი ბოლო ჭამა იყო და ამის შემდეგ უდაბნოში მიდიოდა სამარხულოდ.

სუფრაზე მორჩენილ თევზისა და ხორცის ნაჭრებს ფართხუნა პიჯაკის ჯიბეებში ილაგებდა. სახლისკენ მიმავალს, ორღობეში ეწუწებოდა ნაქურდალი საჭმლის წვენი. უბოროტოდ დასცინოდნენ – ის არ იყო ანგარიშგასაწევად წარმოსადეგი, ღვარძლიანად რომ დაეცინათ.

სკოლიდან მხოლოდ იმიტომ არ უშვებდნენ, რომ მოგვწონს, როცა მოწყალებას ვიღებთ.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მის მოსწავლე „თევზს“ ეგონა, მისი მასწავლებელი ისევე ვერ აკავებდა ცოლს, როგორც ცოლი – ჩვილ ხბოს, რომელიც დედისკენ იწევდა ძუძუს საწოვად.

მასწავლებლის ცოლი კაციც იყო სახლში. ის დასდევდა ნოემბრის ნისლში მაჟალოს საჭმელად ტყეში გაპარულ ორ ძროხას. ის ხეთქავდა მძიმე, სქელპირა ცულით კუნძებს. ის აბრუნებდა ურწან მიწას კარტოფილის დასათესად. მიუხედავად ყველაფრისა, მხიარული ქალი იყო, ზარივით ისმოდა მისი სიცილი. დასაფასებელია, გაჭირვებულს სიცილი რომ შეუძლია.

ბიჭმა პირველად ტყისკენ გაქცეული საქონელი მოუბრუნა. ქალმა თბილი თვალებით უთხრა, რომ ძალიან საყვარელი იყო და რომ გალუმპვას გადაარჩინა. ქალს ბოსლისა და ღუმლის სუნი ასდიოდა. მან არ იცოდა, როგორ იწვალებდა უბეს ბიჭი მასზე ფიქრში და მასაც მოსწონდა ეს ცელქი და მისი ქმრისთვის სისხლის გამშრობი.

……………………………………………………………………………………………………………………………………

სიცხეში ბიჭი მარტო თოხნიდა კარტოფილს. გამეტებით სცემდა თოხს გახევებულ მიწას. სიჩქარეში ქორფა კარტოფილსაც ჭრიდა. გამოუცდელი იყო, უჭირდა სარეველას გარჩევა.

მასწავლებლის ცოლი მოვიდა და ყოჩაღო, შესცინა თბილი თვალებით. კვალში ჩადგა და კარტოფილის მარგვლა დაიწყო, რომ ბიჭს თოხნა გაადვილებოდა.

ცხელოდა. ბიჭი მოიკუნტა, ცხელი ოფლი შუბლიდან თვალებში ჩაუვიდა და აუწვა. მასწავლებლის ცოლი მივიდა და თვალები ხელის ზურგით ამოუმშრალა. ქალს მიწის, ბოსლისა და სურვილის სუნი ჰქონდა.

ქალი შეყოვნდა: „მე სულ მარტო ვარ, წლებია, მარტოს მძინავს და ზურგიც საშინლად მტკივა“. ქალი ბიჭს დაგემოვნებით კოცნიდა დამწვარ თვალებზე და ტუჩის კიდეზე. ბიჭმა, სანამ მუხლები მოეკეცებოდა, დაინახა, როგორ დახუჭა ქალმა თვალები, როცა სველ უბეში ხელი ჩაუცურა. მერე, თითქოს იქ გველი დახვდაო, უცებ ამოაცურა ხელი და გაიქცა. სქელი ფეხებით თელავდა თავის გამარგლულ კარტოფილს. ბიჭს სირცხვილნარევი სიამაყით უხაროდა სველი საცვლისა და პირველი გამარჯვების გამო.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მეორე დღეს მოსწავლე უფრო მეტად ცდილობდა, კოჭლი მასწავლებელი წრიპინა ლაპარაკით გამოეჯავრებინა. ბიჭს არ ესმოდა, რომ არ შეიძლება სიცილი, როცა ვიღაც ტირის. წიგნებსაც კი, სადაც ვიღაცის ტირილის დროს იცინიან, გულბოროტი და უნიჭო მწერლები წერენ.

