ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

სკოლის მართვა, მართვის კულტურა  და მომავალი

პროლოგი

მეცხრე კლასში წერილის ეტიკეტზე ვმუშაობთ.

მოსწავლეებს ჩავაწერინე ჩემი ელექტრონული ფოსტა და ვთხოვე, ამ მისამართზე წერილები გადმომიგზავნეთ. აუცილებლად გიპასუხებთ და თანაც წერილის სწორად დაწერაშიც წავივარჯიშებთ-მეთქი.

რაზე მოგწეროთ?

დააზუსტეს.

ინსტრუქციებს ზუსტს ელიან, ეს მომწონს.

ნებისმიერ რამეზე, რაც იმ წუთას გაფიქრებთ. შეგიძლიათ რამდენიმე წინადადებითაც შემოიფარგლოთ – როგორი ამინდია, რა მიირთვით საუზმეზე, როგორ გრძნობთ თავს…

შინაარსზე მეტად ფორმაზე მქონდა დავალების მიცემისას აქცენტი.

ჩემთვისვე მოულოდნელად ეს აქტივობა მნიშვნელოვანი სათქმელის გაზიარების არხად იქცა. რამდენიმე საგულისხმო, დამაფიქრებელი წერილი მივიღე.

 

მათ შორის ერთი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის უსიამოვნებას ეხებოდა. მეცხრეკლასელი მოზარდი დელიკატურად, საქმიანად, ობიექტურად აღწერდა სიტუაციას და მის წერილში ერთმა ფრაზამ განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება :“მიკვირს, ეს როგორ ვერ შევამჩნიე. ხომ უნდა მეგრძნო მაინც, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. რამეს გავაკეთებდი!“

 

ჩაუკვირდით ამ ფრაზას. პასუხისმგებლობის ამ გრძნობას. ახალგაზრდა ადამიანის ემპათიის ხარისხს. სიფხიზლისა და ქმედებისკენ მზაობას.

 

ამ ფრაზამ სასკოლო ორგანიზაციული კულტურის, სასკოლო ატმოსფეროს შესახებ დამაფიქრა. გაკვეთილებზე რამდენიმეჯერ შევეხეთ ამ თემას.

 

ვინაა სკოლის ატმოსფეროსა და კულტურაზე პასუხისმგებელი?

რა შეიძლება გააკეთოს ერთმა?

საერთოდ, შეუძლია თუ არა ქმედება და ცვლილებების აუცილებლობის შემჩნევა ერთს? რომ შეამჩნევს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას? ვის მიმართოს?

რამდენად ერკვევა ახალგაზრდა ადამიანი იმაში, თუ როგორ იმართება სკოლა და რა „ეკოსისტემის“ ნაწილია თავად?

 

ორგანიზაციული კულტურა

საგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის კულტურისა და განათლების კონცეფციების ერთ ჭრილში განხილვა საინტერესო დასკვნების საშუალებას გვაძლევს. სკოლის მართვის სტილი მოქმედებს იმ ეკოსისტემაზე, რომელშიც მოსწავლეები და მასწავლებლები თავიანთი ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. სწავლა-სწავლების პერიოდი ადამიანის პიროვნული ზრდისა და განვითარების პროცესში ხომ უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

 

სკოლა, რასაკვირველია, საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მაგრამ განათლება, ხომ მეტია, ვიდრე ცოდნის დაგროვება, სტანდარტი, პროგრამა, კურიკულუმები, გამოცდები.

„განათლება არ არის იზოლირებული კუნძული, ის კულტურული კონტინენტის ნაწილია“ – ამბობს ბრუნერი თავის “განათლების კულტურაში“. კულტუროლოგიური ხედვა ინდივიდის განვითარების გზას ორგანიზაციული კულტურის ჭრილშიც ხედავს და ეს დამატებით პასუხისმგებლობას სძენს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

რატომ?

იმიტომ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთქმედებასა და ბაძვაში უყალიბდება ბავშვს სამყაროსეული აღქმები. განსაკუთრებით  – სასკოლო ასაკში.

ასე შეიცნობს ის ძალაუფლებისა და მართვის, ურთიერთობების კულტურასაც. გამოდის, სკოლა, როგორც სივრცე თავისი ფორმითა და შინაარსით,  თავადაა „უჩინარი პედაგოგი“ და მნიშვნელოვან „გაკვეთილებს“ ატარებს კიდეც არაპირდაპირი ზემოქმედების გზით.

სასკოლო ატმოსფერო

აპრილში ვალდორფის თავისუფალი სკოლის მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან სემინარზე თვითმმართველობის მოდული ავარჩიე და მართვის საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნანა გიობელის შეხვედრების ციკლს დავესწარი. საინტერესო იყო მართვისა და თვითმმართველობის სფეროში გერმანელი ექსპერტის დაკვირვებების მოსმენა, გონებაში „მორგება“ აქაურ რეალობასთან, მსჯელობა, რადგან ფორმატი ინტერაქტიური იყო. ექსპერტმა საგანგებო ყურადღება მიგვაქცევინა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართვის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მართვის სტილზე, ორგანიზაციულ კულტურასა და სკოლის „ინდივიდუალურ-ბიოგრაფიულ“ ხასიათზე.

აქვე გაგიზიარებთ კითხვებსა და თეზისებს, რომლებიც ჩავინიშნე:

საგულისხმოდ მეჩვენა კითხვა: რა  მომენტში, რა დროს შეგიძლიათ თქვათ, რომ  როგორც ამ ორგანიზაციის წევრი, ძალაუფლებას „იწვნევთ“ საკუთარ თავზე? რა სიტუაციებში ხართ ძალაუფლების ობიექტი?

