პირველი ნაწილი
(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)
„აშკარაა, რომ ესპანელებს არ გააჩნდათ მცირედი საბაბიც კი ამერიკის კონტინენტის დასაზიანებლად და იქ ომის წამოსაწყებად. აშკარაა ისიც, რომ ომი, როგორც ასეთი, არ ყოფილა. მათი [ესპანელების] ქმედებები უბრალოდ უკანონო გახლდათ, გამარჯვებად ითვლებოდა მკვლელობები, ხოლო დაპყრობები ხორციელდებოდა ძალადობისა და ძალაუფლების უზურპაციის გზით. დაღვრილი სისხლი, გაძარცვული ქალაქები, დანგრეული პროვინციები – ასეთია მათი ბოროტმოქმედებანი, ღვთისა და ხალხის წინაშე“.
ფრანსისკო დე მირანდა (ვენესუელელი რევოლუციონერი, ე.წ. El Precursor-ის „წინამორბედი“, ლათინური ამერიკის დამოუკიდებლობის მოძრაობის ინიციატორი, მისი განმათავისუფლებლის, გენერალ სიმონ ბოლივარის წინამორბედი. 1801 წ.)
ჩვენი დღევანდელი საუბარი, სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის იმ ნაწილს შეეხება, რომელიც დღემდე არ ემორჩილება ევროპული (ესპანური) კოლონიზაციის შედეგებს და რომლის დამონებაც ვერ შეძლეს ვერც ინკებმა და ვერც ესპანელებმა! ეს ხალხია მაპუჩე (ესპ. არაუკანები) – პატაგონიის (სამხრეთი არგენტინა) და სამხრეთ-ცენტრალური ჩილეს მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც გააფთრებით იბრძვის თავისი მიწისა და უფლებებისთვის ასწლეულების განმავლობაში!
ქვემოთ შევეცდები, გესაუბროთ ქართველებისთვის შედარებით უცნობი თემის, ლათინური ამერიკის კოლონიალიზმის ისტორიისა და მისი დღევანდელი შედეგების შესახებ, რომლებიც ჩვენი დღევანდელი საზოგადოებისთვისაც საინტერესო და აქტუალურია დღეს საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური და იდეოლოგიური პროცესების ფონზე.
ესპანელების მიერ სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდიდან (1493 წელი, კოლუმბის მიერ კ. ისპანიოლას/ჰაიტის დაპყრობა, კარიბის ზღვის აუზში) მე-19 საუკუნემდე ესპანელებმა ვერ მოახერხეს მაპუჩეს ხალხების (ევროპელთა მიერ დარქმეული სახელი – არაუკანები; ესპანურად araucano) ბოლომდე დაპყრობა და დამორჩილება; ხოლო ლათინური ამერიკის ესპანეთისგან განთავისუფლების წლებიდან (1809-1829 წწ., „ესპანურენოვანი ამერიკის დამოუკიდებლობის ომები – Guerras de independencia hispanoamericanas“) დღემდე კვლავ გრძელდება მაპუჩეს ხალხების ბრძოლა ჩილესა და არგენტინის ახლა უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან საკუთარი მიწების მკვიდრი მოსახლეობისთვის დაბრუნების, სამართლიანობის აღდგენისა და მაპუჩეს მიწების ავტონომიისათვის.
