შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

გლობალური საკითხები გეოგრაფიის გაკვეთილზე

გლობალური პრობლემა შეიძლება განისაზღვროს როგორც ხანგრძლივი, რთული გამოწვევა, რომელიც მოიცავს მსოფლიოს დიდ ნაწილს და რომელსაც აქვს ერთზე მეტი „სწორი“ პასუხი. გლობალური საკითხების გასაგებად ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორც გეოგრაფებმა და „ვისწავლოთ“ გეოგრაფია. ჩვენ გვსურს, გავცდეთ  ფაქტების დამახსოვრების ჩარჩოს. გეოგრაფები უნდა იყვნენ ანალიტიკურები და კრიტიკულები, რათა უფრო ღრმად გაიგონ ჩვენი კომპლექსური სამყარო.

გეოგრაფიული პროგნოზის კონცეფცია მოითხოვს გლობალური საკითხების ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგების გათვალისწინებას. პრობლემების გადასაჭრელად, გადაწყვეტილებების მისაღებად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ჩვენ უნდა შევძლოთ საკითხის მრავალი პერსპექტივიდან შესწავლა.

ვიდრე უშუალოდ თემას შევეხებოდეთ, მართებულად მიმაჩნია გაგაცნოთ, რაზე ვაპირებ საუბარს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

კლიმატის ცვლილება, რომელიც მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს, კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო პრობლემაა, რადგან ის მკვეთრად ცვლის ჩვენს გარემოსა და ყოველდღიურობას. ეს პროცესი ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში შეამჩნიეს, როდესაც დედამიწაზე საშუალო წლიურმა ტემპერატურამ მოიმატა და გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები გახშირდა.

ამჟამინდელ კლიმატის ცვლილებას, რომელიც ტემპერატურის მატებას უკავშირდება, ადამიანის სამეურნეო საქმიანობისა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაციის შედეგად დედამიწის ატმოსფეროში წარმოქმნილი ზოგიერთი აირის გადაჭარბებული დაგროვება იწვევს.

ადამიანები წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი რესურსით სარგებლობენ, რასაც არა მარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, არამედ ცხოვრების ხარისხის ამაღლებაც განაპირობებს, თუმცა აუცილებელია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ რესურსების ჭარბი გამოყენება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც კლიმატს, ისე მთელ პლანეტასაც.

ახლა კი მოდი, დედამიწის კლიმატურ ისტორიაზე ვისაუბროთ.

გარემოში მიმდინარე ცვლილებები იმდენად გლობალური ხასიათისაა, რომ მთლიანად იცვლება არსებული გეოგრაფიული გარსი და ამ პროცესის დაწყებამდე მდგრადად ჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემო. უაღრესად მნიშვნელოვანია წინა პერიოდებში მომხდარი კლიმატის ძირეული ცვლილებები, რომლებიც გეოგრაფიული გარემოს შემდგომი განვითარების ხასიათს განაპირობებს. დედამიწის კლიმატური ისტორია ასობით მილიონ წელს ითვლის. გასული 900 ათასი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ხანგრძლივი დათბობისა და აცივების პერიოდები, რომლებიც გამყინვარებისა და ამ პროცესის შემდგომი დათბობის პერიოდების სახელით არის ცნობილი. გეოგრაფიულ გარსში მიმდინარე ეს საყოველთაო ცვლილებები ციკლური ხასიათისა იყო და განსხვავებული მასშტაბითა თუ ხანგრძლივობით დედამიწის ისტორიაში მრავალჯერ განმეორდა. ამასთან, ბოლო გამყინვარება დედამიწაზე 2 მლნ წლის წინ დაიწყო და დაახლოებით 10 000 წლის წინ დასრულდა. მას შემდეგ ჩვენს პლანეტაზე კლიმატი მეტ-ნაკლებად მდგრადი გახდა. სწორედ ამან განაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარება, ქალაქების დაარსება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.

იცით თუ არა, რა არის გლაციოლოგია?

გლაციოლოგიას როგორც მეცნიერებას საფუძველი 1779-1796 წლებში ჩაეყარა, როდესაც გამოქვეყნდა შვეიცარიელი მეცნიერის ორას ბენედიქტ დე სოსიურის ნაშრომი „ალპებში მოგზაურობა“. გლაციოლოგიის განვითარების პირველი ეტაპი უპირატესად მონაცემების აღწერას მიეძღვნა და მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების ფუნქცია შეასრულა. გლაციოლოგიის განვითარებას ხელი შეუწყო პირველმა (1882-1883 წ.წ.) და მეორე (1932-1933 წ.წ.) საერთაშორისო პოლარულმა წელმა.

კლიმატი მუდმივად იცვლებაო, ამბობენ სკეპტიკოსები და ასეც არის. მოდი, გავიგოთ ამის მიზეზი.

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობისთვის ზოგადსაკაცობრიო საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი პრობლემაა, რადგან, როგორც გითხარით, ის ჩვენს გარემოსა და ყოველდღიურობას თვალში საცემად ცვლის. ამ პროცესის კვლევა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყეს, როდესაც მსოფლიოს საშუალო წლიური ტემპერატურის მატებისა და გახშირებული კლიმატური კატასტროფების ტენდენცია გამოიკვეთა. ამჟამად მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს.

