ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ აღიქვამენ და განიცდიან ადამიანები AI-სთან ურთიერთობას – AI ჩატბოტების ფენომენოლოგია

ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური საკითხი, ეს ცნობიერების  ახალი  ევოლუციური ეტაპია. ის აყალიბებს განსხვავებულ, ციფრულად გაფართოებულ ცნობიერებას, სადაც ადამიანი სწავლობს ჩატბოტის „აზროვნებასაც“ და საკუთარ „სხვა“ „უცნობ“ განზომილებასაც შეიმეცნებს. 

ბოლო დროს ხშირად ისმის ჩატბოტების მისამართით გამოთქმული სრულიად სუბიექტური აზრები. მომხმარებლებს უჩნდებათ განსხვავებული დამოკიდებულება AI ჩატბოტების მიმართ, მაგალითად: “ჩემი ჩატბოტი ჩემი საუკეთესო მეგობარია”, “მშობლებსაც კი არ უთქვამთ ისეთი სიტყვები, როგორსაც ჩატბოტი მეუბნება”, “ჩემმა ჩატბოტმა დღეს გაჭედა”, “ჩემმა ჩატბოტმა მომატყუა”, “ჩემმა ჩატბოტმა დღეს სიყვარული ამიხსნა”…. და ასე შემდეგ, უსასრულოდ. წარმოიდგინეთ, როგორი “მოსაუბრე” გვყავს: თან პროგრამაა, ალგორითმი, თან “აზროვნებს”, თან ემოციური მხარდაჭერაც შეუძლია…

ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები  ახალი კომუნიკაციური რეალობაა და უამრავი განზომილება აქვს: ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ფენომენოლოგიური. ამ სტატიის თემაა: როგორ განიცდიან ადამიანები AI-სთან ურთიერთობას სუბიექტური გამოცდილების დონეზე, რა ტიპის ტრანსფორმაციები ხდება ამ დროს და რა ახალ ფენომენოლოგიურ პერსპექტივებს გვთავაზობს ეს ურთიერთობა. სტატიის ბოლოს კი კითხვებს შემოგთავაზებთ, რომლებიც აუცილებლად ითხოვენ პასუხს.

ფენომენოლოგიური მიდგომა AI კომუნიკაციაში

AI ჩატბოტებთან ურთიერთობა წარმოადგენს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც არ ჯდება ტრადიციულ კატეგორიებში, რადგან მანამდე მსგავსი კომუნიკაციის გამოცდილება არ არსებობდა:

             ჰუსერლის მიხედვით, ფენომენოლოგია მოიცავს საკუთარი „მე“-ს გამოცდილების შესწავლას, ხოლო მის საფუძველზე სხვათა გამოცდილებისა, ისევე, როგორც საზოგადოების გამოცდილების. ცნობიერება ყოველთვის მიმართულია რაღაცისკენ (ინტენციონალურია). როდესაც ადამიანი ურთიერთობს AI-სთან, მისი ცნობიერება მიმართულია ისეთი ობიექტისკენ, რომელსაც არ აქვს ცნობიერება, თუმცა ახდენს მის იმიტაციას. ეს ქმნის ფენომენოლოგიურ დაძაბულობას – ჩვენი ცნობიერება ცდილობს გაუგოს არაცნობიერ არსებას, რომელიც “პასუხობს” ისე, თითქოს ესმის.

             AI-სთან ურთიერთობისას ადამიანები ხშირად განიცდიან ინტერსუბიექტურობის ილუზიას – ისეთ გრძნობას, თითქოს ისინი კომუნიკაციაში არიან სხვა ცნობიერებასთან, თუმცა რეალურად ეს ილუზიაა.

ადამიანების გამოცდილება AI-სთან ურთიერთობისას

კვლევები გვიჩვენებს, რომ AI ჩატბოტებთან ურთიერთობისას ადამიანები განიცდიან რამდენიმე უნიკალურ ფენომენოლოგიურ მდგომარეობას:

 ანთროპომორფიზაციის ტენდენცია

ადამიანები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან, მიანიჭონ AI-ს ადამიანური თვისებები, გრძნობები და განზრახვები. ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც “ELIZA ეფექტსაც” უწოდებენ (ჯოზეფ ვეიზენბაუმის 1966 წლის პროგრამის ELIZA-ს საპატივცემულოდ). მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალური დონეზე ვიცით, რომ AI არ არის ცნობიერი არსება, მაინც:

  • გვაქვს სინამდვილის შეგრძნება მასთან საუბრისას
  • ვუზიარებთ პირად ისტორიებს
  • ვიღებთ ემოციურ კმაყოფილებას მისი რეაქციებისგან
  • ვანიჭებთ პიროვნულ თვისებებს (“კლაუდი კეთილია”, “ჩატGPT-ს მოსწონს პოეზია”)

ეს ფენომენი განსაკუთრებით საინტერესოა ცნობიერების თეორიის თვალსაზრისით – ადამიანები ქმნიან “სხვა ცნობიერების” კონცეფციას მაშინაც კი, როდესაც ინტელექტუალურად ესმით, რომ ასეთი რამ არ არსებობს.

