შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ოდნავ მკვახე შეძახილი

 

ვიღაც მარადამღელვარე ხალხი აღელვებულა ჩემი ახალი წიგნის გამო. წინასწარ და წაუკითხავად. წიგნის გამო, რომელიც საოცარი ადამიანის, დევნილი დედის დაუჯერებელ ისტორიას, ამ ისტორიის თანმდევ ოკუპაციას, სისხლს და ლტოლვილობას ეხება – იმას, რაც ჩვენი ახალი დროის მკაფიო ნიშანია და აუცილებელ შეხსენებას მოითხოვს. ეგ ხალხი, როგორც მითხრეს, ადრე სხვა წიგნის გამოც ღელავდა. იტალიელ მკითხველს ერთი შესანიშნავი ფეხბურთელის გამოისობით საქართველოზე და სამეგრელოზე რომ უყვებოდა – იმის. და რა გასაკვირია, რომ ახლაც აღელდნენ. კი, ამ წიგნის არსი სრულიად სხვაა, მაგრამ ცალკე სპორტსმენზე რომ დაწეროს კაცმა, თან ისეთზე, ვისზეც უკვე ფილმები გადაუღიათ, ეგ რა გასაკვირია. მაგრამ არის ხალხი, ვისაც ყველაფერი უკვირს – ან უფრო ცხადად და გულწრფელად რომ დავაზუსტოთ – ძალად იკვირვებს. მიზეზი ერთია და სულხან-საბა მას ძალიან პოეტურად განმარტავს. ჩაიხედეთ.

ისე, ზერელე ცნობისთვის, სპორტზე და უფრო ფეხბურთზე წერა, ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი ხაზია. კიდევ ვაპირებ – მესხი და გუცაევია სამუშაო მაგიდაზე.ბავშვობაზე წერა – სხვა ხაზი გახლავთ. ბავშვებისთვის – სხვა.

ზოგადად, თუ სხვა ,,ხაზები” გაინტერესებთ კიდევ ჩემი, რამდენიმე წიგნწაკითხულ მეგობარს ჰკითხეთ – აი, მათ, ვისაც თუნდაც თანამედროვე ქართული პოეზია გაუგია. ჰკითხეთ – გიპასუხებენ. ან – არ. არ ვიცი. მათი საქმეა. არა, როგორ არ ვიცი, რომ ამას აისხლეტთ და წაიყრუებთ – განა რამე – ისე, ვამბობ, ჩემთვის. იმ ცალკე ანეკდოტისთვის, მე რომ ვიღაცაზე წერა ,,მჭირდება”.

ჰოდა – სპორტი ნუ გაშინებთ. თქვენც ხომ სპორტსმენები ხართ და რა საქმეში – თავადაც იცით.

მაგრამ, როგორც გითხარით, ეს წიგნი სპორტზე არ არის. მას სპორტული წარმატება აგვირგვინებს. და თუ ამონარიდებს წაიკითხავთ – სოხუმის, ჭუბერის, ემიგრაციის და ა.შ. და უამრავ გამოხმაურებას გაეცნობით, იოლად მიხვდებით, რომ ეს ამონარიდიც კი ყოფნის იმ განზრახულობას, რაც მას ჰქონდა. ეს წიგნი აუცილებელად ბესტსელერი გახდება. ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც. ხალხი შეიყვარებს. და რასაც ხალხი შეიყვარებს – შეგძულდებათ თქვენ – ნაცადი ალგორითმია.