დღესაც მიმდინარე ბრძოლის ნამდვილ სიმბოლოს წარმოადგენს მაპუჩეს ხალხის შვილი, არაუკანების მხედართმთავარი ლაუტარო (მაპუჩეს ენაზე Lef-Traru – „სწრაფი შევარდენი“, ესპ. „ლაუტარო“). არაუკანები (იგივე მაპუჩე – „მიწის ადამიანები“), ორივე ამერიკის ალბათ ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ხალხია – მათი დაპყრობა და მეტ-ნაკლებად დამორჩილება, ევროპელებმა მხოლოდ 1883 წელს მოახერხეს, სამსაუკუნოვანი „არაუკანული ომების“ შემდეგ. როგორც ესპანელი ჟამთაღმწერნი წერენ, მაპუჩეს ხალხებთან ომებში ორმოცდაათი ათასზე მეტი ესპანელი და ესპანელთა მხარეს მებრძოლი ინდიელია დაღუპული. დღეს მაპუჩეს ხალხების რაოდენობა დაახლ. 1,400,000 ადამიანს შეადგენს (ჩილესა და არგენტინაში), თუმცა მათი უმეტესობა ჩილეს რესპუბლიკაში ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ არაუკანელთა დამოუკიდებლობის ტრადიცია, ევროპულ კოლონიზაციაზე უფრო ხნიერია – არაუკანელთა დაპყრობას ესპანელებამდე ინკები ცდილობდნენ, თუმცა მათაც არაფერი გამოუვიდათ ამ მამაც და თავისუფლებისმოყვარე ხალხთან. საქმე ალბათ ის გახლავთ, რომ მაპუჩეს ხალხები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იძულებით შრომას. ამ დროს არაუკანები ყოველთვის მშრომელი ხალხია. ანდების მთებში მცხოვრები არაუკანები ოდითგანვე ცნობილნი იყვნენ სიმინდისა და კარტოფილი მოყვანით, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავებით და დღესაც, ჩილელი არაუკანების საფეიქრო ნაწარმი რამდენჯერმე უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ჩვეულებრივი საქარხნო ქსოვილი. არაუკანელთა იარაღი საგრძნობლად ჩამორჩებოდა ინკებისა და ევროპელთა იარაღს, თუმცა მაპუჩეს საზოგადოების მთავარი „იარაღი“ და აქტივი მათი საზოგადოების ტრადიციული ორგანიზაცია გახლდათ, რამაც ეს ხალხი ესპანელთა მთავარ მოწინააღმდეგედ აქცია ლათინურ ამერიკაში.
არაუკანელ-მაპუჩეს ხალხის მთავარ უპირატესობას, მათი საზოგადოებრივი ორგანიზების განსაკუთრებული ფორმები წარმოადგენდა. ეს ხალხი, ჩვეულებრივ, კლანების/ტომების (მაპუჩეს ენაზე „ლაფ“) მიხედვით იყოფოდა. არაუკანელთა ძირითად ბირთვს ჩილესა და არგენტინის ანდებისპირა ტერიტორიებზე შეადგენდა სამი მონათესავე ხალხი – მაპუჩე (Mapuche), პიკუნჩე (Picunche) და ჰუილიჩე (Huilliche). უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ მაპუჩეს ხალხები საკუთარ თავს „მაპუჩეს“ უწოდებენ (mapu = დედამიწას, მიწას; , che = ხალხს). დღეს, ჩილესა და არგენტინის არაუკანელები, ძირითადად ამ ქვეყნების რამდენიმე პროვინციაში ცხოვრობენ: ჩილეს ცენტრალურ დაბლობზე (მდ. ბიობიოს სამხრეთი), დედაქალაქი: ტემუკო, არაუკანიის რეგიონი, ჩილე და ნეუკენის (Neuquén) და რიო-ნეგროს თემები, დასავლეთ, ანდისპირა პატაგონიაში (არგენტინა). მაპუჩეს ხალხის ძირითადი საქმიანობა უკავშირდება სიმინდის, ლობიოს, გოგრის, კარტოფილის, ჩილის წიწაკისა და სხვა ბოსტნეულის მოყვანას ჩილეს ცენტრალურ დაბლობზე. ისინი ასევე კარგი მეთევზეები და მონადირეები არიან/ მესაქონლეობის მიმდევარი მაპუჩეს ხალხები ამრავლებენ ლამენსა (შალისთვის) და ზღვის გოჭებს (საკვებად). არაუკანიაში, ხშირად, ადამიანის სიმდიდრე, მისი ლამების ჯოგის რაოდენობით განისაზღვრებოდა.
მაპუჩეს ხალხებს მკაცრად განსაზღვრული კლანური და გვარ-ტომობრივი ორგანიზაცია ჰქონდათ, რაც დამახასიათებელია მთისა და მთის ხეობების ხალხებისათვის. ყოველი რვა კლანი, ქმნიდა უფრო მსხვილ გაერთიანებას „აილარეუს“, რაც ბრძოლების დროს, ძირითად მაორგანიზებელ ფაქტორს წარმოადგენდა. თითოეულ კლანს შეეძლო ათასამდე მებრძოლის გამოყვანა. შესაბამისად, თითოეული აილარეუ რვა ათას მებრძოლს გამოდიოდა. ყოველ კლანს ჰყავდა წინამძღოლი, მემკვიდრეობით გარდამავალი „ლონკო“, ტომის ბელადი. ესპანელი კონკისტადორის, ჩილეს გუბერნატორისა და დამპყრობლის, ფრანსისკო პისაროს არმიის ოფიცრის, პედრო დე ვალდივიას (1497 –1553) ჩანაწერებით, ჩილესა და არგენტინის არაუკანები აერთიანებდნენ 40 აილარეუს და 320 კლანს! იმის თქმა, თუ რამდენად ზუსტია ვალდივიას გათვლები, დღეს ძნელია. თუმცა არაუკანებთან ბრძოლებში, ესპანელთა მიხედვით, სულ მცირე ორმოცი ათასი მებრძოლი გამოსულა. თუმცა ვალდივიას მონაცემების ნდობა ალბათ შესაძლებელია, რადგან 1553 წელს, არაუკენელებთან და მათ წინამძღოლთან, ლაუტაროსთან, ესპანელების ერთ-ერთი დიდი ბრძოლის შემდეგ, ფორტ ტუკაპელთან (სამხრეთი ჩილე, ბიობიოს პროვინცია) ესპანელები დამარცხდნენ, ხოლო პედრო დე ვალდივია ტყვედ ჩაუვარდა არაუკანელებს და მას თავი მოჰკვეთეს.