კლიმატის ცვლილება – ეს ტერმინი გულისხმობს კლიმატის ხანგრძლივ (10 მილიონიდან მილიონ წლამდე შუალედში) მერყეობას მთელ დედამიწაზე ან მის ცალკეულ რეგიონებში. კლიმატის ცვლილება მრავალწლიანი საშუალო ნიშნულიდან ამინდის პარამეტრების სტატისტიკურად დადასტურებული გადახრებით დგინდება. კლიმატის გლობალური ცვლილება დედამიწაზე ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურის მატებით ვლინდება.

ყინულის დნობა – უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მყინვარული საფარი დაახლოებით 30%-ით, ე.ი., ფაქტობრივად, მესამედით შემცირდა. მათი დნობის პროცესი განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაჩქარდა. განურჩევლად რეგიონისა, მყინვარის დნობას ხშირად მძიმე შედეგები მოსდევს. მყინვარული საფარის ფართობის ცვლილება გავლენას ახდენს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ კლიმატზე, ეკოსისტემასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

სად და რატომ დნება მყინვარები?

იმ ვრცელი მყინვარული საფარების ფართობის შემცირება, რომლებიც ადრე პოლარული რეგიონების უდიდეს ნაწილს ფარავდა, კლიმატის ცვლილების დამადასტურებელია. მყინვარები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა ეშვებოდა მთის ხეობებში, ახლა გლობალური დათბობის გამო დნება, ზოგი ძალიან სწრაფად პატარავდება, ხოლო ზოგი თანდათან ქრება კიდეც. 1994-დან 2017 წლამდე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დნობის შედეგად დედამიწამ 28 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. მსოფლიო ოკეანის დონემ საშუალოდ 34,6 ±3,1 მმ-ით მოიმატა. ყინულის კარგვის მაჩვენებელი 1990-იანი წლებიდან 57%-ით გაიზარდა – წელიწადში 0,8-იდან 1,2 ტრილიონ ტონამდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის აქტიურობა, რათა ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში და მომავალ თაობას დავახვედროთ მომავალი!

ტუპუნგატოსთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ამ სათაურით დავიწყეთ: „ტუპუნგატოს მყინვარი – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მყიფე ზონა“. ტუპუნგატოზე აქამდე მხოლოდ ის ვიცოდი, სად მდებარეობდა, ამიტომ მან განსაკუთრებით დამაინტერესა. ტუპუნგატო ჩილესა და არგენტინის მენდოზას პროვინციაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 5000 მეტრამდეა. ხასიათდება დაბალი ტემპერატურით და ძალიან დიდ სიმაღლეებზე თოვლის ვარდნით, თუმცა, სამწუხაროდ, ისევე როგორც მრავალი სხვა მყინვარი მთელს მსოფლიოში, ტუპუნგატოც დაზარალდა და დღემდე განიცდის ყინულის კარგვას ტემპერატურის მატების გამო.

ხშირად მიფიქრია, რა საჭიროა მყინვარები, რა როლი აქვს. მეტიც – დარწმუნებული ვიყავი, რომ მყინვარები არაფერში გვჭირდებოდა და მათი დნობის შედეგად გაბევრებულ წყალს უფრო გამოვიყენებდით. თემის ბოლოს დავრწმუნდი, რომ ძალიან ვცდებოდი. ახლა აგიხსნით, რომ ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ (შეცდომებზე ვსწავლობთო, ნათქვამია).

პირველი: მყინვარების დნობა იწვევს წყლის ხელმისაწვდომობის შემცირებას მშრალ სეზონზე. მეორეა ალბედოს ეფექტი: მყინვარები ირეკლავს მზის სხივების მნიშვნელოვან რაოდენობას, ხოლო მიწა შთანთქავს მზის შუქს და ხელს უწყობს დათბობას. ტუპუნგატო მხარს უჭერს უნიკალური ეკოსისტემის სტაბილურობას, ხოლო მისი დნობა გამოიწვევს დინების ცვალებადობას და ა.შ.

არის საკითხები, რომლეთა შესახებ ყველა ჩვენგანს სხვადასხვა მოსაზრება აქვს, თავისი ღირებულებების, შეხედულებებისა და გამოცდილების კვალობაზე.

გეოგრაფიული პროგნოზი არის დამოკიდებულება ან თვალსაზრისი მოვლენის ან საკითხის მიმართ გეოგრაფიულ კონტექსტში.

ახლა, როდესაც უკვე იცით, როგორია გეოგრაფიული პროგნოზი, თუ ეს წაიკითხეთ და ოდნავ მაინც გაგიჩნდათ შიშისა და სიბრალულის გრძნობა, ძალიან კარგია, რადგან მე მჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ, გადავარჩინოთ მყინვარები.

სტატიის თანავტორი სსიპ-ქ. თბილისის N126 საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე ნინი კერესელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“