ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ქიმიური იარაღი

 

„…ქარმა კაბა ჩამოხსნა თოკიდან,

გაიფიქრა გოგომ, როცა დედის სხეული

ოკუპანტმა ფანჯრიდან გადმოფინა…” (სერიიდან – „ისმის ჩემი ხმა?“, ნ. ინგოროყვა)

 

„ეს ოხერი ჩვენი ისტორია, მარტო ომების და მეფეების ისტორიაა, ხალხი კი არსადა სჩანოსო“, – წერდა ილია.

 

არადა, მართალს წერდა, ომებით და ერთურთის ჟლეტითაა ისტორია სავსე. ამ ბრძოლებში ქიმიას ბოლო ადგილი სულაც არ უჭირავს და დღევანდელი წერილით სწორედ ეს მინდა დაგანახოთ.

 

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, პირველი ქიმიური იარაღი საბერძნეთში მდებარე პატარა ქალაქ კირის მახლობლად გამართულ ბრძოლებში გამოიყენეს. სიმართლე გითხრათ, მანამდეც უეჭველად იქნებოდა რამე გამოყენებული. ცოდნა მცენარეული და ცხოველური შხამების შესახებ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ქემეიას მიმდევარმა ქურუმებმა იცოდნენ და ადამიანებს სხვა ადამიანების მოწამვლა-შანტაჟში წარმატებით ეხმარებოდნენ. ამიტომ, ბრძოლებშიც იქნებოდა ეს ყველაფერი ნაცადი. კირის ბრძოლის აღწერა უბრალოდ ხელნაწერის სახით არის შემონახული და შავით თეთრზე წერენ, რომ მომწამლავი ნივთიერებები იქნა გამოყენებული.

 

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ შხამის დასამზადებლად იყენებდნენ მცენარე „ცრუ ხარისძირას“ ფესვებს. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით შეიცავს სოლანიდინს, რომელიც სტეროიდული ალკალოიდია. ასეთი ალკალოიდები ბევრია და მათი ერთობლიობით შექმნილ ნაერთს ვერატრინი ეწოდება. ის ნატრიუმის არხების ანტაგონისტი, ანუ აქტივატორია. სწორედ ეს არხები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ნერვული იმპულსების გატარებაში. პასუხისმგებელნი არიან კუნთოვანი მუსკულატურის კუმშვაზე. ჰოდა, ქალაქის მცველები, ისე, რომ თავადაც არ იცოდნენ, ვეროტრინით მოწამლულ წყალს სვამდნენ. ალკალოიდები ხვდებოდა მათ კუჭში. კუჭს აქვს კუნთოვანი გარსი, რომლის ნატრიუმის არხები აქტივირდებოდნენ ვერატრინის მოქმედებით. კუჭი ქაოსურად იწყებდა კუმშვას, შედეგი გულისრევა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სრული მოშლა გახლდათ. ასეთი ტიპის მოწამვლისას ბანალური გააქტიურებული ნახშირი, ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალია. შეგიძლიათ ენტეროგელის დალევაც. ორივე ძლიერი ადსორბენტია და ვეროტრინს შეიწოვს, გამოიტანს ორგანიზმიდან. ოღონდ, ეს ახლა უშველის ადამიანს, მაშინ კი, კირის ბრძოლის დროს სორბენტებზე არც არაფერი სმენოდათ, ამიტომ ასეთი მოწამლული წყალი ყველას კლავდა.

 

424წ. ჩვ. ერამდე, ძველ საბერძნეთში პელოპონესის ომი 27 წელს გაგრძელდა. ეს ომი ათენსა და სპარტას გარშემო დელოსისა და პელოპონესის კავშირებს შორის გაჩაღდა. დაპირისპირება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ხასიათის მიზეზებით წარმოიქმნა. კიდევ, ათენსა და სპარტას შორის საბერძნეთში ლიდერობის გამო. სპარტელები ხმელეთზე იყვნენ ძლიერები, ათენელები ზღვაზე იბრძოდნენ კარგად.