მაპუჩეს ხალხების ბრძოლისუნარიანობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მათი გონიერება და გამჭრიახობა იყო – როგორც ესპანელი ჟამთაღმწერნი წერდნენ, არაუკანელთა ლეგენდარული წინამძღოლი, „ტოკუი“ (მთავარი) ლაუტარო თორმეტი წლის ასაკიდან ვალდივიას მეჯინიბე გახლდათ. ესპანელებისგან გაქცევის შემდეგ, ლაუტარომ თავისიანებს მაშინვე გადასცა ესპანელებთან შეძენილი ცოდნა, ნათლად აუხსნა თავისიანებს, რომ ესპანელი მხედრები ღმერთები არ არიან და მათსავით მოკვდავებს წარმოადგენენ, ხოლო ცხენები მოშინაურებული ცხოველები არიან; ესპანელთა თოფები კი ისეთივე იარაღია, როგორც მაპუჩეს ისრები. შედეგად, 1550 წლიდან მაპუჩეს მებრძოლები ესპანელებს უკვე თავისი კავალერიითა და ცხენოსნებით უპირისპირდებიან, რაც საბოლოოდ მაპუჩეს ჯარის მთავარი შემადგენელი ნაწილი ხდება. მაპუჩეს „საყვარელი“ გართობა ხდება ე.წ. „მალონი“ – ცხენოსანთა სწრაფი თავდასხმები ესპანელთა ფორტებზე, საქონლისა და ქალების შეპყრობის მიზნით. ამავე წლებში, არაუკანელი ხელოსნები მალევე ეუფლებიან ესპანელებისგან რკინის დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მათ ჯარს ფოლადის ისრებითა და შუბებით შეიარაღების საშუალებას აძლევს. არაუკანებმა, გარდა სამხედრო იარაღისა, სწრაფად აითვისეს ესპანელებისგან სამხედრო საქმეც. ლაუტაროს ესპანელების მონობაში გატარებულმა წლებმა მას ბევრი რამ ასწავლა – მაპუჩეს ჯარი, ლაუტაროს წინამძღოლობით, უკვე ევროპელების ტაქტიკურ ხერხებს იყენებს, რაც მათი სამხედრო წარმატებების საწინდარი ხდება. საინტერესოა არაუკანების სამხედრო სწავლების მეთოდები და წესები ახალგაზრდა მებრძოლებისათვის. სასწავლო კომპლექსში შედიოდა სხვადასხვა სპორტული თამაში: „პალინი“ – ჰოკეის მსგავსი თამაში ბალაზე; „პილმანი“ – ბურთით თამაში, წევრების გამოგდების პრინციპით; „ლინაო“ – რაგბის მსგავსი თამაში ბურთით; „ჩოიკეინი“ – სირბილში შეჯიბრი ერთ ფეხზე(!) „ლაზუ“ – ლასოს ტყორცნა და ადამიანის შებოჭვა თოკით. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აღწერილია არაუკანების ოცდაორამდე ასეთი ვარჯიში-თამაში, რომელთაც სამხედრო დანიშნულება და ახალგაზრდების წვრთნის ფუნქცია ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაუკანელების საწვრთნელი თამაშების უმეტესობა გუნდური გახლდათ. ახალგაზრდა მებრძოლს ბავშვობიდან ასწავლიდნენ იმას, რომ გამარჯვებას აღწევს გუნდი!
