გაკვეთილზე მოსწავლის დაგვიანებით შემოსვლა მასწავლებლისთვის რამდენად უსიამოვნოა ალბათ მიხვდებით, თუმცა კლასში ჯერ ენერგეტიკული სასმელის ქილა და მერე მოსწავლე რომ შემოდის, ჩემთვის ეგ უკვე ტრაგედიაა. ტვინში ირთვება სირენები, თვალები მინათდება და ყოველ ჯერზე იმის ახსნას ვიწყებ, რატომ არ უნდა მიირთვას არასრულწლოვანმა და მით უფრო უზმოზე. ენერგეტიკულ სასმელზე ,,დაუსრულებელი“ საუბრით ისე მოვაბეზრე ჩემ მოსწავლეებს თავი, რომ უკვე მალავენ გაკვეთილზე, მაგრამ ეს ხომ საბოლოო გამოსავალი არაა. დერეფანში, ქუჩაში, სხვა გაკვეთილზე, კინოში და კიდევ ბევრ ადგილას, სამწუხაროდ ოჯახებში სიამოვნებით აგემოვნებენ. ენერგეტიკული სასმელების მიმართ დამოკიდებულებაც ისეთივე მასშტაბური გახდა, როგორც ნიკოტინზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზე ყველამ უნდა ვისაუბროთ, სადაც და როგორც მიგვიწვდება ხელი. ჩემი წერილის მიზანი მკითხველის დაფიქრებაა, მასწავლებლისთვის კი სხვადასხვა აქტივობის ჩამონათვალია.
ნაწილი I – ზოგადი მიმოხილვა
ენერგეტიკული სასმელი პირველად დაამზადეს ავსტრიაში. ის განსხვავდება ე.წ. სპორტული სასმელებისგან.
სახელწოდებაში სიტყვა ,,ენერგეტიკული“ არ გამოსახავს საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას. მის შემადგენლობაში შედის:
კოფეინი – სტიმულატორი – რომელიც ახდენს ფიზიკური და მენტალური პროცესების სტიმულირებას. კოფეინის დღიური უსაფრთხო ნორმა მოზარდებში არის 100 მგ, ზრდასრულებში – 400 მგ, ორსულებში – 200 მგ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ირღვევა გულის ციკლი, ვითარდება უძილობა, იზრდება არტერიული წნევა, თავის ტკივილი ძლიერდება და ადამიანის დაძაბულობა მატულობს. ყავა ესპრესოში კოფეინი მხოლოდ 45 მგ-ია. კოფეინი ტვინსა და ნერვულ სისტემას ასტიმულირებს კორტიზოლისა და ადრენალინის ცირკულაციის გაძლიერებით.
ენერგეტიკულ სასმელში შესაძლოა იყოს გაზირებული წყალი, გლუკოზა, დამატკბობელი ან ფრუქტოზა. ასევე არის მცენარეული ექსტრაქტი და სხვა ინგრედიენტები.
ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი საშუალოდ შეიცავს 54 გრამ შაქარს, უმთავრესად გლუკოზის სახით, რაც კაფეებში გამოყენებული შეფუთული შაქრის 13,5 პაკეტს შეესაბამება. ეს იგივეა, რაც 5,4 საშუალო ზომის დონატში არსებული შაქრის რაოდენობა. ყველაზე მეტ შაქარს მოიხმარს აშშ-სა და ბელგიის მოსახლეობა, სწორედ აშშ-ს მოსახლეობის 33%-ის BMI > 30, ე.ი. გავრცელებულია სიმსუქნე და ჭარბწონიანობა. 1988-1994 წლებში აშშ-ს კაცების 63%, ქალების – 55% იყო მსუქანი ან ჭარბწონიანი, 2007-2012 წლებში კი მაჩვენებელი შესაბამისად 75% და 67%-მდე გაიზარდა. მკვლევრებს აინტერესებდათ მიზეზი. მონაცემების დამუშავების შემდეგ გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი გამომწვევი ენერგეტიკულ სასმელებში არსებული დიდი რაოდენობით გლუკოზა და ტაურინია. ტაურინი ამინომჟავაა, ის მნიშვნელოვანია გულისა და ჩონჩხის კუნთებისთვის, ასევე ტვინის, თვალებისა და სისხლის წნევის რეგულირებისთვის. მისი უსაფრთხო დღიური დოზა 300 მგ-ია. ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი კი ტაურინის ათასზე მეტ მგ-ს შეიცავს. ტაურინი მონაწილეობს ცხიმებისა და წყლის შერევის პროცესში. ამინომჟავას შეიცავს ნაღველი და მსხვილი ნაწლავები. კოფეინისგან განსხვავებით არ ასტიმულირებს, თუმცა ცვლის სისხლში კალციუმის კონცენტრაციას, სწორედ ეს იონი მოქმედებს გულის შეკუმშვის სიხშირესა და სისხლის წნევაზე.
ენერგეტიკულ სასმელებში არის B ჯგუფის ვიტამინები: B3; B6, B2, B12. ნიაციანი B ჯგუფის ვიტამიანია. ის საკვებს ,,აკონვერტირებს“ ენერგიაში. ასევე ასტიმულირებს ,,კარგი“ ქოლესტერინის გამოყოფას.
გუარანა – ენერგეტიკული სასმელის ძირითადი ინგრედიენტია, შეიცავს კოფეინსა და სტიმულატორებს, მაგალითად თეოფილინს, თეობრომინს, რომლებიც არც ისე უსაფრთხოა განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის. მასში ორჯერ მეტი კოფეინია ვიდრე ყავაში.
