ორშაბათი, აპრილი 7, 2025
7 აპრილი, ორშაბათი, 2025

ფილმები ბავშვებზე – ბავშვების სამყაროს კინემატოგრაფიული აღქმა

(პირველი ნაწილი)

ფილმს, როგორც რესურსს  უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასკოლო სივრცეში. მოცემულ სტატიაში ვეცადე ჩემ მიერ ნანახი ფილმები კატეგორიების მიხედვით დამეჯგუფებინა და ასეთი სახით მომეწოდებინა. სტატიის მთავარ მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა თვალით დაგვანახოს ბავშვების რეალობა. ფილმები საინტერესო არის, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისა და მოსწავლეებისათვის. თითოეულ ფილმს თან ახლავს:

Rotten Tomatoes კრიტიკოსთა შეფასებების ქულა.

IMDb (The Internet Movie Database) მაჩვენებლები.

სტატიას ასევე თან ერთვის ასაკობრივი შეზღუდვები (MPAA – Motion Picture Association film rating system), თუმცა მნიშვნელოვანია ფილმის შინაარს წინასწარ გავეცნოთ.

ფილმებს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სახის ასაკობრივი კატეგორიები:

  • G (General Audience) – ზოგადი აუდიტორია, ყველა ასაკისთვის შესაფერისია;
  • PG (Parental Guidance) – მშობლის ნებართვა რეკომენდირებულია;
  • PG-13 (Parents Strongly Cautioned) – მშობლებს რჩევა ეძლევათ, რომ ფილმი შეიძლება არ იყოს რეკომენდებული 13 წლამდე ბავშვებისთვის;
  • R (Restricted) – 17 წლიდან და უფროსი ასაკის პირებისთვის არის განკუთვნილი;
  • NC-17 (No One 17 and Under Admitted) – 17 წლამდე არასრულწლოვნები არ დაიშვებიან, ფილმი მხოლოდ 17 წელზე მეტი ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი.

სტატია ჯამში 168 ფილმს მოიცავს, რომელიც 10 კატეგორიის მიხედვით არის განაწილებული. ეს კატეგორიებია:

  1. ომი და ბავშვები
  2. მამები და შვილები
  3. დედები და შვილები
  4. ძალადობრივი ურთიერთობები
  5. ოჯახი
  6. საკუთარი თავის ძიება
  7. ქართული ფილმები
  8. ახალგაზრდების პრობლემები
  9. ადიქცია
  10. სკოლა და მასწავლებლები

ომი და ბავშვები

Empire of the Sun (1987) – მზის იმპერია

PG                   IMDb 7.7/10           Rotten Tomatoes 77%

სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებული ისტორიულ-დრამატული ფილმი, რომელიც ჯ. გ. ბალარდის ავტობიოგრაფიულ რომანს ეფუძნება. მოქმედება ვითარდება  მეორე მსოფლიო ომის დროს (1941 წელს), როდესაც იაპონია თავს ესხმის შანხაის. მთავარი გმირი,  ჯიმ გრეჰემი (კრისტიან ბეილი), ბრიტანელი ბიჭია, რომელიც მდიდარ ოჯახში იზრდება. იაპონელების შემოჭრის დროს, ჯიმი ოჯახს კარგავს და მარტო რჩება. ჯიმი გადარჩენისთვის იბრძვის ქალაქის განადგურებულ ქუჩებში, შემდეგ კი იაპონელთა ტყვეთა ბანაკში ხვდება. ფილმი გვიჩვენებს ომის გავლენას ბავშვის ფსიქიკასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.

Run Boy Run (2013) – გაიქეცი ბიჭუნავ, გაიქეცი

IMDb 7.2/10           Rotten Tomatoes 85%

ფილმი ეფუძნება  ური ორლევის  ამავე სახელწოდების წიგნს და მოგვითხრობს ებრაელი ბიჭის  გადარჩენის საოცარ ისტორიას მეორე მსოფლიო ომის დროს. მთავარი გმირი  სრულეკ ფრაიმანი  (რომელსაც მოგვიანებით იურეკს უწოდებენ), 8 წლის ებრაელი ბიჭია, რომელიც 1942 წელს ვარშავის გეტოდან გარბის. პატარა სრულეკი მარტო რჩება,  ტყეებსა და სოფლებში დახეტიალობს და გადარჩენისთვის იბრძვის. ის სხვადასხვა პოლონურ ფერმაში მუშაობს, იმალება და ცდილობს,  თავი ქრისტიან ბიჭად გაასაღოს, რათა ნაცისტების ყურადღება არ მიიპყროს.

