რთ დღეს ურანი და გაია დაქორწინდნენ… არადა, ისეთი განსხვავებულები იყვნენ, რომ მათ მომავალში ყველას ეჭვი ეპარებოდა. ერთმანეთი სად გაიცნეს, არ ვიცი. ერთი კოსმოსში ცხოვრობდა, მეორე მიწაზე. ვარიანტი სულ რამდენიმეა – ან სოციალურ ქსელში გაიცნობდნენ ერთმანეთს (მაშინაც იქნებოდა რაიმე ქსელი), ან ურანი იმყოფებოდა მიწაზე ტურისტად, ან სულ პირიქით იყო საქმე და გაია სტუმრობდა კოსმოსს. ასე იყო, თუ ისე, არავის ყური არ ათხოვეს და თავი ერთ ოჯახად გამოაცხადეს. შეიძლება იქვე სტატუსებიც განაახლეს, ძალიან გახარებულები ვართო, ბედნიერებიო, ან სულაც თქვეს, ბედნიერებიც ვართ და ყავასაც გეახლებითო. შესაძლოა ურანმა გაიას კედელზეც დაუწერა:
„ნეტავ საიდან იბადები მშვენიერებავ!
ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?…” (შარლ ბოდლერი)
შეიძლება სულაც არაფერი დაუწერია და უბრალოდ საერთო პროფილი გახსნეს. დაარქვეს „ურან-გაია” ან სულაც „ურანო კე გაია” („კე” ბერძნულად ნიშნავს „და”ს).
განსხვავებულები კი იყვნენ, მაგრამ თორმეტი შვილი შეეძინათ: ექვსი – ვაჟი, ექვსიც-ქალი.
ამ შემთხვევაშიც რამეს მიუძღვნიდა ურანი. დაუწერდა:
„ალიონია შენს თვალებში, თანაც-დაისი,
აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო უცხოდ მშფოთვარი,
ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი…” (შარლ ბოდლერი)
ჰო, დამავიწყდა მეთქვა, თორმეტივე შვილი ტიტანი ეყოლათ.
ვაჟების სახელები იყო: ოკეანოსი, კეოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, ქრონუსი.
ქალების სახელები იყო: თეია, რეა, თემიდა, მნემნოსინე, თეტიდა, ფებე.
სულაც არ იყვნენ ცუდი გოგო-ბიჭები… დიდ ძალას ფლობდნენ, ტიტანები იყვნენ, მათი შვილებიც (ურანის და გაიას შვილიშვილები) ტიტანებად მოიხსენებოდნენ.
ჰიპერიონს ჰელიოსი, სელენა და ეოსი შეეძინა. ოკეანოსმა მდინარეების, ზღვების და ოკეანეების პატარ-პატარა ღვთაებები მოუვლინა ქვეყანას.
თეტიდა აქილევსის დედა გახდა.
როგორც მითოლოგია ამბობს, ურანს და გაიას მოგვიანებით ციკლოპები და გოლიათებიც შესძენიათ. გოლიათებს ერთ დღეს მამა ურანი გაუნაწყენებიათ და მანაც გამოქვაბულში გამოამწყვდია შვილები. დედა გაიას დახმარება უფროსი შვილებისთვის – ტიტანებისთვის უთხოვია. ტიტან ქრონუსს ვერ მოუზომავს და მამა ნამგლით დაუსერავს. დაღვრილი სისხლისგან ფურიები და გიგანტები წარმოქმნილან. ქრონუსს კიდევ მას შემდეგ ზოგჯერ ფრთების ნაცვლად ნამგლითაც გამოსახავენ და ტიტან კრონოსს უწოდებენ.
200 წელზე მეტი გავიდა, რაც ინგლისელმა გრეგორმა და გერმანელმა კლაპროტმა უცნობი ელემენტის ოქსიდი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს. 1795 წლამდე ელემენტს გრეგორი „მენაკინს” უწოდებდა. 1795 წელს მარტინ ჰენრიხ კლაპროტმა ის მინერალ რუთილში აღმოაჩინა და ახალ მეტალს ტიტანი უწოდა. ზოგმა თქვა, ელფების დედოფლის ტიტანიას პატივსაცემადო. ამ ვერსიის მიმდევრები თავისი სიმართლის დასაცავად შექსპირს იშველიებდნენ. ამბობდნენ, ტიტანია ელფების ულამაზესი ქალღმერთი იყო და სამართლიანადაც აქვს ადგილი „ზაფხულის ღამის სიზმარშიო”. მეორენი ამბობდნენ, რომ ტიტანის სახელი სწორედ და-ძმა ტიტანებთან იყო დაკავშირებულიო. უფრო მარტივი იქნებოდა, თავად მეცნიერისთვის ეკითხა ვინმეს. შესაძლოა ასეც მოიქცნენ, მაგრამ მე მისი პასუხი ვერსად ამოვიკითხე. ამიტომ, ვისაც ვინ მოგეწონებათ, ტიტანის სახელიც მასთან დააკავშირეთ.
თუმცა, მეოცე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ის იშვიათი სულაც არ არის. ბევრი მინერალის შემადგენლობაში შედის. დღეს გავრცელების მიხედვით მეცხრე ადგილზეა. ჟანგბადი, სილიციუმი, ალუმინი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი და ტიტანი. დედამიწის ქერქში ტიტანის მასური წილია 0,6% და ეს საკმაოდ ბევრია.