შევყოვნდეთ. ჩვენს სიტუაციაზე დავფიქრდეთ:

როცა მასწავლებელი ვერტიკალური მართვის ჭრილში მხოლოდ აღმსრულებლად გვევლინება (ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში კი სწორედ ეს სურათი გვაქვს დღეს), კითხვა განსაკუთრებით მწვავე და მტკივნეულია.

მასწავლებლების ინიციირებული რომელი პროექტი ან იდეა გამხდარა ბოლო ხანებში სისტემური ცვლილებების იმპულსი?

რაიმე გახსენდებათ?

ცვლილებები, როგორც წესი, სამინისტროსგანაა ხოლმე დაგეგმილიც, განხორციელებულიც და მასწავლებლები ბიუროკრატიული ჯაჭვის ბოლო რგოლებად, ანგარიშებისა და ანალიზების, მატრიცების შემავსებლებად და მიღებული გადაწყვეტილებების განმახორციელებლად მოვიაზრებით. ამ პირობებში თავისუფალი, შემოქმედებითი ატმოსფერო სწავლების პროცესში რთული შესანარჩუნებელია.

ავტორიტეტული (მით უფრო, ავტორიტარული), კონტროლზე ორიენტირებული მართვა ნდობის ფაქტორს მინიმუმამდე ამცირებს. პედაგოგიკაში კი ნდობა უმნიშვნელოვანეს სამარჯვად მიმაჩნია. პატივისცემასა და სხვა ღირებულებებზე უპირატესადაც კი (ამაზე იხ. სტატია „ვის ენდოს მოზარდი“).

სასკოლო ატმოსფეროს კვლევისას მნიშვნელოვანია როგორც „ფიზიკურ სხეულზე“, ისე ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაკვირვებაც.

როგორია სკოლა? სკოლის „ფიზიკური სხეული“? დერეფნები, კლასები, ექსტერიერი, ინტერიერი, საპირფარეშოები, მასწავლებლებისა და მოსწავლეების თავშეყრის ადგილები, სპორტის დარბაზი.

როგორია ატმოსფერო და განწყობა კლასებში, სამასწავლებლოებში, ეზოებსა და დერეფნებში დასვენებისა და გაკვეთილების პერიოდში?

მართვის ორგანოები რა ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით?

რამდენადაა სკოლაში განვითარებული დელეგირების კულტურა? თუკი მასწავლებლებს ან მოსწავლეებს აქვთ იდეები, რამდენად აქვთ მათ ამ იდეების გადაწყვეტილებების მიმღებებთან მიწოდების შესაძლებლობა? რამდენად აქვთ თავად ლეგიტიმაცია, განახორციელონ სასიკეთო, საკეთილდღეო ცვლილებები?

გეტო?

ბოლო დროს ძალიან პოპულარულ ბრიტანულ მინისერიალში „მოზარდობა“ სკოლის საინტერესო სურათხატია მოცემული. შესანიშნავი ინფრასტრუქტურის მქონე ვეებერთელა სკოლაში მთავარი გმირები სხვადასხვა სივრცეში ხვდებიან. მაყურებელს მათთან ერთად აქვს საშუალება, მოინახულოს სკოლის შიდა და გარე სივრცეები. ერთადერთი შეგრძნება, რომელიც მაყურებელს ექმნება, არის: ეს გეტოა თუ სკოლა? სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაა თუ საგანმანათლებლო? ამ შესანიშნავი სერიალის ეს ეპიზოდი მეტაფორულად, შთამბეჭდავად ხატავს სკოლის ისეთ სურათხატს, რომლის გაჩანაგებაც მოგინდება. მეტაფორა – როგორი არ უნდა იყოს სკოლა – იმდენად გულშიჩამწვდომია, რომ ძალაუნებურად იწვევს ქმედებების, ცვლილებების სურვილს. სხვათა შორის, ბრიტანულმა პარლამენტმა და განათლების სამინისტრომ სერიალის გამოსვლის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებით ცვლილებები დააანონსა.

როგორია მომავლის სკოლა?

მოსწავლეებთან ერთად ამაზეც ხშირად გვისაუბრია. დაწყებით საფეხურზე ბავშვები ხატავენ არაჩვეულებრივ ილუსტრაციებს, აქვთ გამაოგნებელი იდეები. სკოლა კოსმოსური ხომალდის დიზაინით, სკოლა, რომელშიც შინაური ცხოველების მიყვანაა ნებადართული, სკოლა, სადაც გიხარია მისვლა, ფერადია, ლამაზი, გემრიელი სურნელია, სკოლა, რომელშიც კი არ გიკრძალავენ, გიხსნიან, სკოლა – შემეცნებითი თავგადასავლების ადგილი…

უფროსებისგან მიღებულ პასუხებს თუ განვაზოგადებ და ერთ წინადადებად ჩამოვაყალიბებ, პასუხი იქნება – ისეთი არა, როგორიც ახლაა. ამისგან რადიკალურად განსხვავებული.

როგორი იქნება მომავლის სკოლა – საინტერესო კითხვაა ელექტრონული წერილების შემდეგი სერიის მისაღებად და ასეც მოვიქცევი.

სანამ მოსწავლეების პასუხებს გაგიზიარებთ, ჩვენც „წავითამაშოთ“.

როგორია, კოლეგებო, თქვენი აზრით, მომავლის სკოლა?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“