ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

როგორ გავუმკლავდეთ ეჭვიანობას მოზარდებში

ეჭვიანობა მეგობრობაში

ვფიქრობ, ეჭვიანობა საკმაოდ ნაცნობი გრძნობაა განვითარების ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე მყოფი ადამიანისათვის. ყველაზე ხშირად ის თავს იჩენს სიყვარულის ობიექტთან მიმართებაში, როდესაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანი მოულოდნელად მეტ ინტერესს იჩენს სხვა ადამიანის მიმართ, ან დიდ დროს უთმობს მისთვის საყვარელ საქმიანობას. მაგრამ მხოლოდ შეყვარებულები არ არიან ეჭვიანები, ეჭვიანობა მეგობრებს შორის გაცილებით მეტი სიხშირითაც კი შეიძლება შეგვხვდეს და სერიოზულად დააზიანოს მათი ურთიერთობა. ეჭვიანობა უკვე საკმაოდ ადრეულ ასაკში იჩენს ხოლმე თავს. სამ წლამდე ასაკის ბავშვი სრულიად არ არის მზად იმ ფაქტის მისაღებად, რომ ყველაფერი, რასაც ის მის გარშემო ხედავს, მას არ ეკუთვნის, მისი არ არის. ამ მიზეზით არ სურს, მას გაუზიაროს სათამაშოები სხვა ბავშვებს, არ უშვებს დედას მეგობრებთან შესახვედრად და ტირის, როცა ის მის პატარა დაიკოს, ან ძამიკოს ხელში აიყვანს. შემდეგ დგება სამი წლის კრიზისი. ამ დროს პატარას უწევს შეგუება იმასთან, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ გარკვეული სურვილები. ის თანდათან აცნობიერებს, რომ თუ თავად არ გაუზიარებს საკუთარ სათამაშოს თანატოლს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დათანხმდეს თავისი თოჯინა ათხოვოს მას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება სამი წლის კრიზისში რჩება. სავარაუდოდ, მის მიმართ ადრეულ ასაკში არ იჩენდნენ ყურადღებას და ახლა უკვე ზრდასრულობის ასაკში ცდილობს ის მის მოპოვებას. შეიძლება ითქვას, რომ ეჭვიანობა ბავშვური გრძნობაა. ეჭვიანი ადამიანი, განურჩევლად იმისა, რა ასაკშია ის, არის სამი წლის ბავშვი, რომელიც ტირის და ფეხებს აბაკუნებს, რომელიც „ვერ გაიზარდა“ და ჯერ კიდევ თვლის, რომ ამ სამყაროში ის ერთადერთი სრულუფლებიანი მესაკუთრეა.

ჩვენ, ადამიანებს გვსურს, ვიყოთ ახლო ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან. ჩვენთვის, როგორც სოციალური არსებისთვის ეს ძალიან ბუნებრივი და მნიშვნელოვანია. აღნიშნულის გამო, თუ ახლობელი ადამიანი, მეგობარი იწყებს ურთიერთობას ვინმე სხვასთან, ჩვენ ვგრძნობთ საფრთხეს. ეს საფრთხე შეიძლება იყოს როგორც რეალური, ისე წარმოსახული. ეჭვიანობის მიზანი ამ საფრთხის შემცირებაა. ეჭვიანობა ახლობელი ადამიანის, მეგობრის დაკარგვის შიშია.

მეგობრის მიმართ ეჭვიანობას საკმაოდ ხშირად ვხვდებით ბავშვებში, მოზარდებში. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც მშობლები ერთვებიან საკუთარი შვილისა და მისი მეგობრების გართულებულ ურთიერთობაში და ცდილობენ პრობლემის გადაჭრას ბავშვისთვის არცთუ ისე მისაღები ფორმით.

ვფიქრობ, ეჭვიანობის ბუნებაში გარკვევა სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს ჩვენც, უფროსებს და დაგვანახებს იმ გზებს, რომლითაც შევძლებთ ბავშვთა შორის მეგობრობაში ეჭვიანობის თავიდან აცილებას.

არაფერს ისე სწრაფად არ შეუძლია მეგობრობის დარღვევა, როგორც ეჭვიანობას. საყურადღებო ფაქტია, რომ ეჭვიანობით დისკომფორტს განიცდის არა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ეჭვიანობს, არამედ ისიც, ვის მიმართაც ავლენენ ეჭვიანობას და ზღუდავენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერი ადამიანი ყოფილა ერთ-ერთი მათგანის ადგილას.

საიდან ჩნდება ეჭვიანობა მეგობრობაში და როგორ დავაღწიოთ მას თავი, რა ხერხები არსებობს ეჭვიანობის თავიდან ასაცილებლად – ნებისმიერი პრობლემის დასაძლევად, როგორც წესი, მის გამომწვევ მიზეზებში გარკვევაა საჭირო.

