ვფიქრობ, ძნელი იქნება წარმოვიდგინოთ ნებისმიერი საცირკო სანახაობა და ღონისძიება ბავშვთა გასართობ ცენტრებში ჯამბაზების მონაწილეობის გარეშე. ჯამბაზები ხომ სასაცილო და მხიარული არსებები არიან და სწორედ ამიტომ, ბავშვების უმეტესობა ნამდვილ სიამოვნებას და აღფრთოვანებას განიცდის მათი დანახვისას. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მათგან თავის არიდებასა და განზე დგომას არჩევენ. მათთვის ჯამბაზები შიშთან და ბოროტებასთან ასოცირდება. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, არ უყვართ ცირკში ყოფნა, მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება, სადაც არა მხოლოდ ჯამბაზები, არამედ სხვა მათი მსგავსი პერსონაჟებიც არიან – მასხარები, ნატურალური ზომის თოჯინები, მულტფილმების გმირები. არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვებს აშინებთ ჯამბაზის ნიღბებიც კი და სპეციფიკური კოსტიუმის სხვა დეტალები, სათამაშოები, სურათები ცირკის თემაზე.
შიში ბავშვისთვის ყველაზე ძლიერი ემოციაა, ამასთან იმდენად ძლიერი, რომ თუ მას ერთხელ რაღაცის შეეშინდა, ის ამ ემოციას მსგავს სიტუაციებში ისევ და ისევ განიცდის. როგორც წესი, ბავშვური შიშები ხშირად თავისით ქრება და არ ტოვებს არანაირ კვალს ფსიქიკაზე. ბავშვი იზრდება, შეიმეცნებს სამყაროს, უცნობი და უცხო მისთვის ნათელი და გასაგები ხდება. ჯამბაზები აღარ ეჩვენება საშიშ უჩინარ არსებებად. თუმცა, ხანდახან შიშის განცდის დროს აღმოცენებულმა მუდმივმა სტრესმა შეიძლება ზრდასრულ ასაკში ნევროზულობის მომატება გამოიწვიოს. ბავშვობის შიშები ხშირად ასევე იწვევს ჩაკეტილობას, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას და რიგ სხვა კომპლექსებს, რაც ხელს უშლის ნორმალურ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან. ადამიანის ზოგიერთი ორგანული დაავადებაც კი შეიძლება ბავშვობის შიშის გამოძახილი იყოს – მაგ. თუ პატარა ტირის ყოველ ჯერზე, როცა ჯამბაზს ხედავს, უფროსების ძალისხმევის შედეგად მან შეიძლება დროულად დაძლიოს ის და დიდობაში, ზრდასრულ ასაკში აღარ ჰქონდეს ჯამბაზების შიში, მაგრამ ორგანიზმი „იმახსოვრებს“ ამ მდგომარეობას და ცირკში მისვლისას ასეთი ადამიანი იგრძნობს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, სუნთქვის გაძნელებას.
ჯამბაზების მთავარი ამოცანა ხომ სხვების გაცინება და არა შეშინებაა. მაშ, რატომ ეშინია ზოგიერთ ბავშვს, და არა მარტო ბავშვს, ჯამბაზების? საიდან მოდის ეს შიში? გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბავშვთა ნებისმიერ შიშს აქვს თავისი მიზეზი და თუ მასში დროულად არ გავერკვევით, დროულად არ მივხედავთ, მაშინ საფრთხესთან მუდმივმა „შეჯახებამ“ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას.
