კვირა, ოქტომბერი 26, 2025
26 ოქტომბერი, კვირა, 2025

 წერა უფრო ადრე გაჩნდა თუ კითხვა? სერიიდან ,,სწავლის ძირი”

მასწავლებლები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან: 1. რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯერ წერა გაჩნდა და მერე – კითხვა; 2. რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯერ კითხვა გაჩნდა და მერე – წერა.

მე მეორე ჯგუფის წევრად ვრაცხ თავს, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანს ბუნების მიერ მიცემული იმდენი ნიშანი აქვს ამოსაკითხი, რომ…

მაგრამ დღევანდელობამ ამ დაყოფას აზრი დაუკარგა და პირველ ჯგუფს საარსებო არგუმენტიც გამოაცალა, რადგან დღეს წერა, თავისთავად, მოითხოვს კითხვას – სანამ კლავიშს თითს  დავაჭერდეთ, ჯერ მასზე გამოსახული ასო უნდა ამოვიცნოთ, ამოვიკითხოთ.

მაგრამ ეს პროცესი იმდენად ავტომატიზებულია, თითები ისე მექანიკურად მოქმედებენ, რომ კლავიატურას უმეტესად აღარც კი ვუყურებთ, მზერა ეკრანისკენ გვაქვს მიპყრობილი და ჩვენს ნაწერს ვკითხულობთ, ანუ ერთდროულად ვწერთ და ვკითხულობთ კიდეც.

სიტყვა გაგვექცა… ამ წერილის მიზანია წერის სწავლების საწყის ეტაპზე საუბარი, რომლის დროსაც განვიხილავთ სხვადასხვა სიტუაციას და მასწავლებლის ქმედებებს. მოკლედ, წერილის ქარგა ასეთია:

  1. ზოგადი მიმოხილვა;
  2. ბავშვის წერითი გამოცდილება სკოლაში მისვლამდე;
  3. პირველი დღეების საკითხავი რესურსები როგორც წერის ინსტრუმენტი;
  4. წერამდელი საწერი აქტივობები;
  5. მოსმენისა და წერის ინტეგრაცია, კითხვისა და წერის ინტეგრაცია.

 

  1. ზოგადი მიმოხილვა

წერა ბავშვს საშუალებას აძლევს, გამოხატოს თავისი იდეები და ინდივიდუალურობა. წერით ის ეჩვევა კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, აზრების ორგანიზებას, კომუნიკაციას. წერის სწავლა ეხმარება ბავშვს, იყოს უკეთესი მკითხველი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წერის სწავლებას პირველ კლასში. ჯერ თვალი გადავავლოთ ტრაექტორიას, რომელსაც მოსწავლეები გაივლიან როგორც პატარა მკითხველები, მერე კი ის წერის სწავლის ტრაექტორიას შევადაროთ.

რას კითხულობენ პირველკლასელები:

როგორც სქემიდან ჩანს, წინასაანბანო პერიოდში ბავშვები კითხულობენ/ცნობენ საკუთარ სახელებს და ზოგიერთ ხშირ სიტყვას (აქ ცალკე არ არის გამოტანილი ასოების ცნობა-ამოკითხვა). ზოგიერთი ბავშვი მეორე ენაზეც ცნობს საკუთარ სახელს, თუმცა საქართველოს არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში ასეთი შემთხვევები არცთუ ხშირია. უკვე საანბანო პერიოდში პირველკლასელები კითხულობენ საანბანე ტექსტებს და ბოლოს – მცირე ტექსტებს.

თუ დავაკვირდებით წერის სწავლის დაწყებას, შეგვიძლია, ამ ცხრილს სხვაგვარი სახე მივცეთ:

ამ სქემის განზოგადება შეიძლება როგორც მშობლიური ენის, ისე არამშობლიური (მეორე, უცხოური) ენის შემსწავლელ ბავშვებზეც.

არამშობლურ ენაზე წერის შემსწავლელ ბავშვებს უკვე აქვთ წერის გარკვეული გამოცდილება. თუ გავითვალისწინებთ, როდის იწყებენ ქართულის შემსწავლელი პირველკლასელები ქართულად წერის სწავლას, ეს გამოცდილება არცთუ დიდია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. მათ უკვე აქვთ გამომუშავებული მშობლიურ ენაზე წერის საწყისი ჩვევები, იციან კალმის სწორად დაჭერა, შეუძლიათ კლავიატურაზე განსაზღვრული ასოების პოვნა, ზოგიერთი (თუ ყველასი არა) ასოს დაწერა, სიტყვებისა და წინადადებების დაწერაც კი. ბავშვის ეს უნარები, რასაკვირველია მეორე ენის მასწავლებელსაც დაეხმარება. აქედან გამომდინარე, თვალსაჩინოა, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლიური ენის მასწავლებლების თანამშრომლობა მეორე თუ უცხოური ენის მასწავლებლებთან წერის სწავლების კომპონენტშიც.

 

  1. ბავშვის წერითი გამოცდილება სკოლაში მისვლამდე

რა უნარები აქვს ხუთი წლის ბავშვს ისეთი, რომ წერისთვის გამოადგეს?