არ გჯერათ? მანგანუმი, ქრომი, თუთია, სპილენძი, ვანადიუმი, ცირკონიუმი, ვოლფრამი, კობალტი და მოლიბდენი ერთად აღებული, ტიტანთან შედარებით სამჯერ უფრო მცირე რაოდენობითაა დედამიწის ქერქში. ტიტანი ბუნებაშიცაა. მარცვლებში, ფოთლებში, ფესვებსა და ღეროებში. ცხოველურ ქსოვილებში. რძესა და ქათმის კვერცხში. მისი რაოდენობა ორგანიზმში მილიგრამობით იზომება. ადამიანის ორგანიზმში 20მგ ტიტანია. ის ჩვენთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ქიმიურად მდგრადია და უძლებს მრავალი განზავებული მჟავის და ტუტეების ხსნარებს. გამონაკლისია, ფტორწყალბადმჟავა, ფოსფორმჟავა და კონცენტრირებული გოგირდმჟავა. იტანს სიცივეს და მაღალ ტემპერატურას, მტკიცე და მსუბუქი ტიტანი თავის ლეგენდარულ სახელს ამართლებს. მეცნიერები მას მომავლის მეტალს უწოდებენ – კოსმოსური ეპოქის მეტალს. თანამედროვე თვითმფრინავების, ვერტმფრენების, რაკეტების კონსტრუქციები, წყალქვეშა ხომალდები, მედიცინაში ორთოპედიული იმპლანტები – სწორედ აქ გამოიყენება დღეს ტიტანი.
ტიტანისგან დანებსაც ამზადებენ, მოთხილამურეები ტიტანის ჯოხებს იყენებენ. ბამბიგტონის რაკეტებიც ტიტანისგანაა. კოროზიისადმი მდგრადია, რადგან ალუმინის მსგავსად ოქსიდის ფენას გადაიკრავს, რომელიც მას შემდგომი დაჟანგვისგან იცავს. საათის სამაჯურებსაც ტიტანის ფენით ფარავენ.
ტიტანის სიმტკიცეზე საუბრისას ჯორჯ ბაირონის ლექსის სტრიქონები მახსენდება:
თმენით გამობრძმედ შენს ნებელობას…”
ტიტანი მრავალი შენადნობის შემადგენლობაში შედის. მოდით, გავიხსენოთ რა არის შენადნობი. ეს არის სისტემა, რომელიც ორი ან მეტი მეტალისგან ან იშვიათად მეტალისა და არამეტალისგან შედგება. შენადნობებს საწყის კომპონენტებთან შედარებით ახასიათებთ დაბალი ლღობის ტემპერატურა, მეტი სიმაგრე და სიმტკიცე. ტიტან/ნიკელის შენადნობს ნიტინოლი ეწოდება და კოსმოსური ანტენის აგებისას იყენებენ. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. გახურებისას გორგალი რამდენიმე კმ-ის სიგრძის ფარგლებში სწორდება.
ნიტინოლისგან დამზადებული სამედიცინო კლიფსებით ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა ხდება. სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული გორგლის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის როლს ასრულებს და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს. გამოდის, რომ Ti/Ni შენადნობს განსხვავებული თვისებები აქვს. მავთული ტემპერატურის გავლენით სხვადასხვა ფორმას ღებულობს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, სისხლძარღვებში კი გორგლის ფორმას იღებს).
ბუნებაში ოქსიდის სახით გვხვდება TiO2. ოქსიდი ამფოტერულია, ტიტანის მარილებისგან ჯერ ჰიდროქსიდს ღებულობენ და სწორედ მისგან წარმოიქმნება ოქსიდი. მინერალები რუთილი, ბრუქითი, ანატასი სწორედ ამ ოქსიდს შეიცავენ. ამასთან ეს მინერალები მუქი ფერისაა, ოქსიდი კი კაშკაშა თეთრი. სხვათა შორის, მისგან ტიტანის მათეთრებელსაც ამზადებენ, რომელიც ტყვიისგან განსხვავებით უვნებელია. მაღალ ტემპერატურაზე გამოშრობისას ოქსიდი კრისტალურ ფორმაში გადადის და ბრილიანტისებურად ელვარებს.
თუ სადმე შეხვდებით წარწერას, საკვები საღებავი E 171, ეს უვნებელი ტიტანის დიოქსიდია.
TiCl4+H2O= TiO2 +4HCl
TiCl3 პოლიპროპილენის წარმოებაში კატალიზატორად გამოიყენება. პოლიპროპილენი პოლიმერიზაციის შედეგად წარმოქმნილი პოლიმერია. მცირე მოლეკულების (მონომერების) უფრო დიდ მოლეკულებად შეერთების პროცესს პოლიმერიზაციის რეაქცია ეწოდება. მაგალითად, უჯერი ნახშირწყალბად ეთილენისთვის ასეთი რეაქცია დამახასიათებელია, შედეგად კი პოლიეთილენი მიიღება. პროპილენის პოლიმერიზაცია კი პოლიპროპილენს წარმოქმნის და ტიტანის შემცველი კატალიზატორიც სწორედ აქ გამოიყენება. ტიტანის შემცველ კატალიზატორს შეიძლება თანაკატალიზატორებიც ჰქონდეს ალუმინის ნაერთების სახით.
გალაკტიონმა კი ტიტანს მიქელანჯელო შეადარა: