სამშაბათი, ოქტომბერი 1, 2024
1 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

სასწავლო მენიუ როგორც დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი  კურუკულუმის სტრუქტურაში                                                             

 დიფერენცირებული სწავლება და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გათვალისწინება ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა. მოთხოვნის შესაბამისად, დიფერენცირებული სწავლების მრავლფეროვანი ინსტრუმენტებიდან  მასწავლებელი ჯერ შეარჩევს შედარებით მოქნილ  ინსტრუმენტს, რომელიც დაეხმარება ეფექტიანი შედეგების მიღწევაში, შემდეგ კი გამოყენების ინსტრუქციას და კონკრეტულ მაგალითებს  ჩართავს კურიკულუმში (შესაბამის თემატურ ბლოკში)  როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის  ავთენტურ საშუალებაში.

ეს ხელს შეუწყობს სწავლების პროცესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას, რაც გააძლიერებს მოსწავლეთა ჩართულობას, დამოუკიდებლობას და კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

საგნობრივ კურუკულუმში ნათლად უნდა იკითხებოდეს, როგორ აღწევს მასწავლებელი დიფერენცირებული სწავლების მოთხოვნის შესრულებას. ამ კუთხით კურუკულუმებში   ხშირად გვხვდება სასწავლო  მენიუ როგორც დიფერენცირებული სწავლების ეფექტური ინსტრუმენტი. მის ეფექტურობას ხელს უწყობს არჩევანის თავისუფლება, მრავალფეროვანი აქტივობები, დავალებების  შემოქმედობითობა,  პროექტული სწავლების ელემენტების გამოყენება  და მოხერხებული  შეფასების სისტემაც, რადგან ამ დროს შეფასების კრიტერიუმები თითოეული დავალების ტიპზეა მორგებული, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობისა და პროგრესის სიღრმისეულ შეფასებას. ასევე ყურადსაღებია დროის მენეჯმენტიც,  თითოეული აქტივობა  შეიძლება  სხვადასხვა სირთულის იყოს და შესასრულებელი დროის ინტენსივობაც განსხვავებული, ამიტომ კურიკულუმი უნდა შეიცავდეს დავალებების გრაფიკს და დამოუკიდებელი მუშაობის პერიოდს, რაც ეხმარებათ მოსწავლეებს  დავალებების დროულად შესრულებაში.

სასწავლო მენიუ  სხვადასხვა ტიპისაა. ძირითადად გამოიყოფა:

  1. სავარჯიშო მენიუ;
  1. კვლევითი მენიუ;
  2. შემოქმედებითი მენიუ.

მოსწავლეებს შეუძლიათ დავალებები, სავარჯიშოები, კვლევითი და შემოქმედებითი აქტივობები თავიანთი ინტერესების, უნარების და ცოდნის დონის მიხედვით შეარჩიონ  (მაგალითად, შემოქმედებითი დავალებების დროს აირჩიონ ან  პრეზენტაცია, ვიდეოს შექმნა ან სხვ.). შედეგად იზრდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები, მათი ჩართულობის ხარისხი,  თვითორგანიზებისა და დამოუკიდებელი სწავლების უნარები, მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.

  • მნიშვნელოვანია, თუ კონკრეტულად სად ჩავსვათ კურუკულმში სასწავლო მენიუ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის დავალებებს: ზოგად სავარჯიშოებს, კვლევით პროექტებს და შემოქმედებით აქტივობებს?

რადგან საგნობრივი  კურიკულუმი ძალიან აღქმადი დოკუმენტია,   ის შეგვიძლია ჩავსვათ თითოეულ თემაში ან   ქვეთავების შემდეგ, რაც ნათლად დასანახს გახდის როგორ მიდის მოსწავლე წინ.  

გთავაზობთ ნიმუშს ისტორიის საგნობრივი დისციპლინიდან:

საფეხური – საბაზო; კლასი – VIII,  საგანი – ისტორია; თემა „ადრეული შუასაუკუნეები“. აღნიშნული თემა დაყოფილია ქვეთემებად, რომელშიც გაერთიანებულია თემასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად,   ქვეთემებია: „ქრისტიანულ სამყაროში მიმდინარე პროცესები“, „არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბება და საქართველო“, „როგორ ცხორვრობდნენ ადამიანები შუა საუკუნეებში.  როგორი იყო შუა საუკუნეების საზოგადოება?“  და სხვ.

