შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

უოლტ უიტმენი „ბალახის ფოთლები“

„ადამიანური პიროვნების ყოვლისმომცველობა, მარადიულობა აღძრავს ენთუზიაზმს პოეზიისას.  უიტმენის შემოქმედების ცენტრში ადამიანი დგას მუდამ. ადამიანი, ხატი ღვთისა, თავად მიწიერი ღმერთი, მისი ფიზიოლოგია, ფიზიოგნომიკა, მისი ზოგადი კოსმოსური არქეტიპები: მარადვაჟური და მარადქალური. მის ვნებათა უსაზღვროება, პულსი და ძალა, მოქმედების თავისუფლება, რომლითაც იგი ახორციელებს ღვთის მარადჟამულ კანონმდებლობას. თანამედროვე ადამიანი, რომელიც მოითხოვს, რათა უზენაესი სრულყოფით გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი მეობა“ [ გამსახურდია ზ. ]

მწერლობაში უპირველესი საკითხავია – სტილი, რადგან სტილია თვითმეტყველი ადამიანის ანი და ჰოე“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია. მან იცის, რომ უიტმენის სტილი ისევე თავისებურია, როგორც მისი იდეები. უიტმენის პოეტურ მეტყველებას არ ემჩნევა ის გადაჭარბებული სიმჭევრე, გადამეტებული „ხელოვნურობა“, ყალბი რიტორიკა, რომელიც კარგა ხნის შემოჭრილი იყო იმდროინდელ ინგლისურ და საერთოდ ევროპულ ლიტერატურაში.

ამაყი, დამოუკიდებელი, ბუნების მოყვარული, თავისუფალი ადამიანი, – ეს არის უიტმენის იდეალი. მაღალი ჰუმანური გრძნობებითაა გაჟღენთილი მისი ლექსები. გამსახურდია არ მალავს აშკარა აღფრთოვანებას პოეტის ხელოვნებით და სურს, მთელი მისი ერი აზიაროს ამ დიდ მოვლენას. იგი უდიდესი სიფრთხილით ეკიდება უიტმენის ლექსთა თარგმნას, გულისყურით არჩევს სათარგმნ მასალას და დასძენს: „ამ გამოცემაში ჩვენ გამოვტოვეთ ზოგიერთი ლექსი მისი წიგნიდან „Blade of Grass” (ბალახის ფოთოლი), რადგან ყოველ პოეტს აქვს ისეთი ლექსები, რომელნიც სხვა ენაზე გადათარგმნილნი სრულიად უფერული ხდებიან. უიტმენის პოეზიას იმდენად კოსმოპოლიტური კოლორიტი აქვს, რომ ზოგადად აღებული ისინი თარგმანში მინიმალურ ცვლილებას განიცდიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  უიტმენის ჰოტები და ლექსები არსებითად განსხვავდებიან ტრადიციული ბოლორითმიანი, ასე ვთქვათ, ეროვნული ახალი ლექსისაგან. იგი უარყოფს ბოლო რითმას, რადგან ბოლო რითმა გრძნობის ხუნდებს ქმნის. „მისი თავისებურება სწორედ ეს თავნება, თავისუფალი, შეუზღუდველი, უტრადიციო გამოთქმაა. მისი ლექსი ხანდახან ბერძნულ მაღალ ტონიან დითირამბს უახლოვდება, მისი ჰიმნების ენა ოდნავ წააგავს ნიცშეს, ან ჰოლდერლინის მდუღარე, მქუხარე დითირამბებს. ისეთი ძლიერი გრძნობის ვულკანი იქმნება ამ სიმღერისაგან, რომ მას ლექსის ფოლადის აბჯარიც ვერ დააოკებდა. ალაგ-ალაგ უიტმენის ლექსი პროზისკენ მიიწევს, ძლიერ უახლოვდება ბოდლერის „პროზაული ლექსის“ ოდნავ მოდუნებულ ტემპერამენტს, ათეული წლებით ნიცშეზე ადრე ამერიკელი პოეტი ჰიმნების ენით უმღერის ფოლადის თაობას. ჰუმანურობის გრძნობითაა გასპეტაკებული მისი პოეზია და ქართველი ახალი თაობაც გაიგონებს, „თუ როგორ მღერის დასავლეთში მარტოკა, ახალი ქვეყნისთვის ვოლტ  უიტმენი“. ეს ვრცელი ციტატა და განსაკუთრებით კი მისი ბოლო წინადადება მოვიყვანეთ სპეციალურად იმის დასამოწმებლად, რასაც ამის შემდეგ მოგახსენებთ. როდესაც მთარგმნელი ასე დაჯერებით იძახის, ახალი თაობაც გაიგონებს, თუ როგორ მღერის პოეტიო, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალუძს ისეთი თარგმანი შექმნას, რომელიც პირნათლად შეასრულებს ამ ურთულეს მისიას, ხოლო ზემოთ მოტანილი კონცეფცია უიტმენის პოეტური სტილის თავისებურების, ფორმის ორიგინალობისა და გამოხატვის საშუალებათა განუსაზღვრელობის შესახებ, იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველია, რომ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, თუ რამდენად მომზადებული შეუდგა გამსახურდია უიტმენის თარგმნას. თარგმანი კი როგორც ბოლოსიტყვაობაში თავად მწერალი გვაუწყებს, შესრულებულია უშუალოდ ორიგინალიდან.