Goodbye, Children (Au revoir les enfants) (1987) – მშვიდობით ბავშვებო

PG                   IMDb 8/10           Rotten Tomatoes 97%

ლუი მალის მიერ გადაღებული ფრანგული ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მოქმედება ვითარდება 1944 წლის ნაცისტების ოკუპირებულ საფრანგეთში. მთავარი გმირი,  ჟულიენ კუენტენი, 12 წლის ფრანგი ბიჭია, რომელიც კათოლიკურ ინტერნატში სწავლობს. ერთ დღეს სკოლაში ახალი მოსწავლე – ჟან ბონე ჩამოდის. ჟულიენი თავდაპირველად მასთან მეგობრობას არ ცდილობს, მაგრამ დროთა განმავლობაში დაახლოვდებიან. ჟულიენი იგებს, რომ ჟანი ებრაელია, რომელიც დირექტორმა მამა ჟაკმა სკოლაში ნაცისტებისგან დასამალად შეიფარა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობრობა ძლიერდება, ომის სასტიკი რეალობა მათ თანდათან ეწევა. ფილმი ძლიერი ემოციებით გვიჩვენებს ბავშვების მეგობრობასა და ომის მიერ გამოწვეულ ტრაგედიას.

The Book Thief (2013) – წიგნების ქურდი

PG-13             IMDb 7.5/10           Rotten Tomatoes 50%

ფილმი ეფუძნება მარკუს ზუსაკის ბესტსელერ რომანს  და მეორე მსოფლიო ომის დროს მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას ემოციურ და მტკივნეულ ისტორიას მოგვითხრობს. მოქმედება ვითარდება  1939 წელს ნაცისტურ გერმანიაში. მთავარი გმირი,  ლიზელი, 9 წლის გოგონაა, რომელსაც ჰუბერმანების ოჯახში მიაბარებენ. მამინაცვალი ჰანსი (ჯეფრი რაში) ასწავლის  კითხვას, რაც ლიზელის სამყაროს მნიშვნელოვნად ცვლის. ოჯახი თავშესაფარს აძლევს ებრაელ ბიჭს, მაქსს, რომელიც ნაცისტებისგან იმალება. ლიზელსა და მაქსს შორის ძლიერი მეგობრობა ყალიბდება. თუმცა ომის საშინელებები თანდათანობით აღწევს მათ ოჯახს, რაც საბოლოოდ მძიმე ტრაგედიით მთავრდება. ფილმი ეხება იმედს, განათლების ძალას და სიკეთეს ყველაზე ბნელ დროსაც კი.

First They Killed My Father (2017) – ჯერ მამაჩემი მოკლეს

R                     IMDb 7.2/10           Rotten Tomatoes 88%

ანჯელინა ჯოლის მიერ გადაღებული მძაფრი და ემოციური ისტორიული დრამა, რომელიც დაფუძნებულია  ლუნგ უნგის მემუარებზე. ფილმი გვიყვება  ლუნგ უნგის, 5 წლის გოგონას, ისტორიას, რომელიც 1970-იან წლებში კამბოჯაში წითელ ქმერთა (Khmer Rouge) ტერორის პერიოდში გადარჩენისთვის იბრძვის. 1975 წელს კამბოჯის კომუნისტური რევოლუცია იწყება – ლუნგი და მისი ოჯახი იძულებულნი არიან დედაქალაქი დატოვონ და სოფლად შრომით ბანაკებში იცხოვრონ, სადაც გაუსაძლისი შრომისა და შიმშილის მსხვერპლნი ხდებიან. ოჯახი ნელ-ნელა ინგრევა –  მამას კლავენ, დედა და და იკარგებიან, ლუნგი ხდება  ბავშვი-ჯარისკაცი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. ფილმი აღწერს ბავშვის პერსპექტივით დანახულ ომის საშინელ მოვლენებს, ემოციებს, ტკივილსა და შიშის.

