თამაშით სწავლება რომ ეფექტური მეთოდია არა მარტო სასკოლო ასაკში, არამედ ზრდასრულთათვისაც, ამაზე ყველანი ერთხმად ვთანხმდებით. იგი უფრო საინტერესოს, სახალისოსა და ნაყოფიერს ხდის სასწავლო პროცესს მოსწავლისათვის.
ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი და როგორც მასწავლებელი თუ როგორც ზრდასრული ადამიანი, მუდმივად ვცდილობ, თამაში შემოვიტანო ჩემი ბავშვების და ჩემს ცხოვრებაში.
ზაფხული სასკოლო საზოგადოებისთვის მშვიდი, თუმცა თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული სეზონია. მოსწავლეები ისვენებენ, მასწავლებლები კი ძალებს აღვიდგენთ და მომდევნო სასწავლო წლისთვის ვიწყებთ მზადებას.
სკოლაში დაბრუნებისას ყველას სურს, თავისი ემოციები და თავგადასავლები გიამბოს. ამ დროს ვცდილობ ხაზი გავუსვა არა მარტო შთაბეჭდილებებს, არამედ იმ ადგილებსაც, სადაც ბავშვებმა ზაფხულის ამბები დააგროვეს. თუმცა რთულია, ისე შეარჩიო აქტივობა, რომ პროცესი სახალისო იყოს და მოსაბეზრებლად არ იქცეს მოსწავლეებისთვის.
აქტივობა „მოვიარე საქართველო“, ვფიქრობ, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.
აქტივობის მიზნები :
- ზაფხულის თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების გახსენება-გაზიარება;
- მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის გაზრდა;
- საქართველოს ქალაქების, სოფლების, კუთხეების გაცნობა.
თამაშისთვის საჭირო რესურსები :
- საქართველოს რუკა;
- დავალებების ბარათები;
- კამათელი;
- ჭიკარტი.
თამაშის მსვლელობა :
საქართველოს რუკაზე, ერთ ხაზზე, დატანილია გეოგრაფიული ადგილები. კარგი იქნება, თუ წინასწარ, მშობლებთან გამოკითხვით ვიცით, ვინ სად იყო ზაფხულში და ამის მიხედვით გვექნება აწყობილი მოგზაურობის მთავარი ხაზი.
ჩვენს შემთხვევაში, აქტივობა დავიწყეთ საქართველოს რუკის თავსატეხის (ე.წ. ფაზლის) აწყობით. ვფიქრობ, ამან უკვე მოტივაცია შექმნა მოსწავლეებში. იყვნენ ბავშვები, რომლებმაც იცოდნენ კუთხეები და მათი განლაგება. თუმცა მოსწავლეთა უფრო დიდ ნაწილს მაინც დასჭირდა დახმარება. ამ შემთხვევაში, პირდაპირ რომ არ მეკარნახა, თუ როგორ აგვეწყო თავსატეხი, რამდენიმე ვიდეო რესურსი გამოვიყენე და ამით კიდევ უფრო მეტი ხალისი შემოვიტანეთ სამუშაო პროცესში.
ვფიქრობ, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ერთი ფაქტორი- კლასში აუცილებლად იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც არსად ყოფილან და მთელი ზაფხული სახლში გაატარეს. ამ დროს შეიძლება ბავშვი დაითრგუნოს, უხერხულობა იგრძნოს და ჩართულობის ნაცვლად, შესაძლებელია უკუშედეგიც კი მივიღოთ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შემთხვევები ყოველთვის მქონდა/მაქვს და მათი გათვალისწინებით, როლურ მოდელად ყოფნას ვცდილობ.
თავიდანვე ვიწყებ ჩემი ამბების მოყოლით- რომ მე ეს ზაფხული ჩემს მშობლიურ ქალაქში/სოფელში გავატარე. ვცდილობ, დავანახო მათ, რამდენი რამ არ ვიცი ჩემს ქალაქში, რამდენი ადგილი, დეტალი თუ ემოცია აღმომაჩენინა ამ ზაფხულმა და საერთოდ, არდადეგები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სადმე შორს უნდა წავიდეთ, საკუთარ სახლსა თუ ქალაქშიც შეგიძლია საუკეთესო შთაბეჭდილებები დააგროვო და მოგონებები აკინძო. ჩემი გამოცდილებით, მასწავლებლის გულრწფელი საუბარი და პირველი გამოსვლა ყოველთვის ამართლებს, სტიმულს აძლევს მოსწავლეს და იმედგაცრუების რისკებს ამცირებს.
