სამშაბათი, ივლისი 22, 2025
22 ივლისი, სამშაბათი, 2025

ინტერნეტი და მოზარდი – როგორ მოქმედებს სოციალური მედია მოზარდის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაზე

დღეს, როცა ინტერნეტი ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურობის ნაწილია, სულ უფრო ხშირად იკვეთება მისი ჭარბი გამოყენების ნეგატიური გავლენა სწავლაზე და აკადემიურ წარმატებაზე. სოციალურ ქსელებში დროის დიდხანს გატარება, ინფორმაციული გადატვირთვა, ყურადღების დეფიციტთან ერთად, ქმნის სერიოზულ გამოწვევებს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. ამ საკითხებზე ვესაუბრებით ფსიქოლოგს, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტს და არტთერაპევტს, ნინო დუმბაძეს.

 

ნინო, მოგესალმებით. გთხოვთ, გვესაუბრეთ, როგორ მოქმედებს ინტერნეტის, სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება ბავშვების საგანმანათლებლო უნარებზე, მოტივაციასა და შრომისუნარიანობაზე? დღეს ეს საკითხი თანაბრად აწუხებთ როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს…

 

ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ინტერნეტ-დამოკიდებულება იქცა გლობალურ სოციალურ და საგანმანათლებლო გამოწვევად. მისი გავლენა განსაკუთრებით ცხადად აისახება ბავშვების აკადემიურ მოტივაციასა და შრომისუნარიანობაზე.

დღესდღეობით ბავშვების მოტივაცია სწავლაში საგრძნობლად დაცემულია. მე ვიტყოდი, ესაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღევანდელ სკოლაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ არ ესმით სწავლის პრაქტიკული მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში. ბევრი ახალგაზრდა ხედავს, რომ ინტერნეტით (მაგ. ვიდეოების გადაღებით, თამაშებით, სოციალური მედიის მეშვეობით) შესაძლებელია შემოსავლის მიღება კლასიკური განათლების გარეშე. ამიტომ სწავლა აღიქმება როგორც მოძველებული და დროის კარგვა.

რაც შეეხება შრომისუნარიანობას, საინტერესო სურათი გვაქვს: ბევრ ბავშვს არ აქვს მოტივაცია სასკოლო ამოცანებისადმი, მაგრამ დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით მუშაობენ იმ პროექტებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია; მაგალითად, კონტენტის შექმნაზე, თამაშებზე, ან ვიდეო რედაქტირებაზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომისუნარიანობა არ გამქრალა, ის მხოლოდ ტრანსფორმირებულია და გადატანილია სხვა მიმართულებებში.

და დიახ, თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოტივაციის ნაკლებობაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სასკოლო განათლება ხშირად ვერ პასუხობს დღევანდელი ახალგაზრდობის ცნობისმოყვარეობასა და ინტერესებს. ამიტომ აუცილებელია განათლების შინაარსისა და ფორმატის გადახედვა ისე, რომ ის რეალურ ცხოვრებას შეეხოს და ციფრულ ეპოქაში მოზარდების ინტერესებს უპასუხოს.

 

ბავშვებისთვის სოციალური არხები TikTok და Instagram, გართობის გარდა, ინფორმაციის მიღების წყაროცაა. შეიძლება თუ არა ეს არხები სასწავლო რესურსად იქცეს და როგორ უნდა მოხდეს ამის სწორად ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში?

 

სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა TikTok და Instagram, თანამედროვე ბავშვებისა და მოზარდებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. ეს რეალობა შეიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე სერიოზულ რისკებს. სწორედ აქ იმალება დღევანდელი განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არხებზე შესაძლებელია საგანმანათლებლო კონტენტიც, მათი უმეტესობა მაინც არ კონტროლდება და არ გადის ხარისხიან ფილტრაციას. ბავშვს, რომელსაც ჯერ არ აქვს სრულად ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნება, ხშირ შემთხვევაში უჭირს, გაარჩიოს სიმართლე ტყუილისგან. ეს მე პირადადაც გამოვცადე, როცა ჩემმა შვილმა სერიოზულად დაიჯერა აბსურდული ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის, როგორც უფროსისთვის, აშკარად მცდარი იყო.

ამ პლატფორმებზე მიღებული ინფორმაცია ხშირად ზედაპირულია, სიღრმისეულ განხილვას მოკლებულია და იშვიათად ეხმარება ბავშვს საკითხის სრულფასოვნად გააზრებაში. სწორედ ეს

 

ქმნის ზედაპირული აზროვნების კულტურას, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას.