სასწავლო მენიუს ნიმუშები მოცემულ თემასთან და ქვეთემებთან დაკავშირებით:

ნიმუში 1.

თემა : ადრეული შუასაუკუნეები

  1. სავარჯიშო მენიუ (მიზანია ზოგადი ცოდნის გაღრმავება):
  • არჩევანი 1: მოამზადეთ მოკლე, მინიმუმ 300 სიტყვიანი რეფერატი, რომელიც აღწერს  ადრეული შუასაუკუნეების პოლიტიკურ და სოციალურ სისტემას, განსაკუთრებით ფეოდალურ ურთიერთობება;
  • არჩევანი 2:  შეადგინეთ  ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილია  ადრეული შუასაუკუნეების მთავარი მმართველები და იმპერიები;
  • არჩევანი 3: შეადგინეთ გრაფიკი ადრეული შუასაუკუნეების (500-1000 წწ.) მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
  1. კვლევითი მენიუ (მიზანია დამოუკიდებელი კვლევის უნარების განვითარება):
  • არჩევანი 1: შეისწავლეთ  ფრანკთა სახელმწიფოს ისტორია  და დაწერეთ კვლევითი ანგარიში კარლოს დიდისა და მისი როლის შესახებ დასავლეთ ევროპის გაერთიანებაში;
  • არჩევანი 2: შეისწავლეთ ქრისტიანობის გავრცელების ისტორია და  დაწერეთ ანალიზი, რა როლი შეასრულა ქრისტიანულმა ეკლესიამ ადრეული შუასაუკუნეების  პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებში;
  • არჩევანი 3: შეისწავლეთ, როგორ მოხდა ევროპული მონარქიების ფორმირება რომის იმპერიის დაშლის შემდეგ და მოამზადეთ  პრეზენტაცია რომელიმე ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე.
  1. შემოქმედებითი მენიუ (მიზანია კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერება):
  • არჩევანი 1: შექმენით ინტერაქტიული რუკა, სადაც ნაჩვენებია ადრეული შუასაუკუნეების მიგრაციები და დაპყრობები (მაგ., ჰუნები, ფრანკები, გერმანული ტომები..).
  • არჩევანი 2: დაწერეთ  დღიური, რომლის წარმოსახვითი ავტორია  რომელიმე მეფე ან მეომარი და აღწერეთ  მათი ყოველდღიური ცხოვრება და გამოწვევები;

არჩევანი 3: შექმენით ვიდეო, პოსტერი, გაზეთი ან ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ასახავს  ადრეული შუასაუკუნეების არქიტექტურას.

