ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
2 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების გამოწვევები

 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობანი

  1. ცოდნის ხანგრძლივად შენარჩუნების უნარის განვითარება

თანამედროვე პედაგოგიკის  კვლევებზე   დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობენ პრობლემაზე დაფუძნებულ სასწავლო აქტივობებში, შეუძლიათ, გაიუმჯობესონ ცოდნის გააქტიურებისა და ინფორმაციის შენარჩუნების  უნარი.

სპეციალურ ლიტერატურაში  ნათქვამია, რომ „ცოდნის დამუშავება სწავლის დროს, ფაქტებისა და იდეების გაზიარებით, დისკუსიისა და კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, ამარტივებს საკითხის გაგებასა და  დამახსოვრებას.”

მცირე ჯგუფებში დისკუსია შეიძლება, იყოს განსაკუთრებით მომგებიანი, რადგან ამ დროს თითოეულ მოსწავლეს  აქვს აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. ხშირად,  ჯგუფის ზომის მიუხედავად, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება  ხელს უწყობს ცოდნის ხანგრძლივ შენარჩუნებას, წაახალისებს მოსწავლეებს, განიხილონ მასალა და ახალი ცნებების შესწავლისას მარტივად უპასუხონ კითხვებს.

  1. მრავალფეროვანი ინსტრუქციების გამოყენება

პრობლემაზე დაფუძნებული აქტივობები სასწავლო პროცესში წარმოქმნილი მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეიძლება გამოვიყენოთ, რაც მოსწავლეებს ეფექტურად ჩართავს სასწავლო პროცესში. ზოგადად, მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლისთვის მათ საშუალებას მისცემს:

  • განიხილონ რეალური საკითხები და მოიძიონ გადაწყვეტის ეფექტური გზები;
  • ითანამშრომლონ მცირე და დიდ ჯგუფებში  ისე, რომ პროცესში  ჩაერთონ ის მოსწავლეებიც, რომლებიც არ  გამოირჩევიან ინდივიდუალური მუშაობის უნარებით;
  • ისაუბრონ თავიანთ იდეებზე და შექმნან კონსტრუქციული სამუშაო გარემო;
  • გამოიყენონ სხვადასხვა მასალა: ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები, სტატიები, რის საშუალებითაც სასწავლო პროცესი გახდება უფრო ეფექტური;

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები– ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებით ღირებული, თუ თქვენს მოსწავლეებს მსგავს აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვთ.

  1. უწყვეტი ჩართულობა

პრობლემაზე დაფუძნებულმა  სწავლებამ გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლთა  ჩართულობა შეიძლება, გაზარდოს. ჩართვის შესაძლებლობის დანახვა  რთული არ არის, რადგან მოსწავლეები  თანამშრომლობენ რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რაც მათ ინტერესს ზრდის.

  1. ცოდნის რეალურ სივრცეში გადატანის უნარების განვითარება

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება შეიძლება, დაეხმაროს მოსწავლეებს რეალური სამყაროს უკეთ აღქმაში.

პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობები საშუალებას იძლევა, მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა  რეალურ სიტუაციაში მსგავსი პრობლემების დაძლევის საშუალებად აქციონ.

  1. გუნდური მუშაობისა და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესება

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და ცოდნის მიღების პროცესის  წარმატება დამოკიდებულია ინტერაქციასა და კომუნიკაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა, გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობაზე დაყრდნობით, ჩამოიყალიბონ ტრანსფერული უნარები– ფაქტების დამახსოვრების ნაცვლად მათ  შესაძლებლობა ეძლევათ:

  • წარმოადგინონ თავიანთი იდეები ჯგუფში;
  • გადაამოწმონ და დაიცვან საკუთარი საზრისები და შეხედულებები;
  • ასევე მოსწავლეებს განუვითარდეთ მოსმენის უნარი და დავალების შესრულებისთვის საჭირო პასუხისმგებლობის გრძნობა .

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების უარყოფითი მხარეები

  1. მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები სტანდარტიზებული ტესტირებისას

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის დიდი დროის დათმობამ, შეიძლება  პრობლემებიც წარმოქმნას, მაგალითად:   სტანდარტიზებული ტესტების წერისას მოსწავლეებს არ აღმოაჩნდეთ საკმარისი სიღრმისეული ცოდნა , რომელიც საჭიროა მაღალი ქულების მისაღებად.  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტილი       მოსწავლეებში ავითარებს თანამშრომლობით და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს, თუმცა თეორიული ცოდნის განმტკიცებაში მათ ვერ ეხმარება.