ბიჭს კი იმიტომ არ ესმოდა, რომ მგრძნობიარე და უბედური იყო. მას რცხვენოდა თავისი სიღარიბისა და იმ ნაჩუქარი ტანსაცმლის, რომლითაც ყოველდღე დადიოდა სკოლაში. უნდოდა, ძლიერი ყოფილიყო და ყველა მჩაგვრელს მორეოდა. უნდოდა, კარგად ეთამაშა ფეხბურთი. იმ სკოლაში ყოჩები ფეხბურთის მოთამაშეები იყვნენ. მისი კლასის ყოჩი მისი სეხნია და მოგვარე იყო. ლამაზი და კარგი მოსწავლე, იმ სკოლის მორწმუნე მასწავლებლების თვალში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

ბიჭს მასთან მეგობრობა უნდოდა, მაგრამ მოგვარე თავს არ უყადრებდა. ფეხბურთის თამაშის დროს მისი არჩევა არავის უნდოდა.

იმ დღეს კი ერთი მოთამაშე აკლდათ, უბედური ბიჭის არჩევა მოუწიათ და მოგვარის გუნდში მოხვდა.

უბედური მოსწავლე დაძაბული თამაშობდა. თან ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა, თან გულის სიღრმეში იმას ნატრობდა, მისთვის ბურთი არავის მიეწოდებინა. ეშინოდა, რომ დაკარგავდა და მოგვარე წაუთაქებდა.

მოულოდნელად მოუვიდა ბიჭს ბურთი, ალალბედზე ამოჰკრა და კარში შეაგდო. ვერ იჯერებდა – ეს მისი უკვე მეორე გამარჯვება იყო ხელის ჩაცურების შემდეგ.

მოგვარემ შეაქო, როგორც გადამწყვეტი ბურთის გამტანი. მაგრამ უბედურ ბიჭს უფრო მეტი უნდოდა.

– მე ქელეხის ძაღლის ცოლმა მაკოცა!

– მატყუარა! – წამოარტყა. ბავშვებმა არ დაიჯერეს, თუმცა ყველას მოუყვნენ ამის შესახებ. მამებსაც, რომლებმაც ჩაიცინეს.

ბიჭმა იმ ღამეს ბევრი ივარჯიშა, რომ მასწავლებელი სიარულშიც გამოეჯავრებინა. გაკვეთილზე შესვლამდე მასწავლებლის დასანახად ჩლახაჩლუხით ავიდა კიბეზე. თვალებს ისრესდა და წრიპინებდა, მეწვისო. სხვა ბავშვებმაც აიფარეს თვალებზე ხელი და აწრიპინდნენ. მასწავლებელს არაფერი შეუმჩნევია. არც მაშინ, როცა პიჯაკის ჯიბიდან მოსწავლის ჩადებული თევზის ფხა ამოიღო.

იმ ღამით უბედურმა ბიჭმა გაიგონა, როგორ ტიროდა მასწავლებლის მსუქანი, უშნო ცოლი და როგორ ყვიროდა ქელეხის ძაღლი:

– ნებისმიერი, მის გარდა! ნებისმიერი, მის გარდა!

მთვარის შუქზე მოსწავლემ დაინახა, როგორ გამოჩლახუნდა მისი მასწავლებელი რკინის აივანზე. „ის მოვა! ის მოვა!“ – ახლა ამას ყვიროდა და ეს არ იყო რისხვის ხმა.

ისინი ხომ იმიტომ დაქორწინდნენ, რომ შვილები უნდოდათ, მაგრამ კაცს შვილის გასაკეთებელი სიმაგრე არასოდეს ჰქონია. „პირუტყვ კაცებს ჰყავთ შვილი და მე არ მყავს“. ის კი არ იცოდა, რომ შვილებს საერთოდაც არ უნდათ, პირუტყვი მშობელი ჰყავდეთ.

დარდობდა: „რისთვის ვრგავდი ხეებს? აკაციებს, არყებს და ვაშლებს, რომელთა ნახევარიც გახმა?“ მან გვიან ისწავლა, რომ ნერგის დარგვა შემოდგომაზე ჯობია და არა გაზაფხულზე. შემოდგომაზე დარგულს მიწა ალბობს, გაზაფხულზე დარგულს კი მზე უსწრებს და წვავს.

