კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

აბა, როგორი ბიჭი იყო ნაცარქექია?!

ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ჩემს შვილებთან ერთად ღია კაფეში ვატარებდი. მალე ჩვენ სიახლოვეს მდგარი მაგიდა ბებომ, შვილიშვილებმა და ბავშვების დედამ დაიკავა. ჩვენი მაგიდები ისე ახლოს იყო გვერდი-გვერდ, ერთმანეთის ყველა სიტყვა გარკვევით გვესმოდა. ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ყურს ვერ ავარიდებდით. ბებო ცდილობდა, პატარა, აქტიურ, ცელქ შვილიშვილთან საუბარი გაება წიგნებზე, მაგრამ ბიჭი აშკარად ვერ ინტერესდებოდა ამ თემით ისეთ ადგილას, სადაც შორიახლოს უამრავი გასართობი ეგულებოდა. ბებო მაინც დაუცხრომლად ცდილობდა, მისთვის ლიტერატურული პერსონაჟები გაეხსენებინა, ეკითხებოდა ჰარი პოტერზე, ქართულ ხალხურ ზღაპრებზე და კერძოდ, ნაცარქექიაზე და კვლავ დაჟინებით მოითხოვდა პასუხს მისგან: „ბებო, აბა, როგორი ბიჭი იყო ნაცარქექია? როგორი პატიოსანი ბიჭი იყო, არა?! კარგი ბიჭი იყო, ხომ?!“ – მაგრამ ამაოდ, ბიჭი ოდნავადაც არ ინტერესდებოდა ჩვენი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟით. ცოტა ხანში ხელიც გაიქნია, „თავი დამანებეო“ – შეჰყვირა და გაიქცა, და მანამდე არ მოსულა მაგიდასთან, სანამ გემრიელი ფუნთუშები და ლიმონათი არ მოიტანეს.

ეს ამბავი რამდენიმე კუთხით გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ვცდებით დიდები ბავშვებთან ურთიერთობაში. ადგილი წიგნებზე, ზღაპრებზე და პერსონაჟებზე სასაუბროდ ნამდვილად შეუფერებელი იყო. პატარა ბიჭს, რომელიც პირველ- ან მეორეკლასელი იქნებოდა, ახალი გარემოს გამოკვლევა, სირბილი, ქალაქის ხედის ცქერა და თამაში უნდოდა. არც ზღაპრის პერსონაჟებზე საუბარი სურდა და არც მათი ქცევისა თუ პიროვნების შეფასება. შეიძლება ბებოს კეთილი სურვილი ამოძრავებდა, სურდა პატარა ბიჭში რიგ თვისებებზე გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა ამ ძალდატანებას ბავშვიც გრძნობდა, არ მიჰყვებოდა მსჯელობაში, ბოლოს გაღიზიანდა და გაიქცა კიდეც.

ბავშვებთან წაკითხულ ტექსტზე საუბარი მნიშვნელოვანია. ასე შეგვიძლია, შევამოწმოთ, რა გაიგო მან ტექსტიდან, რა აზრი გამოიტანა და რა შთაბეჭდილებით ისაზრდოვა კითხვის პროცესში. თუმცა, როდესაც ბავშვებთან ტექსტის განხილვას შევუდგებით, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალდატანებითი მიდგომა მხოლოდ დააზიანებს ამ პროცესს, დააფრთხობს პატარა მსმენელს და კითხვასაც შეაძულებს და ზღაპრებსაც. ხოლო თუ სწორად წარვმართავთ ტექსტის გააზრების პროცესს, პატარა მსმენელი თავად აღმოაჩენს და გააკეთებს დასკვნებს, შეაფასებს პერსონაჟის ქცევას, გამიჯნავს რეალურსა და არარეალურს, გააკეთებს კრიტიკულ დასკვნას და თავად მიხვდება, რა არის კარგი და რა ცუდი რეალურ თუ არარეალურ სამყაროებში.

ზღაპრები კარგი მასწავლებელია ბავშვისთვის, იმაზე დასაფიქრებლად, როგორ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, კარგი და ცუდი ქცევა ერთმანეთისგან და გამოიტანოს პირუთვნელი განაჩენი. თუმცა, უფროსი მკითხველის მეგზურობაც ძალიან სასარგებლოა ამ მხრივ, რომელიც პატარას დაეხმარება და დააკვალიანებს ტექსტის აღქმაში, მისცემს მაგალითს, როგორ შეიძლება გაიგოს და გაიაზროს წაკითხული მასალა, რომ არსებობს უამრავი გზა ინტერპრეტირების, რომ არსებობს სხვადასხვა შეფასება და შემდეგ პატარა მკითხველი თავად გადაწყვეტს, თანაუგრძნოს თუ არ თანაუგრძნოს ზღაპრის პერსონაჟებს, მოეწონოს ისინი თუ არა.

