(პირველი ნაწილი)
სიმდიდრე კვლავ რამდენიმე ძალის ხელშია კონცენტრირებული, რომელთა არამომჭირნე ეკონომიკების შენარჩუნება კვლავ მშრომელთა ექსპლუატაციით ხდება, ისევე როგორც აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ხალხების ეროვნული და სხვა რესურსების ძარცვითა და მათი ქვეყნებიდან გატანით“.
ფიდელ კასტრო, კუბის რესპუბლიკის პრეზიდენტი
მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობის კონგრესი, ჰავანა, კუბა, 1979 წ.
XVI საუკუნის დასასრულს, ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ევროპელები ნელ-ნელა იწყებენ „ახალი კონტინენტის“ (ჩრდილოეთი ამერიკის) რესურსებისა და სიმდიდრეების შესწავლა-ათვისებას. ნიუფაუნდლენდის წყლებში (დღეს ეს კუნძული კანადას ეკუთვნის), რომელიც განთქმული იყო თევზის მდიდარი სარეწებით (აქ ერთმანეთს ხვდება ნიუფაუნდლენდის ცივი და გოლფსტრიმის თბილი დინებები, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის ოკეანის თევზების გამრავლებისთვის), ხშირად შეხვდებოდით ინგლისურ საზღვაო და თევზსაჭერ გემებს, თუმცა ბასკების, ფრანგების, ესპანელებისა და პორტუგალიელების გემებთან შედარებით მათი რაოდენობა უმნიშვნელო იყო.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელების გემები სხვა ევროპელებთან შედარებით უკეთ იყო აღჭურვილი და შეიარაღებული, რის გამოც ინგლისელი კაპიტნები სულ უფრო ხშირად გამოდიოდნენ მომრიგებელი მოსამართლეების როლში ნიუფაუნდლენდზე მცხოვრებ ევროპელ მეთევზეებს შორის თევზჭერის წესებისა და უფლებების გამო წამოჭრილი დავების დროს.
ინგლისელებისთვის ჩრდილოეთის ცივ წლებში მდებარე უცნობი კუნძული ნიუფაუნდლენდი, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ზომისა (108 000 კვ. კმ), ნაკლებად საინტერესო გახლდათ, რადგან რთული კლიმატური პირობებისა და მწირი ნიადაგების გამო (ცივი ზაფხული და სუსხიანი ზამთარი, ხშირი წვიმა, ნისლი და ქარიშხლები) კუნძულის შესწავლა და დასახლება ძვირი ჯდებოდა.
კუნძულისადმი ინგლისელების ინტერესი მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ინგლისელმა მოგზაურმა მარტინ ფრობიშერმა 1577 წელს დღევანდელი კანადური ნიუფაუნდლენდის ახლოს მდებარე კუნძულებიდან „ოქროს მადანი“ ჩამოიტანა (საბოლოოდ ფრობიშერის მიერ ჩამოტანილი მადანი რკინის პირიტი აღმოჩნდა, რომელსაც კომერციული ღირებულება არ ჰქონდა). ფრობიშერის აღმოჩენამ მაშინვე გაზარდა ინტერესი „ახალი მიწებისადმი“ (რომელიც აზია ეგონათ), ნიუფაუნდლედმა დაიმსახურა მნიშვნელოვანი კუნძულისა და საზღვაო გზის რეპუტაცია, რადგან ეს, სავარაუდოდ „უმოკლესი გზა“ იყო ჩინეთამდე, და მეორე – იქ აღმოჩნდა ფრობიშერის მიერ ნაპოვნი „ოქროს ქვეყანა“!
ინგლისელთა შემდეგი ნაბიჯი გახდა ჰამფრი გილბერტის მიერ (დედოფალ ელისაბედ I-ის ფავორიტის, სერ უოლტერ რეილის ნახევარძმა) დედოფლისგან სამეფო პატენტის მიღება „ნიუფაუნდლენდის შემდგომი გამოკვლევისა და მართვისათვის“. გილბერტმა, კუნძული ინგლისის საკუთრებად გამოაცხადა, რადგან მისი აღმოჩენა 1497 წელს სერ ჯონ კაბოტს (იტალიელი ზღვაოსანი ჯოვანი კაბოტო ინგლისის სამეფო საზღვაო სამსახურში) მიეწერება (მიუხედავად ფრანგების პროტესტისა, ინგლისელებმა ეს უფლება არ დათმეს და 1713 წელს უტრეხტის ზავის საფუძველზე საბოლოოდ გაიფორმეს ნიუფაუნდლენდი).