Ayla: The Daughter of War (2017) – აილა: ომის ქალიშვილი

PG-13             IMDb 8.2/10           Rotten Tomatoes 84%

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე  და მოგვითხრობს  1950-იანი წლების კორეის ომის დროს თურქ ჯარისკაცსა და პატარა კორეელ გოგონას შორის განსაკუთრებული კავშირის შესახებ. თურქი სერჟანტი სულეიმანი ერთ ღამეს მარტო დარჩენილ, შეშინებულ პატარა გოგონას პოულობს, რომლის ოჯახი ომმა იმსხვერპლა. სერჟანტი გოგონას „აილას“ უწოდებს (რაც თურქულად „მთვარის შუქს“ ნიშნავს). საკუთარ ბაზაზე მიჰყავს  და მასზე შვილივით ზრუნავს. სულეიმანი ცდილობს, აილა იშვილოს და თურქეთში წაიყვანოს, მაგრამ  სამხედრო წესები ამის საშუალებას არ აძლევს. აილას დატოვება ბავშვთა სახლში უწევს. ომის დასრულების შემდეგ სულეიმანი თურქეთში ბრუნდება, მაგრამ  აილას ვერ ივიწყებს. ფილმი რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბავია – თურქი სერჟანტი და კორეელი გოგონა  მთელი ცხოვრება ეძებდნენ ერთმანეთს.

Beasts of No Nation (2015) – მხეცები არსაიდან

IMDb 7.7/10           Rotten Tomatoes 91%

ფილმი ეფუძნება უზოდინმა იუეალას რომანს. ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭის, აგუს, ისტორიას, რომელიც დასავლეთ აფრიკაში არსებულ დაუზუსტებელ ქვეყანაში ცხოვრობს. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც სამოქალაქო ომი იფეთქებს. იგი იძულებულია შეუერთდეს ამბოხებულთა ჯგუფს, რომელიც მას ბავშვი-ჯარისკაცის როლს აკისრებს. აგუ და სტრიკა მონაწილეობენ სისხლიან ბრძოლასა და თავდასხმებში. აგუ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ბავშვური უმანკოება და ადამიანობა – მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში ადამიანობა პრაქტიკულად განადგურებულია. ფილმი აგუს თვალთახედვიდან გვიყვება ომის სისასტიკისა და მისი ფსიქოლოგიური გავლენის შესახებ. ფილმი აღწერს ბავშვთა ცოცხლად გადარჩენის ტრაგედიას და დაკარგულ ადამიანურობას ომში.

Ivan’s Childhood (1962) – ივანის ბავშვობა

IMDb 8/10           Rotten Tomatoes 100%

ანდრეი ტარკოვსკის ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიას ბავშვის თვალით გვიჩვენებს. მთავარი გმირი – ივანი 12 წლის ბიჭია, რომელიც  ომის გამო ბავშვობას კარგავს და საბჭოთა არმიისთვის მზვერავად მუშაობს. ომამდე ივანი ბედნიერი ბავშვი იყო, მაგრამ ნაცისტების თავდასხმის დროს ოჯახი დაკარგა. პატარა ასაკის მიუხედავად, იგი გამოცდილი და შეუპოვარი ჯაშუშია. ფილმი დროდადრო გვიჩვენებს ივანის  ოცნებებსა და მოგონებებს – ხალისიან, მზიან ბავშვობას, რაც ამძაფრებს ომის ტრაგიკულ რეალობას.

Come and See (1985) – მოდი და ნახე

IMDb 8.3/10           Rotten Tomatoes 89%

ელემ კლიმოვის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შოკისმომგვრელი ფილმია ომის თემაზე. ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს ბელორუსიაში ნაცისტური ოკუპაციის უბედურებას  გვიჩვენებს. მთავარი გმირი  ფლიორა, 14 წლის ბიჭია, რომელიც პარტიზანულ რაზმში გაწევრიანებაზე ოცნებობს. თუმცა ომი არ აღმოჩნდება ისეთი გმირული და რომანტიკული, როგორსაც ფლიორა წარმოიდგენდა. მისი სოფელი მიწასთან გასწორდება, ოჯახი განადგურდება, ხოლო თვითონ ნელ-ნელა კარგავს ბავშვურობას, სულიერ სიმშვიდეს და საბოლოოდ ფსიქოლოგიურად იმსხვრევა. 