 

თავიდან სპარტა იმარჯვებდა, 424 წელს კი ინიციატივა ათენელებისკენ გადავიდა. ერთ-ერთი ბრძოლა ბეოტიასთან გაიმართა. სწორედ აქ იქნა გამოყენებული საინტერესო ქიმიური ნარევი. ეს ნარევი ე.წ. „ბერძნული ცეცხლის“ პირველი ვარიანტი იყო და შეიცავდა, ნახშირს, გოგირდს და ცვილს. მოგვიანებით, ცვილის ნაცვლად იყენებდნენ ნედლ ნავთობს, კიდევ უფრო მოგვიანებით კი უფრო ეფექტური წვისთვის სელიტრას ამატებდნენ. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ, ათენი საბოლოოდ დამარცხდა და ომიც ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდა. გამოყენებული ქიმიური იარაღის იდეა კი მარტივია. თუ გოგირდს გავახურებთ 230 გრადუსამდე, ცეცხლი მოეკიდება და წვას დაიწყებს. გოგირდის წვის დროს განვითარებული ტემპერატურა 1800 გრადუსია. ამ ტემპერატურაზე იწყებს წვას ნახშირი, რომელიც ჰაერზე (სადაც ჟანგბადია) ძალიან აქტიურად და ხანგრძლივად იწვება. ბოლოს კი მაღალ ტემპერატურაზე ცეცხლი ეკიდება ცვილსაც, რომლის კონსისტენციაც ძალიან წებოვანია და გავარვარებული ცვილის რაიმე ადგილიდან მოცილება რთული საქმეა.

 

ზოგადად, „ბერძნული ცეცხლის“ ჩაქრობა რთულია. სხვათა შორის, იგივე ცეცხლი გამოიყენეს ეგვიპტელებმა მეშვიდე საუკუნეში არაბების წინააღმდეგ. გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდისთვის ეგვიპტე ბერძნებს ჰქონდა დაპყრობილი, და ქემეიას მიმდევარ ქურუმებსა და ბერძენ სწავლულებს შორის ერთგვარი თანამშრომლობაც კი იყო. შესაბამისად, „ბერძნული ცეცხლის“ დამზადებაც იცოდნენ. ამ იარაღის გამოყენებისას ცეცხლზე საშიში მისი ქიმიზმი იყო. გოგირდის ჟანგბადთან წვისას გამოიყოფა გაზი, გოგირდის დიოქსიდი:

 

S+O2=SO2.

 

ეს უფერო, დამახასიათებელი სუნის მქონე გაზია. ფილტვებში მოხვედრისას, იქ წყალთან ურთიერთქმედებს. გვახსოვს, არა? მჟავა ოქსიდს წარმოადგენს და წყალთან ურთიერთქმედება მჟავა ოქსიდების დამახასიათებელი ქიმიური თვისებაა. შედეგად, წარმოიქმნება გოგირდოვანი მჟავა H2SO3, რომელიც არამდგრადია, მაგრამ ფილტვების შეჯანჯღარებას მოასწრებს. ასევე, არ დავივიწყოთ, რომ ფილტვებამდე ტრაქეაა, რომელიც ასევე წყალს შეიცავს, ცხვირ-ხახასა და თვალებშიც წყალი შედის და აქ წარმოქმნილი გოგირდოვანი მჟავა ყველაფერს გააღიზიანებს. შედეგად ადამიანი ვეღარ ისუნთქებს, განუვითარდება სპაზმი, მოეშლება მეტყველება, დაებინდება თვალები და ბოლოს შეუშუპდება ფილტვები. ასე რომ, თუ „ბერძნული ცეცხლი“ გესროლეს, თქვენ კი მარდად გვერდზე გახტით და ცეცხლის ალში არ გაეხვიეთ, ცოტა გამოყოფილი გაზი ხანში მაინც დაგეწევათ და ბოლოს მოგიღებთ. თუ ძველ საბერძნეთში ცხოვრობთ, ვერაფერი გიშველით. დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება აირწინაღია, თუმცა პელოპონესის ომის დროს ეს სიტყვაც კი არავინ იცოდა. ამიტომ, ყველა, ვინც გაზი ჩაისუნთქა, გარდაიცვალა.

 

ამ ბრძოლიდან მრავალი ხნის განმავლობაში ქიმიურ იარაღს სრულყოფა არ განუცდია. თუმცა, ქიმიას, რა თქმა უნდა, აქტიურად იყენებდნენ. ძველი ჩინური და ინდური ალქიმიური ტრაქტატები სავსეა სხვადასხვა რეცეპტით. აქედან ზოგი ძალიან სასტიკია, ზოგი კი ისეთი, ერთდროულად თან რომ გაოცდები, თან გაგეცინება. საქმეში გადიოდა ყველაფერი, მცენარეები და ქვეწარმავლები. სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა დაფქულ მწარე წიწაკას იყენებდა ისრების დასამუშავებლად. იყენებდნენ კურარეს (ამაზე ცალკე წერილი მაქვს დაწერილი და ალბათ წაკითხულიც გექნებათ). ჯვაროსნები ბრძოლების დროს გოგირდითა და დარიშხანით წყალს წამლავდნენ.