სტანდარტიზებული ტესტები ორიენტირებულია ფაქტობრივ ცოდნაზე, რომელიც მოწმდება არჩევითბოლოიანი  და ღია ტიპის კითხვებით.  მრავალი უპირატესობის მიუხედავად, ზემოთხსენებული პრობლემები თავს იჩენს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ხშირი გამოყენებისას, ამიტომაც არის საჭირო მეთოდების გამოყენების პროცესში ბალანსის დაცვა.

  1. აქტივობისთვის მოსწავლეთა არასაკმარისი მზაობა

პრობლემაზე დაფუძნებული აქტივობების გამოყენება ხელს უწყობს ბევრი მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში, თუმცა ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, დარჩეს პროცესის მიღმა, რადგან ყველა მოსწავლე არ არის მზად ამ ტიპის სამუშაოების შესასრულებლად.

აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა ფერხდება  შემდეგი მიზეზების გამო:

  • ასაკით განპირობებული მოუმზადებლობა: ბევრ მოსწავლეს არ აქვს ჯგუფებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • შესაბამისი ჩვევებისა და გამოცდილების არქონა: ზოგიერთ ბავშვს შეიძლება, გაუჭირდეს ღია პრობლემის კონცეფციის გაგება;
  • ინფორმაციის სიმწირე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის  აქტივობა ხელშესახებ პრობლემას უნდა მიემართებოდეს, მოსწავლეებს შეიძლება, დასჭირდეთ ახალი ან მათთვის აქამდე უცნობი ინფორმაციის მოძიება, რათა ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ;

ეს პრობლემები ნაწილობრივ შეიძლება  შემსუბუქდეს საკლასო ოთახის აქტიური მონიტორინგითა და ისეთი სასარგებლო რესურსების  მიწოდებით, როგორებიცაა კითხვები და თემატური სტატიები.  რესურსები დაეხმარება  მოსწავლეებს, არ მოდუნდნენ, თუმცა, თუ მსგავს გამოწვევებს  ძალიან ხშირად წააწყდებით, სჯობს, საერთოდ არ გამოიყენოთ, ან იშვიათად შეიტანოთ პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობები კლასში.

  1. მასწავლებლის მიერ მეთოდის არასაკმარისად ფლობა

თუ პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო საქმიანობის ფასილიტაცია მასწავლებლისთვის სიახლეა, მაშინ საჭიროა  სწავლების ზოგიერთი სტრატეგიის გადახედვა. მაგალითად, მოსწავლეებისთვის არასწორი ვარაუდების ზედმეტად ხშირად შესწორებამ შეიძლება, ხელი შეუშალოს მათ მიერ რთული კონცეფციების ჩამოყალიბებისა და კითხვებზე პასუხების ძიების პროცესს. ანალოგიურად, თქვენ არ უნდა სცადოთ  ფაქტების სწრაფი გახსენების მეთოდის გამოყენებით მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

მნიშველოვანია, მასწავლებელმა ყურადღება მიაქციოს შემდეგ გარემოებებს:

  • მინიშნებების მიცემა, რათა დაეხმაროთ არასწორი მსჯელობის გამოსწორებაში;
  • საკვლევი საკითხების შეთავაზება, ახალი კონცეფციების გამყარებისთვის;
  • მაორიენტირებელი კითხვების დასმა, რაც დაეხმარება კლასს, ყურადღება გაამახვილოს პრობლემის სპეციფიკურ ასპექტებზე;

4.      შეფასებასთან დაკავშირებული სირთულეები

სწავლების მეთოდის გათვალისწინებით, შესაძლოა, გარკვეული დრო დაგჭირდეთ, რათა სწორად განახორციელოთ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება.  თუ დავალების შესაფასებლად განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებას  გადაწყვეტთ,  მოგიწევთ პროცესში ჩართული მოსწავლეების  მუდმივი მონიტორინგი. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გაითვალისწიონოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • შესრულებული დავალებების რაოდენობა;
  • დავალებების ხარისხი;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • თანამშრომლობა გუნდის წევრებს შორის;

ამ კრიტერიუმების მონიტორინგი და შეფასების დაწერა საჭიროა თითოეული მოსწავლისთვის, რაც შრომატევადი საქმეა.  

  1. პრობლემის წამოჭრა

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს  სირთულეს წარმოადგენს   პრობლემის  სწორად წამოჭრა. შესაფერისი პრობლემის გამოსაკვეთად, განიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია: სკოლასთან, საზოგადოებასთან ან მოსწავლეთა  ზოგად ინტერესებთან.

საბოლოოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების შედეგების მიხედვით, შეაფასეთ, ღირს თუ არა ამ მეთოდის შესაბამისი აქტივობების სისტემატურად გამოყენება.

წყარო: https://www.prodigygame.com/main-en/blog/advantages-disadvantages-problem-based-learning/#unique-identifier

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“