Barefoot Gen (1983) – ფეხშიშველი გენი

IMDb 8/10           Rotten Tomatoes 71%

ანიმე ეფუძნება კეიჯი ნაკაძავას ავტობიოგრაფიულ მანგაზე  და მოგვითხრობს  ჰიროსიმას ატომური დაბომბვისას გადარჩენილი ბიჭის მძიმე ისტორიას. მოქმედება ვითარდება  1945 წელს მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, იაპონიის ქალაქ  ჰიროსიმაში. გენმა და მისმა ორსულმა დედამ  ბედის ირონიით გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები ცოცხლად იწვებიან ნანგრევებში. ქალაქი ჯოჯოხეთად გადაიქცევა – კვამლი, დამწვარი სხეულები, დაჭრილები და გადარჩენილები. იგი ხედავს,  როგორ კვდებიან ადამიანები რადიაციისგან, შიმშილისა და სასოწარკვეთისგან. გენმა უნდა იბრძოლოს არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ  თავისი დედისა და ახალდაბადებული ძმის გადასარჩენადაც. Barefoot Gen ერთ-ერთი  ყველაზე მძიმე და ემოციური ანიმეა, რომელიც რეალურად გვაჩვენებს  ჰიროსიმას ტრაგედიას ბავშვის თვალით.

Grave of the Fireflies (1988) – ციცინათელების სასაფლაო

IMDb 8.5/10           Rotten Tomatoes 100%

ისაო ტაკაჰატას ტრაგიკული ანიმაციური ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს გვიჩვენებს. მოვლენები 1945 წელს იაპონიაში ვითარდება. ფილმი და-ძმის  – 14 წლის სეიტასა და 4 წლის სეძუკოს ისტორიას გვიყვება. ბავშვების მამა ომშია, ხოლო დედა ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. გადარჩენისთვის ბრძოლა, ომის მძიმე პირობები, საკვების დეფიციტი და მძიმე სოციალური სიტუაცია – ფილმი ასახავს არა მხოლოდ ომის სიმძიმეს, არამედ ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების ტრაგედიას.

Two Women (La Ciociara) (1960) – ჩოჩარა

IMDb 7.7/10            Rotten Tomatoes 88%

ფილმი ეფუძნება ალბერტო მორავიას რომანს  და მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს დედისა და მისი ქალიშვილის მძიმე ისტორიას. მოქმედება ვითარდება  1943-1944 წლების იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. ჩეზირა (სოფი ლორენი) რომაელი ქვრივია, რომელიც ცდილობს  12 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად ომისგან თავის დაღწევას. ისინი  რომიდან სოფელში, ჩიოჩარიაში გარბიან – იმ იმედით, რომ უსაფრთხოდ იქნებიან. ფილმის ცენტრალური თემა არის ქალების ტრაგიკული გამოცდილება ომში.

The Flowers of War (2011) – ომის ყვავილები

R            IMDb 7.5/10            Rotten Tomatoes 41%

ფილმი დაფუძნებულია გელინგ იანის რომანზე და რეჟისორ ჟან იმოუს (Zhang Yimou) მიერაა გადაღებული. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს და გვიყვება 1937 წლის ნანკინის ხოცვა-ჟლეტის დროს მომხდარ ამბავს. ამერიკელი ჯონ მილერი  (ქრისტიან ბეილი) ნანკინში ჩადის, რათა  მღვდლის დაკრძალვა მოამზადოს. იგი  გაქცევის ნაცვლად ეკლესიაში რჩება, სადაც  ქრისტიანული სკოლის გოგონები და ადგილობრივი მეძავები ეძებენ თავშესაფარს. მილერს თავიდან მხოლოდ ფულის აღება უნდა, თუმცა დროთა განმავლობაში  მისი პიროვნება და ღირებულებები იცვლება. იგი თავგანწირვით იბრძვის გოგოენების გადასარჩენად. ფილმი გვიჩვენებს ომის დროს ქალების ბედსა და ბრძოლას გადარჩენისთვის.

Jojo Rabbit (2019) – კურდღელი ჯოჯო

PG-13             IMDb 7.9/10            Rotten Tomatoes 80%

სატირული დრამა-კომედია, რომლის რეჟისორი და სცენარისტი არის ტაიკა ვაიტიტი. სიუჟეტი ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გერმანიაში. მთავარი გმირი,  ჯოჯო ბეტცლერი, 10 წლის გერმანელი ბიჭია, რომელიც ფანატიკურად ემხრობა ნაცისტურ იდეოლოგიას და ჰიტლერის ახალგაზრდულ ორგანიზაციაშია. მისი წარმოსახვითი მეგობარი თავად  ადოლფ ჰიტლერია, თუმცა კომიკურად გადაჭარბებული და აბსურდული ვერსიით, რომელსაც თავად ტაიკა ვაიტიტი განასახიერებს. ჯოჯოს ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა აღმოაჩენს, რომ მისი დედა (სკარლეტ იოჰანსონი) სახლში ებრაელ გოგონას –  ელისას  მალავს. თავდაპირველად, ჯოჯო დაბნეულია და მის მიმართ მტრობას განიცდის, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შორის მეგობრობა და თანაგრძნობა იზრდება. ფილმი სავსეა შავი იუმორით, ემოციური მომენტებითა და ძლიერი ანტისაომარი გზავნილით. ის გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სიყვარული და ჰუმანურობა სიძულვილზე ძლიერი აღმოჩნდეს.

