სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

საშინელებათა ჟანრი დღეს: აგუსტინა ბასტერიკას „Cadáver exquisito“

ამ წიგნზე დაწერას არ ვაპირებდი. მაგრამ მისი წაკითხვიდან უკვე ლამის წელიწადი გავიდა და ახლაც თავს მახსენებს.

ბოლო დროს, ძირითადად, საშინელებათა ჟანრის წიგნებს ვკითხულობ – თვითონ ვსინჯე ამ ჟანრში წერა, ჩვენ კი ტრადიცია არა გვაქვს. ამიტომ საჭიროა, ვიცოდე, ლიტერატურაში ამ მხრივ რა ხდება. ჩემი პირველი დაკვირვება ისაა, რომ ლათინოამერიკელი მწერალი ქალები აქტიურად წერენ საშინელებათა ჟანრის ტექსტებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია აგუსტინა ბასტერიკაც, რომლის მხოლოდ ეს ერთი წიგნი წავიკითხე ჯერჯერობით და ისე შემზარა, ამ მწერალს, ვატყობ დიდხანს ვეღარ მივუბრუნდები. წიგნს ინგლისურ თარგმანში ჰქვია „Tender is the Flesh“ – „ნაზია ხორცი“. ნიუ-იორკის უძველეს დამოუკიდებელ წიგნის მაღაზიაში „Strand Bookstore“ ვიყიდე, კითხვა ამერიკაშივე დავიწყე, გზაში განვაგრძე და საქართველოში დავასრულე. წიგნს სქელი ნამდვილად არ ეთქმის, სიუჟეტიც ჩამთრევი აქვს. უბრალოდ, რაც იქ ხდება, იმდენად შემზარავია, შეუძლებელია, ტექსტის, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა.

ამბავი კი არის ასეთი: გაურკვეველმა ვირუსმა ცხოველები გაწყვიტა და მსოფლიოში ადამიანის ხორცის ჭამა გახდა ლეგალური. ოღონდ, ეს ადამიანები ფერმებში გამოჰყავთ და „ადამიანს“ არ ეძახიან (ეს კანონით ისჯება). ინგლისურ თარგმანში მათი აღმნიშვნელი სიტყვაა „head“ ანუ „სული“, რასაც ცხოველზე ვიტყვით – „ერთი სული პირუტყვი“. ასევე: „მდედრი“ და „მამრი“. მაგრამ ტექსტში ჩანს, რომ ეს ჩვეულებრივი, გონიერი ადამიანები არიან და მეტყველება რომ არ ისწავლონ და არც ზედმეტი ხმაურით შეაწუხონ მფლობელი, ამიტომ უკლებლივ ყველას აცლიან სახმო სიმებს.

რომანის მთავარი პერსონაჟი, მარკოსი, რომლის პერსპექტივიდანაც არის დანახული ამბავი, ლაბორატორიის ადამიანების ხორცს არ ჭამს. ის მუშაობს ერთგვარ საყასბოში, მისი მოვალეობა პროდუქტის რეალიზაცია და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებაა. მარკოსის შინაგანი კონფლიქტი ტექსტში თავიდანვე ცხადად ჩანს: იგი იძულებულია, ეს სამსახური ჰქონდეს, რომ დემენციით დაავადებულ მამას მოუაროს და მისი მშვიდი სიკვდილი უზრუნველყოს, რადგან უპატრონო მიცვალებულებიც, ასე ვთქვათ, სარეალიზაციოდ გამოიყენებიან.

სწორედ აქაა ტექსტის მთავარი ღირსება: გვგონია, რომ ჩვენ წინაშე კლასიკური დისტოპიაა – მთავარი მოქმედი პირი სისტემის წინააღმდეგ, სისტემა დაიშლება, პროტაგონისტი გადარჩება. მაგრამ არა, ეს კლასიკური სქემა მალევე თავზე გვემხობა – მარკოსი, რომელიც თავის დასთან შედარებით, თავის უფროსთან შედარებით, ჰუმანური გვეჩვენება, სინამდვილეში, მათსავით საზიზღარი მოძალადეა, მათსავით ფარისეველია და, შეიძლება, მათზე უარეს ბოროტებაშიც უდგას ფეხი – მარკოსი თავადაა ამ სისტემის შემოქმედი და მისი კანონმდებელი, მაგრამ ეს არაა მთავარი სიუჟეტური მოულოდნელობა. მთავარი სიუჟეტური მოულოდნელობა ფინალია, რომელშიც გაცხადებულია: ტოტალური ბოროტების პირობებში ყოველგვარი სიკეთე, სიყვარული, მზრუნველობა, თანაგრძნობა, მოჩვენებითია და ყალბი, ილუზიური. საერთოდ, ტოტალური ბოროტების პირობებში შეუძლებელია, დარჩე ადამიანად ანუ ცოცხალ, გონიერ არსებად, რომელსაც მორალური პრინციპები აქვს.