მაგრამ, აკრძალვა არ არის გამოსავალი, რადგან სოციალური მედია ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორი გზა, ალბათ, არის მათი შერჩევითი და მიზნობრივი ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება მოიყვანოს კონკრეტული TikTok-ვიდეო და გაკვეთილზე განიხილოს:

  • რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია?
  • რას ეყრდნობა ავტორი?
  • როგორ უნდა გადავამოწმოთ ის?

 

ასეთ მიდგომას აქვს ორი სარგებელი: ერთი მხრივ, სწავლა ხდება ბავშვისთვის უფრო საინტერესო და რეალურ სამყაროსთან დაკავშირებული; მეორეს მხრივ, ბავშვი სწავლობს კრიტიკულად ფიქრს, ანალიზსა და კითხვების დასმას, რაც უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის გადაჭარბებულ ეპოქაში.

TikTok და Instagram არ უნდა იყვნენ მთავარი სასწავლო რესურსები, მაგრამ მათ შეუძლიათ შეასრულონ დამხმარე და შინაარსის გამამდიდრებელი ფუნქცია, იმ შემთხვევაში, თუ სწორად იქნება შერჩეული მასალა და იქნება ჩასმული საგანმანათლებლო კონტექსტში. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსების თანადგომა რეგულარული კომენტარებით, ინფორმაციის გადამოწმება და თანამონაწილეობა.

 

ბავშვები სოციალურ მედიაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე წიგნებსა და სასწავლო მასალასთან როგორ შეიძლება ამ ბალანსის აღდგენა?

 

ბალანსის აღსადგენად აუცილებელია დროის მართვისა და ტექნოლოგიის ჯანმრთელი გამოყენების სწავლება. მშობლებმა და სკოლამ ერთად უნდა ჩამოაყალიბონ მკაფიო, მაგრამ გონივრული წესები ეკრანთან დროის შესახებ. წიგნიერება უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი, დამაკავშირებელი რეალურ ცხოვრებასთან, ინტერესებზე მორგებული მასალებით. ეკრანულ დროს არ უნდა ვეწინააღმდეგოთ აკრძალვით, არამედ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივები: საინტერესო წიგნები, საერთო კითხვის დრო, კითხვა თამაშად ან ოჯახის ყოველდღიურ რიტუალად ქცეული. მთავარია, ბავშვმა არ იგრძნოს, რომ წიგნი ვალდებულებაა. უნდა დავანახოთ, რომ ის გზაა აღმოჩენისა და სიამოვნებისთვის.

 

სწავლა რთული პროცესია, მას სჭირდება გარკვეულ მზაობა, კონცენტრაცია და ენერგია. სოციალურ მედიაში ხანგრძლივად გატარებული დრო როგორ მოქმედებს ბავშვების კონცენტრაციას და ყურადღების შენარჩუნების უნარზე სასწავლო პროცესში?

 

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად ბავშვებში ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება იქცა. ეს არის ნომერ პირველი ჩივილი როგორც მასწავლებლების, ისე მშობლების მხრიდან. ამ ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სოციალური მედიისა და ეკრანებზე დამოკიდებულების ზრდაა.

სოციალური მედიის პლატფორმები, აგებული არიან ისე, რომ კონტენტი მიწოდებულია სწრაფად, მოკლე მონაკვეთებად, რაც აფორმატებს ტვინის ყურადღების მუშაობის სტილს. ბავშვები ეჩვევიან მუდმივად ცვალებად, სწრაფ სტიმულებზე რეაგირებას და უჭირთ ხანგრძლივად ერთი თემის გარშემო ფოკუსირება. ინფორმაცია მოცემულია ფრაგმენტულად, რაც არ უწყობს ხელს ღრმა გააზრებასა და აზრობრივ დამუშავებას.

გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება ზრდის დოფამინის გამომუშავებას რაც ქმნის სიამოვნების მოლოდინის დამოკიდებულებას. ბავშვები სწრაფად ეჩვევიან ამ სიამოვნების ციკლს და მათ სულ უფრო მეტი დრო სჭირდებათ ეკრანებთან, რათა იგივე ეფექტი მიიღონ. შედეგად, სხვა აქტივობებს მათ შორის სწავლას ნაკლებად განიცდიან როგორც საინტერესო ან საჭირო საქმეს.

ამ ფონზე, რთულდება ემოციური თვითრეგულაცია, ფოკუსის შენარჩუნება და ამოცანებზე მონდომებით მუშაობა. სასკოლო დავალებები, რომლებიც მოითხოვს დროის, მოთმინებისა და ერთ წერტილზე კონცენტრაციის უნარს, ხშირად ბავშვებში უარყოფით რეაქციას იწვევს. ისინი სწრაფად კარგავენ ინტერესს და იწყებენ ყურადღების გადართვას სხვა სტიმულებზე.

