ზუსტად ორი წლის წინ, თითქმის წელიწადნახევრიანი შეუსვენებელი წამების შემდეგ, დავტოვე ბოლო სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ყოფნა მომიხდა და ფრთხილად შევუდექი ახალ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ მოგიყვებით ამ ამბავს, ოღონ ახალსაც მოგიყვებით – ჩემი ამ წუთისოფელს გამოსალმების მეორე მცდელობის შედეგსაც – არსით, რიცხვით და გაქანებით ვიწრო წრეების მხრიდან და შესაბამისად ბარემ ცოტა იმასაც, რაც მგონი რომ, უახლოესი ხალხი გარდა, მცირემ თუ იცის.
ამჩნევთ, ამ თემაზე უკვე ნაკლებად ვსაუბრობ და რადგან ადამიანი კალენდარული არსებაა და თარიღები უყვარს, ამასაც დავეყრდნობი და გავბედავ.
მოკლედ, ორი წლის წინ, 20 სექტემბერს საბოლოოდ დავტოვე სარეაბილიტაციო სახლი. თუ მანამდე ძალად დავათრევდი უკვე ზედმეტ სხეულს ან დამათრევდნენ, სულ ბოლო ორი თვე, კედლისკენ გადაბრუნებული, უკვე ფეხზე თითქმის ვეღარ ვდგებოდი, 55 კილოგრამი ვიყავი – შეიძლება ნაკლებიც, დღეში ორ კოვზ მაწონს მაჭმევდნენ, მაკანკალებდა, გულისრევის მხოლოდ შეგრძნებაღა მქონდა – ღებინების ძალა გაქრა. საშინელი, მოუთვინიერებელი შიშები ტრიალებდნენ გონებაში, თითქმის არაფრის გამო დაუსრულებელი თვითგვემების სერიალი, სიხარულის სრულად გამაუქმებელი დეპრესია, მტანჯველი ობსესიები – აკვიატებული, მტანჯველი აზრების ალყა, საზარელი დერეალიზაცია, სამყაროსგან მოწყვეტის განცდა – მოკლედ, საჩუქრად სრული თაიგული მომართვა ცხოვრებამ – რაც რომ შეიძლება ყოფილიყო, ყველა სახის ,,ყვავილი” ჩაურთო. მეძინა ორი საათი, შეუჩერებლად მასლოკინებდა ამ ორსაათიანი ძილისას თურმე (მორიგე ექიმები მეუბნებოდნენ მერე), ფეხებში და გულმკერდთან ძლიერ ჟრუანტელს და ფხაჭნას ვგრძნობდი. ნელ-ნელა ბენზოდიაზეპინების დოზას მიკლებდნენ და მისი განდევნის სინდრომი ანუ ,,ლომკა” ცალკე ჯოჯოხეთია – ძვლები მეწვოდა, ხომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა მეწვოდა. დაკლებული დოზის მიღებიდან დაახლოებით ათ წუთში მოდიოდა გაბრუების სამი წამი, ყველაზე სასიამოვნო სამი წამი, რომელიც დავიმახსოვრე და ის ათი წუთი მაგ სამ წამს ველოდი. დანარჩენი დღე იყო ამ ტანჯვათა იუმედო ჯამი. ამ ქვეყნიდან წასვლა უკვე ერთხელ ნაცადი ხომ მქონდა – მაშინ გადარჩენა მინდოდა და საჯაროდ ამადაც დავწერე და მერე უკვე უფრო გარანტირებულ ფორმებზე ვფიქრობდი. ოთხ დღეში ერთხელ იკრებიბებოდა ფსიქიატრების და სხვა ექიმების კონსილიუმი და ბოლოს ბუნდოვნად ვამჩნევდი, რომ მოსული ნევროლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები თითქმის დანებებული იქნევდნენ თავს. ვამჩნევდი და უკვე სულერთი იყო რომ ვამჩნევდი, ცოტა მიხაროდა კიდეც. მაგრამ არ დანებდნენ. არც მე მომცეს ამის უფლება. და მერე, ერთ მოულოდნელ დღეს ვიგრძენი მოულოდნელივე ნებელობა და ნელი ნაბიჯებით გავყევით გზას გამარჯვებისკენ. ეს გზა არაჩქარიანდა ფრთხილი. ოღროჩოღრო. მე კედელ-კედელ დავიწყე სიარული და მერე ორ ფეხზეც დავდექი. უდიდესი ძალა ვიგრძენი და ათასმაგი ენერგიით შევუდექი საქმეებს.