ენერგეტიკული სასმელის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს და სიძლიერეს, იზრდება სისტოლური დაძაბულობა. 2015 წელს ტეხასის შტატის მედიცინის სკოლამ მოხალისე პირებზე ჩატარებული კვლევით დაადგინა რომ ენერგეტიკული სასმელების სისტემატური გამოყენების შედეგად იზრდება წნევა, იცვლება გულის კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსის სიხშირე, ვითარდება არითმია, გვირგვინოვანი არტერიის სპაზმი და აორტის მწვავე შეკუმშვა.
ენერგეტიკული სასმელები შეიცავს ჟენშენის ფესვების ექსტრაქტს. ამ მცენარის ნაყენი მცირე რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში: ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას, ადამიანს თავს აგრძნობინებს კარგად, ზრდის გარეგანი სტრესორებისადმი მდგრადობას, აძლიერებს კოგნიტურ ფუნქციას, კონცენტრაციის უნარს და აუმჯობესებს მეხსიერებას. 19 ზრდასრულში 200 მგ/დღეში რვა კვირის განმავლობაში არ ცვლის მეტაბოლურ პასუხს. 38 ზრდასრულში 2 გ/დღეში არ შეინიშნა ვარჯიშისა და აღდგენის უნარების გაუმჯობესება. ენერგერტიკულ სასმელებში არის 400 მგ ჟენშენის ექსტრაქტი.
ენერგეტიკული სასმელი აფხიზლებს, ზრდის ყურადღების სიმახვილეს, რეაქციის სიჩქარეს. აძლიერებს კუნთების ძალასა და გამძლეობას, თუმცა ამ ფაქტის მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის მრავალ რისკს შეიცავს. ალკოჰოლთან ერთად მისი მოხმარება ზრდის ტრავმების ჩამოყალიბების სიხშირეს. გადაჭარბებული მოხმარება იწვევს გულისა და ფსიქიატრიულ დაავადებებს. რისკის ქვეშ არიან ორსულები, თინეიჯერები, სპორტსმენები, ადამიანები რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რაიმე ქრონიკული დაავადება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მათი მომხმარებლის რაოდენობას. რაც უკავშირდება ახალგაზრდებზე გათვლილ სარეკლამო რგოლებს, სოციალურ ქსელებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ღია ცის ქვეშ კონცერტებზე მათ უფასო გავრცელებას.
შეჯამების სახით, მაინც რა გავლენას ახდენს ენერგეტიკული სასმელები ადამიანის ჯანმრთელობაზე:
- იზრდება ტიპი 2 დიაბეტის რისკი, რადგან სისხლში ხანგრძლივად ჭარბი გლუკოზა უჯრედების მიერ მის არაეფექტურ აბსორბციასა და მეტაბოლიზმს განაპირობებს;
- იზრდება სიმსუქნის რისკი;
- იზრდება გაუწყლოების რისკი, რადგან შარდმდენ ნივთიერებებს შეიცავს;
- უძილობას იწვევს, რადგან ირღვევა სეროტონინის ცვლა და შესაბამისად ძილ-ღვიძილის ციკლი. ამ დროს სეროტონინის გამოთავისუფლება ითრგუნება;
- სისხლში მოცირკულირე ადრენალინის რაოდენობა იმატებს და შედეგად ხდება გულის აჩქარება.
დასკვნა: წამიერი ენერგიის მოზღვავებისთვის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არაგონივრული ქცევაა.
ნაწილი II – აქტივობები მასწავლებლებისთვის
(აქტივობების განხორციელება სასურველია დამრიგებლების, ბიოლოგიის, ქიმიის, სპორტის მასწავლებლებისა და სკოლის ექიმის მონაწილეობით).
- მოსწავლეების გამოკითხვა, რომლითაც დადგინდება რა ასაკის მოსწავლეები და რა სიხშირით მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს.
- ენერგეტიკული სასმელის ეტიკეტის გამოკვლევა – სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელის ეტიკეტებზე წარმოდგენილ ინფორმაციას შეაგროვებენ, ცხრილის სახით წარმოადგენენ და შეადარებენ ჯერ ერთმანეთს, შემდეგ სხვა რომელიმე სასმელს;
- რეკლამისა და ანტირეკლამის მომზადება – მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მოამზადებს რეკლამას, მეორე კი ენერგეტიკული სასმელის ანტირეკლამას;
- დისკუსია/დებატები – სკოლის ექიმისა და რამდენიმე მშობლის მონაწილეობით ჩატარდება დისკუსია ან დებატები, სადაც მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდებიან ენერგეტიკული სასმელების გამოყენების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეების ჯგუფებში და წინასწარ მოამზადებენ არგუმენტებს საკუთარი პოზიციის დასაცავად;
- სპორტის მასწავლებელი ჩაატარებს მინი ლექციას ე.წ. სპორტული და ენერგეტიკული სასმელების მოქმედებაზე ადამიანის სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე, განსაკუთრებით გულსა და კუნთებზე;
- კლასში ჩამოყალიბდება მოხალისეების ჯგუფი, რომლებიც სკოლის ექიმთან ერთად სხვა კლასების მოსწავლეებს გაესაუბრებიან ენერგეტიკულ სასმელებთან დაკავშირებით.
- სურვილის შემთხვევაში მოამზადებენ საინფორმაციო ხასიათის რესურსს მშობლებისთვის;