 

ასევე, მოიწამლა უთვალავი მეფე, დედოფალი, უფლისწული, სეფექალი. ალ. დიუმას „დედოფალი მარგო“ წაიკითხეთ და ნახეთ, რენე ფლორენციელი რას აღარ ამზადებს დედოფალ ეკატერინე მედიჩის დავალებით. ეს უკანასკნელი ისეთი გავეშებით ცდილობდა, სიძის ჰენრიხ ნავარელის მოწამვლას, რომ შემთხვევით, მის ნაცვლად საკუთარი ვაჟი მეფე კარლ მეცხრე შემოეწამლა და მოკლა.

 

თუმცა, მთელი ამ ქიმიური შხამების ორომტრიალში ერთი ლეგენდარული შხამია – კალიუმის ციანიდი, რომლის დასახელებაც ალბათ თქვენც გსმენიათ.

 

ჩემს ბავშვობაში ერთი შავი იუმორი ტრიალებდა:

 

კაცი შევიდა აფთიაქში და აფთიაქარს ჰკითხა, კალიუმის ქლორიდი თუ გაქვთო. არაო, უპასუხა აფთიაქარმა, კალიუმის ციანიდი გვაქვსო. და რა განსხვავებააო, ჩაეკითხა კაცი. არაფერიო, სულ სამი მანეთიო…

 

არადა, განსხვავება არის.

 

თავისუფალი სახით ეს მარილი 1762 წელს კარლ ვილჰელმ შეელემ მიიღო. სისხლის ყვითელი მარილი (კალიუმის ჰექსაციანო (II) ფერატი) თერმულად დაშალა და მიიღო კალიუმის ციანიდი:

 

3K4[Fe(CN)6]=Fe3C+5C+3N2+12KCN.

 

გარეგნულად მარილი თეთრი ფერის კრისტალების მქონე ფხვნილია. ორგანიზმში მოხვედრისას, მარილი დისოცირდება და ციანიდ ანიონი წარმოიქმნება:

 

KCN=K++CN

ციანიდ ანიონი შეაღწევს უჯრედში და უკავშირდება სპეციფიკურ ფერმენტს – ცოტოქრომოქსიდაზას (დაიმახსოვრეთ, ფერმენტის სახელწოდება, რაც არ უნდა გრძელი იყოს ერთად იწერება. დაბოლოება „აზა“ კი მიგვითითებს, რომ ის ფერმენტია). ცოტოქრომოქსიდაზა უჯრედის მიტოქონდრიის სუნთქვითი ჯაჭვის უბანზე მდებარეობს და ATP სინთეზში მონაწილეობს. ჰოდა, როდესაც მას ციანიდის იონი დაუკავშირდება, ორგანიზმში სუნთქვითი და მეტაბოლური ფუნქციები ირღვევა. შედეგი არის ის, რომ კვდებიან უჯრედები, ქსოვილები, ორგანოები და ბოლოს თავად ადამიანიც. ამ პროცესს ძალიან სწრაფი ეფექტი აქვს.

 

მისი ანტიდოტი ჩვეულებრივი რძე არის, რადგან რძეში შემავალი ლაქტოზა ციანიდებს ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოჰყავს.

 

თუმცა…

 

თუ ციანიდი ორგანიზმში მოხვდება, შემდეგ რძის დალევას აზრი არ აქვს, გვიანია უკვე. აი, თუ ადამიანმა რძე ციანიდის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე დალია, მაშინ გადარჩენის მცირე შანსი არსებობს. უკვე მიღებული ციანიდისგან გადასარჩენად გლუკოზის ხსნარის გადასხმის მეთოდიც მოიაზრება, ოღონდ, გადასხმა ძალიან მალე უნდა მოხდეს. იმ ძველ დროს კი რომელ გადასხმებზე იყო საუბარი?

 

ზემოთ დავწერე, ქიმიური იარაღი მოგვიანებით უფრო დაიხვეწა-მეთქი. სწორედ ამაზე ვისაუბრებ მომდევნო წერილში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“