სასწავლო მენიურ ნიმუში 2

ქვეთემა „არაბთა სახალიფო“

  1. სავარჯიშო მენიუ (მიზანია ზოგადი ცოდნის გაღრმავება):
  • არჩევანი 1: მოამზადეთ მოკლე, მინიმუმ 300 სიტყვიანი რეფერატი, რომელიც აღწერს  არაბთა სახალიფოს წარმოშობასა და პოლიტიკურ გაძლიერებას;
  • არჩევანი 2: ჩამოწერეთ, შეადგინეთ იმ ფაქტების სია, რომელიც აღწერს  არაბთა სახალიფოს  მთავარ  პოლიტიკურ  და კულტურულ  მიღწევებს;
  • არჩევანი 3: შეადგინეთ ქრონოლოგიური ცხრილი, რომელშიც ასახულია  არაბთა სახალიფოს ძირითადი მოვლენები VII-X საუკუნეებში.
  1. კვლევითი მენიუ (მიზანია დამოუკიდებელი კვლევის უნარების განვითარება):
  • არჩევანი 1: შეისწავლეთ და დაწერეთ ანგარიში არაბთა სახალიფოში  მეცნიერების,  ფილოსოფიის, მედიცინის, მათემატიკის  განვითარების შესახებ;
  • არჩევანი 2: შეისწავლეთ და დაწერეთ ანალიზი,  როგორ ვითარდებოდა  სავაჭრო  ურთიერთობები არაბთა სახალიფოში;
  • არჩევანი 3: შეისწავლეთა=  არაბული სახალიფოს მართვის პრინციპები და შეადარეთ, სულ ცოტა, ორი ხალიფას     (მაგალითად, ჰარუნ ალ-რაშიდის და ხალიფა ომარ იბნ ალ-ხატაბის)    საშინაო და საგარეო პოლიტიკა და გააკეთეთ პრეზენტაცია.
  1. შემოქმედებითი მენიუ (მიზანია კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერება):
  • არჩევანი 1: შექმენით ვიდეო ან ანიმაცია, რომელშიც აღწერთ არაბთა სახალიფოს ქალაქებს, ცხოვრების წესსა და, ზოგადად,  კულტურულ მემკვიდრეობას;
  • არჩევანი 2: მოამზადეთ   ინტერვიუ ხალიფასთან  ან სახალიფოს რიგით  მაცხოვრებელთან  (ან დაწერეთ მოკლე ისტორიული მონოლოგი  ხალიფას ან სახალიფოს რიგითი მაცხოვრებლის  პერსპექტივიდან),  სადაც აღწერთ  არსებულ გამოწვევებს ან  საზოგადოების  მიღწევებს;
  • არჩევანი 3: შექმენით ინტერაქტიული რუკა, რომელშიც ნაჩვენებია არაბთა სახალიფოს ექსპანსია და ტერიტორიული ცვლილებები

ნიმუში 3:

თემა: ადრეული შუა საუკუნეები

სასწავლო მენიუ: მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ სამი დავალება სხვადასხვა სვეტებიდან. თითოეული სვეტი შეესაბამება განსხვავებულ უნარებს: ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, შემოქმედებითი აზროვნება, და პრეზენტაციის უნარები.

ყოველი დავალების შესრულება შეფასდება არა მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიწოდებით, არამედ მოსწავლის პროგრესის გათვალისწინებით.

შეფასებისას  მასწავლებელი შეაფასებს არა მხოლოდ სწორი და საფუძვლიანი ინფორმაციის ცოდნას, არამედ მოსწავლის პროგრესის დონეს. მაგალითად,

  • მოსწავლეებს, რომელთაც მანამდე უჭირდათ ინფორმაციის ანალიზი, წარმატებად ჩაეთვლებათ,  თუ  შეძლეს რთული ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
  • შემოქმედებით დავალებებში მოსწავლეებს, რომლებსაც უძნელდებოდათ კრიტიკული აზროვნების უნარების წარმოჩენა, წარმატებად ჩაეთვლებათ პროგრესი იდეების  გენერირებაში;
  • მოსწავლეებს, რომლებსაც კარგად გამოსდით პრეზენტაციების მომზადება, შეუფასდებათ კიდევ უფრო ეფექტური პრეზენტაციის მომზადება.

სასწავლო მენიუ  მასწავლებლის მხრიდან  აქტიურ მონიტორინგს და   უკუკავშირს გულისხმობს. დიდ დროს მოითხოვს თავად სასწავლო მენიუს შედგენაც,  თუმცა შესაძლებელია მასწავლებელმა სახელმძღვანელოს თითოეულ პარაგრაფში  შემოთავაზებული დავალებებიც გადააქციოს სასწავლო მენიუდ და  ინტერესი და მრავალფეროვნება შესძინოს თითოეულ გაკვეთილს. ამით კიდევ უფრო დაძლევადი გახდება სასწავლო  მასალა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი აკადემიური მიღწევის თვალსაზრისით, ამაღლდება   მოსწავლეთა მოტივაციაც და შემოქმედებითი უნარებიც.

აღნიშნულის გამო სასურველია  მოცემული ინსტრუმენტის  ჩართულობა  საგნობრივ კურუკულემებში და  სასწავლო პროცესში  მისი პერიოდულად გამოყენება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“