მას უკვე შეუძლია:

  • კალმის (ფანქრის, ცარცის…) დაჭერა;
  • ჩხაპნა, გაფერადება, ხაზების გავლება, ხატვა;
  • ზოგიერთი ასოს მოხაზვა;
  • კლავიატურაზე ზოგიერთი ასოს მიგნება.

რაც მთავარია, მას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ ის ტექსტები, რომლებსაც მას უფროსები უკითხავდნენ, დაწერილია ვიღაცის მიერ და ამის გაკეთება ყველას შეუძლია.

5-6 წლის ბავშვები ჩვენს დროში უკვე იმასაც აცნობიერებენ, რომ ტექსტის შექმნა ორგვარადაა შესაძლებელი: ფურცელზე კალმით წერით და კლავიატურის კლავიშებზე დაჭერით. მეტიც: მათ უკვე შეუძლიათ რამდენიმე ასოს დაწერა თუ აკრეფა. ისინი მრავალჯერ დაჰკვირვებიან უფროსების მიერ წერის პროცესს: კლავიატურაზე ტექსტის აკრეფას თუ ფურცლებზე ასოების გამოყვანას.

შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ მყარი უნარებია, რომლებსაც შემდგომში უნდა დაეფუძნოს წერის უნარის განვითარება.

 

  1. პირველი დღეების საკითხავი რესურსები როგორც წერის ინსტრუმენტი

წინა წერილებში ვსაუბრობდით იმ რესურსების შესახებ, რომლებსაც სკოლის პირველსავე დღეებში გამოვიყენებთ როგორც საკითხავ მასალას. ეს იყო ბარათები მოსწავლეთა სახელებით და ბარათები საკლასო ოთახში არსებული საგნების დასახელებებით.

გავიხსენოთ, რომ საკუთარი სახელების ბარათებს პირველივე დღიდან სიის ყოველი ამოკითხვისას ვაჩვენებთ ბავშვებს, რომლებიც რამდენიმე დღეში უკვე დაიმახსოვრებენ საკუთარი სახელის ლოგოგრაფიულ ხატს, მერე და მერე კი თანაკლასელებისასაც. ასევე დაიმახსოვრებენ იმ ბარათებზე გამოსახული სიტყვების მოხაზულობას, რომლებიც საკლასო ოთახის ავეჯზეა მიკრული („კარადა“, „კარი“, „მაგიდა“), მალე შეცდომით მიკრულსაც შეამჩნევენ და „შეასწორებენ“, ადგილს შეუცვლიან.

დავსვათ კითხვა: უმჯობესი ხომ არ იქნება, საკუთარი სახელების ბარათები მზა სახით კი არ შევთავაზოთ ბავშვებს, არამედ მათ თვალწინ დავამზადოთ? ან წინასწარ გამზადებული ბარათების ასლები შევქმნათ მათ თვალწინ?

ნამდვილად ასე აჯობებს.

მასწავლებელი იღებს ცარიელ ბარათს და სიის ამოკითხვის პარალელურად დაფაზე მიდებულ ბარათზე დიდი ასოებით წერს კონკრეტული მოსწავლის სახელს: ლუკა… ნინი… თაკო… ეთო… ანა… ნიკო…

რასაკვირველია, პირველკლასელები სკოლაში მისვლამდე არაერთხელ დაჰკვირვებიან საკუთარი სახელის დაწერის პროცედურას. რამდენჯერ უთხოვიათ: „მამა/დედა/ბებია, ჩემი სახელი დამიწერე!“ სწორედ ეს დაკვირვებებია წერის შესწავლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები. ასეთივე ნაბიჯებით უნდა გააგრძელოს სიარული მასწავლებელმაც. თან მოსწავლეები უკვე მხოლოდ თავიანთი სახელების დაწერას კი არ დააკვირდებიან, არამედ თანაკლასელებისასაც, რაც უკვე უფრო ნაყოფიერი საფეხურია.

 

  1. წერამდელი საწერი აქტივობები

ჩხაპნის, გაფერადებისა და ხატვის წინასასკოლო საფეხურიდან სკოლაში ასოების წერის საფეხურზე გადავდივართ და მოსამზადებელი სამუშაოები ამისთვის არის საჭირო, თუ არის.

ვნახოთ რამდენიმე აქტივობა, რომლებიც პირველკლასელთა წერის უნარებს კიდევ უფრო განამტკიცებს. აქტივობების აღწერისას გამოყენებული სურათები დამზადებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

 ) მწიფე ვაშლები

თუ ამ ლამაზ პოსტერს ამოვბეჭდავთ და ბავშვებს დაფაზე გავუკრავთ, შეგვიძლია, ხაზების გავლების ავთენტიკურ საშუალებად გამოვიყენოთ. გავიძახებთ მოსწავლეს, ავარჩევინებთ ერთ–ერთ ვაშლს და ვთხოვთ, მარკერით გაავლოს ხაზი – მონიშნოს, რა გზას გაივლის ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი და სად დაეცემა. თუ დიდი ფორმატით ამობეჭდვის საშუალება არ გვექნება, დახატვა შეიძლება ფლიპჩატზეც.