მერე იყო 2023 წლის ცნობილი ამბები, როცა უკვე ძალიან ძლიერი და მრავალ ამბავს შეჭიდებული, რუსეთუმე ტროლ-ბოტების სამეფოს ერთთვიან ნიაღვარს ვიგერიებდი, რადგან თურმე ჩემი პანიკური შიში ჰქონიათ მაგათ სამეფოში და იყო ამ ყველაფრის ჩვენებური დაგვირგვინება – ხელმეორე მცდელობა სრულიად სამარცხვინო წრის მხრიდან, თავს რომ ლიბერალებს ეძახიან, იქ შევებრუნებინე, სადაც ვიყავი. ჰოდა, ეს ტროლ-ბოტების სამეფო და ეგ ფსკერგამოცლილი წრე – ფარისეველი, ათსმაგი სტანდარტით აღსავსე და ა.შ. – მაშინ დიდი სიტუაციური მოკავშირეები გამოდგნენ და საკუთარი კრიმანჭულიც დაიმღერეს.
მე გავიმარჯვე. გავიმარჯვე – რადგან გვერდით მედგა ხსენებულ მცირერიცხოვან, უმორალო ხალხზე გაცილებით მასშტაბური და მნიშვნელოვანი – სიმართლე და კიდევ უზარმაზარი და უდიდესი სიყვარული უამრავი ადამიანის, უზომოდ მეტის და ამავდროულად გულწრფელის – რომელსაც დღესაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ – ყველგან, სადაც კი კარს შევაღებ. ალბათ ამან მომაგებინა.
მაგრამ ჩემმა ექიმებმა და ახლობლებმა იციან, თუ როგორ დაბრუნდა ხელმეორედ ყველა განცდა უკან და ახალი ჯოჯოხეთისთვის ვემზადებოდი. არ ვიცი რამ გადამარჩინა – შეიძლება იმან, რომ გამოცდილის განმეორების შეუძლებლობის შიში ვიგრძენი და ამან ააცილა ეს ყველაფერი სხეულს და სულს. არ ვიცი. მას მერე, სამწუხაროდ, ჩავარდნებიც მოხშირდა, მაგრამ შედარებაც კი არ არის ძველთან – ვცხოვრობ, ვმოქმედებ, ვხუმრობ, ზოგჯერ სიხარულსაც გამოვკრავ ხელს. ეს საჯაროდ მაშინ არ მითქვამს. ძალიან ბევრი ადამიანის საყრდენი ვიყავი უკვე. ახლა ვამბობ, რადგან ამ შებრუნების დამარცხების გზებიც ვიცი.
პარალელურად ვსწავლობ, ვაკვირდები ამ ამბავს და უკვე ბევრი ცოდნაც შევიძინე. ვსწავლობ ფსიქიატრიას, ფსიქოლოგიას, გენეტიკას და საკუთარსაც ვსწავლობ – რთულ ბავშვობას, არეულ პირად წარსულს. და ვიცი, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ზოგიერთი ხდომილების დროს, ,,თრიგერებად” წოდებული ამბების შემთხვევისას, ობსესიები აღდგებიან ხოლმე, სხეული სრულიად დაჭიმულია, ფობიები იღვიძებენ – მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებ და არ ვიმჩნევ: დროებით სურდოს ვარქმევ და ვიცი გადავძალავ – ჩემთვის და იმ უამრავი ადამიანისთვის, იმედის თვალით რომ შემომყურებს. არაერთ ფრონტზე ვცდილობ მოქმედებას და წინ დიდი, დიდი გამარჯვებების დროა – პრიმიტიული, პარალელური ყეფა თითქმის მიწყდა ან ყური გადაეჩვია ამ ხმას და აღარ ესმის. აღარ მნიშვნელობს.
P.S.
და ჰო, კიდევ ერთი და ეს დასასრულისთვის; თუ კარგად დაფიქრდებით და იმ ამბებს ფაზლად შეკრებთ, ფრაგმენტულად რომ მოგიყევით, ალბათ მიხვდებით, რატომ ვუყურებ სევდიანი ან ეგებ ირონიული ღიმილით ადამიანს, რომელიც მეკითხება:
“პოლიტიკაში არ მოდიხარ? შენ ხომ ყველას უყვარხარ! ამხელა ავტორიტეტი, შესაძლელობა და რესურსი გაქვს და ეს რომ პოლიტიკას მოახმარო?!”
ღიმილით ვუყურებ და ღიმილი კარგია. აუცილებელიც კი. გაიღიმეთ. თავს დააძალეთ და გაიღიმეთ. ადამიანი საკუთარი თავისთვის ღიმილის დაძალებაა – სხვა არაფერი.