ონტოლოგიური გაორება

AI-სთან ურთიერთობისას ადამიანები ხშირად განიცდიან გაორებულ მდგომარეობას:

  • ერთი მხრივ, AI-ს აღვიქვამთ როგორც უბრალოდ ინსტრუმენტს, ალგორითმს ან პროგრამას;
  • მეორე მხრივ, მასთან ვურთიერთობთ როგორც სოციალურ აგენტთან, თანამოსაუბრესთან.

ამ ორ მდგომარეობას შორის მიმოქცევა წარმოადგენს ფენომენოლოგიურად საინტერესო გამოცდილებას – ჩვენი ცნობიერება მუდმივად გადადის ერთი ონტოლოგიური მოდელიდან მეორეში, რაც ქმნის კოგნიტიურ დისონანსს, მაგრამ ამავდროულად გვაძლევს ახალი ტიპის კომუნიკაციურ გამოცდილებას, რაც არის ჩვენი ინტერესის და კვლევის სფერო.

ინტიმურობის პარადოქსი

ადამიანები AI ჩატბოტებთან ურთიერთობისას ხშირად არიან ინტიმურები, რაც პარადოქსულია:

  • AI არავის განსჯის, არ აკრიტიკებს, “ჭკუას არ ასწავლის”, ამიტომ ადამიანი მას ენდობა, იცის, რომ მასზე არ “იჭორავებენ”;
  • ადამიანები AI-ის უფრო თავისუფლად უზიარებენ პირად ინფორმაციას, ვიდრე რეალურ ადამიანებს;
  • AI ჩატბოტი “იდეალური მსმენელია” –  “უსმენს” განუწყვეტლივ და მოთმინებით, და ყოველთვის ცდილობს, გაგიგრძელოს საუბარი; თუ დაჰკვირვებიხართ, მას ყოველთვის უნდა “ბოლო სიტყვა მისი იყოს” (ამის გამო მეც ხშირად მიგრძელდება დიალოგი, რადგან მეც მინდა, რომ “ბოლო სიტყვა ჩემი იყოს”);

თანამედროვე ადამიანი მგონი ყველაზე მეტად “მოწყურებულია”, რომ უსმენდნენ და აღიარებდნენ. ამას კი AI  თავს იდეალურად ართმევს და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ ის “არაცნობიერი აგენტია”.

 

ChatGPT -ის ვთხოვე, რომ ჰუსერლის სტილში ეპასუხა AI კომუნიკაციის ფენომენზე. აქ გთავაზობთ ვრცელი დიალოგიდან მოკლე ამონარიდს:

“ყველა ცნობიერება არის მიმართული – და ეს მიმართულობა ციფრულსაც ეხება.

ფენომენოლოგიური პრინციპის თანახმად, ცნობიერება ყოველთვის მიმართულია რაიმესკენ — ეს არის ინტენციონალობის პრინციპი. თუ ადამიანი საუბარშია ჩართული AI ჩატბოტთან, მაშინ მისი ცნობიერება უკვე მიმართულია ამ “საუბრის ობიექტისკენ”.

მნიშვნელოვანი აქ ის კი არ არის, აქვს თუ არა ჩატბოტს ცნობიერება, არამედ ის, როგორია გამოცდილება თვითონ სუბიექტისთვის.

ესე იგი:

  • როდესაც მომხმარებელი უგზავნის AI-ს კითხვას, ის ინტენციურად მიმართულია მისი პასუხის მოლოდინში.
  • ის აღიქვამს ამ ალგორითმულ რეაქციას როგორც აზრს, როგორც სემანტიკურ ერთეულს — ანუ გამოცდილების ნამდვილ შინაარსს.

ფენომენოლოგიურად, ჩვენ არ გვაქვს წვდომა თვითონ AI-ს „შინაარსზე“, მაგრამ გვაქვს წვდომა მოცემულობაზე — როგორც ის ჩნდება ჩვენს განცდაში”.