 

როგორ მოქმედებს სოციალური მედიის გავლენით წარმოშობილი იდეალური ცხოვრების სურათებიბავშვების თვითშეფასებასა და თვითდამკვიდრების მცდელობაზე რეალურ ცხოვრებაში?

 

რა თქმა უნდა – ნეგატიურად. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს „სურათები“ რეალობას არ ასახავს. ისინი დამუშავებული, გაფილტრული, სარეკლამო მიზნებზე მორგებული კონტენტია, რომელსაც ბავშვი, განსაკუთრებით მოზარდი, ხშირად აღიქვამს როგორც ერთადერთ სინამდვილეს. უჩნდება განცდა: „ყველა ბედნიერია, ყველას ცხოვრება კარგად მიდის – მარტო მე ვარ უიღბლო”. და ეს პირდაპირ ურტყამს თვითშეფასებას.

ამ მახეში მხოლოდ ბავშვები კი არა, უფროსებიც ებმებიან. თუმცა ბავშვს არ აქვს ჯერ საკმარისი გამოცდილება იმის გასაგებად, რომ ეს იდეალური სურათები ხშირად სცენარითაა შექმნილი. შედეგად, ბავშვი ცდილობს, დაემსგავსოს ვიღაც სხვა ადამიანს, რომელიც, შესაძლოა, თავადაც თამაშობს როლს. აქ უკვე ირღვევა ბუნებრიობა, იშლება ინდივიდუალობა, აღარ აქვს ადგილი კრეატიულობას.

ბავშვს ეკარგება რწმენა საკუთარი თავისადმი. ეჭვი უჩნდება საკუთარ ღირებულებაში. ცდილობს იყოს ისეთი, როგორსაც ეკრანზე ხედავს – იდეალური გარეგნობით, იდეალური ცხოვრებით, იდეალური ურთიერთობებით. მაგრამ ამ „ხატთან“ მიახლოება ხშირად შეუძლებელია, და როცა არ გამოსდის, მოდის იმედგაცრუება, სტრესი, თავის დაძაბუნება. ახალგაზრდები საკუთარ გარეგნობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც კი სწირავენ ამ „იდეალის“ შესაფერის ფორმაში ჩასაჯდომად.

რაც კიდევ უფრო მძიმეა – ის, რომ ამ სოციალურ სივრცეში განსხვავებულობა თითქმის არ არის ასატანი. ყველა უნდა დაემსგავსოს ერთმანეთს. და თუ ვინმე არ ჯდება ამ ჩარჩოში – სწრაფად ხდება კრიტიკის, დაცინვის ან იგნორის მსხვერპლი. რეალურად, „იდეალისგან“ გადახრა განიხილება როგორც უარყოფითი მოვლენა, მაშინ როცა სწორედ განსხვავებულობაა ადამიანის ნამდვილი სიმდიდრე.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია უფროსების თანადგომა. ბავშვს სჭირდება, რომ გვერდით ჰყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც დაეხმარება, გააცნობიეროს – სოციალურ მედიაში მოცემული სურათები არ არის ერთადერთი რეალობა. აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ღირებულება მოდის არა გარეგნული ფორმიდან, არამედ შინაარსიდან – პიროვნულობისგან, უნარებისგან, განსხვავებულობისგან. უნდა გავაძლიეროთ მათი რწმენა, რომ თავისებურება არ არის სისუსტე – ეს არის ძალა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვების ფსიქიკური კეთილდღეობა. არის თუ არა კავშირი ბავშვებში დეპრესიის, შფოთვისა და სოციალურ მედიაში გადაჭარბებულ ყოფნას შორის?

 

დიახ, არის. და ეს კავშირი უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება თანამედროვე ბავშვების ყოველდღიურობაში. სოციალური მედიით გადატვირთულმა ციფრულმა რეალობამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ბავშვების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით თვითშეფასებაზე, ემოციურ სტაბილურობაზე და სოციალური შედარებისკენ მიდრეკილებაზე.