ჰოდა, კიდევ, ზოგადი ცნობისთვის, ნამდვილად ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ხალხი, ახლა რომ ღელავს და თავს თავს, შესაძლოა, რამის მცოდნედ და პროგრესულად გაჩვენებთ, არის ასმაგი სტანდარტით აღსავსე და სრულიად ყველაფრის მკადრებელი – აგერ, საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებენ და ამავდროულად მენტალურ ჯანმრთელობაზე და სუიციდზე ღლიცინებენ ხოლმე. არის დიდწილად სრულიად უვიცი, ნიჭგამოცლილი, ზედაპირული, თუნდაც ლიტერატურის არსის ძნელად მცოდნე, შესაბამისად – წარუმატებელი და მოშურნე. რაღა დაგიმალოთ და ალბათ ძალიან ბოროტებიც გახლავან – მაგრამ ეს მათი სპორტია, საკუთარი მცირე მაყურებლით. ყველაზე სასაცილო ის არის ხოლმე, რომ რასაც მიჩვენებენ და გადავხედავ, იმ ათეულთაგან (მეტი არ არიან) – უმეტესს, ჩემი ქებით ენა ჰქონდა სხვა წლებში გადატყავებული, ზოგს რაღაც ვალი აქვს, ზოგს სხვა რამ ჰმართებს – პასუხისმგებლობის გაუქმების საუკეთესო გზა ხომ უმადურობა და აქეთ ,,შემოტევაა”. ეგეც ვიცი.

ახლა, ის არ მითხრათ, კრიტიკა უნდა მიიღო. კრიტიკას მივიღებ. მაგრამ: პირველი – კრიტიკა და წინასწარ მოტივირებული ბოდვა ღრმად სხვადასხვაა საქმეებია. ეს ერთი. და მეორე – ჩემივე უფლებაა კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხო ხოლმე, თუ ჩავთვლი, რომ უვარგისია.

ჰოდა, თქვენ, არცთუ ისე ძვირფასო მეგობრებო – არავითარი შანსი ჩემთან პერსონალურ ომში წარმატების არ გაქვთ. ეგ თქვენს უსაგნო, შურით ნაკარნახევ და სასარგებლოდ იდიოტურ მცდელობებს კი არა – გამძვინვარებულ მანქანებს ვერ გამოუვიდათ. მე შეიძლება, ჩემმა თავმა დამამარცხოს – რაც უქნია და ახლაც ვებრძვი, მაგრამ თქვენ – ვერა – საკუთარ თავს თუ დაიზარალებთ საბოლოოდ. სხვა რომ არაფერი, დრომ ეგრე მოიტანა და იმ საქმეების გამო, რასაც ეს წლებია, ბედის განგებით, სათავეში ვუდგავარ და მართლა კატორღული მუხლჩაუხრელობით ვაკეთებ, უამრავი ადამიანის წარმოუდგენლად დიდ სიყვარულს ვგრძნობ ყველა კუთხე-კუნჭულში – იმაზე გაცილებით მეტის, ვიდრე თქვენ ხართ, თუნდაც საკუთარი თავი ასზე გადაიმრავლოთ. რიცხვითაც და არსითაც – ეს მეორე ხომ გაცილებით ფასობს. მიხარია, რომ ახალგაზრდები, ვისთანაც მიტმასნებას თავ-ფეხით ცდილობთ, არაფრად გთვლიან. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი გამოერკვა, მანდ რა ჭაობსაც რწყავდა და სხვაგვარ გზას დაადგა.

კი, არსით და რიცხვითაც იმდენად მწირი ხართ, პასუხადაც არ ღირდით ალბათ და ეს პასუხიც იმ რამდენიმე შემცდარი ადამიანის გამო უფროა, ვინც თქვენგან გამოფხიზლებას ლამობს, ვიდრე თქვენთვის. ბევრს ამ ამბავზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. უფრო სწორედ – საერთოდ აღარ ვაპირებ. კომიკური იქნება. ეს წერილი დარჩეს ყველა სხვა სამომავლო ,,აღელვებების” პასუხადაც. რაც, გპირდებით – ბლომად იქნება.

P.S.

ისე, ისიც ხომ ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე, როცა დაგჭირდებათ, ისევ ჩემს კარს მოუკაკუნებთ. ერთი ყოფილხართ თუ ორი ასეთი. აგერ – გუშინ. და იმ ,,ერთი-ორს” შესანიშნავად ახსოვს, რომ კარი ფართოდ გავუღე და ისე მივიღე, თითქოს არაფერი ვიცოდი. არაფერი მომხდარა. ხვალაც იგივეს ვიზამ. ეგ არის ჩემი სისუსტეც და ძლიერებაც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“