არაუკანელთა სამხედრო ორგანიზების კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ მათ ჯარში მკაცრად იყო განაწილებული ფუნქციები. ყოველი მებრძოლი ბავშვობიდან ირჩევდა იარაღს, მისი სურვილისამებრ: შუბი, კომბალი (მაკანა) თუ მშვილდისარი. ამის შემდეგ, მებრძოლი მხოლოდ ამ იარაღით ვარჯიშობდა. ესპანელი ბასკი პოეტი, ალონსო დე ერსილია ი სუნიგა (1533-1594), პოემა „ლა არაუკანიაში“ წერს: „ყოველ მებრძოლს ერთი თავისი იარაღი აქვს, რომელსაც სწავლობს და რომლითაც იბრძვის. ეს ყოველთვის ის იარაღია, რომელიც მებრძოლს ბავშვობიდან მოსწონდა. მებრძოლმა მხოლოდ ეს იარაღი უნდა გამოიყენოს და დრო არ დახარჯოს სხვაზე. არ ეგების, რომ მოისრემ შუბით ითამაშოს ან შუბოსანმა მშვილდისრით…“.
„მიწაზე ვარსკვლავები ცხოვრობენ. წარმოსახვის წყალი ცაში მღერის. ღრუბლების მიღმა, რომლებიც ამ წყლიდან და მიწიდან იშვნენ, ჩვენი წინაპრების ოცნებებია ჩვენ შესახებ. ისინი გვეუბნებიან, რომ მათი სული მთვარეა, ხოლო სიჩუმე, მათი გულისცემაა“ ელიკურა ჩიჰუაილაფი (თანამედროვე ჩილელი პოეტი, მაპუჩეს ხალხის წარმომადგენელი).
არაუკანელთა ახალგაზრდა წინამძღოლი, ლაუტარო, გარდა ბრძოლისადმი ბუნებრივი ნიჭისა, შეტაკებების დროს დიდი გამჭრიახობითაც გამოირჩეოდა. ასე მაგალითად, 1553 წელს, ტუკაპელის ცნობილი ბრძოლის დროს, ლაუტარომ ფორტის აღებისას ეშმაკობას მიმართა და ესპანელების ფორტის მიმართულებით რამდენიმე ათეული მებრძოლი გააგზავნა, რომლებსაც თითქოს ფიჩხი მიჰქონდათ ფორტში. ფორტის აღების შემდგომ, დე ვალდივიას ჯართან ბრძოლისას, ლაუტარომ თავისი ჯარი რვა ჯგუფად დაყო და ისინი ერთმანეთის უკან განათავსა. ყოველ რაზმს დავალებული ჰქონდა, ებრძოლა მტერთან, სანამ ძალა ეყოფოდა, ოღონდ მათთვის თავი არ შეეკლა და დროულად გასულიყო ბრძოლიდან უკანა რიგებში. როდესაც ვალდივიას მეომრებმა არაუკანების პირველი რაზმი დაამარცხეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ახალმა, დასვენებულმა რაზმმა შეცვალა. სანამ ესპანელები არაუკანების რაზმებს ებრძოდნენ, პირველმა რაზმმა მოახერხა დასვენება, საჭმლის ჭამა და ახალი ძალებით ჩართვა უკვე გასავათებულ ესპანელებთან ბრძოლაში… არაუკანელთა ყველა რაზმი ასე იქცეოდა. სამსაათიან დამქანცველ შეტაკებას ესპანელთა ცხენებმა ვეღარ გაუძლეს და დაღლილობისგან ძირს დაეცნენ. კონკისტადორი მიხვდა, რომ აგებდა და თავის გადარჩენა მხოლოდ უკან დახევით შეეძლო, თუმცა უკან დასახევი ხეობა უკვე არაუკანელებს ჰქონდათ დაკავებული. ამ ბრძოლაში, როგორც ზემოთ ითქვა, დე ვალდივიამ სასტიკი მარცხი იწვნია და ბოლოს თავიც წააგო. აქვე უნდა დავამატოთ ის, რომ ამ ბრძოლისას, ლაუტარო მხოლოდ 18 წლისა გახლდათ(!) მაპუჩეს ხალხის კიდევ ერთი წესი გახლდათ ის, რომ ისინი სამხედრო ბელადს, „ტოკუის“, სახალხოდ ირჩევდნენ, მიუხედავად გვარისა თუ წარმომავლობისა. მაპუჩესთვის მთავარი, არჩეულის სამხედრო თვისებები იყო. ლაუტარო გონების, გამჭრიახობისა და საბრძოლო თვისებების გამო აირჩიეს ბელადად და მას ბრძოლისას უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველა მებრძოლი, ახალგაზრდიდან ჭაღარათმიან მეომრებამდე… მაპუჩეს მებრძოლთა რეპუტაცია ესპანელებთან მუდმივი შეტაკებების შედეგად ძალიან მაღალი იყო და მათი ბადალი, სახმელეთო ბრძოლებში ამერიკაში არავინ გახლდათ. 1726 წელს, არაუკანებთან დაუსრულებელი და სისხლისმღვრელი ომებით გათანგულმა ესპანელებმა, არაუკანებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს, რომელსაც ჩილეს დამოუკიდებლობამდე (1810 წელი) ორივე მხარე ზედმიწევნით ასრულებდა.