გაგაცნობთ უშუალოდ პროცესის მიმდინარეობას. შემთხვევითი პრინციპით (აქვე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოსაძახებელი ჩხირები) გამოდის მოსწავლე, აგორებს კამათელს, მიდის რუკასთან, რომელზეც გავლებულია მოგზაურობის მთავარი ხაზი და ჭიკარტებით აღნიშნულია სხვადასხვა პუნქტი ისე, რომ ყველა კუთხე მოიცვას. ათვლა იწყება საწყისი წერტილიდან , კამათელზე მიღებული რიცხვის მიხედვით გადავთვლით და ვჩერდებით შესაბამის ადგილას. თუ გამოსული მოსწავლე ისეთ ადგილზე მოხვდა , რომელშიც ამ ზაფხულზე იყო, იღებს ყვითელ ბარათს და ჰყვება თავის თავგადასავალს. ხოლო თუ ისეთი ადგილი შეხვდა, რომელიც უცნობია მისთვის და არ აქვს ზაფხულის თავგადასავლები, გადავდივართ ჯგუფზე და ვიწყებთ გამოკითხვას, ვინ იყო ამ ქალაქსა თუ სოფელში. ამ შემთხვევაში, ყვითელი ბარათი გადაეცემა ამხანაგს და ის იწყებს ამბის თხრობას, თვითონ კი იღებს წითელ ბარათს, რომელზეც შეკითხვებია მოცემული და უნდა უპასუხოს დამატებით შეკითხვებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ისევ საზაფხულო თავგადასავლებს ეხება. შემდეგ სვლა მომდევნო მოსწავლეზე გადადის და ასე გრძელდება მანამ, სანამ მოსწავლეთა რაოდენობა არ ამოიწურება და მოგზაურობის ხაზის ბოლო პუნქტთან არ მივალთ. აქტივობის დასასრულს კი გავაერთიანებთ ყველა იმ პუნქტს, რომელიც ერთად გავიარეთ, კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით ქალაქებს, სოფლებს კუთხეების მიხედვით და გაზიარებული შთაბეჭდილებების მიხედვით მომდევნო ზაფხულისთვის მოსანახულებელ ადგილებს მოვინიშნავთ.
ხშირად ერთსა და იმავე ადგილზე რამდენიმე მოსწავლეა ნამყოფი და ამ დროს შესაძლებელია, ერთდროულად გამოვიდნენ პრეზენტაციაზე, მასწავლებელი დაეხმაროს კითხვებით და შედარება გააკეთებინოს, ვინ რა ნახა, რა გამორჩა, რა მოეწონა და რა არა.
არის შემთხვევა, როდესა არცერთი ბავშვი არაა ნამყოფი შერჩეულ ადგილზე და კონკრეტული კუთხის, ქალაქის თუ სოფლის შესახებ არავის აქვს ინფორმაცია. ასეთ დროს გამოსული მოსწავლე მაინც იღებს წითელ ბარათს, რომელზეც არის შეკითხვები მისი ზაფხულის თავგადასავალების შესახებ და ერთი პატარა ინფორმაცია აღნიშნულ კუთხეზე, რომელსაც ეცნობა მთელი ჯგუფი (ამ შემთხვევისთვის მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს ტურისტული თვალსაზრისით მცირე, საინტერესო და სახალისო ინფორმაციები თითოეული კუთხის შესახებ).
აქტივობის განხორციელებით მიღებული შედეგები:
შედეგი, რომელიც აქტივობის განხორციელებას მოჰყვება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და საჭიროა. ერთი ის, რომ მოსწავლეებისთვის ზაფხულის შთაბეჭდილებების გამოკითხვა აღარაა ტრადიციული კითხვა-პასუხით შემოფარგლული და ქაოსური, მეორე მხრივ, მხოლოდ ამბების მოყოლით არ შემოიფარგლებიან, ეცნობიან სხვადასხვა კუთხეს, მისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს, საუბრის მანერას, კერძებს, ღირშესანიშნავ ადგილებს და გართობის საშუალებებს. ამ გამოცდილების გაზიარებით მათ უჩნდებათ სურვილი, მომავალში ნახონ სხვა ადგილებიც და დასვენებასთან ერთად მეტი ყურადღება მიაქციონ ინფორმაციის მიღებას.