ვიზაფრებით, როცა ვკითხულობთ, როგორ მიდის მარკოსი თავის დასთან, მარისასთან, რომელმაც თავისი მამის ქელეხი სატრაბახო სანახაობად აქცია. მარისას სამზარეულოში მარკოსი კულინარიის წიგნს აღმოაჩენს. წიგნში აღწერილია, როგორ უნდა ჩამოათალო ხორცი ჯერ კიდევ ცოცხალ პირუტყვს ისე, რომ მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები არ დაზიანდეს. ამგვარად მომზადებული ხორცი განსაკუთრებით ნაზი გამოდის. აღშფოთებული და გამწარებული მარკოსი შეამჩნევს: სამზარეულოში რკინის კარი დაუმატებიათ, ადრე რომ იქ არ იყო. მიუახლოვდება, კარის პატარა სარკმელში შეიხედავს და დაინახავს შიშველ და შეშინებულ მდედრს, რომელსაც ცალი ხელი არა აქვს.

მაგრამ ეს საშინელი სცენა სრულიად არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მარკოსი თავად ჩაიდენს…

ხომ არის წიგნები, ჩვენი კულტურის ნორმებს რომ ჩამოამსხვრევს და ღირებულებათა სისტემას თავდაყირა აყენებს? აი, აგუსტინა ბასტერიკა უფრო შორს მიდის – მის რომანში კულტურა კი არა, ბუნებაც აღარ არსებობს. აქ აღარაფერია ბუნებრივი, აღარაფერია ადამიანური, აღარაფერი ის, რაც ადამიანს თავისთავად ახასიათებს, წმინდად ბიოლოგიური თვალსაზრისით, აქ აღარ არის. თვით ისეთი სრულიად ბუნებრივი მოვლენაც კი, როგორიც სექსუალური კავშირია, ტექსტში სრულიად ბუნებასთან შეუთავსებლად გამოიყურება – არა იმიტომ, რომ რამე ძალადობრივია ან განზრახ ზიზღის გამოსაწვევად აღწერილი (თუმცა ამისი მაგალითებიც არის), არა; უბრალოდ, ზოგადი კონტექსტია ასეთი და ამ კონტექსტში რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი მისი შემზარაობით შეიბილწება. და რაც ყველაზე უარესია, გამართლება აქვს ყველას: მარკოსსაც, მის დასაც, თავისი საქმის ოსტატ ყასაბსაც, ერთი დარეტიანებით რომ კლავს პირუტყვს, და ამ სისტემის ზედა ფენის წარმომადგენლებსაც: ზოგისთვის ეს გამართლება თავის რჩენაა, ზოგისთვის – ოჯახი, ზოგისთვის – ფული, ზოგისთვის – უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვების სურვილი, ზოგს კი არც სჭირდება არავითარი გამართლება და ამაყობს კიდეც, რომ ცამეტი წლის მდედრი შეჭმამდე ჯერ გააუპატიურა…

ეს ამბავი როგორ უნდა დამთავრდეს? საერთოდ, შესაძლებელია, რომ დამთავრდეს?

წიგნის ფინალს ბოლო რეგისტრში აჰყავს ყველაფერი ის, რაც მანამდე გვზაფრავდა კითხვისას: მეორე მთავარი პერსონაჟი, რომელიც ადამიანია, მაგრამ პირუტყვია, ქალია, მაგრამ მდედრია, კომუნიკაციის უნარი აქვს, მაგრამ მთელ ტექსტში ერთ სიტყვასაც არ ამბობს, მშობიარობს და ჩვენ მართლა ვხედავთ, როგორც ამას მარკოსი უწოდებს, „მოშინაურებული ცხოველის ადამიანურ მზერას“.

მიუხედავად ამ შემზარავი სიუჟეტისა, მე მაინც გირჩევდით ავგუსტინა ბაცტერიკას ამ წიგნის წაკითხვას, თუკი მის დედანზე ან თარგმანზე მიგიწვდებათ ხელი. მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენც წარმოუდგენელი მასშტაბის სიბინძურე, სისასტიკე და ბოროტება გვაკრავს ირგვლივ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“