პირველი ნაწილი
ამასწინ ვუყურებდი გოგი გვახარიას გადაცემას რეზო კიკნაძეზე, რომელიც იმ სახლში და ეზოშია გადაღებული, სადაც სტუმრობა ძალიან ცუდად მყოფს მომიხდა. ეგრე გამოვიდა, რომ ჯერაც ვახერხებდი ნაძალადევ სიარულს და რახან სიარულს – მუშაობასაც. ზურაბ კიკნაძეს სანახავად და პორტრეტის მოსამზადებლად სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. მახსოვს, ოდესღაც, როცა, პირველ კურსზე მივედი, პირდაპირ ფოლკლორის სემინარზე აღმოვჩნდი. ქურუმის გარეგნობის კაცი იდგა, მოგრძო თმით, შესამჩნევი საქორწინო ბეჭდით, ხელში დაკუჭული ფურცლები ეჭირა, ჩახედავდა, ოდნავ თითქოს შეხტებოდა და ფართო, წყლიანი თვალებით სადღაც შორს იყურებოდა. იყურებოდა და ამბობდა:
„ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა“.
ეგ კაცი იყო ჩემი დიდი მასწავლებელი და მეგობარი – ზურაბ კიკნაძე. რეზოს მამა. ჰოდა, ბოლოს ეგრე აღმოჩნდა, რომ კახეთში ვესტუმრე. მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა, არადა, ზოგადად იმ დროიდან ცოტა მახსოვს. და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – აქ მარტო ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორად, სჯობს, რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. „მეტანოია!“ – ეს მითხრა, გამოსამშვიდობებლად როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – „მეტანოია!“.
….
გაუქმების კულტურა და ვოუქიზმი აღმოჩნდა შავი ჭირი, რომელიც მიეტმასნა და მნიშვნელოვნად გამოშიგნა კაცობრიობის უკეთესი გზით განვითარების იდეა.
ჰუმანიზმის ლოზუნგით რევოლუციური წინსვლის მეთოდი ამორფული აღმოჩნდა და გარდაუვალ ჩიხს გულისხმობდა. ადამიანი, საზოგადოება, კონცეფცია, რომელიც მხოლოდ ძახილის ნიშანს სვამს ან წერტილს და არასდროს იყენებს კითხვის ნიშანს – ვეღარ ვითარდება.
ადამიანმა მოიგონა სამართალი და კანონი დანაშაულის აღმოსაფხვრელად და დამნაშავის დასასჯელად. დასასჯელად და არა გასაუქმებლად. არავის აქვს სხვისი უვადო იზოლაციის უფლება და მით უფრო არ აქვს ეს უფლება კანონს მიღმა. არ შეიძლება ამგვარი ამბავი მოდური გახდეს და ერთმანეთის წამხედურობით თუ იძულებით ერთვებოდეს მეორე და მესამე. არც ის შეიძლება, რომ მეტანოია, შენანება ლექსიკონიდან ამოიღო და ეგ პროგრესად მიგაჩნდეს. თან ვინ? ეგ ცალკე კითხვაა და ცალკე სამსჯელო.
მეორე და ლოგიკური სირთულე – სხვაგან და აქაც – ამ პროცესს მიეკედლა უნიჭო და ზოგჯერ, სამწუხაროდ, მოტივირებულად ბოროტ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც საზოგადოებაში ისტერიული ტივტივის ერთადერთ ინსტრუმენტად ქოროს ნაწილად ყოფნა მიაჩნდა. ალბათ სწორადაც – არ მგონია, რამე სხვა საქმე, მათთვის შესაბამისი ყოფილიყო. რიგ შემთხვევებში, ეს მართლა ბოლშევიკურ მეთოდიკას დაემსგავსა – ცილისწამების გაიოლებით და ამავდროულად სტანდარტების იმის მიხედვით მონაცვლეობით, რაც კონკრეტულ ტალღას აწყობდა – წინა თუ უკანა რიცხვით.
და მესამე – ყველაზე მეტად ამ საქმით, რეტროგრადული და ტოტალიტარული რეჟიმები სარგებლობდნენ და სარგებლობენ. რატომ და როგორ, რთული მისახვედრი არ არის.
როგორც პატივცემული კამიუ იტყოდა, ამ მხრივ უკვე – „ზომიერების სიმამაცის“ – დროა.