კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

გაკვეთილის ბოლოს დარჩენილი წუთები –  დამატებითი შესაძლებლობა

 

(7 სწრაფი საკლასო აქტივობა)

გაკვეთილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მოსწავლეებს გამოვკითხეთ გაკვეთილი და ახალი მასალაც ავუხსენით, დისკუსიაც გავმართეთ, საათს დავხედეთ − კიდევ გვაქვს დრო.  მასწავლებლები მსგავს სიტუაციებში , უმეტესწილად, იმპროვიზაციის იმედად არიან, თუმცა, კარგი იქნება,  გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს დამატებით, სწრაფ და სახალისო აქტივობებზე. ყველა მასწავლებელი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში, ამ დროს  უმჯობესია, მოსწავლეებს  მისცეთ  განტვირთვის რამდენიმე წუთი. ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს სახალისო, საინტერესო, სწრაფი აქტივობების ნაკრები, რომელიც ირიბად მაინც შეუწყობს ხელს ნასწავლი მასალის განმტკიცებას. წარმოგიდგენთ შვიდ, ადვილად განსახორციელებელ აქტივობას, რომელსაც შეუძლია დარჩენილი წუთები მოსწავლეების განვითარებისთვის ღირებულ შესაძლებლობებად აქციოს.

  1. კრეატიულობის ხელშეწყობა ამბის თხრობით

სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან მოთხრობა, რომელიც იწყება სიტყვით „ერთხელ“ და მოიცავს იმ ცნებების ან სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც შეარჩიეთ საკლასო სასწავლო მასალიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ,,სიუჟეტური კამათლები’’ story cubes.  მოსწავლეებმა კამათელზე წარმოდგენილი გამოსახულებები უნდა დაასახელონ, დააკავშირონ და შექმნან ისტორია. უმცროს მოსწავლეებთან ერთად  ეს აქტივობა შეგიძლიათ ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით განახორციელოთ ; უფროს მოსწავლეებთან კი წერის აქტივობად აქციოთ. მასწავლებელს შეუძლია მსგავსი აქტივობები  განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენოს.

  1. ჯგუფური მუშაობა

ჯგუფური სწრაფი აქტივობები, როგორიცაა თანამშრომლობითი თამაში ან თანატოლთა დისკუსიები,  მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დამატებითი დრო სოციალური სწავლის შესაძლებლობად აქციოს. აქტივობა „იფიქრე-დაწყვილდი-გააზიარე“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შეამოწმონ წინარე ცოდნა, გაცვალონ იდეები და განივითარონ თანაგრძნობის,  მოსმენისა და კომუნიკაციის უნარები.

think-pair-share

  1. იმოძრავეთ!

ზოგჯერ, გაკვეთილზე არსებული ხარვეზის შესავსებად, საუკეთესო გზაა მოსწავლეებს სწრაფი, შემეცნებითი  ფიზიკური აქტივობა შესთავაზოთ. ასეთი აქტივობაა ,,საიმონი ამბობს’’ (Simon Says) , რომელიც მოსწავლეებს განტვირთვაში და ენერგიის აღდგენაში ეხმარება. მსგავსი აქტივობა მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს.

Simon says

  1.   შექმენით დროის კაფსულა (სემესტრის დასაწყისში)

სთხოვეთ მოსწავლეებს, ერთად იმუშაონ დროის კაფსულის შესაქმნელად, რომელიც მათ ამჟამინდელ ინტერესებს, მიზნებსა და მოგონებებს შეინახავს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ პატარა ნივთები ან დაწერონ წერილები მე-ს კაფსულში შესატანად. დალუქეთ კაფსულა და დანიშნეთ მისი გახსნის თარიღი მომავალში, მაგალითად, სასწავლო წლის დასრულების ან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ისინი უფრო მაღალ კლასში გადავლენ. ეს არის მნიშვნელოვანი გზა მოსწავლეებისთვის, დაფიქრდნენ თავიანთ გამოცდილებაზე და იფიქრონ მომავალზე.

TIme capsule

  1. გავიცნოთ ერთმანეთი

საგაკვეთილო პროცესი საშუალებას გვაძლევს, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კიდევ უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი და დარჩენილი წუთები პროდუქტიულად გამოიყენონ. ასეთია ერთი ძალიან სახალისო და ,,სულელური თამაში“.  თქვენ უბრალოდ სვამთ კითხვებს, როგორიცაა: გირჩევნიათ გიგანტურ კურდღლად გადაიქცეთ თუ მინიატიურულ ჟირაფად? ან გირჩევნიათ დღეში 75-ჯერ აცემინოთ, თუ სადაც კი წახვალთ, ყველგან მოგიწიოთ საზაფხულო ფლოსტების ტარება?

მოცემულია 200 კითხვის სია, რომელიც დაგეხმარებათ თამაშის დაწყებაში.

list of 200 questions

  1. პრაქტიკული აქტივობები
  • საკლასო კულინარიული წიგნი

მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა აქტივობა, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები და შესაძლებლობა აქვთ თვითონ შექმნან რაიმე ხელშესახები.  საინტერესო აქტივობაა  ,,საკლასო კულინარიული წიგნი’’. აქტივობა

წერის უნარების გასაუმჯობესებლად გამოგადგებათ.  სთხოვეთ მოსწავლეებს, საყვარელი კერძის რეცეპტი დაწერონ. მათ შეუძლიათ კერძების ილუსტრაციებიც შექმნან და „დეგუსტაციისთვის“ მოიტანონ საკლასო ოთახში. საბოლოოდ, შესაძლებელია რეცეპტების გაერთიანება და ერთ წიგნად აკინძვა.

  • იდეები სასკოლო გაზეთის შესაქმნელად

მოსწავლეები ქმნიან საკლასო გაზეთს. ისინი ინაწილებენ როლებს, არიან რედაქტორები, ილუსტრატორები, რეპორტიორები და სხვა. თემატურად გაზეთი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ეხებოდეს აქტუალურ საკითხებს, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან კომიქსებიც. აქტივობის დასასრულს მოსწავლეები სხვა კლასის მოსწავლეებს დაურიგებენ გაზეთის ასლებს ან გამოფენენ მათ განცხადებების დაფაზე.

სწრაფი, მიზანმიმართული აქტივობების ორგანიზება უზრუნველყოფს კლასში დროის ნაყოფიერად გამოყენებას. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ინარჩუნებენ მოსწავლეთა ჩართულობას, არამედ ხელს უწყობენ ისეთი კრიტიკული უნარების განვითარებას, როგორიცაა კრეატიულობა, გუნდური მუშაობა და ფოკუსირება. ასეთი სწრაფი დამხმარე საშუალებები შესაძლებლობაა, მასწავლებელმა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს საგაკვეთილო დრო.

წყაროები:

1.https://www.storycubes.com/en/ ნანახია : 21/09/2024წ

2.https://www.readingrockets.org/classroom/classroom-strategies/think-pair-share  ნანახია 21/09/2024წ

  1. https://youtu.be/QRVTPFfOwcM?feature=shared

ნანახია : 21/09/2024წ

  1. https://www.wikihow.com/Create-a-Time-Capsule

ნანახია: 21/09/2024წ

5.https://conversationstartersworld.com/would-you-rather-questions/would-you-rather-questions-for-kid/

ნანახია: 21/09/2024წ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“