კონსტანტინე გამსახურდიას მოსაზრებანი და უიტმენის პოეზიის ქართულად აჟღერების მცდელობა, უნდა ითქვას, რომ არ აღმოცენებულა ყამირ ნიადაგზე. ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას უკვე 1921 წელს გააჩნდა ვახტანგ კოტეტიშვილის უოლტ უიტმენის ცხოვრებისა და შემოქმედების დღემდე არსებული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და საინტერესო ანალიზი. ამ პერიოდისთვის უიტმენის შესახებ არ არსებობდა ერთი ხეირიანი ბიოგრაფიული ნარკვევიც კი. საქართველოში არამცთუ ხალხმა, თვით მწერლებს შორისაც კი ბევრმა მხოლოდ მაშინ გაიგო ეს დიდი სახელი. ამიტომ ვახტანგ კოტეტიშვილი თავის შესანიშნავ ესეიში მოგვითხრობს ამერიკელი პოეტის ბიოგრაფიას და ამ ფონზე განიხილავს მისი მხატვრული შემოქმედების ისეთ შედევრებს, როგორიცაა: „სალამი“, „სარკე“, „ვინც უნდა იყოს იგი“. ეს წერილი წარმოადგენს მე-19 საუკუნის ამერიკის ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ ყოველდღიურ ცხოვრებაში აბობოქრებული ისტორიული ძვრების ფონზე აღმოცენებული, ხალხის წიაღიდან ამოზრდილი, ამერიკის ქუჩებში მოხეტიალე და შემდეგ მისსავე ვიწრო მოსახვევებში დაკარგული გენიის უოლტ უიტმენის ფენომენის გახსნის მეტად ორიგინალურ ცდას. ვახტანგ კოტეტიშვილისათვის მისაღებია და სავსებით გასაგები ამ პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში უოლტ უიტმენის გენიისადმი ეგზომ ცივი დამოკიდებულება, რადგან დასძენს, რომ „დღეს, ამ პოეზიის გოლიათს მხოლოდ ძლიერები გრძნობენ. მისი სიცოცხლე ამას იქით გაიშლება. მოკვდება მაშინ, როცა მას სუსტები იგრძნობენ, გაიგებენ და შეიყვარებენ.  უიტმენის სიკვდილი, როგორც პოეტის, ეს მისივე ხელახალი გამარჯვება იქნება“, ვახტანგ კოტეტიშვილს უოლტ უიტმენის ფენომენის გახსნის ძირითად და ამოსავალ წერტილად მისი „დემოკრატია“ მიაჩნია. დემოკრატია, ხალხთა მასების გამოღვიძება და საზოგადოებრივი ღობეების დანგრევა ბრძოლაში იწვევს ძველ პოეზიას. უიტმენი შეუგრძნობლად იღებს მას: „ძირს ძველი თემები, აღარავითარი სამკაული, არავითარი დახლართული სატრფიალო შინაარსი, არავითარი საგანგებო გმირები, არც ლეგენდები, არც ლექსები, არც კეთილხმოვანება, არც რიტმი“, – წერს უოლტ უიტმენი, მისი ლოცვა დემოკრატიის ქადაგებაა, აზროვნებაც იქიდან მოდის. თვით გარყვნილებაც კი, როსკიპის შეღებილი კოცნა, წმინდად ცხადდება, რადგან ხალხის კალთაზე აქვს მას ადგილი.