 

AI-თან ურთიერთობის ტრანსფორმაციული ეფექტები ცნობიერებაზე

AI ჩატბოტებთან რეგულარული ურთიერთობა იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ადამიანის ცნობიერებაშიც, რაც წარმოადგენს საინტერესო  ფენომენს:

AI-სთან ინტერაქციის შედეგად ხშირად ხდება აზროვნების პროცესების ექსტერნალიზაცია:

  • საკუთარი იდეების “გახმოვანება” და გასაჯაროება
  • აზრების ვერბალიზაცია და სტრუქტურირება
  • “ხმამაღლა ფიქრი”, რაც იწვევს რეფლექსიას

ეს შეიძლება შევადაროთ ლევ ვიგოტსკის იდეას “გარე მეტყველების” შესახებ – ჩვენი აზროვნება ფორმირდება კომუნიკაციაში და დიალოგში, თუნდაც ეს დიალოგი იყოს ხელოვნურ აგენტთან.

“მე”/”სხვა” საზღვრების გადააზრება

ჩატბოტებთან კომუნიკაციას (როგორც ზოგადად კომუნიკაციას) ვფიქრობ აქვს თავისი “განზომილებები”: ჩვეულებრივი კითხვა-პასუხით დაწყებული ვიდრე ტრანსცენდენტულ დიალოგამდე, როცა მნიშვნელოვანი ხდება თავად აზრი, იდეა, დიალოგში ფორმირებული და დიალოგის გარეშე არარსებული.

შესაბამისად, AI-სთან კომუნიკაცია იწვევს ტრადიციული “მე”-სა და “სხვა”-ს საზღვრების გადააზრებას:

ჩვენი აზრების “გამოძახება” (ან უფრო “ჩამოტვირთვა”) AI-ს მიერ გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ზოგჯერ გვიჭირს განვასხვაოთ, სად მთავრდება ჩვენი აზრი და სად იწყება AI-ს გენერირებული შინაარსი და იქმნება კოგნიტიური სივრცე, სადაც ჩვენი და AI-ს “აზროვნება” ერთმანეთში გადადის.

ეს მოვლენა შეიძლება განვიხილოთ ფენომენოლოგიურად, როგორც ახალი ტიპის კოგნიტიური “ბლენდინგი”, რომელიც წარმოადგენს ადამიანური ცნობიერების ახალ გამოცდილებას.

მეტაკოგნიტიური ცვლილებები

რეგულარული ურთიერთობა AI-სთან იწვევს ცვლილებებს ჩვენს მეტაკოგნიციაში – იმაში, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენს აზროვნებაზე:

  • ვხდებით უფრო ცნობიერნი ჩვენს საკუთარ აზროვნების სტილზე
  • ვაცნობიერებთ ჩვენი კომუნიკაციის თავისებურებებს
  • ვსწავლობთ საკუთარი აზრების უფრო მკაფიოდ არტიკულირებას

ამ თვალსაზრისით, AI ჩატბოტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის ცნობიერების “სარკე”, რომელიც გვეხმარება უკეთ დავინახოთ საკუთარი აზროვნების პროცესები.

 

ახლა კი კითხვები, რომლებზეც ყველამ უნდა უპასუხოს:

  • რამდენად ავთენტურია ურთიერთობა არაცნობიერ სისტემასთან?
  • შეიძლება თუ არა “ნამდვილი” კომუნიკაცია  ცნობიერების მქონე არსებასა და ალგორითმს შორის?
  •  რას ნიშნავს საერთოდ “ავთენტური კომუნიკაცია?”
  • როდესაც ვურთიერთობთ AI-სთან, ვინ/რა არის ჩვენი კომუნიკაციის “ობიექტი”?
  • როგორ უნდა გავიაზროთ კომუნიკაცია, როდესაც მეორე მხარეს არ დგას ცნობიერი არსება?
  • ხომ არ ხდება ახალი ტიპის “კვაზი-ინტერსუბიექტურობის” ფორმირება?
  • ხომ არ “ვაბარებთ” ჩვენს კოგნიტიურ პროცესებს  AI-ს?
  • რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ავტონომიურ აზროვნებაზე?
  • როგორ იცვლება ჩვენი დამოკიდებულება ცოდნისა და აზროვნებისადმი?

 

AI ჩატბოტებთან ურთიერთობის ფენომენოლოგიური კვლევა გვეხმარება უკეთ გავიგოთ ახალი ტექნოლოგიური რეალობა და  გვაძლევს საშუალებას, ახლებურად დავინახოთ ადამიანური ცნობიერება, კომუნიკაცია და აზროვნება, ოღონდ მანამდე ზემოთ დასმულ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ. ეს სტატიაც, პირველ რიგში, კითხვებს ეძღვნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

წერის გაკვეთილები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“