ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ცოტა რამ „არეოპაგიტიკაზე“

არ არსებობს კულტურა (და რელიგიაც სააზროვნო კულტურაა), რომელიც ჰაერიდან ჩნდება. მას აუცილებლად აქვს წინარე კულტურა ბაზისად, რომლისგანაც „ამოიზრდება“ ხოლმე. ქრისტიანული კულტურისთვის ეს იყო წარმართობა, რომლისგანაც ბევრი რამ აიღო და განავითარა თუ ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ახლა გთავაზობთ მოკლე ისტორიას სამყაროს ქრისტიანული აღქმის ყველაზე საინტერესო კონცეფციისა, ჩემი აზრით. აი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი…

…ქრისტიანობამ სიმკაცრით შეუტია ძველ ბერძნულ, წარმართულ, ფილოსოფიას და ეს უკანასკნელი არჩევნის წინაშე დააყენა: ან მორჩილება, ან დავიწყება. ამიერიდან ანტიკურ ფილოსოფიას მხოლოდ ქრისტოლოგიის ნიადაგზე შეეძლო არსებობის გაგრძელება, ამიტომ საჭირო გახდა მისი გადამუშავება, სერიოზული რედაქტირება, რომ მას ქრისტიანობისთვის მისაღები ფორმა შეეძინა.

სწორედ ეს სცადა (ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით) მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში გაქრისტიანებულმა ნეოპლატონიკოსმა, რომლის შრომებიც მე-6 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში დიონისე არეოპაგელის სახელით დამკვიდრდა მკითხველთა ცნობიერებაში. ეს შრომები 532 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა წარმოადგინეს დიოფიზიტების წინააღმდეგ.

დიონისე არეოპაგელის (ცხოვრობდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში) სახელით წარმოდგენილმა წიგნებმა დიდი საეკლესიო აღიარება მოიპოვა. ცნობილი მეცნიერების ყურადღება და ინტერესი არეოპაგიტულ წიგნებს (მასში განვითარებულ ძირითად ფილოსოფიურ იდეებს) არც მომდევნო საუკუნეებში მოჰკლებია. დამტკიცდა, რომ არეოპაგიტული წიგნების ავტორი არ შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი საუკუნის ათენის არეოპაგის მოღვაწე დიონისე, რომელიც პავლე მოციქულმა გააქრისტიანა; რადგან ე.წ. არეოპაგიტული წიგნები მე-5 საუკუნის დიდი ნეოპლატონიკოსის, პროკლე დიადოხოსის (410-485), იდეების ზეგავლენას ატარებდა და ისედაც მე-5 საუკუნის სააზროვნო სისტემას წარმოადგენდა. ასე დაიმკვიდრა ამ წიგნების ავტორმა ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სახელი.

დადგინდა, რომ არეოპაგიტულ წიგნებში პროკლესგან არა მარტო იდეები, ცნებებიცაა ნასესხები (სიკეთის აბსოლუტურობა, ბოროტების არასუბსტანციურობა, ღვთის გამოუთქმელობა და შეუმეცნებლობა, სამყაროს იერარქიის კონცეფცია და ა.შ.), ანუ ეს წიგნები მე-5 საუკუნეზე ადრე ვერ დაიწერებოდა.

არეოპაგიტულ ფილოსოფიას დიდი გავლენა ჰქონდა არა მარტო შუა საუკუნეების, არამედ აღორძინების ხანისა და ახალი დროის ფილოსოფიაზეც. ასე რომ, არეოპაგიტიკა ერთ-ერთ ხიდად გაიდო ანტიკურობასა და შუა საუკუნეებს შორის და ამ უკანასკნელზე გადმოადინა ანტიკური ფილოსოფიის გავლენა.

არეოპაგიტიკის საიდუმლო იყო ის, რომ, არაუადრეს, მე-5 საუკუნის მორე ნახევარში დაწერილი წიგნები მიეწერა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს – დიონისე არეოპაგელს, რომელიც პავლე მოციქულმა ქრისტიანად მოაქცია და რომელსაც საბერძნეთში ქრისტიანობის მქადაგებლად თვლიდნენ. ავტორის გასაიდუმლოებასაც, ცხადია, მიზანი ჰქონდა – კერძოდ, წიგნში გატარებული მაშინდელი ქრისტიანული დოგმატიკისთვის თამამი აზრები, დიონისეს ავტორიტეტის გამოყენებით, ეკლესიისთვის მისაღები გაეხადა.