მეგობრობაში ეჭვიანობის გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზები:

  • მეგობრის დაკარგვის შიში – დაკარგვის შიში შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი მეგობრებს შორის ურთიერთობაში და ეჭვიანობის საკმაოდ სერიოზული მიზეზი. მეგობრის დაკარგვის შიში ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს საკუთარი თავის, მეგობრის, ან სხვა ადამიანების მიმართ უნდობლობის გამო;
  • დაურწმუნებლობა საკუთარ თავში – ეჭვიანობა მეგობრობაში ხშირად ასოცირდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობასთან, დაბალ თვითშეფასებასთან. ის შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს, მაგ. საკუთარი თავის მუდმივი შედარება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის სხვა მეგობრებთან. ასევე გვხვდება შემთხვევები, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის არ არის ღირსი ისეთი მეგობრობის, როგორიც მას აქვს, მაგრამ არ სურს მეგობრის დაკარგვა;
  • მესაკუთრეობა – ეჭვიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მესაკუთრეობაა. გვხვდებიან მოზარდები, რომლებსაც სურთ, რომ მეგობარი მთელ დროს მხოლოდ მას უთმობდეს, მისი ყურადღება იყოს განუყოფელი. უხეშად რომ ვთქვათ, მას თავისი მეგობრის მისაკუთრება სურს და იწყებს ეჭვიანობას თუ მისი მეგობრის ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელთანაც იწყებს მეგობრობას და დროის რაღაც ნაწილს მასაც უთმობს;
  • ურთიერთობა დედასთან – მეგობრის მიმართ ეჭვიანობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დედასთან ურთიერთობის პროექცია. თუ ადრეულ ბავშვობაში მოზარდი არ უყვარდათ და ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა, მოგვიანებით შესაძლოა მას მეგობრებთან ურთიერთობაში გაუჩნდეს უნდობლობის გრძნობა.

რეკომენდაციები – როგორ გავართვათ თავი ეჭვიანობას, როგორ გავუმკლავდეთ მას:

  • გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში, ემოციებში. ეჭვიანობის დროს ჩვენ, როგორც წესი, ვადანაშაულებთ მეგობარს, ნაცვლად იმისა, რომ გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში. შევეცადოთ გავაანალიზოთ და შევაფასოთ საკუთარი ემოციები და გრძნობები, რომლებიც იწვევს ეჭვიანობას და თან ახლავს მას. თუ ეჭვიანობა უსაფუძვლოა და მხოლოდ საკუთარ თავში დაურწმუნებლობით არის განპირობებული, შევეცადოთ გავიგოთ, რომ ჩვენს მეგობარს აქვს საკუთარი ცხოვრება, საქმე, ურთიერთობები, ჰყავს სხვა მეგობრებიც, თუმცა ეს ყველაფერი არ გამორიცხავს ჩვენთან მის მეგობრობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბევრად უკეთესია გრძნობების ღიად გამოვლენა, ვიდრე მათი დაფარვა, რადგანაც დაგროვილი უკმაყოფილება და უარყოფითი გრძნობები, ემოციები ერთ დღეს აუცილებლად ამოიფრქვევა და ბევრად მეტი უარყოფითის მომტანი იქნება, ვიდრე გრძნობების თავის დროზე გამოვლენა;
  • თუ ჩვენზე განაწყენებულ მეგობარს ესმის, რომ მისი ეჭვიანობა ნორმა არ არის და თავად ცდილობს, გაუმკლავდეს უსიამოვნო გრძნობებს, კარგი იქნება მივცეთ მას დრო, რომ ყველაფერი გააცნობიეროს და ახალი რეალობა მიიღოს. მთავარია არ გაგვიჩნდეს დანაშაულის გრძნობა და არავითარ შემთხვევაში არ დავიწყოთ თავის მართლება. ეს მხოლოდ გაართულებს პროცესს;
  • თუ ეჭვიანობა საზღვრებს სცდება, კარგი იქნება, განვიხილოთ ყველაფერი მეგობართან, ვესაუბროთ გულწრფელად, ვუთხრათ, თუ რა მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის, ავუხსნათ, რომ არ არსებობს ეჭვიანობის საფუძველი, რომ ჩვენ გულს გვტკენს მისი წყენა და გაბრაზება. ასეთი საუბარი ხსნის შფოთვას და შიშს, რომ ურთიერთობები გაცივდა და მეგობრობა მალე დასრულდება. გულწრფელი საუბარი საპასუხო განაწყენებისა და საკუთარი უფლებების დაცვის გარეშე დაგვეხმარება შევინარჩუნოთ მეგობრობა. თუ ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია და არ გვსურს მისი დაკარგვა, დავეხმაროთ მას, შეეგუოს სიახლეებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ცხოვრების ახალ გარემოებებს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თუ ეჭვიანობა არ არის კონტროლირებადი და მართვადი, შეიძლება მან არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ისევე, როგორც მინიმუმ ეჭვით შეპყრობილი ადამიანი, დიდი ალბათობით, სერიოზულად დააზარალებს სხვა ადამიანებთან ჩვენს ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ეჭვიანობა მეგობრობის დასრულების მიზეზიც შეიძლება გახდეს, ამასთან საკმაოდ სკანდალური შედეგებითაც. უკიდურეს შემთხვევაში კი ეჭვიანობა და იმაზე აქცენტირება, რომ მეგობარი მხოლოდ ჩვენთან უნდა მეგობრობდეს, შეიძლება გადაიზარდოს ფსიქოლოგიურ პრობლემებში და დაავადებებში. ამიტომ, უმჯობესი იქნება ამ გრძნობის სრულად აღმოფხვრა საკუთარ თავში და ეჭვიანობისაგან განთავისუფლება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“