„ქუჩაზე დადიან ტრამვაები, ავტობუსები და ხალხი. ჩვენც მივდივართ. მერე ვჩერდებით. რატო ვჩერდებით, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ აქ საათია, რომლის პირდაპირაც, რუსთაველის გამზირისა და ბარნოვის ქუჩის კუთხეში რომ წყლებია, ის არის. ამ ადგილს ზემელი ჰქვია. აქ ვჩერდებით ყოველთვის. აქ გავჩერდით ახლაც“ – ეს ფრაგმენტი გურამ რჩეულიშვილის ნოველიდანაა. ნოველას ჰქვია „საშინლად იკბინება მზე“. გურამს თბილისი ძალიან უყვარდა და, რაც მთავარია, კარგად იცნობდა მას. გურამს ეს კონკრეტული ადგილიც უყვარდა – ზემელი, ამიტომ ხშირად ჩერდებოდა იქ, ცხოვრებაშიც და მოთხრობებშიც.
ზემელი – ეს სახელი დღემდე შემორჩა თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მეტრო რუსთაველის მიმდებარე უბანს. დღემდე შეგხვდებათ ვინმე, ვინც გეტყვით – ზემელზე შევხვდეთო. ძველებმა იციან, ახალმა თაობამ ალბათ არა, თუ რატომ ჰქვია ამ უბანს ზემელი.
ყველაფერი მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. 1881 წელს თბილისში გერმანელი აფთიაქარი, ევგენი ზემელი ჩამოვიდა და დასახლდა. მისი ნამდვილი სახელი იულიუს იოალან იუგენი იყო. მისი უძველესი გვარი ისტორიულ წყაროებში მე-13 საუკუნიდან მოიხსენიება. ზემელი 1858 წელს ლატვიაში დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადასახლდა და სახელი ევგენიც მაშინ მიიღო. თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვით, დღევანდელი პირველი რესპუბლიკისა და კოსტავას ქუჩის კუთხეში, აფთიაქი გახსნა.
იმ დროს, სააფთიაქო ბიზნესში, გერმანელების გარდა, მრავლად იყვნენ სომხები და რუსებიც. მოგვიანებით, ეს საქმე ქართველებმაც იტვირთეს. ევგენი ზემელი ცნობილი ჰომეოპათიც იყო და თავისი აფთიაქის პოპულარიზაციაზე თავადაც ზრუნავდა. თბილისში დიდხანს დადიოდა ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ „დაუკვეთა“ მან ტრამვაის ვატმანებს, მის აფთიაქთან მიახლოებისას ხმამაღლა დაეყვირათ: „ზემელის აფთიაქი!“.
უხვი გასამრჯელოს ფასად, ალბათ ვატმანებიც სიამოვნებით შეასრულებდნენ ამ შეკვეთას. თუმცა, ბევრი იმასაც მიიჩნევს, რომ ეს ამბავი გაზვიადებულია. მაშინ წესად იყო, კონკისა და შემდეგ ტრამვაის ვატმანებს ყოველ გაჩერებაზე უნდა დაეძახებინათ იმ ადგილის სახელი, სადაც ჩერდებოდნენ. ერთ-ერთი გაჩერება ზემელის აფთიაქის წინ იყო და, ბუნებრივია, ზემელის აფთიაქის სახელი ისედაც ცხადდებოდაო, გეტყვიან.
ევგენი ზემელს სამი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მამის საქმე გააგრძელა. ისინი პირველი გილდიის ვაჭრები იყვნენ. ვორონცოვზე წამლის საწყობი ჰქონდათ, სადაც მინერალურ წყალსაც ყიდდნენ. უზნაძეზე ფლობდნენ სახლს, სადაც ბინებს აქირავებდნენ. შემოსავლიანი სახლი იმ დროს ბევრ ვაჭარს ჰქონდა, მათ შორის სარაჯიშვილსაც და ზუბალაშვილებსაც.
პირველი გილდიის ვაჭრები იმდროინდელ საზოგადოებაში დიდი გავლენით სარგებლობდნენ. დაახლოებით ოცნი იყვნენ. მათ შორის იერარქიაც დაცული იყო. ისინი ყოველ წელს იკრიბებოდნენ და იღებდნენ საერთო ფოტოს, სადაც ეს იერარქია ყველაზე მკაფიოდ ჩანდა – პირველ რიგებს აუცილებლად პირველი გილდიის ვაჭრები იკავებდნენ, უკან კი მეორე გილდიის ვაჭრები განლაგდებოდნენ ხოლმე. ფოტოებში დავით სარაჯიშვილთან ერთად, პირველი გილდიის ვაჭართა შორის ზემელსაც იხილავთ.
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზეზით, აფთიაქი დაანგრიეს. თუმცა თბილისის მეხსიერებაში დღემდე შემორჩა უძველესი უბნის სახელი – ზემელი, როგორც თანაქალაქელების პატივისცემა და მადლიერება წარმატებული აფთიაქარის მიმართ.