არეოპაგიტიკის წიგნების საიდუმლოს ამოცნობას მრავალი თეორია მიეძღვნა, მაგრამ ძირითადი, რაც მეცნიერებამ ამ დარგში მე-20 საუკუნის 40-იან წლებამდე მიაღწია, იყო შემდეგი: 1) არეოპაგიტული წიგნები დაწერილია, არაუადრეს, მე-5 საუკუნის მე-2 ნახევრისა; 2) ამ წიგნებმა აღიარება მოიპოვა მე-6 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში (იერუსალიმის საეკლესიო კრებაზე 532 წელს); 3) ეს წიგნები წარმოიშვა სირიაში, ყველა მონაცემის მიხედვით, ღაზის რაიონში; 4) დასახელებული წიგნების ავტორი, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ეპისკოპოსი იყო.

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ქართველი მეცნიერი პროფ. შალვა ნუცუბიძე („ფსევდო-დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“ გამოაქვეყნა 1942 წელს), ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ; და მისგან დამოუკიდებლად, ცოტა მოგვიანებით, ბელგიელი პროფესორი ერნესტ ჰონიგმანი ქმნიან თეორიას, რომ არეოპაგიტული წიგნების ავტორი მე-5 საუკუნეში სირიის ქართულ მონასტერში მოღვაწე პეტრე იბერია (ქართველი).

ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ყველა სხვა თეორიაზე მყარად და მეცნიერულად მიიჩნევა, თუმცა პეტრე იბერი, თავისთავად, აღნიშნულ თეორიასთან კავშირის გარეშეც, შუასაუკუნეების აზროვნებისა და კულტურის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია. იგი ქართულ, ისევე როგორც სირიის სასულიერო კულტურაში ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა. სირია კი ბერძნული და აღმოსავლური კულტურების დამაკავშირებელი რგოლი იყო.

მოდი, მოკლედ დავახასიათოთ პეტრე იბერის საქმიანობა და პიროვნება. იგი იყო ქართველი (ანუ იბერი), მისი სახელი ერისკაცობაში იყო მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი), იბერიის მეფის ბუზმირის შვილი და ბაკურ დიდის შვილიშვილი. იგი დაბადა 411 წელს (ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია – ხოლო გარდაიცვალა 491-493 წელს). როცა წამოიზარდა, მის მასწავლებლად და აღმზრდელად მოუწვევიათ დღეს უკვე მეცნიერებისთვის კარგად ცნობილი და სახელგანთქმული ფილოსოფოსი, მითრიდატე ლაზი, შემდეგში იოანე ლაზად (ევნუხად) წოდებული.

თორმეტი წლის მურვანი, სათანადო ამალით (მასში უნდა ვივარაუდოთ მითრიდატე ლაზიც) წარგზავნილ იქნა სამეფო მძევლად კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის კეისრის, თეოდოსე მეორის, კარზე, ამ უკანასკნელის მოთხოვნით. აქ ქართველი უფლისწულის სწავლა-აღზრდას, მითრიდატე ლაზთან ერთად, ხელმძღვანელობდა თეოდოსე მეორის მეუღლე ევდოკია, რომელიც დიდად განათლებული დედოფალი ყოფილა. მურვანს დიდი ნიჭი გამოუვლენია და საუკეთესო განათლებაც მიუღია. შეუთვისებია „ყოველივე სწავლება, საეკლესიო და საფილოსოფიო“. მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი, ზაქარია ქართველი, რომელიც პეტრეს სიკვდილამდე არ განშორებია, გადმოგვცემს, რომ უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნის სიღრმითა და გონებრივი შესაძლებლობებით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. ასევე პეტრე იბერის შესახებ შემონახული სხვა ცნობის მიხედვით, იგი ბიზანტიაში ყოფნის დროს უსმენდა იმ დროის გამოჩენილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს.

მონაცემები ადასტურებს, რომ მურვანს ბიზანტიაში, მეფის კარზე, დიდი ნდობა და ავტორიტეტი დაუმსახურებია, მაგრამ, როგორც მისი ბიოგრაფები გადმოგვცემენ, მას ამქვეყნიური წარმატებები სრულებით არ აინტერესებდა, არ აინტერესებდა არც სასახლეში დამკვიდრებული მხიარულება და ფუფუნება. იგი, უმეტესწილად, იყო სევდიანი და ფიქრებში გართულს განმარტოება უყვარდა. მის ამ მოწყენილობასა თუ გულჩათხრობილობას, სამეფო კარისადმი ოპოზიციურ დამოკიდებულებას, სხვა მიზეზებთან ერთად, ალბათ სამშობლოსთან სიშორე, ეროვნული მოტივებიც აძლიერებდა.

ბიზანტიის სახელმწიფოებრივი რეჟიმითა და მისი საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო მურვანი, თავისი ამალიდან რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად (რომელთა შორის, უდავოდ, მითრიდატე ლაზი და ზაქარია ქართველიც იყვნენ), მიატოვებს ბიზანტიის კეისრის სამეფო კარს და გაიქცევა პალესტინაში, სადაც მთლიანად საეკლესიო მოღვაწეობას მიეცემა. აქ მან, როგორც გადმოგვცემს ზაქარია ქართველი, „კუალად ისწავა მუნ ენა და სწავლა ასურებრივი“.