The Boy in the Striped Pajamas (2008) – ბიჭი ზოლიან პიჟამაში

PG-13             IMDb 7.7/10            Rotten Tomatoes 65%

ფილმი დაფუძნებულია ჯონ ბოინის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის მოვლენები ვითარდება  მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი არის  ბრუნო, 8 წლის გერმანელი ბიჭი, რომლის მამა მაღალი რანგის ნაცისტი ოფიცერია და გადაყვანილია ახალ პოზიციაზე, პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელად. ახალ სახლში მოწყენილობისას ბრუნო აღმოაჩენს ბანაკს და მის გარეთ, მავთულხლართებს მიღმა, ხვდება ებრაელ ბიჭუნას –  შმუელს , რომელსაც ზოლიანი პიჟამა აცვია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის მეგობრობა ყალიბდება. ბრუნო ვერ აცნობიერებს ბანაკის ნამდვილ ბუნებას და იმ საშინელებებს, რაც იქ ხდება. ფილმი გვიჩვენებს ომის სისასტიკეს ბავშვის უმანკო თვალით და ხაზს უსვამს, როგორ შეიძლება სიძულვილმა და ცრუ იდეოლოგიამ უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწიროს.

Pan’s Labyrinth (2006) – ფავნის ლაბირინთი

R                     IMDb 8.2/10            Rotten Tomatoes 95%

ესპანელი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს მიერ გადაღებული ფანტასტიკური დრამა, რომელიც აერთიანებს  ბნელ ზღაპარსა და ისტორიულ რეალობას. ფილმის მოვლენები ვითარდება  1944 წლის ესპანეთში, ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის დროს. მთავარი გმირი,  ოფელია, 11 წლის გოგონაა, რომელიც დედასთან ერთად სამხედრო ბაზაზე გადადის საცხოვრებლად. მისი მამინაცვალი, კაპიტანი ვიდალი, სასტიკი ოფიცერია, რომელიც პარტიზანების წინააღმდეგ იბრძვის. ერთ დღეს ოფელია შემთხვევით აღმოაჩენს  მისტიკურ ლაბირინთს, სადაც ხვდება უცნაურ არსებებს. ფილმი შესანიშნავად აერთიანებს  საოცრებას და სისასტიკეს, სადაც ფანტასტიკური სამყაროს ჯადოსნური ელემენტები ეჯახება ომისა და სასტიკი რეალობის ბნელ მხარეს.

The Water Horse: Legend of the Deep (2007) – წყლის ცხენი

PG                   IMDb 6.4/10            Rotten Tomatoes 74%

საოჯახო ფენტეზი, რომელიც შთაგონებულია ლოხ-ნესის მონსტრის ლეგენდით. ფილმის მოქმედება ვითარდება  შოტლანდიაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მთავარი გმირი,  ანგუს მაკმოროუ, მორცხვი და მგრძნობიარე ბიჭია, რომელიც დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს ტბის პირას, ხოლო მამამისი ომშია წასული.  ერთ დღეს ანგუსი პოულობს უცნაურ  კვერცხს, საიდანაც მალე იჩეკება პატარა, ზღვის მითიური არსება –  „წყლის ცხენი“ , რომელსაც ანგუსი  კრუსოს  უწოდებს. კრუსო სწრაფად იზრდება და მისი დამალვა სულ უფრო რთული ხდება. ამასობაში, ბრიტანელი ჯარისკაცები ტბის ტერიტორიაზე ბაზას აშენებენ, რადგან შიშობენ, რომ გერმანული წყალქვეშა ნავები შეიძლება გამოჩნდნენ. ფილმი ეხება  მეგობრობას, ზრდასრულობის მიღწევას, მაგიას, ლეგენდებსა და ომის გავლენა ბავშვების ცხოვრებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“