შეგვიძლია, იგივე ნახატი შავ-თეთრად სამუშაო ფურცლებზე ამოვუბეჭდოთ, გავაფერადებინოთ და ინდივიდუალურად დავაკავშირებინოთ ვაშლები მიწასთან.

რასაკვირველია, ძალიან სასარგებლო იქნება ამ რესურსების გაციფრულება და ბავშვების მიერ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მიზანმიმართული ვარჯიში, კლავიატურის გამოყენებითი მოთვინიერება.

) ხტუნია ბაყაყები

ამ სურათის გაფერადება, რასაკვირველია, სასარგებლო აქტივობაა პირველკლასელებისთვის, ამიტომ ხატვის გაკვეთილებზე ხშირად აძლევენ ბავშვებს მსგავს დავალებებს. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია, უმტკივნეულოდ შევიტანოთ ამ აქტივობაში წერისთვის საჭირო უნარის, რკალების მოხაზვის, განვითარებაც.

წარმოვიდგინოთ, როგორ აღწერს პირველკლასელი თავის სამუშაოს, როდესაც დასრულებულ ნამუშევარს წარმოგვიდგენს:

— მე ბაყაყები გავაფერადე მწვანედ, დუმფარები გავაფერადე მუქ მწვანედ, დუმფარის ყვავილები – ვარდისფრად, ჭაობი ჯერ ლურჯად გავაფერადე, მერე მწვანედ გადავაფერადე. მერე ბაყაყები გადავახტუნე ერთი დუმფარიდან მეორეზე.

რასაკვირველია, შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მცირე ზომის გამრავლებული გამოსახულებაც:

კარგი იქნება ასეთი სავარჯიშოების დაკავშირება იმ თემასთან, რომელზეც კონკრეტულ სასწავლო მონაკვეთში ვმუშაობთ. კერძოდ, :

  • ეზოში თამაშთან — ბურთის გადაგდების ტრაექტორიით,
  • სახლისა და ოჯახის თემასთან — ცოცხის გამოსმის ტრაექტორიით,
  • ბუნების თემასთან — წყალში გადაგდებული ქვის ტრაექტორიით, ფოთლის დაშვების ზიგზაგური ტრაექტორიით,
  • ცხოველების თემაზე — ბარტყის გადაფრენის ტრაექტორიით და ა. შ.

) მარცვლების დათვლა

სურათის აღწერის შესახებ შემოთავაზებულ წერილებში აღვწერეთ წერითი უნარებისა და ფონოლოგიური კომპეტენციის დამაკავშირებელი აქტივობებიც. კერძოდ, ქართული ანბანის ბადეში იმ რაოდენობის ხაზის (რკალის, კუთხის…) ჩაწერა, რომელიც სურათზე გამოსახული საგნის სახელის შემადგენელ მარცვლებს (ან ასო–ბგერებს) შეესაბამება.

გარდა სურათზე გამოსახული ხაზისა, შეიძლება პატარა ვერტიკალური ან ჰორიზონტალური რკალის მოთავსება შუა ხაზში სხვადასხვა მხარეს მიმართული მუცლით, იმავე პრინციპით — შედარებით დიდი ზომის რკალებისა ზედა ან ქვედა ხაზებში.

 

  1. მოსმენისა და წერის ინტეგრაცია

ვინაიდან წინამდებარე წერილი ნაწილია სერიისა „სწავლის ძირი“, აქ მხოლოდ მოსმენისა და წერის ინტეგრაციას შევეხებით. ოღონდ „წერაში“ ვგულისხმობთ არა ასოებით ჩანაწერების კეთებას, არამედ გარკვეული ნიშნების, სიმბოლოების ჩაწერას. მოსმენილის ჩანიშვნა სწორედ ის ფუნდამენტია, რომელზეც უნდა აიგოს წერა. წერის საძირკველი არ არის არც ხაზების გავლება, არც ასოთნაწილების გამოსახვაში ვარჯიში, არც კლავიატურაზე შესაბამისი სიმბოლოს პოვნა და მასზე ხელის დაჭერა. წერის საძირკველია იმის გაცნობიერება, რომ შეგიძლია, რაღაც ჩაინიშნო.

განვიხილოთ, როგორ შეიძლება, გავაკეთებინოთ ბავშვებს ჩანიშვნები ჩვენს ერთ-ერთ წერილში წარმოდგენილი პირველი სურათის აღწერის დროს. ამისთვის ჯერ ილუსტრაცია გავიხსენოთ:

ყველაზე ადვილი იქნება, თუ ყურადღებას გავამახვილებთ რაოდენობაზე და ბავშვებს შევთავაზებთ წინასწარ მომზადებულ სამუშაო ფურცლებს (წესით, ასეთი სავარჯიშოები ჩაშენებული უნდა იყოს სახელმძღვანელოს სამუშაო რვეულში, მასწავლებლებს ზედმეტი ძალისხმევა რომ არ დასჭირდეთ.)

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“