იერუსალიმში ჩასვლისას მურვანი და მითრიდატე ლაზი აღიკვეცნენ ბერებად და სახელებიც შეიცვალეს – მურვანმა დაირქვა პეტრე, ხოლო მითრიდატემ – იოანე. ამის შემდეგ წერილობით წყაროებში ისინი მოიხსენებიან, როგორც პეტრე იბერი და იოანე ლაზი. „445 წელს პეტრე და იოანე აკურთხეს მღვდლად. პეტრეს ჯგუფმა შემოიარა მრავალი ქვეყანა ახლო და შუა აღმოსავლეთისა, ბოლოს ისინი დამკვიდრდნენ მაიუმში (ისრაელშია, ქ. ღაზის მახლობლად). აქ პეტრე ეწეოდა დიდ იდეურ-რელიგიურ მუშაობას. მან ძლიერ გაითქვა სახელი, როგორც შესანიშნავი ერუდიციისა და მძლავრი გავლენის მოღვაწემ“. 452 წელს პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს და იგი სიკვდილამდე ემსახურა ამ საქმეს. პეტრეს ავტორიტეტი ისე გაიზარდა და აღზევდა საეკლესიო იერარქიაში, რომ იგი შემდეგ თვითონვე ნიშნავდა ეკლესიის უმაღლეს მოხელეებს.

პეტრე იბერმა იერუსალიმში ააშენა ქართველთა მონასტერი და ჩამოაყალიბა სამონასტრო სასწავლებელი (უმაღლესი ტიპის სკოლა), რომელშიც მისივე ხელმძღვანელობით წარმოებდა ფართო ფილოსოფიური, სამწერლო და სხვა კულტურული ხასიათის მოღვაწეობა. აქ ქართველებთან ერთად სხვა ერის წარმომადგენლებიც სწავლობდნენ: ბერძენი ზაქარია რიტორი, სირიელი სერგი რეშაინელი და სხვა, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწავლება ქართულ და ბერძნულ ენებზე მიმდინარეობდა. პეტრეს ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართველთა კოლონია სირიაში, რომელიც პეტრეს სიკვდილის შემდეგ, მომდევნო საუკუნეებშიც, განაგრძობდა არსებობას და ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

ქრისტიანული რელიგიის ანტიკური ფილოსოფიისადმი დამოკიდებულების გარკვევაში და ქრისტოლოგიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ღვთის ბუნების“ გარკვევის საბაბით ატეხილმა დავამ მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის. ეს დავა ემპირიულად რელიგიურ-დოგმატურ ხასიათს ატარებდა, არსით კი ის სოციალურ-კლასობრივი ურთიერთობებისა და ფილოსოფიური პრობლემების რაღაცა კუთხით გადაწყვეტას ემსახურებოდა. პეტრე იბერის მოღვაწეობის ხანაში ბიზანტიის იმპერიაში, განსაკუთრებით, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბობოქრობდა სასტიკი ბრძოლა მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის. ეს რელიგიური ფორმა იყო იმ იდეოლოგიური ბრძოლისა, რომელიც წარმოიშვა მომაკვდავ მონათმფლობელობასა და ახალ ფეოდალურ ფორმაციას შორის შეტაკების საფუძველზე. ამ ბრძოლის დიდმა სიმწვავემ ბიზანტიის იმპერიის ძლიერება შეარყია და კეისარი ზენონი იძულებული გახდა, მებრძოლ მხარეთა მოსარიგებლად საგანგებო ზომებისთვის მიემართა – მან ჰენოტიკონი, მებრძოლის პარტიების გამაერთიანებელი „აქტი“, გამოსცა. მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი კეისარ ზენონის მიმართვა პეტრე იბერისადმი, რომ ჩარეულიყო მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების დავაში და მათ შესარიგებლად გამაერთიანებელი ღონისძიებები გაეტარებინა. მაგრამ პეტრემ კეისრის ამ თხოვნაზე უარი განაცხადა, რაც საგულისხმო და დამაფიქრებელი იყო. როგორც ირკვევა, ერთი მხრივ, პეტრეს პოზიცია ნეიტრალური იყო აღნიშნული დავის მიმართ, მეორე მხრივ კი, მის მოძღვრებაში, როგორც ჩანს, მოცემული იყო როგორც მონოფიზიტებისთვის, ისე დიოფიზიტებისთვის მისაღები პოზიციები. ამის გამო პეტრე იბერი მონოფიზიტად გამოაცხადეს, რაც თვით მონოფიზიტების მიერ პეტრეს მოძღრვების მონოფიზიტურად გადაკეთებამ გამოიწვია და არა პეტრეს პოზიციამ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ქართული ეკლესიის ორჭოფული დამოკიდებულება პეტრე იბერის მიმართ, რაც იმით გამოიხატება, რომ იგი მხოლოდ დროდადრო შეჰქონდათ ხოლმე წმინდანთა სიაში.