ქელეხის ძაღლს მხოლოდ ენით მუშაობა შეეძლო, ისიც მაშინ, როცა ქალი სახეზე დააჯდებოდა. პირქვე თავჩახრილს, მოკლე ფეხი აუტანლად სტკივდებოდა. ის იმ ქალს ელოდა, რომელიც დაჰპირდა, რომ აუცილებლად მოძებნიდა, სულ რომ ათი შვილი ჰყოლოდა კაცს. თანაც არწმუნებდა, აუცილებლად ეხატა, რადგან ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ქელეხის ძაღლს სჯეროდა, რომ ქალი მოვიდოდა და რომ იმ ქალთან ყველაფერი გამოუვიდოდა. თუმცა ხატვით მხოლოდ მაშინ ხატავდა, როცა ის ქალი მასთან იყო. ახლა კი კოჭლთან ერთად ლოთი იყო და ქურდი. ქალს ზეჰრა ერქვა და მასაც უყვარდა ეს კაცი და ელოდა იმ დღეს, როცა მისი ხალხი გაიზრდებოდა და ტაბუს დარღვევას აპატიებდა, ქრისტიანი კაცის საყვარლობას. მერე და მერე შეიძლება იმასაც ფიქრობდა, რომ კაცი ბედნიერი იყო ცოლითა და თბილი სამსახურით. კაცს კი ისე უყვარდა, რომ არასოდეს გაუვლია გულში წყენა, აქაოდა, ის ბედნიერია, მე კი ვიტანჯებიო. არც მაშინ, როცა სკოლის კიბეზე ფეხებს ძლივს მიათრევდა, არც მაშინ, როცა ის და მისი ცოლი ერთმანეთს ტანჯავდნენ. არც მაშინ, როცა მისი მოსწავლეები ჯიბეში მოხარშული თევზის თავს უდებდნენ. არ ეძახდა ის ქალი, თორემ ცხრა მთას გადაივლიდა კოჭლი ფეხით.

მისი სოფელი თუ ჯოჯოხეთის ცხელ ქვაბს ჰგავდა, ზეჰრას სოფელში წვიმის ნოტიო სუნი იდგა მუდამ. ის ანგელოზივით ლამაზი იყო, მაგრამ ამბობდა, რომ ერჩივნა, მამაცი ყოფილიყო.

……………………………………………………………………………………………………………………………………

ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა ქელეხის ძაღლი სკოლაში. ახლა თითქოს უფრო უხეში მონასმით ხატავდა ცეცხლმოდებულ სახლს ღუმელზე. ორჯერ ჩაეფხვნა ხელში ნახშირი. გაკვეთილის დამთავრებისთანავე უბედურ მოსწავლეს უთხრა, კლასში დარჩენილიყო. ბიჭი ყინჩად იდგა, მისი კლასელები წრიპინითა და ტანის გადაქნევით გავიდნენ კლასიდან. ბიჭი მოიბუზა, როცა დაინახა, როგორ აიღო ქელეხის ძაღლმა შეშის გროვიდან ფიჭვის ნაპობი და მისკენ წავიდა. ქელეხის ძაღლმა მოსწავლეს ხელი გამოაწევინა, მაგიდაზე დააწყობინა და ნაპობი დაჰკრა. სატკენად არა, უფრო გამოსაფხიზლებლად. ასე ურტყამენ ძროხებს, როცა უნდათ, ააჩქარონ.

– ზოგჯერ სწორი ხაზების გავლება აუცილებელია, – უთხრა მან თავდახრილ მოსწავლეს.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მხატვარი ორღობეში კოჭლობით მიმავალ გამხდარ ჩია კაცს ხატავდა. თავის მოსწავლეებზეც ფიქრობდა. ხატავდა ლამაზ ქალსაც, რომელიც მისი მასწავლებლის სახლთან მივიდა, მერე კი ღიმილით ხრიოკ გორაზე სასაფლაოს ქვიან გზას აუყვა.

– მე მოვედი…

მე მოვედი…

ჩემო ტკბილო ევლია, – ამბობდა ღიმილით ქალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“