ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
18 აგვისტო, ორშაბათი, 2025

საზაფხულო თამაშები ოჯახისთვის

ბავშვები განსაკუთრებით ელიან ზაფხულის დადგომას, მიზეზი ბევრია. დასვენების ხანგრძლივი დღეები, მონატრებულ ბებია-ბაბუასთან ჩასვლა, დღეების ეზოში გატარება და კიდევ მრავალი. როგორ შეიძლება ბავშვებისთვის ეს პერიოდი ნაყოფიერი, განმავითარებელი და შემოქმედებითი გავხადოთ? რაც შვილი შემეძინა, ჩემს ყოველდღიურობას სხვა საფიქრალიც დაემატა, როგორ გავატარო ჩემს შვილთან საინტერესოდ დღეები? გიზიარებთ რამდენიმე გამოცდილებას, რომელიც დავაგროვე და ასევე იდეებს, რომლებსაც განვახორციელებ სამომავლოდ, შვილის ასაკის მატებასთან ერთად.

პირველ რიგში საჭიროა გეგმის შედგენა, რომელსაც რუტინად აქცევთ. შეიმუშავე გეგმა – რას გააკეთებთ დღის განმავლობაში. შეგიძლიათ ძალიან მარტივით დაიწყოთ, დილას თავის მოწესრიგებით, საუზმით. ბავშვს წინასწარ გააცანით დღის გეგმა – რას უნდა ელოდოს დღევანდელი დღისგან. თუმცა აქვე ისიც აუხსენით, რომ შესაძლოა გეგმები შეიცვალოს გარემოებიდან გამომდინარე. გეგმის წინასწარი ცოდნა დაეხმარება მას დღის წარმოდგენასა და მობილიზაციაში.

თამაში ქვებით

ამ თამაშისთვის დაგჭირდებათ სხვადსხვა ზომის ქვა, საღებავები, წყალგამძლე მარკერი. ბავშვთან ერთად შეაგროვეთ ეზოში ქვები, გაასუფთავეთ. შეღებეთ საღებავით, გაშრობის შემდეგ კი დაიწყეთ თამაში. სთხოვეთ ქვები დაალაგოს ფერებისა და ზომის მიხედვით. ყურადღების კონცენტრაციის მიზნით დაუწყვეთ რამდენიმე, მაგალითად ოთხი. შემდეგ ერთი აიღეთ და სთხოვეთ გაიხსენოს, რომელი ფერის ქვა აკლია. დააწერეთ ქვებს ასოები და ციფრები. ააწყვეთ შვილთან ერთად სიტყვები, ციფრების გამოყენებით დაალაგეთ ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით.

მცენარეზე ზრუნვა

თუ ისეთ ადგილას იმყოფებით, სადაც გაქვთ მცენარეების დარგვის შესაძლებლობა, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი. შეარჩიეთ ერთად მცენარე, ისაუბრეთ მის შესახებ, მიაწოდეთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოუაროს. შემდეგ კი დარგეთ მცენარე და ყოველდღიურად იზრუნეთ მასზე. ამ აქტივობით პასუხისმგებლობა და ზრუნვა განვითარდება. ამის პარალელურად იზრუნეთ სხვა მცენარეებზე, რომლებიც თქვენ გარშემოა – დაუსხით წყალი, თუ საჭიროა, რომელიმე მცენარეს მოაცილეთ დაზიანებული ნაწილები. ბუნებასთან ურთიერთობა შეგიძლიათ ლაშქრობებით გააღრმაოთ. მოინახულეთ ახლომდებარე მდინარე, ტბა, ხუროთმოძღვრების ძეგლი თუ სხვა. თითოეული სანახაობის შემდეგ დატოვეთ რაიმე სამახსოვრო, ფოტო, ჩანაწერი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დღის ბოლოს შეაჯამოთ ნანახი.

კულინარია ერთად

მოამზადეთ ერთად საზაფხულო კერძები. თქვენთან ერთად სთხოვეთ, მოამზადოს საზაფხულო სალათა. მომზადების დროს ესაუბრეთ თითოეული ბოსტნეულის სასარგებლო თვისებაზე, რა ვიტამინებს შეიცავს, რა სარგებლობას მოაქვს. ასევე შეგიძლიათ ერთად გამოაცხოთ ღვეზელი პიცა, რაც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს. უამბეთ საოჯახო ტრადიციული რეცეპტის შესახებ, რომელიც თაობებისგან გადმოგეცათ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, მოამზადეთ შესაბამისი კერძი. თითოეული კერძის დამზადების შემდეგ დაწერეთ რეცეპტი, სთხოვეთ ბავშვს, გააფორმოს ის ილუსტრაციით. საბოლოო ჯამში საზაფხულო კერძების რეცეპტების წიგნი გექნებათ.

დაიჭირე წამი

ბავშვებს პატარა ასაკიდან უყვართ გაჯეტებთან ურთიერთობა. შეგვიძლია ეს სურვილი და ინტერესი სასარგებლო კუთხით დავუკმაყოფილოთ. ვთხოვოთ დღის განმავლობაში გადაიღოს ერთი ფოტო, რომელზეც ასახული იქნება მისთვის საინტერესო მოვლენა. ფოტოს გადაღების შემდეგ სთხოვეთ ისაუბროს, რა იყო განსაკუთრებული ამ კადრში? რამ მიიქცია მისი ყურადღება? რამეს ხომ არ შეცვლიდა? ამ პატარა სახალისო აქტივობით მის შემოქმედებით უნარს, ფანტაზიას გავაღვივებთ.

ცხადია, თითოეული აქტივობა შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვის ასაკისა და ინტერესებიდან გამომდინარე. გაითვალისწინეთ, რომ ბალანსი მნიშვნელოვანია. ბავშვი არ უნდა გადაიტვირთოს აქტივობებით, მას უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო თამაშისთვის, დასვენებისთვის, ფიქრისთვის. თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ, წაახალისოთ და შესთავაზოთ საინტერესო აქტივობები, რომლებიც მის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“