უიტმენის პოეზია დღემდე უცნაურ მოვლენად არის მონათლული მსოფლიო ლიტერატურათმცოდნეობაში. ვახტანგ კოტეტიშვილი კი მიიჩნევს, რომ პოეტის ძალა სწორედ ამ უცნაურობაშია, ე.ი. სიახლეში, მომავლის განჭვრეტასა და წარმოდგენაში. „ბევრს ეგონა და დღესაც ჰგონია, რომ უიტმენის ლექსები სილამაზეს არიან მოკლებულნი, პოეზიის გარეთ დგანანო. მართალია,  მისი ლექსი არ არის იმ სილამაზის მატარებელი, რომლითაც იყო დატვირთული ხელოვნება დღევანდლამდე. მასში არ არის ის სურნელოვნება, რომელიც სასახლეებსა და ქალბატონების საპირფარეშოში იკმეოდა. მაგრამ დღევანდელ დღეს და ხვალინდელ მოლოდინსაც ხომ აქვს თავისი გემო. ძველი პრინციპები ჩანგს აჟღერებდნენ, ჩანგის დრო გარდაიცვალა. დღეს ბრძოლის საყვირია საჭირო და  უიტმენი აქ პირველია.  უიტმენი უფრო შორს მიდის, ვიდრე ჩვენ მიერ ხელზე შეჩვეული და გაწვრთნილი სილამაზე“.

თავის სტატიაში ვახტანგ კოტეტიშვილს უიტმენის შემოქმედების კიდევ ერთ ყველაზე საინტერესო მომენტზე აქვს გამახვილებული ყურადღება – ეს არის ქუჩის ფენომენი. ქუჩა მილიონების საბუდარია, სიყვარულის გამაძლიერებელი, მილიონი გულის ერთად ამაძგერებელი, ქუჩა არის დემოკრატიის ბუდე და ამდენად ძვირფასია – სამყარო, სადაც იკარგება განსხვავება.

უიტმენის ენა – ეს არის ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ჯერაც აუხსნელი, უნიკალური მოვლენა, რომელსაც ამერიკელი სტილისტები და ლიტერატურათმცოდნეები პრაქტიკულად უთარგმნელს უწოდებენ. იგი საოცრად მრავალპლანოვანია, მასში გაზავებულია და ერთად თავმოყრილი მაღალმხატვრული, ბიბლიური, საგაზეთო, ქუჩური, ხალხური და ჟარგონული მეტყველების ელემენტები ისე, რომ მთლიანობაში ერთ ჰარმონიულ სიმფონიას ქმნიან. ითვლება, რომ მსგავსი მოვლენა ჯერჯერობით მთელს მსოფლიო პოეზიაში არ გვხვდება, რომ უიტმენის სრულყოფილი თარგმანი არცერთ ენაზე არ არსებობს, რომ ყველა თარგმანი ცალმხრივია და ერთფეროვანი.