ჯამბაზების შიშის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში:
- ბავშვები განიცდიან შიშს ისეთი რამის მიმართ, რაც არასოდეს შეხვედრიათ. მათ უმრავლესობას ეშინია ყველაფერი ახლის, უცნობის და გაუგებრის, მათ შორის უცხო ადამიანების. ამიტომ, ფართო, ფარფარა ტანსაცმელში გამოწყობილმა წითელცხვირა ჯამბაზმა, რომელიც დახტის, დარბის და მაყურებლებს ეხუტება, შეიძლება ბავშვი არა მხოლოდ ვერ გაართოს, არამედ პატარას მისგან განრიდების სურვილიც კი გაუჩნდეს;
- ბავშვი ადვილად ამოიცნობს ნებისმიერ სიყალბეს, ამიტომ, ჯამბაზის „არანამდვილ“ სიცილსა და ყალბ, გათამაშებულ მხიარულებაში ის საფრთხეს გრძნობს საკუთარი თავისთვის;
- ჯამბაზების შიშის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ისინი, როგორც წესი, მისთვის საკმაოდ უცნაურად, უჩვეულოდ და არაბუნებრივად გამოიყურებიან, ასევე გამოსცემენ უცნაურ ხმებს, აკეთებენ უჩვეულო მოძრაობებს, ხშირად ბავშვისთვის გაუგებრად ხუმრობენ. ცნობილია, რომ პატარები ძალიან მწვავედ რეაგირებენ მათკენ მიმართულ კრიტიკასა და დაცინვაზე. თუ უფროსებს ასე თუ ისე შეგვიძლია ამ ყველაფერზე ადეკვატური რეაგირება და საკუთარ თავზე სიცილი, ბავშვს ამის უნარი არა აქვს, ეს მის შესაძლებლობებს აღემატება. ხანდახან ის ვერც კი ხვდება, რატომ გახდა დაცინვის ობიექტი; არ ესმის მიზეზი, რატომ აქციეს ის სიცილის ობიექტად და ესეც ასევე სერიოზულად აშინებს მას და დისკომფორტს უქმნის. თუ ბავშვს არაკორექტული ურთიერთობის გამოცდილება აქვს, ან ამჩნევდა წარმოდგენისას ანიმატორი როგორ წარუმატებლად ხუმრობდა სხვა მონაწილეებზე, ის ფრთხილად იქნება, რომ დამსწრეთა წინაშე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს;
- ბავშვს შეიძლება ეშინოდეს ჯამბაზების, რადგანაც ეს უცნაური არსებები მისთვის აგრესიას განასახიერებენ. პატარას ყველაზე მეტად ჯამბაზების მაკიაჟი აშინებს, განსაკუთრებული მაკიაჟი აქცენტებით უზარმაზარ პირზე და წითელ ცხვირზე. ამასთან, ბავშვისთვის გაუგებარია, რატომ არის საჭირო სახეზე ღიმილის დახატვა, როცა უბრალოდ ნამდვილად შეგიძლია, გაიღიმო. პატარა ვერ პოულობს ახსნას უცნაური მაკიაჟისთვის და ამიტომ უჩნდება შიშის გრძნობა უცნობის წინაშე;
- ბავშვის შიშსა და შფოთვას ხშირად ამძაფრებს ჯამბაზის სახის საღებავებსა და ტანსაცმლის ფერებში ალისფრის სიჭარბე. წითელი ფერის კაშკაშა ტონები სისხლთან და თავდასხმის მოლოდინთან ასოცირდება;
- ჯამბაზების შიში შეიძლება პროვოცირებული იყოს შემთხვევით ნანახი ფილმით ან მულტფილმით, რომლის სიუჟეტშიც ჯამბაზი დადებით პერსონაჟად არ არის წარმოდგენილი;
- სტრესი, რომელიც შესაძლოა ბავშვმა წინა წვეულებაზე განიცადა, ასევე შეიძლება გახდეს ჯამბაზების შიშის გამომწვევი მიზეზი. თუ პატარა მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩართეს შეჯიბრებაში, თამაშში, ან უხერხულად იგრძნო თავი, როდესაც ყველა დამსწრე იცინოდა, მას ერთგვარი შიშის გრძნობა დაეუფლება და უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება ჩატარებული ღონისძიებისა და მისი წამყვანების მიმართ.
რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს ჯამბაზების შიშის დაძლევაში:
- ცირკში ან ბავშვთა წვეულებაზე წასვლამდე საჭიროა წინასწარ მოვამზადოთ ბავშვი. აუცილებელია, ავუხსნათ, რომ ჯამბაზები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არა რაღაც უჩვეულო, უცნაური არსებები, რომ ის დაინახავს არა რაიმე უჩვეულო არსებებს, არამედ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ ძალიან უყვართ დღესასწაულები და ამიტომ ბავშვების გასამხიარულებლად კაშკაშა და სასაცილო კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. ისინი ძალიან კეთილი არიან. უცნაური ტანსაცმელი და წითური პარიკები კი მათ მხოლოდ ბავშვების გასაცინებლად სჭირდებათ;
