ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

,,ნამდვილი და მოგონილი ამბების’’ მწერლის სახელოსნო

 რით არის გამორჩეული, საყოველთაოდ ცნობილი, უამრავი ბავშვის, მშობლისა და მასწავლებლისთვის საყვარელი წიგნების სერია, საკითხავი და სავარჯიშოები ,,კითხვის საათისათვის’’ ,,ნამდვილი და მოგონილი ამბები’’?

პასუხი მარტივია, წიგნებში მოცემული ტექსტები ბავშვების ასაკისთვის შესაბამისი ენით არის დაწერილი, თანდართული აქვს სახალისო ილუსტრაციები, საინტერესო სავარჯიშოები და მარტივი ინსტრუქციები.

წიგნების სერია შექმნილია I-VI კლასების მოსწავლეებისათვის ნინო გორდელაძისა და ავტორთა ჯგუფის მიერ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

,,პირლსის წიგნიერების საერთაშორისო და ეროვნული კვლევის რეკომენდაციების თანახმად, წიგნებში მოცემულია, როგორც მხატვრული, ასევე შემეცნებითი ტექსტები. თანდართული შეკითხვები ორიენტირებულია წაკითხულის გააზრებასა და წერითი მეტყველების განვითარებაზე. სამწუხაროდ, ამ კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ წერითი მეტყველება, წერილობით საკუთარი აზრის გამოხატვა უფრო უჭირთ ჩვენს მოსწავლეებს, ვიდრე არჩევით და ღია შეკითხვებზე პასუხების სწორად გაცემა’’ აღნიშნავს ქალბატონი ნინო გორდელაძე. ამიტომაც, წიგნის სტრუქტურა ასეთია:

  • წაკითხულის გააზრება;
  • მწერლის სახელოსნო.

შეიძლება ითქვას, რომ ,,ნამდვილი და მოგონილი ამბების’’ სერიის წიგნებმა ,,დროს გაუსწრო’’. მკითხველი ადვილად იპოვის პარალელებს წიგნში მოცემული შემოქმედებითი/კომპლექსური დავალებების ორიგინალურ ნიმუშებსა და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შორის.

დიდი ხნის წინ შექმნილი დავალებები მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა მორგებული და წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების მისაღწევი შედეგების დაძლევას უზრუნველყოფს.

მინდა, გაგაცნოთ მე4 კლასის წიგნში მოცემული ,,მწერლის სახელოსნოს’’ განყოფილება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თვითონ შექმნან მცირე მოცულობის ტექსტები. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ავტორთა ჯგუფის მიერ მიცემული მარტივი ინსტრუქციები:

  • ამ თავში შეძლებ, თავად დაწერო მოთხრობები.
  • ამ ნაწილში მოცემულია ბევრი საინტერესო რჩევა წერასთან დაკავშირებით, ლიტერატურული ხერხები და აუცილებელი შენიშვნები.
  • აქ ნახავ მრავალ საინტერესო იდეასა და შეთავაზებას, რომ ისწავლო, როგორ წერო საინტერესოდ.

 

რჩევები:

  1. ყველა მოთხრობას ესაჭიროება დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული.
  2. სანამ მოთხრობის წერას დაიწყებ, ჯობია, მონახაზი გააკეთო, რა ხდება თხრობის თითოეულ ნაწილში.
  3. წარმოიდგინე, თითქოს შენი მოთხრობა მწვერვალის დალაშქვრას ჰგავს.

მასწავლებელი თანამიმდევრულად გააცნობს მოსწავლეებს, რა უნდა გაითვალისწინონ თითოეული ნაბიჯის შესრულებისას:

დასაწყისი მკითხველს გააცანი პერსონაჟები, მოქმედების დრო და ადგილი;

განვითარება – რაღაც მოვლენა ბიძგს აძლევს მთავარი პერსონაჟის მოქმედებას;

კულმინაცია – ხდება რაღაც იდუმალი, დრამატული შემთხვევა ან გარკვეული უთანხმოება პერსონაჟებს შორის;

კვანძის გახსნა – პრობლემა გადაჭრილია, ამბავი სრულდება;

დასასრული – ღია საკითხები იხურება.

 

შემდეგ მოსწავლეები რვეულში გააკეთებენ საკუთარი მოთხრობის მონახაზს:

დაბოლოს, მონახაზის მიხედვით დაწერენ მოთხრობას და დაასათაურებენ.

 

,,მწერლის სახელოსნოს’’ განყოფილებაში მოსწავლეებს არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი დავალება ელოდებათ:

  • პირველი მოთხრობა;
  • შექმენი პერსონაჟი;
  • ცხოვრების ერთი დღე;
  • ვინ ჰყვება ამბავს?
  • შემდეგ რა ხდება?
  • დროში მოგზაურობა;

 

თითოეული დავალების შესრულებისთვის რვეულის ,,მინდორზე’’ განთავსებულია: სიუჟეტის განვითარების იდეები, საინტერესო სიტყვები, დამხმარე კითხვები.

 

ეს ყველაფერი კი საშუალებას იძლევა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, როგორც პატარა ,,მწერლებმა’’, სწორი სტრატეგიების გამოყენებით შეძლონ მცირე მოცულობის თხზულებების შექმნა.

 

გამოყენებული რესურსი:

 

სერია ,,ნამდვილი და მოგონილი ამბები’’ შექმნილია ნინო გორდელაძისა და ავტორთა ჯგუფის მიერ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“