სოციალურ მედიაში ბავშვები ხშირად აწყდებიან იდეალურად გაფორმებულ ცხოვრებას: ლამაზი სხეულები, ბედნიერი სახეები, მოგზაურობები, მეგობრული წრეები და ეს ყველაფერი იმგვარადაა წარმოდგენილი, თითქოს ის ნამდვილი და ყოველდღიური რეალობაა. მაგრამ სინამდვილეში ეს არის შერჩეული, გაფილტრული, ხშირად სცენარით აწყობილი შთაბეჭდილებების ნაკრები. და როცა ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია საკუთარი თავის აღმოსაჩენად, ამ მასალებს უყურებს ყოველდღიურად, ბუნებრივია, სვამს კითხვას: „რატომ არ მაქვს მე ასეთი ცხოვრება?” და აქ ჩნდება შფოთვა, უკმაყოფილება, წარუმატებლობის განცდა და საბოლოოდ დეპრესიისკენ მიდრეკილება.

წინა პასუხშიც ვთქვით, ბავშვები ცდილობენ, დაემსგავსონ სოციალურ მედიაში არსებულ იდეალურ ხატს, რომელიც ხშირად არც არსებობს. ეს მუდმივი შედარება, მსგავსებისაკენ სწრაფვა, საკუთარი თავის დაჩრდილვა და ინდივიდუალობის წაშლა, დიდ დარტყმას აყენებს ბავშვის ფსიქიკას. შფოთვა იზრდება: „რას იტყვიან სხვები?”, „საკმარისი ვარ თუ არა?”, „როგორ დავრჩე შიგნით ამ სოციალურ წრეში?”, რაც ყველაზე სავალალოა, ბავშვი მარტო რჩება ამ კითხვებთან.

ამიტომ, სოციალური მედიის გადაჭარბებულად გამოყენებას ნამდვილად აქვს კავშირი ბავშვებში დეპრესიისა და შფოთვის ზრდასთან. და აქაც, როგორც ყოველთვის, მთავარი როლი ეკისრება უფროსების თანადგომას. ბავშვებს სჭირდებათ არა აკრძალვები, არამედ თანაზიარობა, მიმართულება და ემოციური მხარდაჭერა. აუცილებელია, დავეხმაროთ მათ იმის გაცნობიერებაში, რომ სოციალური მედია მხოლოდ ნაწილია სამყაროსი და რომ მათი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც ეკრანზე ჩანს.

 

გმადლობთ ძალიან საინტერესო პასუხებისთვის, და ბოლოს, რა იქნება თქვენი როგორც ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებისთვის?

 

უპირველესად დავიწყოთ საკუთარი თავით. ნუ მოვთხოვთ ბავშვს იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ. თუ ვეუბნებით, რომ ნაკლები დრო გაატაროს ეკრანთან, მაგრამ ჩვენ თვითონ მთელი საღამო ტელეფონს არ ვშორდებით, ამით ვგზავნით კონფლიქტურ გზავნილს. ბავშვები კი სიტყვებზე მეტად ქცევებს სწავლობენ. მოდი, არ ვიყოთ ფარისევლები, ვიყოთ ის მაგალითი, რაც გვინდა, რომ ჩვენს შვილებში ვიხილოთ.

გაატარეთ მეტი დრო სახლის გარეთ, ბუნებაში, თუნდაც ახლომახლო პარკში. მოძრაობა, სუფთა ჰაერი და გარემოს ცვლილება არამხოლოდ ბავშვის, არამედ ოჯახის მთელი დინამიკისთვისაა სასარგებლო. ეს აწყნარებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას.

ესაუბრეთ თქვენს შვილებს, მოუსმინეთ მათ ფიქრებს და გრძნობებს არა როგორც განმკითხველმა, არამედ როგორც გულწრფელმა თანამოსაუბრემ. გახსოვდეთ, ბავშვებს სჭირდებათ არა სრულყოფილი მშობელი, არამედ მშობელი, ვინც მათ გვერდით დგას, ვინც უსმენს და უსმენს ისე, რომ ესმით.

ერთად აკეთეთ რაღაც, თუნდაც პატარა რამ. ერთად მომზადებული საჭმელი, ოთახის დალაგება, სეირნობა, ნახატის დახატვა. ამ ტიპის ნებისმიერი ერთობლივი აქტივობა აძლიერებს ემოციურ კავშირს და ქმნის იმ ბაზას, რომელიც ბავშვის ფსიქიკურ სტაბილურობას ემსახურება.

და რაც მთავარია, გიყვარდეთ არა მათი ქცევები, არამედ თვითონ ბავშვი, მთელი თავისი სირთულეებითა და განსხვავებულობით. როცა ბავშვი ხედავს, რომ მიღებულია ისეთი, როგორიც არის, მისი ფსიქიკა სულ სხვა სიმტკიცეს იძენს, და მას აღარ სჭირდება სოციალური მედიის იდეალურ ხატებისთვის თავის მორგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“