- შეგვიძლია სახლში ბავშვთან ერთად ვითამაშოთ ჯამბაზობანა – შევუღებოთ ერთმანეთს სახეები, ჩავიცვათ სასაცილო ტანსაცმელი, კაშკაშა და მოცულობითი კოსტიუმი. გამოვიყენოთ ჯამბაზების ყველანაირი აღჭურვილობა. თამაშის პროცესში პატარა გაიგებს, რომ გარეგნობის შეცვლა მარტივად შეიძლება და ჯამბაზი ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ მისი სახე მაკიაჟის ფენის ქვეშ იმალება;
- როდესაც რაიმე ღონისძიებაზე ჯამბაზს შევხვდებით, სასურველია, საკუთარი მაგალითით ვუჩვენოთ პატარას, რომ საშიში არაფერია, შიშის არანაირი საფუძველი არ არსებობს – მივუახლოვდეთ ჯამბაზის როლში მყოფ მსახიობს, ვთხოვოთ ფოტოს გადაღება, ბავშვთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა მის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონკურსში ღონისძიების მსვლელობისას. შესაძლოა იმის დანახვამ, რომ არაფერია საშიში, ბავშვს გაუჩინოს თამაშში დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშე ჩართვის სურვილი;
- ღონისძიების დაწყებამდე აუცილებლად მივაწოდოთ ინფორმაცია ანიმატორებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ბავშვი შეიძლება შეაშინოს ჯამბაზის ზედმეტად კაშკაშა მაკიაჟმა ან მის მიერ გამოცემულმა ხმამაღალმა ბგერებმა, სიცილმა, ყვირილმა, კივილმა;
- თუ ვიცით, რომ წვეულებაზე ანიმატორები კონკრეტული მულტფილმების პერსონაჟების კოსტიუმებში იქნებიან გამოწყობილი, აუცილებლად ვუყუროთ ამ მულტფილმს ბავშვთან ერთად. ვკითხოთ, სურს თუ არა ამ პერსონაჟების რეალურ ცხოვრებაში ნახვა ისეთებად, როგორებადაც მას ისინი წარმოუდგენია, რათა წვეულებაზე ამოიცნოს ისინი და არ შეეშინდეს;
- ვთხოვოთ ბავშვს, დახატოს მხიარული და სასაცილო ჯამბაზი, ან გააფერადოს თემატური ნახატი;
- მოვიფიქროთ რაიმე საინტერესო ზღაპარი მამაც, გულად, კეთილი და ძალიან სასაცილო ადამიანის თავგადასავალზე, რომელსაც სურდა, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი გაღიმებული ენახა და ამიტომ აირჩია თავისთვის ჯამბაზის კოსტიუმი;
- წინასწარ შევუთანხმდეთ ანიმატორს, რომ მან ჩვენს პატარას გადასცეს საჩუქარი, რომელსაც ჩვენ თავად მოვამზადებთ. თუ ჯამბაზი რაიმეს აჩუქებს ბავშვს კარგი ქცევისთვის ან უბრალოდ იმიტომ, რომ მას პატარა მოეწონა, ბავშვისთვის ის ავტომატურად უცნაური და გაუგებარი პერსონაჟიდან ნამდვილ მეგობრად გადაიქცევა;
- თუ შევამჩნევთ, რომ ჯამბაზის გამოჩენამ ბავშვში შფოთვა გამოიწვია, ავიყვანოთ ხელში, ჩავეხუტოთ, შეიძლება გვერდზე გავიყვანოთ და კალთაში ჩავისვათ. ჩვენი ასეთი ქმედებები შესაძლებლობას მისცემს ბავშვს იგრძნოს, რომ ის დაცულია, ახლობელი ადამიანი გვერდითაა და ზრუნავს მასზე. შეიძლება ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს ბავშვის დასამშვიდებლად, მაგრამ თუ ამ გზით მის დამშვიდებას ვერ შევძლებთ, გავიდეთ მასთან ერთად გვერდით ოთახში, ან გარეთ. აუცილებელია მატრავმირებელი ფაქტორებისაგან ყურადღების გადატანა სხვა ობიექტებზე – სათამაშოზე, ძაღლზე, მანქანაზე. საჭიროა ბავშვთან საუბარი მშვიდი ხმით, მღელვარების გამოვლენის გარეშე;
- შეიძლება ისე მოხდეს, რომ ბავშვმა, რომელმაც სტრესი განიცადა, კატეგორიული უარი თქვას იმ ოთახში დაბრუნებაზე, რომელშიც ჯამბაზთან უსიამოვნო შეხვედრა ჰქონდა. გონივრული იქნება ღონისძიებიდან წასვლა დაბრუნების დაჟინებული მოთხოვნის გარეშე. სახლში, როდესაც ბავშვი დამშვიდდება, კარგი იქნება, ვესაუბროთ მას და გავარკვიოთ, რამ გამოიწვია შფოთვა. შევეცადოთ გავფანტოთ მისი შიშის და შფოთვის გამომწვევი აზრები და ფიქრები.
დაბოლოს, არ შეიძლება თვალის დახუჭვა ბავშვის განცდებსა და შიშებზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. მით უმეტეს, დაუშვებელია მათზე სიცილი. შიშის დასაძლევად ბავშვს სჭირდება უფროსების დახმარება, დაცვა და ისინი ამას, პირველ რიგში, მშობლებისგან ელიან.