პეტრე იბერი თავისი დროის გამორჩეული მწიგნობარ-მოაზროვნე იყო. ბიოგრაფიული გადმოცემით, იმდროინდელი გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეები: ისაია, ენოსი და პეტრე ბერი ხშირად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის საკითხებზე. ქრისტოლოგიისთვის გამოსადეგობისა და მისაღებლობის თვალსაზრისით, არჩევდნენ პლატონის, არისტოტელესა და ნეოპლატონიკოსების მოძღვრებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პეტრე იბერის ზემოთ მოხსენიებული ბიოგრაფები თავიანთ თავს ერთსულოვნად მიიჩნევდნენ არა ისაიას, არა ენოსის ან სხვა რომელიმე მაღალი რანგის საეკლესიო მოღვაწის, არამედ სწორედაც პეტრე იბერის მოწაფეებად. იგივე ბიოგრაფები პეტრეს „მეორე პავლესა“ და „მეორე მოსეს“ ეპითეტებით ამკობდნენ და ამით თითქოს გვეუბნებოდნენ, რომ ეს ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის პიროვნება, რომელიც ანტიკურობასა და ქრისტიანობას აერთიანებდა ფილოსოფიური აზროვნების სფეროში და ანტიკურობის ათვისების ახალ, არეოპაგიტულ ფორმას ქმნიდა.

პეტრე იბერის განუყრელი მეგობარი, იდეურად შთამაგონებელი და მასწავლებელი, იოანე ლაზი (ევნუხი) 465 წელს გარდაიცვალა. მისმა სახელოვანმა მოწაფემ, პეტრემ, იგი დიდი პატივისცემით დაიტირა და თავის სავანეში დაასაფლავა, ხოლო მისი სახელის უკვდავსაყოფად იოანეს მოსახსენიებელ დღედ 4 ოქტომბერი დააწესა. თვითონ პეტრე იბერი 491 წლის დეკემბერში გარდაიცვალა და ისიც, როგორც პეტრეს ბიოგრაფები გადმოგვცემენ, მისი საყვარელი მოძღვრის გვერდით დაასაფლავეს. ეს გადმოცემა იტალიელმა არქეოლოგმა, ვიტჯილიო კორბომ, დაადასტურა.

როგორც აღინიშნა, არეოპაგიტული კორპუსის ნამდვილი ავტორის ძიების გზაზე უკანასკნელი ცდები იყო ნუცუბიძე-ჰონიგმანის შრომები. ამ ორი დიდი მოაზროვნის კვლევის მეთოდი და არგუმენტაცია იმდენად თანხვედრილია, მიუხედავად დროში აცდენა/დაშორებისა, რომ დასავლეთის მეცნიერებამ შესაძლებლად და საჭიროდ ცნო, ეს კონცეფცია „ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის“ სახელით აღენიშნა. ნუცუბიძესა და ჰონიგმანს მოცემული ძიების პროცესში აქვთ შეხების წერტილები და ისეთი საშუალებებიც, რომლებშიც ისინი შორდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ამ დაშორებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ თეორიისთვის, რადგან ისინი მაინც ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდიან – კერძოდ, რომ არეოპაგიტული წიგნების ნამდვილი ავტორია მე-5 საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე პეტრე იბერი.

ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიას, მომხრეების (ფ. დოლგერი, ხაიმ ვარდი, ი. სოდოროვი, ლ. მელიქსეთ-ბეგი, ს. ყაუხჩიშვილი, შ. ხიდაშელი, ს. ენუქაშვილი და სხვ.) გარდა, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც (ე. როკი, ვ. ჰაუზერი, ი. ენგბერდინგი, კ. კეკელიძე, ს. დანელია, ი. ლოლაშვილი და სხვ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის საწინააღმდეგო მოსაზრებებში, საყურადღებო და გასათვალისწინებელ არგუმენტებთან ერთად, ბევრი დებულება საკამათოა. თუმცა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის საერთოდ უარმყოფელი არგუმენტი ჯერ არავის წამოუყენებია, ხოლო ამ თეორიის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად წამოყენებული არგუმენტები საყურადღებოა და გასათვალისწინებელი.

მომდევნო წერილში მოგიყვებით პეტრე იბერის მსოფლმხედველობრივ-სააზროვნო ასპექტებზე…

 

 

 

წყარო – მაია იანტბელიძის ე.წ. რიდერი სტუდენტებისთვის…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“