ჰამფრი გილბერტის ისტორია საინტერესოა იმით, რომ იგი პირველი აღმოჩნდა, ვინც გადაწყვიტა, კუნძულზე ინგლისიდან ჩამოყვანილი ახალმოსახლეები დაესახლებინა. 1583 წლის აგვისტოში გილბერტის გემებს, სამეფო კურთხევით, ნიუფაუნდლენდის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩაჰყავთ 250 კოლონისტი, რომლებიც აარსებენ პირველ ინგლისურ კოლონიას ოკეანის გაღმა. მალევე გამოჩნდა, რომ მცდელობა წარუმატებელი იყო – კოლონისტებს აკლდათ თითქმის ყველაფერი, გარდა თევზისა და საწვავი ხე-ტყისა. მალე ახალმოსახლეებს შორის დაავადებები გავრცელდა, რამაც კოლონისტებში მღელვარება წარმოშვა. გილბერტმა უკმაყოფილების ჩასახშობად ბრძანა, ყურები დაეჭრათ (!) მღელვარების თავკაცებისათვის, თუმცა მალევე დანებდა და ახალმოსახლეთა გემები უკანვე, ინგლისში გაამგზავრა. უკანა გზა გილბერტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – ქარიშხლის დროს იგი დაიღუპა. ამან ამერიკის ჩრდილოეთის კოლონიზაცია თითქმის ოცდახუთი წლით გადაავადა და ნიუფაუნდლენდზე ახალი დასახლება, სენტ-ჯონსი (პროვინციის დღევანდელი დედაქალაქი), მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა.
ჩრდილოეთი ამერიკის კოლონიზაციის შემდგომი პერიოდი ატლანტის ოკეანეში დაღუპული ჰამფრი გილბერტის ნახევარძმას, სერ უოლტერ რეილის უკავშირდება. ეს ინგლისელი ბატონი 1553 წელს დაიბადა დევონის საგრაფოში, ღარიბი თავადის ოჯახში, რომელიც პროტესტანტული მრწამსის ერთგული მიმდევარი იყო. ოჯახის აღზევება უკავშირდება ინგლისის პროტესტანტი დედოფლის, ელისაბედ I-ის ტახტზე ასვლას. უოლტერ რეილი, მიუხედავად ხელმოკლეობისა, დარწმუნებული იყო, რომ დედოფლის სამსახურში ბევრს მიაღწევდა. ნათესავების დახმარებისა და შესანიშნავი გარეგნობის წყალობით რეილი რამდენიმე წელიწადში დედოფლის უახლოეს კარისკაცთა წრეში შედის და მისი ფავორიტი ხდება. ამ დროს ის უკვე ხმამაღლა საუბრობს თავის „სანუკვარ“ გეგმებზე, რომლებიც უკავშირდება „ინდოეთის ურიცხვ“ სიმდიდრეს, მექსიკისა და პერუს სამეფოების ოქროს და „ოქროს სამეფოს“ – ელდორადოს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რეილის ძმამ, გილბერტმა, ბევრჯერ სცადა ჩინეთისკენ ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის პოვნა, მაგრამ ვერ შეძლო და უგზო-უკვლოდ დაიკარგა ატლანტიკის წყლებში. რეილი გადაწყვეტს, განაგრძოს დაღუპული ძმის საქმე და დედოფლისგან იღებს სამეფო პატენტს ჩრდილოეთი ამერიკის ტერიტორიის კოლონიზაციაზე ესპანური ტერიტორიების (ფლორიდის) ჩრდილოეთით. სამეფო პატენტისა და შეუპოვარი ხასიათის წყალობით ავანტიურისტული ბუნების მქონე რეილი ბევრს აღწევს: 1584 წელს ის სანაპირო ზოლის გამოსაკვლევად ოკეანის გაღმა გზავნის ორ მცირე ზომის გემს (კაპიტნები – ამადასი და ბარლოუ), რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს, კ. ნიუფაუნდლენდიდან ბევრად უფრო სამხრეთით, ჩრდილოეთი განედის 35o-მდე მიდიან (დღევანდელი ტენესისა და ჩრდ. კაროლინის მახლობლად). სამწუხაროდ, სანაპიროზე მეზღვაურები ვერ პოულობენ მოხერხებულ ყურეს, თუმცა გადადიან ორ მცირე კუნძულზე, სადაც მკვიდრ მოსახლეობას, ინდიელებს ხვდებიან. ამ ხანმოკლე ვიზიტის შემდგომ გემები ინგლისში ბრუნდებიან. გემეის კაპიტნების ანგარიშში ვკითხულობთ, თუ როგორ ახასიათებენ ინგლისელი ზღვაოსნები აბორიგენებს: „ინდიელები ველურები და ზარმაცები, მამაცნი და სტუმართმოყვარენი, მიმნდობნი და ცნობისმოყვარენი არიან და სიამოვნებით ცვლიან საკვებ პროდუქტებს ინგლისურ საქონელზე, განსაკუთრებით კი ლითონის ნივთებზე“. კაპიტნები ნანახ ადგილებს ახასიათებენ როგორც მშვენიერს, რბილი კლიმატით და ნაყოფიერი ნიადაგებით. ასეთი მონათხრობის შემდეგ, ჩვეულებრივ, მომჭირნე დედოფალი თანხმდება რეილის და ამერიკისკენ, „ახალი ქვეყნის“ კოლონიზაციის მიზნით, მიემგზავრება მეორე ექსპედიცია, რომელშიც უკვე ხუთი ხომალდი შედის. ექსპედიციას კაპიტანი რიჩარდ გრინვილი ხელმძღვანელობს.