ამერიკელ ინდიელთა (უფრო მართებული ტერმინია, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, Nativos, ესპანურად) ბრძოლისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მკვლევარი, სოცილოგიის დოქტორი და ლიმას უნივერსიტეტის პროფესორი, ანიბალ კიხანო, Anibal Quijano, თავის ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად სამეცნიერო სტატიაში წერს:
„ის, რასაც დღეს „გლობალიზაციას“ ვუწოდებთ, წარმოადგენს იმ პროცესის კულმინაციას, რომლებიც დაიწყო ამერიკის დაარსებითა და კოლონიური-მოდერნული, ევროცენტრისტული კაპიტალიზმის, როგორც გლობალური ძალის ჩამოყალიბებით“. დოქტორი ანიბალ კიხანო, თავის გახმაურებულ ესეიში, „კოლონიალიზმი და მოდერნულობა/რაციონალიზმი“[1] ბევრ ისეთ საკითხს ეხება, რომლებიც არც ისე ხშირად განიხილება დასავლეთის დღევანდელ აკადემიურ წრეებში, რადგან კიხანო ევროპული კოლონიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს წარმოადგენს.
კიხანოს წარმოდგენით, კოლონიურ-მოდერნული ძალაუფლების მოდელის ფუნდამენტურ ღერძს მოსახლეობის სოციალური სტრატიფიკაცია წარმოადგენდა. ეს მოდელი ემყარება რასის იდეას, მენტალურ კონსტრუქციას, რომელიც გამოხატავს კოლონიური ბატონობის (დომინაციის) საბაზო გამოცდილებას და მას მთავარ ხაზად გასდევს გლობალური ბატონობის უმთავრესი განზომილებები, ევროპული ცივილიზაციის განვითარების მოდერნული ეპოქისთვის დამახასიათებელი რაციონალიზმისა და ევროცენტრიზმის ჩათვლით. ზოგადად, დასავლური ცივილიზაციის განვითარების მოდერნული პერიოდის განსასაზღვრად სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და ისტორიული გარდამავალი ეპოქები და ფაქტები მოიაზრება: კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს და ოტომანთა გაბატონება; წმინდა მიწის განთავისუფლებისათვის წარმოებული ჯვაროსნული ომების დასრულება (დაახლ. 1095 – 1291 წწ.); გერმანული რეფორმაცია და პროტესტანტიზმის დაბადება ევროპაში (1517 წელი, მარტინ ლუთერის თეზისების საჯარო დემონსტრაცია შლოსკირხეს კარზე, ქ. ვიტენბერგში, ზაქსენ-ანჰალტი, გერმანია); დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი და ევროპული კოლონიზაციის პირველი ტალღა სამხრეთ ამერიკაში (დაახლ. 1400 წელი, პორტუგალიის მონარქის ენრიკეს მიერ პირველი ექსპედიციის გაგზავნა „ახალი მიწების“ გამოსაკვლევად) და მოდერნის დასასრული რომელიც ხშირად, საფრანგეთის რევოლუციით, ამერიკული რევოლუციით ან საფრანგეთში ნაპოლეონის მოსვლით არის განსაზღვრული.
დოქტორი კიხანოს აზრით, „უთანასწორობის კომპონენტსა და რასობრივ ღერძს კოლონიური წარმოშობა და ხასიათი აქვს. იგი ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე საკუთრივ კოლონიალიზმი, რომლის ფარგლებშიც იგი ჩამოყალიბდა. ამიტომაც, ძალაუფლების მოდელი, რომელიც დღეს მსოფლიოს ჰეგემონისტურ მოდელს წარმოადგენს, ნამდვილად ითვალისწინებს კოლონიალიზმის ელემენტებს“.
[1] Colonialidad y Modernidad/Racionalidad. Perú Indígena, vol. 13, No. 29, pp. 11–20. Lima: Instituto Indigenista Peruano.