ლიტერატურათმცოდნეთა მოსაზრებით, კონსტანტინე გამსახურდიას ზედმიწევნით აქვს შესისხლხორცებული უიტმენის პოეზიის ყველაზე აუთვისებელი და მოუთოკავი გაელვებები და შემდეგ თავისი ძლიერი, უკიდეგანო ნიჭის წყალობით, ღვთაებრივად აჟღერებული ქართულ ენაზე, მორგებული ისე, თითქოს არაფერი არაბუნებრივი ლექსის ამგვარ ფორმაში არ ყოფილიყოს და რომ სტილის ამგვარი ლავირება თითქოს ზედგამოჭრილია ქართული ლექსის წყობისთვის, რომელიც თვისობრივად ცა და დედამიწასავით დაცილებულია ინგლისური, მით უმეტეს, ამერიკული ლექსის კონსტრუქციისაგან.
ამერიკულ ლიტერატურულ გამოცემებში გამოთქმული აზრით, მას თავი „სხეულისა და სულის” პოეტად მიაჩნია და ჩვენც გვარწმუნებს, რომ სული არ არის სხეულზე მეტი. ამით თითქოს როზეტის აზრსაც იზიარებს, თუმც ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მაინც იყურება მომავლისაკენ: „განახლებული ჯიში, გონიერი ქალები და მამაკაცები, უცოდველობა და სიჯანსაღე… ალბათ ეს არის ბედნიერება!”. მის ბოლო ლიტერატურულ მანიფესტში ასეთ სიტყვებსაც ამოიკითხავთ: „ველტვი უაღრესად ინდივიდუალურ საზოგადოებას, ბუნებასავით დაუდეგარს, კეთილკრძალულსა და კეთილმოსურნეს, თანაგრძნობით ნიჭით დაჯილდოებულს, სრულქმნილს, მგზნებარეს, შთაგონებულს, მამაცს”. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო მიზანი ქების ღირსია და არც პოეტი ტკბება საკუთარი უდიერებით, მაგრამ ამ მიზანს სავალალო შედეგი მოსდევს: იგი აშიშვლებს და ხელმისაწვდომს ხდის ყველაფერ იმას, რასაც ბუნება ოდითგანვე იფარავდა უდიდესი რუდუნებითა და თავმდაბლობით. უცნაურია, რომ ეს ზედმიწევნით „ბუნებრივი“ შემოქმედი არღვევს ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო და უღრმეს კანონს და იმის ნაცვლად, რომ სხეული წმინდად მიიჩნიოს, იგი ძარცვავს მას ყველა იმ სიკეთისაგან, რასაც ამჟამად მას მიაწერს კაცობრიობა. უიტმენი ამცრობს სულსაც და ხორცსაც და ადამიანს მხეცს უთანაბრებს, განძარცულს ყოველგვარი სულიერი თვისებებისგან“ [The Atlantic Monthly, January 1882, ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა]

უოლტ უიტმენი წერს: „მე უდარდელი მაწანწალა ვარ და ვუხმობ ჩემს სულს,

ვიხრები ფრთხილად მიწისკენ და უდარდელად ვათვალიერებ ზაფხულის ბალახს,

ჩემი ენა და ჩემი სისხლის ყველა ატომი, ამ მიწისაგან არის შექმნილი, ამ ჰაერისგან…“ ( შალვა ბაკურაძის თარგმანი).

შეიძლება ითქვას, ამ სტრიქონებში, საკუთარი შემოქმედების კრედოს ამჟღავნებს, ის არის თავისუფალი სული, „უდარდელი მაწანწალა“, რომელსაც შეუძლია იგრძნოს მიწის სუნი, შეამჩნიოს ზაფხულის ბალახი.

უიტმენის ლექსებში შევხვდებით სრულიად მოულოდნელ სიმბოლოებს, მაგ, ჩვეულებრივ ლოკომოტივზე წერს:

„თანამედროვე ემბლემა მოძრაობისა

და კონტინენტის მაჯისცემა“.

„ უიტმენისთვის პიროვნული „მე“ მსოფლიო მეობის განცხადებაა, მისი გამოვლენაა ცალკეულ ინდივიდში ვიცი, რომ სული ღვთისა ჩემივე სულის უფროსი ძმაა და რომ კაცნი, ოდესმე შობილნი, ძმანი არიან ჩემნი… ქალნი კი – დანი და მიჯნურნი და რომ საქმის საჭე არის სიყვარული, ღმერთია თავად მიჯნურთა შორის უდიდებულესი, სრულყოფილი მეგობარი, თავად კაცი იდეალური“ [გამსახურდია ზ.].

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“