მადლიერი სერ რეილი მომავალ ინგლისურ კოლონიას დედოფლის პატივსაცემად ვირჯინიას უწოდებს (Virgo – ლათ. ქალწული. დედოფალი ელისაბედ I, ტიუდორების დინასტიის უკანასკნელი მონარქი, მეფე ჰენრი VIII-ის უმცროსი ქალიშვილი, არასდროს გათხოვილა და მთელი სიცოცხლე ინარჩუნებდა „ქალწული დედოფლის“ სტატუსს, რითაც ხაზს უსვამდა იმას, რომ იგი „ინგლისზეა გათხოვილი“ და „მხოლოდ სამეფოს ერთგულია“). 1585 წელს იწყება დღევანდელი ამერიკის (აშშ-ის) ფაქტობრივი კოლონიზაცია, თუმცა პროცესი დიდი სირთულეებითა და მოულოდნელობებით მიმდინარეობს. პირველი დასახლება ინგლისელებმა კუნძულ როანოკზე, დღევანდელი ჩრდ. კაროლინის სანაპიროსთან გააშენეს და ხმელეთზე 180-მდე კოლონისტი გადმოსხეს. ახალმოსახლეთა უმრავლესობა გაკოტრებული თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო, რომლებსაც „ახალ სამყაროში“ გამდიდრების სურვილი ერეკებოდა. „ველურმა“ აბორიგენებმა მალევე გაიგეს ცივილიზებული ევროპელების რეალური „ღმერთის“ შესახებ და მათ დასაცინად უხვად მოუყვნენ ზღაპრებს ახალი ქვეყნის ოქროს საბადოებისა და მარგალიტით სავსე სანაპიროების შესახებ. შესაძლოა, ეს იყო ინდიელების საბედისწერო შეცდომა! ინგლისელები, რამდენიმეთვიანი ფუჭი ძიების შემდეგ, ისე გაბრაზდნენ აბორიგენებზე, რომ იარაღით ხელში დაესხნენ თავს ინდიელების რამდენიმე სოფელს. პასუხად ინდიელებმა ახალმოსახლეებს საკვების მიცემა შეუწყვიტეს.
1585 წლის გაზაფხულზე ინგლისელი კოლონისტებს შიმშილით სიკვდილი დაემუქრა. ბედად, დღევანდელი ჩრდ. კაროლინის ნაპირებს მოულოდნელად ინგლისური ფლოტილია მიადგა სერ ფრენსის დრეიკის ხელძღვანელობით (ფრენსის დრეიკი, ინგლისელი პრივატიერი – კონტრაქტით მოქმედი მეკობრე, ზღვაოსანი, ვიცე-ადმირალი და სამეფო კარის რაინდი), რომელიც ესპანურ გემებზე მორიგი მეკობრული თავდასხმის შემდეგ ინგლისში ბრუნდებოდა. დრეიკმა უხეირო კოლონისტები გემებზე აიყვანა და, ფაქტობრივად, მათი სამშობლოში ევაკუაცია მოახდინა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაშინ ჩაიტანეს ევროპელებმა ინგლისში ამერიკული თამბაქო, რომლის მოწევაც უმალვე პოპულარული გახდა ინგლისის ელიტის წარმომადგენლებში.
როანოკის კოლონიზაციის მცდელობიდან მცირე ხნის შემდეგ კაპიტანმა გრინვილმა, რომელმაც არაფერი იცოდა წინამორბედთა ბედის შესახებ, დაცარიელებულ დასახლებაში სამი ხომალდით 15 ახალმოსახლე ჩაიყვანა, რათა ინგლისისთვის „ახალი სამფლობელოები“ შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ, მათ წინამორბედებთან სავალალო გამოცდილების გამო ალგონკინებმა (ინდიელთა ადგილობრივი ტომი) ახალმოსახლეები ამოჟლიტეს.
1587 წლის დასაწყისში კაპიტანმა გრინვილმა ვირჯინიაში კვლავ ჩაიყვანა 200-მდე ახალმოსახლე, თუმცა ახალ კოლონიაში მათი მომავალიც უბედური აღმოჩნდა: ახალგაჩაღებული ინგლის-ესპანეთის ომის გამო კოლონისტები ყველას დაავიწყდა და ისინი, სავარაუდოდ, ან დაიხოცნენ, ან ინდიელებთან შეტაკებებში დაიღუპნენ.
ამის შემდეგ სერ რეილისა და დედოფლის ინტერესი ამერიკის კოლონიზაცის წამგებიანი პროექტის მიმართ საგრძნობლად განელდა და საბოლოდ გაქრა.