კლასდოჯო 2019 წელს, ჩემს პირველ სკოლაში მუშაობისას გავიცანი. ეს არის ვებსაიტი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც მასწავლებელი ან როგორც მშობელი, რათა თქვენს შვილს და მის კლასს თვალი ადევნოთ. კლასდოჯოზე შეიძლება დარეგისტრირდეს სკოლაც. ამ შემთხვევაში კლასები, რომლებსაც მასწავლებლები გახსნიან, სკოლას ავტომატურად და ოფიციალურად ებმის. თუმცა პლატფორმის გამოყენება მასწავლებლებისთვის ინდივიდუალურად, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშეც შესაძლებელია. დასარეგისტრირებლად მხოლოდ თქვენი ელექტრონული ფოსტა და ახალი პაროლის მოფიქრება დაგჭირდებათ.
კლასდოჯოზე შეგიძლიათ გახსნათ კლასი, დაარქვათ სახელი, შეიყვანოთ მოსწავლეების სახელები და ქულების მინიჭების სისტემა. თითოეული მოსწავლე თავდაპირველად იღებს პატარა კვერცხს, რომლიდანაც მოგვიანებით მონსტრი უნდა გამოიჩეკოს. მონსტრის გამოჩეკვას 30 დღემდე სჭირდება, თუმცა შესაძლებელია ამ დღეების შემცირება. მოსწავლეები, როგორც წესი, სიხარულით ელოდებიან დღეს, როცა მონსტრებს ნახავენ.
კლასდოჯოზე შეგიძლიათ დაამატოთ უნარები ან ქცევები, რომელთა მიხედვითაც მოსწავლეებს ქულებით (1-დან 5 ქულამდე) წაახალისებთ. თითოეული მოსწავლისთვის მინიჭებული ქულა აისახება კლასის საერთო ქულაზე და პირიქით. ეს ხელს უწყობს გუნდური სულის ჩამოყალიბებას. ბავშვები იწყებენ ზრუნვას იმაზე, რომ ერთმანეთისთვის უკეთესები გახდნენ.
ცხადია, როცა მოსწავლე ინდივიდუალურად იმსახურებს ქულებს, მოცემულ მომენტში მისი მონსტრის თავზე შესაძლოა უფრო მაღალი ქულები ეწეროს, ვიდრე სხვებისაზე. მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომ თითოეული მოსწავლის ქულა სწორედ იმითაა ღირებული, რომ კლასის საერთო ქულას ემატება. დამატებითი მოტივაციისთვის შეგიძლიათ შესთავაზოთ შეჯიბრება სხვა კლასებთან, რომლებსაც თქვენ ასწავლით, რათა თქვენი კლასების რეიტინგის სათავეში მოექცენ.
კლასდოჯოზე მხოლოდ საკლასო წესების შესრულება არ ფასდება – აქ მოცემულია ისეთი კრიტერიუმებიც, როგორებიცაა „თანამშრომლობა“, „სხვების დახმარება“, „ემპათია“, „დროის მართვა“, „ბეჯითად შრომა“, „მუდამ ჩართულობა“ და ა.შ. გარდა ამისა, თავადაც შეგიძლიათ დაამატოთ ის, რისთვისაც გინდათ, მოსწავლეებს დამატებითი ქულები მიანიჭოთ.
კლასდოჯო ხელს უწყობს მოსწავლეების ემოციური ინტელექტის განვითარებას, ამაღლებს მათ ჩართულობას და სოციალურ მოტივაციას, რადგან ქულების მინიჭება ხდება არა მხოლოდ წესების დაცვისთვის, არამედ ქცევის ღირებულებაზე დაყრდნობით. თუ მოსწავლეებს დაუსახავთ რეალისტურ მიზნებს, მაგალითად, 10-15 ქულის მოგროვებას გაკვეთილის ბოლომდე, ისინი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ. სანაცვლოდ შეგიძლიათ შესთავაზოთ თამაში ან ვიდეოს ყურება. ეს მოსყიდვა კი არ არის, არამედ თანამშრომლობა და მისი დაფასება.
კლასდოჯოს აქტიურად გამოყენების შემდეგ შევამჩნიე, რომ მოსწავლეები ერთმანეთის მოტივირებასაც იწყებენ. ისინი თანხმდებიან, როგორ ითანამშრომლონ, რათა კლასს ქულები არ დააკლდეს, პირიქით, მოემატოს. სწორედ ასე იქმნება ჯანსაღი, სიყვარულზე დაფუძნებული სასწავლო გარემო.
კლასდოჯოზე შეგიძლიათ დამატებითი ფუნქციებითაც ისარგებლოთ, მაგალითად დააწყვილოთ ან ჯგუფებში გაანაწილოთ მოსწავლეები, შემთხვევითობის პრინციპით აირჩიოთ, ვინ წაიკითხავს, დააყენოთ დრო და ა.შ.
საიტი ინახავს და აჯამებს თითოეული მოსწავლის მონაცემებს: რაშია ესა თუ ის მოსწავლე ძლიერი, რაზე სჭირდება უფრო მეტი მუშაობა და ა.შ. ეს მონაცემები მოგვიანებით, მშობელთან კომუნიკაციისას, საილუსტრაციოდ გამოგადგებათ.