ქართული, ხალხური ზღაპარი „ნაცარქექია“ გვიამბობს ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცის ისტორიას. ეს კაცი დღენიადაგ, ყოველ ცისმარე დღეს ბუხართან იჯდა და ჩხირით ნაცარს ქექავდა. ყველას აღიზიანებდა თავისი უმოქმედობითა და უსაქმურობით, განსაკუთრებით კი რძალს, რომელსაც ერთ დღესაც ყელში ამოუვა მისი უსაქმურობა და სახლიდან გააგდებს სამუშაოს მოსაძებნად. სახლიდან წასული ნაცარქექია ერთ ნაცრით სავსე გუდას, სადგისსა და ჭყინტ ყველს წაიღებს. ნაცარქექიას გზად დევი შემოხვდება, რომელსაც თავისი საზრიანობით გააბრიყვებს, დაამარცხებს და ბოლოს მის ქონებასაც დაეპატრონება. ამის შემდეგ ნაცარქექია სახლში გამარჯვებული ბრუნდება, ქონებას ძმას და სიძეს გადასცემს და ისევ უბრუნდება ნაცრის ქექვის მისეულ ჩვევას, რომელსაც აღარავინ უშლის. ზღაპრის მიხედვით ის გონიერი, სხარტი, ცოტა ცბიერი აზროვნების კაცი ჩანს, რომელსაც რომ არა თავისი ჭკუა და მოხერხება, დევს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა და სახლშიც ვეღარ დაბრუნდებოდა გამარჯვებული. ზღაპარი ბევრს არაფერს გვეუბნება მის პატიოსნებასა და კაი ბიჭობაზე, თუმცა შეიძლება ასეთიც ყოფილიყო და ალტერნატიულ შეფასებებსა და ინტერპრეტაციებს ყოველთვის აქვს არსებობის უფლება…

ბავშვს რომ ვაცადოთ, იქნებ ასეთი პასუხიც გაგვცეს: „არა, ნაცარქექია, სულაც არ იყო პატიოსანი ბიჭი, უფრო ზარმაცი და მოხერხებული კაცი იყო“. მაგრამ, თუ ნაცარქექიას „პატიოსან ბიჭს“ დავუძახებთ, მაშინ შეიძლება მგელიც პატიოსანი აღმოჩნდეს „წითელქუდაში“ და ვერავინ შევედავებით, რატომ უნდა მას ბებიასა და წითელქუდას გადასანსვლა. ასე ხომ მორალური კრიტერიუმებიც ირღვევა და ბავშვიც იბნევა, როდესაც მკვეთრი კონტრასტის დანახვის ნაცვლად, სხვა შეფასებას კარნახობენ. ზღაპარი კი მკაფიო, ცხად დაპირისპირებას გვაძლევს ცუდსა და კარგს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის და ამ კონტრასტების დანახვა ბავშვსაც არაჩვეულებრივად შეუძლია.

იმისთვის, რომ შევამოწმოთ, როგორ გაიგო და აღიქვა პატარა მსმენელმა ტექსტი, შეგვიძლია რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ და პასუხებიდან შევიტყობთ, როგორ გაიგო მან წაკითხული მასალა. შეგვიძლია, ვკითხოთ: როგორი პერსონაჟია ნაცარქექია? რა თვისებები აქვს? შენ როგორ დაახასიათებდი ასეთ ადამიანს? რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა ნაცარქექიას ქცევაში? შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას, დევს რომ შეხვედროდი? როგორ გადაჭრა ნაცარქექიამ თავისი პრობლემები? რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან, როგორია ზღაპრის მორალი? და ა.შ. და ა.შ. სანამ ბავშვი გვისმენს და არ მოჰბეზრებია ჩვენი შეკითხვები წაკითხულის გასააზრებლად.

ზღაპრები ნამდვილად საოცრად შთამაგონებელი ამბებია პატარებისთვის, რომლებიც უმეტესწილად გვეუბნება იმას, რომ, თუ დავმარცხდით ყოველთვის უნდა წამოვდგეთ ფეხზე და გონიერების მოხმობა აუცილებლად გვიშველის განსაცდელში მყოფებს. ცხოვრებაც ზღაპარივითაა, ან, პირიქით, ორივეგან მძაფრი დრამა ტრიალებს მთავარი გმირის ირგვლივ და ჩვენც ვიცით, რომ ეს სამოქმედო სქემაა, ამბავი ხიფათიანია, მაგრამ აუცილებლად ბედნიერად და მშვიდობიანად დასრულდება.

ზღაპრები შეუძლებლის გაბედვაზეა, დიად ოცნებებზე, სახლიდან გასვლასა და თავგადასავლებში გადაშვებაზე, წარმატებების მიღწევაზე, გველეშაპების, დევებისა და ავსულების დამარცხებაზე, ცხრა მთის გადავლაზე და შინ მშვიდობით და გამარჯვებით დაბრუნებაზე. ზღაპრები სრულად ჰგავს ჩვენს ცხოვრებას და ალბათ, ამიტომაც გვიყვარს ისინი ძალიან. ამიტომაც უყვართ ბავშვებს ისინი და ამიტომაც აპროტესტებენ მის გარეშე დასაძინებლად წასვლას. რას ჯობია ამბავს, რომელიც კარგად სრულდება.

„ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“